პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დროშების ომი

უკანასკნელი რამდენიმე კვირაა მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ბელორუსში განვითარებულ მოვლენებს. სტაბილურობითა და სიმშვიდით გამორჩეული პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ასობით ათასი მოქალაქე ქუჩაშია გამოსული და ხელისუფლებაში ყოფნის ოცდაექვსწლიანი გამოცდილების მქონე ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს უპირისპირდება. ბელორუსი ორად არის გაყოფილი, ქვეყანაში ნაციონალური კონსენსუსი არ არსებობს, ოპოზიცია და ხელისუფლება ბრძოლაში განსხვავებული ფერის დროშებით არიან ჩართულნი.

ავტორიტარი მმართველის ოპონენტები, საყოველთაო სახალხო გამოსვლების მონაწილეები ბელორუსის ძველ ალამს, წითელი და თეთრი ფერებით გაწყობილ დროშას იყენებენ. აღნიშნულ სიმბოლოს საუკუნოვანი ისტორია აქვს. დაუზუსტებელი ცნობებით, პროტესტის მთავარ ნიშნად ქცეული დროშა 1910-იან წლებში ახალგაზრდა ბელორუსმა არქიტექტორმა კლაუდიუს დუჟ-დუშევსკიმ შექმნა. ნაციონალისტური განწყობების მქონე ხელოვანმა ლიეტუას დიდი სათავადოს ჰერალდიკური ნიმუშებით იხელმძღვანელა. ლიეტუას სამხედრო ძალებში გაერთიანებული ბელორუსების ფარებზე, სამოსზე, შტანდარტებზე სწორედ წითელი და თეთრი ფერი დომინირებდა. 1918 წელს ბელორუსი პატრიოტების მიერ წარმოებული მრავალწლიანი ბრძოლა ლოგიკურად დასრულდა – რუსეთსა და პოლონეთს შორის ჩამოყალიბდა ბელორუსის სახალხო რესპუბლიკა. წითელი და თეთრი ფერებით გაწყობილი ალამი კი სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურ დროშად გამოცხადდა. დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება, გერმანელებმა მალევე დაიპყრეს ახალგაზრდა რესპუბლიკის ტერიტორიები. მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, პირველმა რესპუბლიკამ წარუშლელი კვალი დატოვა ბელორუსთა მეხსიერებაზე, რადგან იგი გახლდათ ამ ხალხის სუვერენიტეტისა და ერთიანობის პირველი ფორმალური გამოვლინება. პოლიტიკური ემიგრაცია საბჭოთა კავშირის დანგრევამდე უფრთხილდებოდა 1918 წელს დაარსებული დღემოკლე სახელმწიფოს მემკვიდრეობას, მათ შორის ეროვნულ სიმბოლოებს. 70 წლის განმავლობაში ანტისაბჭოთა მოძრაობის ბელორუსი წევრები მთელ მსოფლიოში წითელ-თეთრი დროშით ცდილობდნენ დაპყრობილი სამშობლოს ინტერესების დაცვას.

1991 წელს ბელორუსის უზენაესმა საბჭომ ეროვნული ბაირაღის სტატუსი დაუბრუნა დუჟ-დუშევსკის მიერ შექმნილ დროშას. საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესისათვის წერტილის დასმისას, „ბელოვეჟის ხელშეკრულების“ გაფორმების დროს დამოუკიდებელი ბელორუსის პირველ ლიდერს, პროფესორ სტანისლავ შუშკევიჩს წინ სწორედ წითელ-თეთრი ალამი ედგა. 1991-1995 წლებში ბელორუსი დამოუკიდებელი, მრავალპარტიული, მეტ-ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფო იყო. ოპოზიციურ მედიას მაუწყებლობის საშუალება ჰქონდა, ხელისუფლების ოპონენტებს ქუჩაში არ იტაცებდნენ და კლავდნენ, პრეზიდენტი დიქტატორად არ იყო ქცეული, ქვეყანა დასავლეთთან დაახლოებაზე ფიქრობდა. ხელისუფლების სათავეში ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსვლის პერიოდიდან პრეზიდენტის მიერ გაუქმებული ალამი ლიბერალური დემოკრატიისა და რუსეთისგან დისტანცირების სიმბოლოდ იქცა.

რატომ გააუქმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დუჟ-დუშევსკის დროშა?

ზოგიერთი ცნობებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსის უზენაესი საბჭოს ის დეპუტატი იყო, რომელმაც არც სსრკ-ს დაშლას და არც დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ უჭერდა მხარს. მას სწამდა, რომ ბელორუსი დიდი თანამეგობრობის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ყოფილი კოლმეურნე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა ქვეყნის დამოკიდებულების ზრდას რუსეთზე. ლუკაშენკოს პრიორიტეტი არასდროს ყოფილა ლიბერალური დემოკრატია და პოლიტიკური თავისუფლების დაცვა. პირიქით, ისტორიკოსის დიპლომის მქონე ლიდერი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის უპირატესობებით.

1994 წელს ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსის პრეზიდენტი გახდა. მალევე მან საზოგადოებას შეახსენა, რომ თეთრ-წითელ დროშას ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ ჰიტლერთან დაკავშირებული კოლაბორაციონისტები, ამიტომ გამოვიდა ინიციატივით, რომ ეროვნული დროშა შეეცვალათ. ალტერნატიულ ვარიანტად ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკის დროშა წარადგინა, რომელზეც ნამგალისა და უროს გამოსახულება იყო წაშლილი. 1995 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ დროშის ახალ ვარიანტს მხარი დაუჭირა. მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ბოლო მეოთხედი საუკუნეა დუშ-დუშევსკის მიერ შექმნილი სიმბოლო ლუკაშენკოს ოპოზიციის მთავარ ატრიბუტად რჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროშების გარდა, ბელორუსები სხვა სიმბოლოების თვალსაზრისითაც არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი. ლუკაშენკოს მხარე მთავარ ეროვნულ დღესასწაულად 3 ივლისს მიიჩნევს. 1944 წლის 3 ივლისს საბჭოთა ჯარებმა გერმანელებისგან გაათავისუფლეს ქალაქი მინსკი. ოპოზიციის ლიდერები კი დამოუკიდებლობის დღეს 25 აგვისტოს აღნიშნავენ, როდესაც ბელორუსის უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირისგან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სანამ ქვეყანაში ელემენტარულ, გამაერთიანებელ სიმბოლოებზეც კი არ არსებობს საყოველთაო შეთანხმება, მანამ სტაბილურობას დიდი დღე არ უწერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი