შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რატომ არ სჯერათ Covid 19-ის არსებობის?

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების პარალელურად მსოფლიოში „შეთქმულების თეორიების“ ბუმი დაიწყო. რას აღარ ასახელებენ პანდემიის გამო გამკაცრებული წესების დამკვიდრების მიზეზად. ბევრს მიაჩნია, რომ Covid 19-ის გავრცლებით ყველაზე მეტად ბილ გეიტსი იხეირებს, რომელიც მიკროჩიპის შემცველ ვაქციანას დაამზადებს და მასობრივი ვაქცინაციის შედეგად ხუთი მილიარდი ადამიანის ბიოლოგიური თუ კოგნიტური მონაცემების შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციას ჩაიგდებს ხელში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ სიკვდილიანობის ზრდა ყველაზე მეტად ელიტაში მყოფ ვამპირებს აწყობთ, რომლებიც პლაზმით და ბავშვების ტანჯვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებებით იხანგრძლივებენ სიცოცხლეს. არიან ისეთებიც, ვინც ვირუსს მასონთა იარაღად აღიქვამს. მათი მსჯელობების მიხედვით, მასონები, ებრაელები და ლიბერალები ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან, სადაც მათი პროვილეგიები საბოლოოდ განმტკიცდება და მთელი დანარჩენი პლანეტა მონობის ბორკილებს მოირგებს. აღნიშნული, ნაკლებად სარწმუნო მოსაზრებების ავტორებიც კი აღიარებენ, რომ ვირუსი არსებობს, ის საშიშია და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. თუმცა, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავზეხელაღებულობით, თავხედობითა და შემაძრწუნებელი სიშლეგით ყველაზე ექსცენტრიკულ „შეთქმულების თეორეტიკოსებსაც“ აჭარბებენ. მათ საერთაშორისო პრესა „კოვიდიოტებს“ უწოდებს.

ვინ არიან „კოვიდიოტები“?

„კოვიდიოტები“ არიან ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ Covid 19-ის არსებობის ან ამტკიცებენ, რომ ვირუსი სრულიად უვნებელია. საზოგადოების ამ ჯგუფის ყველაზე გონიერი წარმომადგენლები დანარჩენებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ახალ კორონა ვირუსს უბრალო გრიპთან და გაციებასთან აიგივებენ. ასობით ადამიანის გარდაცვალება, ათასობით ადამიანის ტანჯვა მათთვის საკმარისი არ არის განგაშის ზარის ასახმაურებლად.

ამგვარად განწყობილი ადამიანების ლანძღვა-გინება არაფერს მოგვცემს. მათი „ბნელეთის მოციქულებად“ მონათვლა, მხოლოდ საკუთარი თავით ტკობასა და პერსონალური უპირატესობის აღქმაში დაგვეხმარება. აუცილებელია ვიმსჯელოთ ურწმუნოების მიზეზებზე. მხოლოდ ამ მიზეზების გაცნობიერება და მათზე ზემოქმედება მოგვცემს საშულებას ადამიანების შემობრუნებისა და შედარებით უსაფრთხო საერთო სივრცის შექმნისათვის.

რატომ არ სჯერათ Covid 19-ის არსებობის?

ქართული საზოგადოება ხანდახან შესაშურ პრიმიტივიზმს ავლენს. ჩვენ მხოლოდ იმის გვეშინია, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ, ხელით ვეხებით. რაც არ ჩანს, ის მეორეხარისხოვან პრობლემად გვესახება. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ დედაქალაქში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობაა შექმნილი. თითქოს ვაცნობიერებთ, რომ დაბინძურებული ჰაერი და ხმაური ჩვენს სიცოცხლეს განადგურებით ემუქრება. ვამბობთ, რომ მეზობლებს, ახლობლებს შორის მოიმატა სხვადასხვა დაავადებების რაოდენობამ. მიუხედავად ყველაფრისა, ეკოლოგიის საკითხი მთავარ და სერიოზულ თემად მაინც ვერ იქცა. ეკოლოგიური საქმიანობა, გარემოსდაცვითი აქტივიზმი დასუფთავების აქციებსა და პრესტიჟული პარკების გადარჩენისთვის ბრძოლებში მონაწილეობით გამოიხატება. დაბინძურებული ჰაერი მოქნეული ნაჯახივით არ ზემოქმედებს ჩვენზე, მისი მავნებლობა წამიერად არ ვლინდება, პირიქით, ხანგრძლივი მოქმედების ეფექტი აქვს და ნელ-ნელა გვიღებს ბოლოს. შესაბამისად, მასზე პასიურად ვრეაგირებთ, მის შედეგებს ყველაზე უკეთ უკვე დამდგარი შედეგის ფაზაში ვამჩნევთ. ალბათ, ამგავრი დამოკიდებულება გვაქვს Covid 19-თან მიმართებითაც. ბევრს დაუპოსტავს სოციალურ ქსელებში ბოქსირებული პალატიდან – „ხალხო, არც მე მჯეროდა, თურმე რა საშინელება ყოფილა, ფრთხილათ იყავით!“.

ახალი კორონა ვირუსის მიმართ სკეპტიციზმს აღვივებს ისიც, რომ მედიკოსებს ინფექციასთან დაკავშირებით მწყობრი პასუხები არ აქვთ. პირიქით, სხვადასხვა ქვეყნის, ხანდახან კი ერთ ქალაქში მდებარე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებისა თუ მეცნიერების პასუხები არათუ ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისაა, არამედ  ურთიერთგამომრიცხავი ხასიათისაც კი არის. ადამიანებს უკვირთ, როგორ შეიძლება, რომ უმაღლეს დონეზე განვითარებულ, უხვად დაფინანსებულ, ბაქიაობითა და პატივმოყვარეობით სახელგანთქმულ ინსტიტუტებს ამდენი ხნის განმავლობაში პანდემიისგან თავის დახსნის თანმიმდევრული გეგმა არ ჰქონდეთ. პოზიციების სიმრავლე და ურთიერთგანსხვავებულობა მძიმე სოციალური ყოფაში მცხოვრები ადამიანებისთვის სიტუაციას კიდევ უფრო ბუნდოვანსა და გაუგებარს ხდის. ხალხმა აღარ იცის ვის ენდოს, რატომ ენდოს, ამიტომ ჰგონიათ, რომ ყველა იტყუება და ვიღაც მათი ცხოვრებით მანიპულირებას ცდილობს.

1868 წელს იაკობ გოგებაშვილმა „ბუნების კარი“ გამოსცა. „ბუნების კარი“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი წიგნი იყო, რომლის მიზანს ბავშვისთვის ბუნებისა და საზოგადოების შესახებ უნივერსალური ცოდნის მიწოდება წარმოადგენდა. „ბუნების კარს“ „საგანძურის“ გამოცემაც მოჰყვა. ორივე წიგნში მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე ადამიანის ჯანმრთელობის, პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებიც არის განხილული. რამდენიმე თავში ავტორი ინფეციურ დაავადებებსა და მათ ხასიათზე, პრევენციაზეც კი საუბრობს. საუკუნენახევრის წინ ქართველი განმანათლებლები აცნობიერებდნენ მოქალაქისათვის ელემენტარული სამედიცინო განათლების მიცემის მნიშვნელობას. ცხადია, ჩემთვისაც ცნობილია, რომ თანამედროვე სკოლებშიც ასწავლიან ბუნებისმეტყველების დარგებს, მაგრამ ფაქტია – ქვეყანაში მედიცინასთან დაკავშირებული უმარტივესი ამოცანების გააზრების პრობლემა გვაქვს. ადამიანებმა არაფერი იციან საკუთარი ჯანმრთელობის, საყოველთაოდ გავრცელებული დაავადებების, მათგან თავდაცვის ეფექტიანი საშუალებების შესახებ. ბუნებრივია, ასეთი სიბეცეც ხელს უწყობს „შეთქმულების თეორიებისა“ და ვირუსის არარსებობის თაობაზე შექმნილი მითების წინააღმდეგობის გარეშე გავრცელებას.

მიუხედავად ყველაფრისა, თვალები უნდა გავახილოთ, რადგან საშიშროება რეალურია. პანდემიის დაძლევის შემდეგ კი უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემაც მზად იყოს ოცდამეერთე საუკუნის სხვა სამედიცინო გამოწვევებისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი