სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

დაგეწამლე

ბუმბერაზი კაცი იყო ლუი, ყველა ნომრიან თუ უნომრო ლუიზე დიდი.

მეტყავის ოჯახში დაიბადა. ყმაწვილკაცობა საფრანგეთის პროვინციულ ქალაქებში გაატარა. მამამისი მდიდარი არა, მაგრამ გონიერი კაცი კი იყო. შვილს შეძლებისდაგვარად კარგი განათლება მისცა. ლუიც მუყაითი მოსწავლე აღმოჩნდა. მართალია, განსაკუთრებულ ნიჭიერებას არ ამჟღავნებდა თუ ვერ ამჩნევდნენ, მაგრამ ტოლს არავის უდებდა. სხვა თანატოლებისგან ერთი იმით გამოირჩეოდა, რომ ხატვა ეხერხებოდა, მაგრამ შეუჩნდნენ და ხელი ააღებინეს, ხატვით თავს ვერ ირჩენო. სკოლის დამთავრების შემდეგ ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხის მოპოვების გზაზე ჰუმანიტარულ საგნებში, როგორც წესი, „კარგი“ ეწერა, „მეორეხარისხოვან“ საბუნებისმეტყველო საგნებში კი – „ძალიან კარგი“. ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მისი განათლების ვექტორი კიდევ შეიცვალა – ლუიმ ბუნებისმეტყველების შესწავლას მიჰყო ხელი. კრისტალების აღნაგობასა და შუქტეხას ჩაუღრმავდა. მართალია ახალი ხარისხის მოპოვებას დაგეგმილზე ერთი წლით მეტი მოანდომა, მაგრამ ღირდა წვალებად. მანამდე სინათლის გადახრა კრისტალების სტრუქტურას ბრალდებოდა, ლუიმ კი ახალი სიტყვა თქვა – სინათლის გარდატეხა მოლეკულაში ატომთა განლაგების ბრალიაო. ხარისხიც მიიღო და უნივერსიტეტში ფიზიკის პროფესორის თანამდებობაც. ფიზიკის შესწავლას მალევე დაანება თავი და ახლა ქიმიითა და ბიოქიმიით დაინტერესდა. იმხანად ბევრ მეწარმეს ღვინის შენახვის პრობლემა აწუხებდა. როცა ამ საკითხს ჩაუღრმავდა, ლუიმ მიკროსამყაროს მიგნო. აღმოაჩინა, რომ დუღილის პროცესი რაღაც პატარა არსებების დამსახურება იყო, თანაც ისეთების, რომლებსაც უჟანგბადო გარემოშიც კი შეეძლოთ სიცოცხლე და გამრავლება. კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ თუ ღვინოს 50-60°C-მდე გააცხელებდა, ეს არსებები დაიხოცებოდნენ და ღვინო აღარ დაძმარდებოდა. ეს მეთოდი დღესაც ფართოდ გამოიყენება, თანაც არა მარტო ღვინის შესანახად. მას, აღმომჩენის პატივსაცემად, მისივე გვარისგან წარმომდგარ სახელს – პასტერიზაციას ვუწოდებთ.

ლუის მომდევნო გამოწვევა აბრეშუმის ჭიების ექიმობა იყო. სამხრეთ საფრანგეთში მეაბრეშუმეობას ისე გაედგა ფესვი, რომ ეროვნულ სიამაყედ ითვლებოდა. ჰოდა, ერთ დღესაც ჭიებმა ადგილ-ადგილ მასობრივად დაიწყეს ხოცვა. მეწარმეები და ვეტერინარები რომ ვერაფერს გახდნენ, დახმარებისთვის ლუის მიადგნენ. ლუის აბრეშუმის ჭია თვალით არ ენახა. ჭია კი არა, აბრეშუმის პარკიც არ მჭერია ხელში, რით გიშველოთო, – შეიცხადა, მაგრამ ეროვნული საქმე იყო და მანაც, პატრიოტიზმის წყალობით, ხელი მოჰკიდა პრობლემის შესწავლას. არც აქ გამოდგა ჯაბანი. მთელი სამი წელი გაატარა საფრანგეთისა და იტალიის სოფელ-სოფელ ხეტიალში და ბოლოს მაინც მიაგნო თვალით უხილავ „პარაზიტებს“.

მოუსვენარი ლუი მეცნიერების ახალ მატარებელს შეახტა და იმუნოლოგიის სადგურზე ჩამოვიდა. აიჩემა, ღვინის დაძმარებას და აბრეშუმის ჭიების ავადობას საერთო საფუძველი აქვს და ამავე მეთოდით უფრო დიდი არსებებიც შეიძლება განვკურნოთო. ჯერ ციმბირის წყლულის ბაცილას დაადგა თვალი, მერე კი ცოფისას. ორივეგან გაიმარჯვა. მიხვდა, რომ თუ ამ მიკროორგანიზმებს რამდენჯერმე გადათესავდა ერთი ბულიონიდან მეორეზე, იმდენად დასუსტებოდნენ, რომ დაავადების გამოწვევას ვეღარ შეძლებდნენ. უფრო მეტიც, თუ მათ ჯანმრთელ ორგანიზმში შეიყვანდა, ამ უკანასკნელს ცოფი ვეღარ მოერეოდა. ცხოველებსა და ფრინველებზე ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. ადამიანებზე გამოცდას ლუი ვერ ბედავდა, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, ბოლოს დაჰყვა ზეწოლას და ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა მედიცინაში ამოყო თავი. არადა, ნემსის გაკეთებაც კი არ შეეძლო – სხვები უწევდნენ ასისტირებას.

ამას მოჰყვა წარმატებული და წარუმატებელი ექსპერიმენტების სერია. ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას – არა. მაგრამ გონიერ ადამიანს ორივე შედეგისგან შეეძლო დასკვნების გამოტანა, რომლებსაც ლუი სამუშაო რვეულებში იწერდა და არავის უმჟღავნებდა. ასეთი ახირება ჰქონდა. ის კი არა, ანდერძად დაუტოვა ოჯახის წევრებს, არავის აჩვენოთო. მიუხედავად ამისა, გვასწავლა ვაქცინის შექმნისა და ვაქცინაციის მეთოდი, რომელმაც უამრავი ადამიანისა თუ ცხოველ-ფრინველის სიცოცხლე იხსნა…

პასტერმა ვაქცინაციის მეთოდით ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყო ხელი. მანამდე, ეპიდემიებისა და პანდემიების დროს, ვირუსის დასუსტებას (პასაჟირებას) წლები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, პასტერის მეთოდით კი დროც საგრძნობლად შემცირდა და სიკვდილიანობაც მინიმუმამდე დავიდა.

ქართულ ენაში მიმართვის არაერთი „თბილი“ ფორმა გვაქვს, რომლებიც შინაარსობრივადაც და იმუნოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: „შენ გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“ და სხვა. აი, ფშავში კი გეტყვიან, „დაგეწამლეო“.ჰოდა, სანამ კოვიდ-19-ის ვაქცინას შექმნის ვინმე, ჩვენ უნდა დავეწამლოთ ერთმანეთს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი