ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რატომ უნდა ვისწავლოთ განათლება?

 

ყველამ ვიცით, რომ განათლებულები უნდა ვიყოთ, რათა ცხოვრება უფრო კომფორტული და უზრუნველყოფილი გვქონდეს. ეს მართლა ყველამ ვიცით, ამიტომ ამაზე აღარ ვილაპარაკებ. ბევრმა ისიც იცის, რომ ზოგჯერ მეტი განათლება მეტი კომფორტისა და დოვლათის წყაროა. ეს – ზოგჯერ. მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რატომ უნდა ვისწავლოთ განათლება, რატომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სხვამ ჩვენზე მეტი იცოდეს და შეძლოს.
თუ ვინმე განათლების შესწავლაზე დაფიქრებულა, ალბათ, საკუთარი ბავშვობა კარგად ახსოვს. კარგად გვახსოვს სკოლა და მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან ერთად სენტიმენტები და წარსულის იდეალიზებაც გვეპარება, გვახსოვს ისიც, რაც ნაკლებად მოგვწონდა და გვახარებდა.
მე მილიონ ხუთი სკოლა გამოვიცვალე. ყველა სკოლაში ყველა გაკვეთილს ვსწავლობდი, განურჩევლად იმისა, მომწონდა თუ არა, მესმოდა თუ არა; სულ დაფასთან ვიყავი აკრული, რადგან მასწავლებლის გარდა ვინმეს უნდა ელაპარაკა და გაკვეთილის მოყოლა მხოლოდ გოგოებს, ისიც ზოგს, ეპატიებოდა და გამუდმებით დამრიგებლების საყვედურებს ვისმენდი, რადგან მეც ხომ ავარდნილი ბავშვი არ ვიყავი და რა მინდოდა “შატალოზე”, ჩემს კლასელებს სამედიცინო ინსტიტუტის მორგში რომ წავყევი? მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სასკოლო ატესტატი ხუთებით იყო სავსე, მალევე მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარები მაინც ვერ შევიძინე. მაგალითად, ვერ ვისწავლე დროის ისე განაწილება, რომ მეცადინეობის შემდეგ სხვა რამეც მეკეთებინა. ამიტომ თავს ვარწმუნებდი, რომ მეცადინეობა ჩემთვის გართობაც იყო…
ისე, ჩემი მეგობრებისა და ნაცნობებისგან განსხვავებით, სკოლა არ მახსენდება როგორც თერთმეტწლიანი კოშმარი, – გაკვეთილების მომზადება მეხალისებოდა კიდეც, – მაგრამ საკმარისია, კონკრეტული ამბავი გავიხსენო, რომ მაინც ცუდი უფრო მაგონდება, ვიდრე კარგი. მაგონდება, რომ ძალიან მეშინოდა “ძველი ბიჭების”, რომლებიც დერეფანში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაბალკლასელებს იჭერდნენ, ან რვეულს უხევდნენ, ან კალამს ულეწავდნენ, ან რამეს მავნეობდნენ. თუ რომელიმე მასწავლებელი შეესწრებოდა და ასლუკუნებულ ბავშვს გამოექომაგებოდა (რაც იმ სკოლაში ძალიან იშვიათად ხდებოდა), ბიჭებს უკვირდათ – რა მოხდა, მას, ვეთამაშებითო!
მასწავლებლები მახსენდებიან, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა მახსოვს კარგად. ისინი, ვინც მონათმფლობელური წყობის მიღმა ადამიანურ მონობაზე გვესაუბრებოდა და “გარჩევის წიგნებით” არ გვასწავლიდა ლიტერატურას, სკოლაში დიდად არ უყვარდათ, ამიტომ არ გვიკვირდა, ასეთი მასწავლებლები უეცრად თუ გადაწყვეტდნენ, რომ ამ სკოლაში “თავი ამოწურეს” და ჩვენ ვეღარ გვასწავლიდნენ…
მაშინ არავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ განათლების სისტემას ბევრი (ან საერთოდ რაიმე) ნაკლი ჰქონდა. ნაკლოვანებების თვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველად შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმა, დაიწერა ახალი სახელმძღვანელოები, შეიცვალა შეფასების სისტემა, განხორციელდა “ნასესხები” თუ ავთენტური საგანმანათლებლო პროგრამები და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ სწავლა უწყვეტი პროცესია… და რადგან სწავლა უწყვეტი პროცესია, უნდა ვისწავლოთ, რომ გაბედულება და შემოქმედებითობა სკოლის სიმდიდრეა, რომ რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, მაგრამ შესაძლებლობები – უსაზღვრო, რომ მასწავლებელი და სკოლის დირექტორიც მეოცნებე ხალხი უნდა იყოს – პრაქტიკულად მეოცნებე, რა თქმა უნდა…
ნაკლოვანებათა ჩამოთვლა და მათზე საუბარი ყველაზე სასარგებლო საქმეა, რაც უკეთესობის საწინდარი და განვითარების აუცილებელი პირობაა. მდიდარ ქვეყნებშიც, იმ ქვეყნებშიც, სადაც განათლებაზე ჩვენზე მეტად ფიქრობენ, არის პრობლემები სკოლებში: მოსწავლეებს სწავლა ყველგან ეზარებათ, მასწავლებლებს საკმარისი ხელფასი არ აქვთ, სასწავლო რესურსები არ ჰყოფნით, სახელმძღვანელოები დასახვეწია და სკოლის დირექტორები მართვის რუტინით არიან დაღლილები.
და ეს ყველაფერი – იმიტომ, რომ განათლება ძალიან რთული რამეა. ის მუდმივ სწავლასა და დაკვირვებას მოითხოვს, ზუსტად ისე, როგორც ცხოვრების არსს აკვირდებოდნენ და ჩხრეკდნენ ათასწლეულების განმავლობაში.
მაშ, რატომ უნდა ვისწავლოთ განათლება და გავხდეთ მასწავლებლები?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია:
იმიტომ, რომ მხოლოდ მასწავლებელი ხედავს ახალი ცოდნის მიღებით გაბრწყინებულ თვალებს,
იმიტომ, რომ ყოველი წლის სექტემბერში მასწავლებელი ახალ ცხოვრებას იწყებს,
და თუ ეს ჩამონათვალი მეტისმეტად პათეტიკური მოგეჩვენათ – იმიტომ, რომ მასწავლებლები ადამიანებს ცხოვრებისთვის ამზადებენ.
და რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი