ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პური ჩვენი არსობისა

ყოველ ახალშობილს ბუნება ერთ უმთავრეს უნარს უბოძებს ხოლმე. ყველა დანარჩენი, უჯრედის გაყოფით დაწყებული, მეცნიერულ-სოციალურ-ყოფითი კანონზომიერებების შესწავლით დამთავრებული, სწორედ ამ უნარზე დგას. ეს თვითგადარჩენის უნარია. ჯერ კიდევ თვალაუხელელი ახალშობილი ხელის ცეცებით პოულობს რძის ნაკადულის სათავეს და ამას თვითგადარჩენის ინსტინქტი კარნახობს. ახალგაღივებული თესლიდან ამოწვერილი უსუსური ყლორტი გოლიათურ ძალას პოულობს და ზოგჯერ კლდესაც კი აპობს, რომ მზის სინათლე იხილოს. ესეც თვითგადარჩენის ინსტინქტის დამსახურებაა. თვითგადარჩენა მტრის მოგერიებასაც გულისხმობს, ამიტომ ვარდის ბუჩქი სურნელოვან ყვავილებთან ერთად ეკლებითაც იმოსება. კატას ბასრი ბრჭყალები და სწრაფი რეაქცია აქვს, ირემს – რქები, ზღარბს – ეკლები…

სუსტებისა და ლაჩრებისთვისაც მოუგონია არსთა გამრიგეს თავდასაცავი „იარაღი“ – ეშმაკობა და მლიქვნელობა…

რა ხდება მოლეკულების სამყაროში? რა თქმა უნდა, თვითგადარჩენის უნარი მათაც აქვთ. სხვაგვარად, აბა, როგორ იქნება – ისინიც ხომ იმავე ბუნების შვილები არიან. ჰოდა, დღეს ერთი საინტერესო მოლეკულა უნდა გაგაცნოთ.

ადამიანი დიდ ჯაფას ეწევა საკვების მოსაპოვებლად. ცეცხლთან გაშინაურებისა და ჭურჭლის გამოგონების შემდეგ ნაირ-ნაირი საკაზმი აღმოვაჩინეთ. ზოგი უფრო შორსაც მიდის და კულინარია ლამის ხელოვნების დონემდე აჰყავს. ათასგვარ შოუს იგონებენ პროდიუსერები, რადგან იციან, რომ მონაწილეებსაც ადვილად იპოვიან და მილიონობით მაყურებელსაც. მაგრამ მათ მიერ შექმნილი ვერც ერთი კერძი ვერ შეგვიცვლის პურს.

რატომ?

გიფიქრიათ, რატომ არის მაინცდამაინც პური „ჩვენი არსობისა“ და არა, მაგალითად, ყველი? ის ხომ უფრო ახლოსაა რძესთან – საკვებთან, ქვეყნიერებაზე ფეხის შემოდგმისთანავე რომ ვიგემეთ?

სითბოს (ენერგიის) დაუხარჯავად სამყაროში ვერც ერთი მუშაობა ვერ სრულდება. ბუხარი შეშას ითხოვს, ორთქლმავალი – ქვანახშირს, მანქანა – ბენზინს, ატომური გემი – ურანს… ადამიანს კი გლუკოზა სჭირდება, გულის კუნთმა მუშაობა რომ არ შეწყვიტოს, ხელ-ფეხი მუდამ თბილი რომ გვქონდეს, გონებამ ლოგიკური დასკვნების გამოტანა რომ შეძლოს.

გლუკოზის დაბადებისთვის ნახშირორჟანგი, წყალი და კოსმიური ენერგია (მზის სინათლე) გახლავთ საჭირო. ჰაერში ნახშირორჟანგისა და წყლის მეტი რა არის, მაგრამ გლუკოზას იქ ვერ იპოვით. იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ მწვანე ფოთლის სარეცელზე ერწყმიან ერთმანეთს. დიახ, მხოლოდ ფოთოლმა იცის, როგორ აკინძოს ნახშირბადის ექვსი ატომი და საახალწლო ნაძვის ხესავით ჰიდროქსილის ჯგუფებით როგორ მორთოს. არც „კენწეროზე“ ალდეჰიდის ჯგუფის „ვარსკვლავის“ დადგმა ავიწყდება. მაგრამ პროცესის იდუმალება ამით არ მთავრდება. ალდეჰიდის ჯგუფი ადვილად იჟანგება ჰაერის ჟანგბადით, ხოლო თუ დაიჟანგა, აღარც გლუკოზა იქნება და მშიერი დარჩება ყოველი სულიერი. ამიტომ გამჩენმა გლუკოზის მოლეკულას თვითგადარჩენაც ასწავლა: ის თითქოს წელში იხრება და სუსტ კენწეროს ტოტებში მალავს (ქიმიკოსები ამას ნახევარაცეტალის ფორმას ვეძახით).

 

ჩვენი ორგანიზმი ნახევარაცეტალურ ფორმებს ვერ ცნობს, ამიტომ მისი ყოველი ულუფის მისაღებად შეკრული მოლეკულა მცირე რაოდენობით იხსნება – თითქოს ძუძუს გვაწოვებს პატარა ყლუპებით.

გლუკოზა სამყაროში მხოლოდ მაშინ იბადება, როცა ფოთლებს მწვანე ფერი დაჰკრავს. იცის უზენაესმა, რომ წინ ცივი ზამთარია და მძიმე ადრეული გაზაფხული, ამიტომ საზამთროდ გლუკოზის მოლეკულებს საგანგებოდ ინახავს – გრძელ მძივებად ასხამს გლუკოზის რგოლებს. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვინახავთ ხახვსა და ნიორს გრძელ გალებად.

კიდევ რა არის საინტერესო ამ ამბავში?

გლუკოზაში თავის გადამალვის დროს პირველი ჰიდროქსილის ჯგუფი ან მარჯვნივ დარჩება, ან მარცხნივ. ამის მიხედვით მათ ალფა და ბეტა გლუკოზას ვუწოდებთ. მათ შორის განსხვავება არ არის – ციკლის გახსნის დროს ორივე იმ გლუკოზას მოგვცემს, ასე რომ გვჭირდება, მაგრამ თუ მათგან მოლეკულების გრძელ წნულებს ავასხამთ, სულ სხვადასხვა რამეს მივიღებთ: ალფა გლუკოზისგან – სახამებელს, ბეტა-გლუკოზისგან კი – ცელულოზას. სახამებელი პურია ჩვენი არსობისა, ცელულოზა კი ის მერქანია, რომლისგანაც შეგვიძლია სახლი ავაშენოთ და ავდარში თავი შევაფაროთ.

ძველ სახლში თუ გაგითევიათ ღამე, ღამის მყუდროებას აუცილებლად დაგირღვევდათ იატაკის ფიცრებში დაბუდებული ლაფანჭამიას კბილების ღრჭიალი. საკვირველია, რა გემოს ატანს ფიცარს?!

საქმე ის არის, რომ პურიც და ფიცარიც გლუკოზის მოლეკულებისგან შედგება, უბრალოდ, მათში პირველ ნახშირბადზე ჰიდროქსილები სხვადასხვა მხარეს იყურებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი