სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ

სოფელს შემორჩენილი მოხუცები, მიტოვებული სახლები, უკვამლო საკვამურები, უბავშვო ეზოები – ეს მაღალმთიანი რაჭა და სოფელი უწერაა წელიწადის სამ დროს.

უწერა ჩემი ქმრის სოფელია. პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილეობის სურვილი შარაშან შემოდგომაზე გამიჩნდა. მაშინ დიდი მხარდაჭერა არ მიგრძნია არც ოჯახის წევრებისგან, არც მეგობრებისგან.

მეუბნებოდნენ, რომ ქალაქს შეჩვეულს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გამიჭირდებოდა სოფელში ცხოვრება, მომენატრებოდა ახლობლები და ა.შ. მე კი მაინც ვოცნებობდი, ვსწავლობდი და კონკურსის გამოცხადებას ველოდებოდი. ვფიქრობდი, რომ საქართველოს რომელიმე მაღალმთიან სოფელში მასწავლებლად წასვლა გამოწვევა იქნებოდა, რომელიც უდიდეს გამოცდილებას შემძენდა და თან საკუთარი თავის გამოცდა მომინდა, ვფიქრობდი, რომ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს უფრო ვჭირდებოდი, რომ ჩემი პირადი მაგალითი სოფლის მკვიდრთათვის იმედის მომცემი იქნებოდა. იქნებ სხვაც დაფიქრდეს იმაზე, რომ ქალაქში ცხოვრება, „ქალაქელობა” პრესტიჟი არ არის. შეიძლება, დედაქალაქს გასცდე და მაინც ბედნიერი იყო. უდიდესმა სურვილმა და მონდომებამ ჩემი უახლოესი ადამიანები მალე ერთგულ გულშემატკივრებად მიქცია. ასე აღმოვჩნდი მაღალმთიანი რაჭის ულამაზეს სოფელ უწერაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

…მესამე კვირაა, რაც ჩემი სოფლური ცხოვრება დაიწყო. ხშრად წვიმს. დილით ფაფას რომ ვუკეთებ ბავშვებს, თავზეც კი მაწვიმს ხოლმე. არც სააბაზანო მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი. რაც მთავარია, თბილისიდან წაღებული წიგნები უბრალო ფიცრებით შეჭედილ, მაგრამ ძალიან ლამაზ თაროებზე დავაბინავე. მადლობა ამისთვის ზაურ ბაბუას და რამდენიმე კეთილ ადამიანს.

ცხრის თხუთმეტ წუთზე მძღოლი იაშა სკოლის წითელ ავტობუსს ზუსტად ჩემს ჭიშკართან მოაქროლებს ხოლმე. მეც ველევი დილის ყავის უკანასკნელ ყლუპებს, ვეჯაჯგურები მოფახფახებულ კარს და ავტობუსში ავდივარ, სადაც ბავშვების ნათელი და ღიმილიანი სახეები გულს მითბობს და მამხნევებს. 

რამდენიმე წუთში სკოლასთან ვართ. 

მახსენდება პირველი დღე. ბავშვები მშობლებთან ერთად მოვიდნენ. მოსწავლეების, მათი მშობლების, სკოლის დირექტორისა და მასწავლებლებისგან დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი.

უწერის სკოლა გარემონტებული და კეთილმოწყობილია, ქალაქის ბევრ სკოლასაც კი სჯობს, თუმცა მდგომარეობა საგანგაშოა – ხუთ დიდ სოფელს სულ 31 მოსწავლე ჰყავს. ჩემს მოსწავლეებზე მინდა გიამბოთ. ცხრანი არიან – ზრდილობიანები, ჭკვიანები, უბრალოები, მეგობრულები და ცოტა შებოჭილები. დამიწერეს, რომ გამგებ, კეთილ, ლამაზ, ჭკვიან, მცოდნე მასწავლებელზე ოცნებობენ. იცით, როგორ ეტყობათ, ბუნებასთან ახლოს რომ არიან?

ნებისმიერ გამოწვევას, სიახლეს ხალისით ხვდებიან. ყველაზე მეტად მახარებს წიგნით მათი დაინტერესება. პირველივე დღეებში მივაკითხეთ სკოლის ბიბლიოთეკის საბავშვო თაროს, თუმცა იმედგაცრუებულები დავრჩით. ძველ, გაყვითლებულ, ყდაშემოფლეთილ წიგნებს შორის ძლივს ამოვარჩიეთ ჩემი ბავშვობის დროინდელი გამოცემა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრების კრებულისა. ყოველ დღე დაატარებენ ამ ლურჯყდიან წიგნს და კითხულობენ გაკვეთილებს შორის, ავტობუსში, სახლში. მერე მიყვებიან წაკითხულ ზღაპრებს და ანთებული თვალებით მიზიარებენ შთაბეჭდილებებს.

სოფელში ცხოვრება ძალიან ადრე იწყება. აქ რიტმიც სხვაა. ქალაქთან შედარებით სიმშვიდეა, არც საცობისა გეშინია და გზაზე სულ ხელებგაშლილმა რომ იარო, არავის დაეჯახები. დღის განმავლობაში აუცილებლად შეგხვდება რომელიმე მოსწავლის მამა, დედა, ბებია ან ბაბუა. აკვირდები მათ ურთიერთობებს. მოსწავლემ შეიძლება საკუთარი ხელით დაკრეფილი წაბლი ან ნაძვის კევი მოგართვას.

ჩემი სკოლის ფანჯრებიდან ნაძვნარიანი მთები მოჩანს. ნაწვიმარზე ნისლები ხეებს შორის დაცურავენ. რიონის ხმა ჩვენამდეც აღწევს. ყოველი დღე სიახლითაა გაჯერებული. სამასწავლებლოში მასწავლებელმა შეიძლება ისიც კი დაიჩივლოს, რომ მის ბოსტანს დათვი შეეჩვია და ღობის დანგრევას ლამობს. „დილა თუ გაეპარათ”, მერე გამოუცხობელ პურზე დარდობენ.

სკოლიდანაც ავტობუსით ვბრუნდები. დღე ჩემს ორ შვილსა და 90 წლის ბებოზე ზრუნვით, მომავალ დღეზე ფიქრით, ყოველდღიური საქმეებით, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მოკითხვით გრძელდება.

მეხუთეკლასელი ბიჭის, ნიკოლოზ მეტრეველის ზაფხულის ერთი დღის შთაბეჭდილებებს გიტოვებთ: „ბავშვები საბანაოდ ვიყავით. იქიდან რომ მოვდიოდით, შარაგზა თბილი იყო. ბავშვებმა ფეხზე გავიხადეთ და გვიხაროდა თბილ შარაგზაზე სიარული”.

P.S. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროგრამის სულისჩამდგმელი, წარმმართველი თუ მონაწილეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი