პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პერსონაჟი, რომელიც მე ვარ

საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად ესეების ქვეკონკურსი გრძელდება, სადაც მონაწილეობას უფროსკლასელები იღებენ. ყოველ კვირას ცხადდება ესეს ახალი თემატიკა და მოსწავლეები თავიანთ აზრებს გვიზიარებენ წიგნისა და ლიტერატურის შესახებ.

კონკურსის მეორე კვირის თემა „პერსონაჟი, რომელიც მე ვარ“ იყო. მრავალ საინტერესო ესეს შორის ჟიურიმ ანი ბექაურის ტექსტი გამოარჩია, რომელიც კონკურსის მეორე  კვირის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს.

 

ავტორი ანი ბექაური

თბილისის 64-ე საჯარო სკოლა, X კლასი.

 

პერსონაჟი, რომელიც მე ვარ

პერსონაჟი, ლიტერატურული სამყაროს გმირი თავისი არსებობით, მკითხველისთვის შეუცნობელი გრძნობებით, მდიდარ სამყაროს ქმნის. რეალურ ცხოვრებაში კი პერსონაჟები, ანუ ჩვენ, ადამიანები, ვქმნით სიუჟეტს და ამის ფონზე – საკუთარი ცხოვრების გზას, შეხედულებებს, წარმოდგენებს, რეალობას. ჩვენი პერსონაჟის რეალიზება, გარესამყაროსთან შეთანხმება, მარტივი არ არის. შესაბამისად, საკუთარი თავის ძიებას ვიწყებთ იმ ლიტერატურულ პერსონაჟებში, რომლებიც ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავენ.

მე, როგორც ამ სამყაროს ნაწილი, საკუთარ პიროვნებას ჩემივე ხელით ვიქსოვ და რთული გზის შესამსუბუქებლად ვეძებ იმ პერსონაჟს, თუნდაც არარეალურს, რომელიც ჩემს სულიერ სამყაროს ერგება. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ჩემ მიერ წარმოდგენილ მსჯელობას თემაზე, „პერსონაჟი, რომელიც მე ვარ.“

ხსნა იმ სირთულეებისგან, რომლებიც რეალურ ცხოვრებას ახლავს თან, ჩემთვის ლიტერატურაში მოიძებნება. ზოგჯერ რეალური სამყაროს პერსონაჟები ვერ გვთავაზობენ იმას, რაც ნამდვილად გვჭირდება, რაც გვიჯანსაღებს პიროვნებას და გვიმდიდრებს სულიერ სამყაროს. ამიტომ გამოვყოფ პერსონაჟს, რომელმაც თავისი ცხოვრებით, ქმედებებით და შინაგანი სამყაროს აღწერილობით ყველაზე მეტად დაიკავშირა ჩემი შინაგანი „მე“.

რეზო ჭეიშვილის ნოველის, „ლურჯი ფრინველის“ მთავარი პერსონაჟი ჩემს სულიერ სამყაროს და განცდებს ეხმიანება. ნაწარმოებში მოქმედება ერთ პატარა სოფელში ვითარდება. მთავარი გმირი, სავარაუდოდ, პატარა ბიჭი, გადაწყვეტს წავიდეს იქ, სადაც სოფლის მაცხოვრებლებს ფეხი არ დაუდგამთ. სიუჟეტი მისტიკურია, ნაწარმოები სახე-სიმბოლოებითაა დახატული და მთავარი პერსონაჟის სიცოცხლის წყურვილს წარმოაჩენს.

ბრძოლისუნარიანობა, ინტერესი, სიცოცხლისადმი ტრფობა, როგორც ამ პერსონაჟის, ასევე ჩემი ცხოვრების მთავარ მოტივს, ტკბილ სატანჯველს წარმოადგენს. ამ პერსონაჟის ქმედებების გააზრებამ მომცა იმის ძალა, დავრჩე მოქმედად, იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება კლდის ბოლო. „ლურჯი ფრინველის“ მთავარი გმირი ცხოვრების გზაზე მარტოდმარტო, ინტერესით გაღვივებული გულით მიიწევს. მისთვის მთავარია წინ წავიდეს, არ გაჩერდეს იმის მიუხედავად, თუ რას უქადის წუთისოფელი – „ვატყობდი და ვგრძნობდი, სასიკეთოდ არ უნდა დამთავრებულიყო ჩემი მეკლდეურობა“. იბრძოლო ცხოვრებისთვის, ინტერესისთვის, რადიკალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, სიცოცხლე ბრძოლად ღირს.

ნოველის მთავარი პერსონაჟი ჩემ სულს ფაქიზად ეხება და მებრძოლ, დაუდგრომელ „მეს“ მიღვიძებს. ბიჭის ქმედება, მისი სიცოცხლისუნარიანობა თვით სიკვდილის შიშსაც უკუაგდებს და ეს მძაფრი ემოციით შეზავებული სიმშვიდის, და ამავე დროს, ამაო რეალობის განცდას მანიჭებს – „გორა ყორღანს მაგონებდა და მივჩერებოდი მზის ჩასვლას და ამოსვლას.“ იმოძრაო და მიაღწიო დათქმულ მიზნამდე, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდე, იქ რა დაგხვდება, ლურჯი ფრინველი თუ ყორღანი, გამოერკვე იმ წარმოდგენებიდან, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, ბრბოსაგან გათელილი, ძალზე დიდ გამბედაობას მოითხოვს. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი საკუთარ სულიერ სამყაროში მოგზაურობს, საკუთარ პიროვნებას და არჩევანზე დაფუძნებულ ცხოვრებას თვითონვე შემოიქსოვს და პრობლემებს გამოწვევებად აქცევს.

საბოლოოდ, ნოველის მთავარი პერსონაჟი თავისი ქმედებით თუ ფიქრით, ჩემი სულიერი მდგომარეობის, მისწრაფებების ნაწილი გახდა. პერსონაჟი, რომელიც მე ვარ, არის ადამიანი, რომელიც იბრძვის. იბრძვის იმისთვის, რომ მკაფიო ზღვარი გაავლოს არსებობას და ცხოვრებას შორის და აღმოაჩინოს საკუთარ სულში მიმალული საიდუმლოებები. ამ პერსონაჟთან საერთო თვისებების, თუ გრძნობა-განცდების აღმოჩენა მიმსუბუქებს იმ რთულ და ამავდროულად, სასიამოვნო მოგზაურობას, რომელიც სამყაროს შეცნობას ემსახურება. რადგან თითოეული ჩვენგანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის ძიება და რეალური, ყველაზე წმინდა „მეს“ პოვნა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება, მომავალ კვირაში იხილავთ ახალ გამარჯვებულ ესეს თემაზე “ამბავი, რომლის წაკითხვა ბავშვობაში ძალიან მინდოდა (და რომელიც დღემდე არ დაწერილა)”, სწორედ ეს არის ამ კვირის საკონკურსო სათაური.

დაინტერესებულ მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა 25 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე essays@karchkhadze.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი