შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პანდემია და მისი გავლენა საგანმანათლებლო პროცესის აქტორებზე

 ინტერვიუ ფსიქოლოგ ნათია იოჰანესენთან

 

ფსიქოლოგი ნათია იოჰანესენი, ნორვეგიაში ცხოვრობს და ქალაქ ლევანგერის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ზოგადი ფსიქიატრიის განყოფილებაში კლინიცისტ-ფსიქოლოგად მუშაობს.  ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის, რომელთა სპექტრი საკმაოდ ფართოა,  ნათიას ვთხოვეთ ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლეიც პანდემიამ ყველასთვის მოიტანა და თითოეული ადამიანისთვის ახალი რეალობა შექმნა. რა გავლენას მოახდენს პანდემიური სტრესი საგანმანათლებლო პროცესის წევრებზე და როგორ შეიძლება ამ ყველაფერთან გამკლავება, წაიკითხეთ ჩვენს ინტერვიუში.

 

 

კოვიდ 19-ის მიერ შექმნილმა ახალმა წესრიგმა იზოლაცია, გაურკვეველი მოლოდინი, ეკონომიკური სიდუხჭირე და მომავალი დღეების შიში მოიტანა. რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ადამიანებზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

 

ამ ტიპის იზოლაციით ადამიანი ექცევა მისთვის არაბუნებრივ პირობებში და უქვეითდება ფუნქციონირების ხარისხი. ეს ყველაფერი სტრესის საგრძნობლად მომატებასთან არის დაკავშირებული. ყველაზე ცუდი ამ დროს ის არის, რომ არ ხდება სტრესის გამომწვევი მიზეზების ალაგება და ადამიანი განიცდის პროლონგირებულ სტრესს, რაც მის ჯანმრთელობაზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მომავალში. ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ, შფოთვითი აშლილობებისკენ, აქვთ ბიპოლარული აშლილობა, განსაკუთრებით მოწყვლადი ხდებიან ასეთ დროს. ჯერ ერთი იმის გამო, რომ საჭირო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ, ან თვითონ ფიქრობენ, რომ ამ დროს არ ღირს ექიმის/ფსიქოლოგის შეწუხება და ყველაზე მთავარი, ის, რაც მათ ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარებოდათ, ფაქტობრივად დროებით, გაურკვეველი ვადით დაპაუზდა.

 

 ადამიანები ოჯახებში  უფრო მეტ დროს ატარებენ, რაც აქამდე სანატრელი იყო, თუმცა დაიკარგა პირადი სივრცე და პირადი დრო, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად დარეგულირებული იყო. რა ფსიქოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს ეს ყველაფერი ადამიანებში, როგორ აისახება მათ ფსიქიკაზე?

 

ოჯახის წევრების ერთ სივრცეში ყოფნას აქვს ბევრი პოზიტიური მხარე, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმ სახლებში, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის და თაობის რამდენიმე წევრი მჭიდროდ ცხოვრობს და ყველას არ აქვს საკუთარი ოთახი. როცა ბავშვებს მეცადინეობები ონლაინ უტარდებათ და ამავდროულად მათი მშობლებიც იძულებულნი არიან, რომ დისტანციურად იმუშაონ, იქვე ბებია-ბაბუას საყვარელი სერიალი გადის ტელევიზორში, მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემები იჩენს თავს, რაც თავისთავად ისევ მომატებულ სტრესს ნიშნავს. ამასთან პირადი სივრცის ქონა ადამიანს დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების გადამუშავებასა და ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

ბავშვები  ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – დისტანციური სწავლების ახალი გამოცდილება,  იზოლაცია, ნაკლები სოციალური ურთიერთობები და ნაკლები ფიზიკური აქტივობა. როგორ ფიქრობთ, იქონიებს გავლენას ეს ყველაფერი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

 

პაციენტებთან მუშაობის დროს ანამნეზის აღებისას აუცილებლად ვეკითხები – როგორ გრძნობდნენ თავს სკოლაში სოციალურად და რა სირთულეები ჰქონდათ საგნებთან მიმართებაში. სკოლის პერიოდის სოციალური ყოფა მნიშვნელოვანია საჭირო უნარების გამომუშავებისთვის და დიდწილად განსაზღვრავს სხვადასხვა საგანში ბავშვის წარმატებას. ეს არის სოციალური უნარების ვარჯიშის მთავარი არენა. დისტანციური სწავლება ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დაწყებითი სკოლის ბავშვებს აწვებათ. გარდა ამისა, ბევრი სხვა პრობლემა იჩენს თავს. ის, რომ ბავშვს არ მიუწვდება ხელი კომპიუტერზე და/ან ინტერნეტზე, მას მხოლოდ საგნებზე წვდომას არ აკარგვინებს, არამედ ბავშვში აჩენს დაბალი თვითშეფასების განცდას. ხშირ შემთხვევაში ეს განცდები ბავშვებში ცნობიერად არ ტივტივებენ და ყოველი ახალი მარცხი უფრო მეტად ამძაფრებს, ერთგვარად «უდასტურებს» წარმოდგენას საკუთარ თავზე. ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ბავშვები, რომლებიც ოჯახებში ფსიქოლოგიურ და/ან ფიზიკურ ჩაგვრას განიცდიან, სრულიად დაუცველი აღმოჩნდნენ მოძალადე უფროსების გარემოცვაში.

 

როგორ შეიძლება შეცვალონ მშობლებმა ოჯახში განწყობის კლიმატი უკეთესობისკენ, თუ თავად აღარ არიან კარგად?

 

აუცილებელია სახლის პირობებში ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც ადამიანს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ეს მდგომარეობა დროებითია, და რომ ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც უწინ. შესაძლებელია სხვადასხვა სამაგიდო გასართობებით შევიქციოთ თავი ბავშვებთან ერთად. ამ გზით ამ მდგომარეობას ერთგვარ პოზიტიურ ელფერს ვაძლევთ. სამაგიდო თამაშებით ბავშვი ბევრს სწავლობს, უვარჯიშდება მოთმინების, თანამშრომლობის უნარი; სწავლობს, როგორ აიტანოს წაგებით გამოწვეული ფრუსტრაცია და გაბრაზება. რაც მთავარია, სწავლობს დროის შინაარსიანად გატარებას.

 

მასწავლებლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც ისედაც მუდმივად ცვალებად საგანმანათლებლო გარემოში იმყოფებოდნენ. რა უნდა ქნან მათ, როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს, ასევე როგორ იყვნენ ეფექტური (რასაც მათგან ასევე განსაკუთრებით მოითხოვენ), თუ ორივე მნიშვნელოვანია ერთდროულად?

 

მასწავლებლებმა მართლაც საოცრებები შეძლეს. ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეულს, ვინც განსაკუთრებული კრეატიულობა გამოიჩინა ამ დროს და ბავშვს ისეთი პროდუქტი შესთავაზა, რომლის ანალოგი ან არ არსებობდა, ან იმდენად მწირი იყო, რომ მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებოდათ ხელი. მასწავლებლების გამოცდილებაში დისტანციურ სწავლებასთან მიმართებაში ერთგვარი ვარიაციაა. თუმცა, ბევრი მასწავლებელი აღნიშნავს რომ ბავშვი ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას, გაკვეთილები ზერელე და ზედაპირულია, ხშირია ტექნიკური სახის პრობლემები და ისინი ამას განიცდიან, ეს მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული სტრესია. ამ სტრესთან გამკლავება ღრმა სუნთქვითი ტექნიკით, სამწუხაროდ, არ მოგვარდება, იმიტომ, რომ ხვალ იმავეს აწყდება მასწავლებელი. მათ სახელმწიფოსგან სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რაც გამართულ ტექნიკურ აღჭურვილობაში და შესაბამის ინფორმირებულობაში გამოიხატება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და აძლევენ რჩევებს, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დროებითია, აუცილებელია ერთგვარი სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება.

 

პანდემიის პერიოდში ადამიანები იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე მანამდე და პროდუქტიულობის მოთხოვნა საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. სად უნდა გავჩერდეთ და სად უნდა გავავლოთ წითელი ხაზი პროდუქტიულობის მოთხოვნასა და არსებულ შესაძლებლობებს შორის?

 

ასეთ გარემოში ეფექტურობა კრიზისის მართვის უნარით იზომება. ძალიან ბევრსაც ნუ მოვთხოვთ საკუთარ თავს. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ეს არის დროებითი მდგომარეობა.

 

მოსალოდნელია, რომ ვირუსი არა მარტო ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს, არამედ ეკონომიკურადაც დაგვაუძლურებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იქონიებს გავლენას. რა იქნება თქვენი, როგორც პროფესიონალის რჩევა, როგორ გადავურჩეთ მის დამანგრეველ ძალას და ვიპოვოთ წონასწორობა?

 

დავკავდეთ საყვარელი საქმეებით, შევინარჩუნოთ დღის რეჟიმი, ძილის ჰიგიენა ამ დროს არსებითია, არ დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა, სეირნობა, სირბილი, დისტანციის დაცვით, რა თქმა უნდა. მშობლებს ვურჩევდი ხშირად ჩაეხუტონ შვილებს და ასე აგრძნობინონ, რომ ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად არიან მათ სიახლოვეს, არამედ ემოციურადაც. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დროებითია. ნორვეგიელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა: «ან ყველაფერი ჩაივლის, ან ყველაფერი კარგად იქნება».

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი