პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საბავშვო წიგნი, რომელშიც ვიცხოვრებდი

საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად ესეების ქვეკონკურსი გრძელდება, სადაც მონაწილეობას უფროსკლასელები იღებენ. ყოველ კვირას ცხადდება ესეს ახალი თემატიკა და მოსწავლეები თავიანთ აზრებს გვიზიარებენ წიგნისა და ლიტერატურის შესახებ.

კონკურსის მეხუთე კვირის თემა საბავშვო წიგნი, რომელშიც ვიცხოვრებდიიყო. მრავალ საინტერესო ესეს შორის ჟიურიმ ლევან ჭანტურიას ტექსტი გამოარჩია, რომელიც კონკურსის მეხუთე კვირის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს.

 

ავტორი ლევან ჭანტურია

წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, IX კლასი

 

საბავშვო წიგნი, რომელშიც ვიცხოვრებდი

„მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა“, აი ასე იწყება ბავშვების უსაყვარლესი სათავგადასავლო და ფენტეზის ჟანრის წიგნი – ჰობიტი. ეს არის წიგნი, რომელმაც არა მარტო მე, არამედ ყველა ბავშვს გზა გაუხსნა იმ უსაზღვრო მომავლისკენ, რომელსაც თავგადასავლების სამყარო ქვია. ობიექტურად რომ შევაფასოთ, ჰობიტი ფენტეზის ჟანრის საუკეთესო წიგნია, რაც დაწერილა, სწორედ ამ წიგნმა მისცა საზრდო ამ ჟანრის ავტორებს. ჩემთვის ამას ისიც ემატება, რომ ეს იყო წიგნი, რომლითაც დავიწყე კითხვა და რომელმაც შემაყვარა წიგნი. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა ჩემი თანატოლისთვისაც ასე იყო.

წიგნი არის მარტივი ენით დაწერილი და ადვილი წასაკითხია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ის დატვირთულია საბავშვო ხუმრობებით (მაგ. გოლფის შექმნის ისტორია), ლექსებით, სიმღერებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ბავშვების წიგნია, არამედ ეს არის ყველაზე გამორჩეული წიგნი, იმით, რომ მკითხველის ასაკთან ერთად ზღაპრულიდან ნამდვილ კლასიკურ წიგნად იქცევა, არაერთხელ მაქვს წაკითხული და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ასაკის მატებასთან ერთად, რადგან ყოველ წაკითხვაზე მაძლევს იმ თვისებას და გამოცდილებას, რაც მე მჭირდება კონკრეტულ ასაკში.

როდესაც ჰობიტი პირველად წავიკითხე, ეს უფრო ძილის წინ წასაკითხი ზღაპარი იყო, თავისი კეთილი და ბოროტი პერსონაჟებით, რომელსაც ჯ.რ.რ. ტოლკინი მზრუნველი მამასავით მიკითხავდა. მე მომწონდა ბილბო, ვხედავდი ჩემ თავს მის ადგილას, მსურდა მემოგზაურა მასთან ერთად, ვყოფილიყავი ჯუჯების თანამეგზური, მომევლო შუახმელეთი, მერწმუნეთ ბილბოზე ნაკლებად არ მსურდა ელფების ნახვა. მეც მეშინოდა გობლინების და ორკების, მეშინოდა ბნელეთის ტყეში. წარმოიდგინეთ, განდალფი ისე ძლიერ მიყვარდა, რომ ამ ჯადოქარს ვუყურებდი, როგორც ჩემს მასწავლებელს და ყოველთვის როცა შემეშინდებოდა, ვიცოდი რომ ის მოულოდნელად, საიდანღაც გამოჩნდებოდა. არაერთხელ ჩამძინებია ტკბილად ამ წიგნთან ერთად, როცა თავს ელრონდის სამეფოში, შუაველში წარმოვიდგენდი, რადგან ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო მთელს შუახმელეთში. არა მარტო ბილბომ, არამედ მეც ვიპოვე ის მთავარი ბეჭედი, რომელმაც სიმამაცე შემმატა, თანაც იმდენი, რომ მე და ბილბო დრაკონის მოტყუებას ვცდილობდით. აი რა მომცა ამ წიგნმა ამ ასაკში: ბავშვობის ტკბილი მოგონებები, სიმამაცე, სამყაროს ინტერესი, მეგობრობა, სახლის სიყვარული. ბილბომ მასწავლა, რომ არაფერია სახლზე ტკბილი და მეგობრებზე ძვირფასი.

მეორეჯერ წაკითხვისას იმ ასაკის ვიყავი, როცა უკვე უნდა მეზრუნა ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ჩემთვის ძვირფას ხალხზე. შესაბამისად, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნმა მომცა ის, რაც მჭირდებოდა. ეს არის წიგნი, რომელიც ყველაზე მარტივად განმარტავს და ასწავლის ბავშვს თუ რა არის: მეგობრობა, ძმობა, ერთობა, თავგგანწირვა, სიყვარული.

ამ ჯერზე ბილბოზე მეტად თორინმა დამაინტერესა და თორინი გახდა ის გმირი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მინდოდა ვყოფილიყავი. თორინმა გამზარდა როგორც ლიდერი, მასწავლა, რას ნიშნავს შენი ხალხისა და სამშობლოსთვის ბრძოლა. მან და მისმა 13-კაციანმა არმიამ მასწავლა, რომ ძალა არა რაოდენობაში, არამედ ერთგულებაშია. ასევე ესგაროთელმა ბარდიმ მასწავლა, რომ ადამიანი ყველა მიზანს მიაღწევს, თუ მოინდომებს, რომ მამა, მოკვდავი ადამიანი, შვილის გულისთვის გამანადგურებელ დრაკონსაც შეებრძოლება. სმაუგისგან ავიღე მაგალითი, თუ რამხელა უაზრობაა ტრაბახი, თუნდაც უდიდესი განძის მცველი, გიგანტური დრაკონი იყო.

ამ ჯერზე ბილბოს გადაწყვეტილებამ ეჭვები გამიჩინა და გამაკვირვა იმან, თუ რატომ უღალატა მან თორინს, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ბილბოსგან ღალატი ის იქნებოდა, რომ სიხარბისგან დაბრმავებულ თორინისთვის კიდევ გაეღვივებინა ეს გრძნობა. რა თქმა უნდა, ამ ჯერზეც ვიმოგზაურებდი ამ გასაოცარ სამყაროში, ოღონდ ახლა არ შევუშინდებოდა არც გობლინებს და არც დრაკონებს. მეც ვიფრენდი გიგანტური არწივებით, მეც ვიხალისებდი ელფებისგან გაქცევისას და დავტკბებოდი ერებორის (მარტოსული მთის) სიდიადით.

საბოლოოდ, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის წიგნი, რომელშიც მე უკვე ვიმოგზაურე, ვიცხოვრე, ეს არის ადგილი, სადაც მე გავიზარდე.

მერწმუნეთ, შუახმელეთის რუკა საქართველოს რუკასავით ვიცი. არ შეცდეთ და არ იფიქროთ, რომ ეს ერთი უბრალო საბავშვო წიგნია. არა, ეს ის განძია, რომელიც კაცობრიობას ჯერ კიდევ არ შეუსწავლია. მეც ნელ-ნელა ვაკეთებ ამ ჩემთვის უკვე კლასიკური წიგნიდან სიმბოლოების აღმოჩენებს. მაგ., ჩრდილოეთი, ძველთაძველიდან ბოროტების ადგილად ითვლებოდა, დასავლეთი გამოყენებულია, როგორც სახლის სიმბოლო (როგორც ინგლისი), ხოლო აღმოსავლეთი – შიშისა და იდუმალების სიმბოლოა, რადგან სწორედ აღმოსავლეთიდან ურტყამდა ინგლისს მტერი და აღმოსავლეთის ქვეყნები მათთვის ითვლებოდა განუვითარებლად. ასეთი სიმბოლოებით არის დატვირთული ჰორიზონტის მხარეები შუახმელეთში. ჯუჯები შეგვიძლია შევადაროთ ებრაელებს, რომლებმაც დაკარგეს სამშობლო და იბრძვიან მის დასაბრუნებლად, ბილბო კი სიყვარულს უჩენს მკითხველს ჯუჯებისადმი.

ნუთუ, საბავშვოა ეს წიგნი, რომლისთვისაც ტოლკინმა საკუთარი ენა და დამწერლობა შექმნა, როცა ამ წიგნმა თითქოს ისესხა დეტალები მითოლოგიიდან, მაგრამ ბოლოს თვითონ შექმნა ყველასგან გამორჩეული მითოლოგია. ამ წიგნით დაიწყო ჩემი მოულოდნელი მოგზაურობა, რომელიც თავიდან თითქოს უმნიშვნელო ბეჭდის პოვნამ იმ გიგანტური სამყაროდ აქცია, რომელსაც ბეჭდების მბრძანებელი და სილმარილიონი ჰქვია.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება, მომავალ კვირაში იხილავთ ახალ გამარჯვებულ ესეს თემაზე „დიალოგი საყვარელ საბავშვო მწერალთან“. სწორედ ეს არის ამ კვირის საკონკურსო სათაური.

დაინტერესებულ მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა 15 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე essays@karchkhadze.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი