პარასკევი, თებერვალი 28, 2025
28 თებერვალი, პარასკევი, 2025

ჟურნალ “მასწავლებლის” 2025 წლის პირველი ნომერი გამოიცა!

წერილი, რომლის ამონარიდსაც რედაქტორის წერილში წაიკითხავთ, 120 წლისაა.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ქართველი საზოგადოება შეთანხმებული იყო  მთავარ ღირებულებებზე განათლებაში და ის თავმოყვარე, თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანის აღზრდას გულისხმობდა.

მას შემდეგ  განათლების რეფორმის რამდენიმე ფერის და ფორმის ცვალება გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, თითოეულ მათგანში, ცხადია, ეს სურვილები გაცხადებული იყო და ძალისხმევაც აქეთკენ მომართული.

თუმცა, 120 წლის შემდეგაც ეს წერილი ისეთივე თანამედროვეა და ისევე იკითხება, როგორც მაშინ  და   დღესაც  ჩვენი მთავარი გამოწვევა ისევ ეს სატკივარია.

„საზოგადოებას ესაჭიროება არა კაცი მორჩილი, მუდამ ქედ-მოხრილი, სხვის თვალში მაცქერალი, არამედ კაცი დამოუკიდებელი, თავმოყვარე, თავისუფლების მოტრფიალე, – ერთის სიტყვით, ნამდვილი მოქალაქე, როგორც ეს ესმის დღეს ყოველ განვითარებულ ევროპიელს. რაც ანვითარებს მონობას, აუძლურებს ადამიანის ხასიათს, ჰკლავს დამოუკიდებლობას, – ის საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგია, საზოგადოების მერმისის დამღუპველია. ვინც მონაა, სულით დამონებას ემორჩილება, ის საზოგადოების დამაბრკოლებელი ბარგია. საზოგადოების მტერია. ამიტომაც სკოლა თავიდანვე უნდა ანვითარებდეს მოწაფეში იმ მოქალაქეობრივ თავისუფლებისადმი მისწრაფებას, რომელიც აუცილებელ საჭიროებას, აუცილებელ საფუძველს შეადგენს ყოველ საზოგადოებისათვის.

აქედან ცხადია, – სასწავლო საგნებიდან უნდა გამოირიცხოს ყველაფერი, რაც მოქალაქეობრივ თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. და სწორედ ამ თავისუფლებას ეწინააღმდეგება ყველაფერი ის, რაც ყალბია, არა-მეცნიერულია. მეცნიერება თავის მიდრეკილებით მონობის მტერია. იქ, სადაც მონობაა, მეცნიერება ფეხს ვერ იკიდებს. მეცნიერება და თავისუფლება ტყუპი ძმები არიან. ისინი წარმოიშვენ ერთის საზოგადოებრივ პროცესისაგან და ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ერთად მოქმედებენ. როცა ხალხში გამეფებულია მონობა, მეცნიერებასაც გზა დახშული აქვს; ხოლო როცა მეცნიერება გზას გაიკაფავს, თავისუფლებაც აღორძინდება.

  ილია ჭავჭავაძე

„ განათლების რეფორმის შესახებ“ – ივერია, 1905 წელი

თუ დღეს სხვაგვარად არ ვფიქრობთ, მაშინ გავბედავ და ცოტა რიტორიკულად ვიკითხავ − სურვილები და სინამდვილე რატომ არ არიან თანხვედრაში?

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: მანანა ბოჭრიშვილი, ნათია ფურცელაძე, თამთა დოლიძე,  მაია ფირჩხაძე,  ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი,  თემურ სუყაშვილი,  ქრისტინე სურგულაძე,  ირმა ტაველიძე,  ნათია ნაფეტვარიძე, მედეა კავთუაშუილი, მაია მენაბდე, მარიამ გოდუაძე, გიორგი ჭაუჭიძე, მაია ინტბელიძე, ლევან ალფაიძე, ირენა მახარაძე, დიანა ანფიმიადი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

 ჟურნალი “მასწავლებელი” #1 2025

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“