ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მედიაწიგნიერება და საბავშვო ლიტერატურა

ცოტა ხნის წინ ჩემს შვილებს იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის წიგნი „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში” წავუკითხე. ჯანი როდარი, რომელიც ამ წიგნში ცრუთა ქვეყნის შესახებ გასაოცარ ამბებს გვიყვება, მეტაფორებით გველაპარაკება. ამბის მთავარი პერსონაჟი ჯელსომინოა, უჩვეულოდ ძლიერი ხმის პატრონი, რომლის ხმაზეც ფანჯრიდან მინები იმსხვრევა და შენობებიც ინგრევა. ამ გამორჩეულობის გამო ჯელსომინო იძულებული ხდება გადაიკარგოს საკუთარი სოფლიდან. ტანად პატარა, მაგრამ მჭექარეხმიანი ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე – ჯაკომონია გამეფებული. ჯაკომონმა, იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავს, ყველა წესი შეცვალა და ქვეყანაში სიცრუე დაამკვიდრა.

 

ცრუთა ქვეყანაში პურს – მელანი ჰქვია, ყველს – საშლელი; ამ ქვეყანაში კატები ყეფენ, ძაღლები კნავიან, გალიაში ჩამწყვდეული ზოოპარკის ლომი ვალდებულია თაგვივით იწრიპინოს, ხოლო თაგვები ლომებივით ბრდღვინავდნენ; ცრუთა ქვეყანაში საგიჟეთში ამწყვდევდნენ სიმართლის მთქმელ ადამიანებს და ქვეყნის მთავარ გაზეთს: „სამაგალითო მატყუარა” ჰქვია.

 

ამბის დასასრულს ჯელსომინო საკუთარი მჭექარე ხმით საგიჟეთს ანგრევს, იქიდან სიმართლის თქმისთვის დასჯილი ადამიანები გამოჰყავს, მეფის სასახლესაც ზედ მიაყოლებს და გაგულისებული ხალხი იმ სვეტის დანგრევასაც სთხოვს, რომელზეც მეფე ჯაკომონის ცრუ „საქმენი საგმირონია” გამოსახული. სინამდვილეში კი ჯაკომონს არათუ საგმიროდ, გამეფების შემდგომ სასახლიდან ცხვირიც კი არ გამოუყვია და ერთადერთი რაც ადარდებს, საკუთარი ქაჩალი თავი და პარიკებია.

 

კაცმა რომ თქვას, სვეტმა ვის რა უნდა დაუშაოს? სვეტზე გამოსახული სიცრუე ხალხს იმ დროს გაახსენებს, როცა ქვეყანას უსირცხვილო მატყუარა განაგებდა და ერთი კარგი სიმღერასაკმარისი იყო, რომ მისი სახელმწიფოდან ქვა ქვაზე აღარ დარჩენილიყო”, – ამბობს ჯელსომინო.

 

ამ მოტივით ჯელსომინო ხალხს არწმუნებს, რომ სვეტი ამიერიდან მათ ვერაფერს დაუშავებს და ჯობია, შემოინახონ სიცრუის გასახსენებლად.

 

რატომ გვჭირდება მედიაწიგნიერება დღეს ისე ძალიან, როგორც არასდროს?

 

2011 წელს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, მედიაწიგნიერებას განსაზღვრავს, როგორც გამჭოლ კომპეტენციას. გეგმის თანახმად, მოსწავლემ უნდა შეძლოს, როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა – გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე მედიასამყაროში ორიენტირება.

 

დღეს როდესაც ასე ძალიან განვითარდა ციფრული მედია და ყველა ციფრულმა მოქალაქემ ინფორმაციის გამავრცელებლის ძალა შეიძინა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ნამდვილი ამბების მნიშვნელობა და საჭიროება. თანამედროვე ადამიანები, რომლებიც ციფრული მედიაინსტრუმენტებით ვსარგებლობთ, არა მარტო მომხმარებლები ვართ მედიაკონტენტის, თავადაც ვქმნით მას. ამიტომ ამბის სანდოობა და უტყუარობა ჩვენი პასუხისმგებლობაც გახდა. მართალია, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენს მედიასივრცეში აღვკვეთოთ სიცრუე და „სიცრუის სვეტები”, მაგრამ თუ გაცნობიერებული ვიქნებით ამის შესახებ, უფრო მეტად შევძლებთ მედიაგზავნილების სკეპტიკური პოზიციიდან შეფასებასა და მათ „გაფილტვრას”. და რახან სიცრუის სვეტების ნაკლებობას არ ვუჩივით, საჭირო გახდა ისეთი უნარების შეძენა და გამოყენება, რომლებიც ამ უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკადში სწორი მიმართულებით გაგვიკვალავს გზას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვიყოთ მედიაწიგნიერი მოქალაქეები და ეს უნარები გამოვუმუშაოთ მოსწავლეებსაც და ვასწავლოთ მათ არსებული მოვლენების განსხვავებული რაკურსიდან დანახვა და ობიექტურად შეფასება.

 

რატომ საბავშვო ლიტერატურა?

 

ლიტერატურა რთული თემების ასახსნელად და სასაუბროდ საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით კი საბავშვო ლიტერატურა, რომელიც ამას ისე შეფარულად ახერხებს, რომ რთული თემები მარტივად მოგვაწოდოს და ასე დაგვაფიქროს იმაზე, რაც ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა.

 

ვფიქრობ, საბავშვო ლიტერატურა ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიაწიგნიერების უნარების განსავითარებლად. ბავშვებისთვის დაწერილ ამბებში კი სიცრუისა და სიმართლის დაპირისპირებაზე ბევრს შევხვდებით და ამ ყველაფერს გაწაფული მკითხველი, რომელიც თავიდანვე მიჩვეულია ტექსტის კრიტიკულად აღქმასა და მასზე დაკვირვებას, უფრო იოლად მოახერხებს მის ირგვლივ არსებული ტყუილ-მართლის გარჩევას.

 

დღეს, როდესაც ინფორმაციის ნაკადი გაიზარდა და ინფორმაციის უზარმაზარ მორევში ვტრიალებთ, საჭიროა გვქონდეს უნარები, გავარჩიოთ სწორი და არასწორი ინფორმაცია ერთმანეთისგან, გამოვიცნოთ ის ნიშნები, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ახასიათებს, გავიგნოთ გზა ამ უზარმაზარ მორევში და ბავშვებსაც ვასწავლოთ, როგორ გაარჩიონ ერთმანეთისგან ცრუ და მართალი.

 

მედიაგზავნილები შეიძლება იყოს ყველგან

 

ამბები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, სხვადასხვა მიზნით ვრცელდება. ასეა ფეისბუქშიც, ჩვენს მედიაშიც და ასევე არის ლიტერატურაშიც.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში” საბავშვო ლიტერატურაა, თუმცა იქ ბევრი პოლიტიკური მედიაგზავნილი შეგვიძლია ამოვიცნოთ. გაწაფული მკითხველი ადვილად აღმოაჩენს მეტაფორებს ტექსტში – ყოფილი მეკობრე მეფე გახდა; მეფეს ფერადი პარიკები სჭირდება სიქაჩლის დასაფარად; ჯელსომინოს ძლიერი ხმა შენობებსაც ანგრევს და ა.შ. ჯაკომონი, ყოფილი მეკობრე, რომელიც სიცრუის დიქტატურას ამყარებს სამეფოში, მეტაფორულად თანამედროვე ტროლსაც ჰგავს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გამიზნულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრზე მოახდინონ გავლენა და ბევრი დაუქვემდებარონ სიცრუის კონტროლს.

 

მედიაწიგნიერი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, კრიტიკულად შეაფასოს ამბავი, გაფილტროს ინფორმაცია, იოლად არ მოექცევა სხვისი დეზინფორმაციული კონტროლის ქვეშ. ერთი სიტყვით მოსწავლეებს ისიც შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ამბავს არასდროს შეხედონ მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან, არამედ ბევრჯერ შემოუარონ ირგვლივ, დასვან ბევრი შეკითხვა, რაც სიმართლის დადგენაში დაეხმარებათ.

 

რა ველაპარაკე ჩემს შვილებს?

 

ჩემი შვილები ხუთი და რვა წლის არიან. უფროსთან ყველა თემაზე შემიძლია საუბარი და მისთვის რთულად ასახსნელი არ ყოფილა, რომ ზოგიერთ ხელისუფალს ისეთი ვნება შემოერევა, რომ სურს, ყველაფერი ცრუ საბურველში გაახვიოს, სხვებიც საკუთარ „სიმართლეში” დაარწმუნოს და ისინი ამას ნამდვილად მიზანმიმართულად აკეთებენ. ასეთი ხელისუფალი არც ისე ცოტაა და ასეთები მხოლოდ წიგნებშიც არ არიან. უმცროსს კი ის ვუთხარი, რატომ არის მნიშვნელოვანი სიმართლე და როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ისეთ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა, როგორიც ცრუთა ქვეყანაა. ამიტომ არის საჭირო, თავად მოქალაქეები გავხდეთ ისეთ გონიერი, რომ ვერავინ მოგვატყუოს. ჩემს შვილებს ასევე ვესაუბრე იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანებს აქვთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მათი ფუნდამენტური უფლებაა და მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ თავისუფალი სიტყვა იქაურ ხელისუფალთ, ისინი დაცული უნდა იყვნენ. შემდეგ პარალელი გავავლეთ წაკითხულ ტექსტთან, სადაც ყველა სიმართლის მთქმელ ადამიანს იჭერენ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამწყვდევენ. რამდენიმე შეკითხვაც დავუსვი:

 

  • რატომ მალავს მელოტ თავს ჯაკომონი?

 

  • რისი სიმბოლოა ჯელსომინო?

 

  • რატომ არის საჭირო ჩვენს ცხოვრებაში სიმართლე და როგორ ამბავს დაუჯერებდნენ ისინი?

 

რა თქმა უნდა, ბოლოს სამივე შევთანხმდით იმაზე, რომ სიმართლე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენთვის და რომ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ.

 

თანამედროვე ონლაინსივრცე მართლაც ძალიან წააგავს ცრუთა ქვეყანას, სადაც ბევრი ცრუ ამბავი ვრცელდება და ყოველდღიურად უფრო რთული ხდება ორიენტირება. ჩვენს ირგვლივ ადამიანებიც ყოველდღიურად ხდებიან ცრუ ინფორმაციის მომხმარებლები, შემდეგ თავადაც ხდებიან გამავრცელებელი და მანკიერი წრე უფრო მეტად იზრდება. მედიაწიგნიერების განსავითარებლად საბავშვო ლიტერატურა და ზოგადად ლიტერატურა, საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდან მიეჩვიონ ტექსტზე დაკვირვებას, მის გაანალიზებას და კრიტიკულად შეფასებას. მდიდარი ლიტერატურული გამოცდილება კი ნამდვილად შექმნის ნოყიერ ნიადაგს, კიდევ სხვა დამატებითი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი