სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ხმა

დალოცვილი რამაა ეს არაგვი. მოჰქუხს, მოჰყეფს, მთელი ძალით ეხეთქება ნაპირებს და თითქოს მაღლა, ჭალაზე ამობობღებას ლამობს. თავის მიხვეულ-მოხვეულ კალაპოტში ზოგან კლდეს ეხეთქება, ზოგან მურყნის შიშველ ფესვებს ეთამაშება, ლოდებს თავზე ევლება და მთელი ძალით ენარცხება ძირს. თუ მიუახლოვდები და ჩაიმუხლებ, შენც გაგეთამაშება, ტალღას მოიქნევს და ყინულივით ცივ წყალს შემოგაშხეფებს, თითქოს შენი გამოფხიზლება უნდაო, თან გაფრთხილებს, განიშნებს, რომ ცოტა უკარებაა.

თუ სტუმარი ხარ და ყური მიუჩვეველი გაქვს, დილაბნელზე, ახალგამოღვიძებულს, გაფიქრებინებს, რომ გარეთ თავსხმაა და იმ დღეს შინიდან ცხვირის გაყოფა არ გიწერია. ცოტა რომ მოთენდება და თვალი შორეული ხეების სილუეტებს დალანდავს, მიხვდები, რომ დარიანი დილა თენდება და ბუნებას აზრადაც არ მოსვლია გაწვიმება. უფრო მეტად გიყვარდება ეს მადლიანი მდინარე და ერთი სული გაქვს, ჩაირბინო, არაგვის ნაპირზე მოხასხასე ყვავილებთან ერთად გაიგრილო სახე, საბოლოოდ დააღწიო თავი ღამის მოთენთილობას.

არაგვის  ხმა მარტო ჭალაში როდი ისმის: მთას თუ შეუყვები, მწვერვალამდე მიგაცილებს, თუ დაღმა ეშვები – ტყიანში, ბილიკის მეტი რომ არაფერი ჩანს, დარჩენილ მანძილს მიგახვედრებს.

კიდევ ერთი უცნაური ჩვევა აქვს არაგვს: თუ გინდა, გაღმა მყოფს შეეხმიანო, მდინარესთან მისვლას აზრი არ აქვს. ნაპირთან რაც უფრო ახლოს დადგები, მით უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდება მისი ქუხილის დასაჯაბნად. არადა, საკმარისია, შენც და შენმა თანამოსაუბრემაც უკან გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი და ხმასაც ადვილად მიაწვდენთ ერთმანეთს.

რა არის მაინც ეს ხმა? როგორ მოგზაურობს მოსაუბრეებს შორის? ბუნებისმეტყველების კანონების თანახმად, ხმას რხევა წარმოშობს, რომელიც ტალღის სახით ვრცელდება. ასევე ვრცელდება სინათლეც და რადიო- თუ სატელეფონო სიგნალიც, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა. სინათლეს და რადიო- თუ სატელეფონო სიგნალს გავრცელება ყველგან შეუძლია – ჰაერში, ელექტრო- თუ ოპტიკურ სადენში, კოსმოსშიც კი, სადაც “სრული სიცარიელეა”, ხმის გავრცელებას კი მედიატორი სჭირდება – რაიმე მასალა: ჰაერი, სითხე, თუნდაც მიწა ან ლითონი. დიახ, სათქმელს სხვასთან მოლეკულებს ვატანთ. ჩვენს გულისნადებს ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფ მოლეკულას ვუმხელთ, რომელიც გვერდით მდგომს გადასცემს ჩვენს დანაბარებს, ის – თავის გვერდით მდგომს და ა.შ. ასე, ესტაფეტასავით მიდის ინფორმაცია ადრესატთან. შიკრიკი მოლეკულების სტუმრობას ჩვენი ყური ჩაქუჩის უზანგზე დაკვრით აღნიშნავს, მერე კი ხმა შიგნითა ყურის ტალანებში მიიკვლევს გზას და უკვე არა ფიზიკოსების, არამედ ფსიქოლოგებისა და ფიზიოლოგების საზრუნავი ხდება…

თუმცა ხმასა და მის ფენომენს ამ განსწავლულ ხალხთან ერთად თითოეული ჩვენგანი დაბადებიდანვე აკვირდება და სწავლობს. ყველას საკუთარი ხმების კლასიფიკაცია აქვს, თუმცა არსებობს ხმები, რომლებსაც ყველა ჩამონათვალში შეხვდებით.

პირველი წამოტირება – ხმა, რომლითაც სამყაროს ვამცნობთ ჩვენს შემობრძანებას. ეს ჩვენი პირველი ბოდიშიცაა იმ ტკივილისთვის, ჩვენი დაბადებით მშობელს რომ მივაყენეთ.

დედის იავნანა – დედის ხმა ის ხმაა, რომელიც პირველ ჩასუნთქვამდე ჩაგვესმოდა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მერეც, დიდობაში, უკვე ათასგვარ ხმოვანებას შეჩვეული ჩვენი ყურისთვის ის ისეთივე საამური და ნეტარების მომგვრელია, როგორიც ბავშვობაში იყო.

ნაბიჯების ხმა – თუ ვინმეს მოსვლა გიხარია, სანამ მის სილუეტს დალანდავ, ჯერ მისი ნაბიჯების ხმა გესმის.

სუნთქვის ხმა – ჰაერის ფილტვებში დინჯი ჩასვლა-ამოსვლის თანმხლები ხმოვანება, რომელსაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით აყურადებ და გახარებს – ეს ხომ სიცოცხლის ხმაცაა.

ცხადია, სია ვრცელია, მაგრამ ყველა ხმას ერთი რამ აქვს საერთო: ყველა მათგანი ისმის, ყველა აკუსტიკური რხევების საშუალებით გადაეცემა, მოლეკულებს მიაქვს ერთი პუნქტიდან მეორემდე.

მაგრამ არსებობს ორი უხმო ხმაც.

ერთი შინაგანი ხმაა. ხმა, რომელიც მხოლოდ შენ გესმის, მხოლოდ შენთვის არის განკუთვნილი. ხეირიანად ვერც კი ხვდები, ვინ გელაპარაკება, მაგრამ იცი, რომ შენს გასაგონად ლაპარაკობს.

მეორე – საარჩევნო ხმაა, შენი სოციალური ვალდებულება. და სანამ ამ ხმას გაიღებდე, უამრავი სხვა ხმა გაქვს მოსმენილი, მაგრამ ფურცელზე კალმის წვერის შეხებისას მაინც იმ პირველ უხმო ხმას უჯერებ და იმაზე მეტს ამბობ, ვიდრე ოდესმე გითქვამს თუ დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში იტყვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი