შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ადგილები, რომლებიც უნდა ვანახოთ ბავშვებს

ზღვაზე დასვენებისას ბავშვები გონიოს ციხეში წავიყვანე. ვიფიქრე, რომ ამაზე კარგ ადგილს რომაელებზე, ბიზანტიის იმპერიაზე, წყალგაყვანილობის სისტემებზე, არქეოლოგიასა და საბრძოლო იარაღებზე სალაპარაკოდ ვერ ვიპოვიდით და მართალიც აღმოვჩნდი. ეზოში გაშლილი სალაშქრო კარვებიდან დაწყებული, არქეოლოგების მიერ აქ აღმოჩენილი ბავშვის საფლავით დამთავრებული, ყველაფერი მომნუსხველი აღმოჩნდა 6 და 8 წლის გოგოებისთვის. წარმოიდგინეს, როგორ მოდიოდნენ ვაჭრები, როგორ ესხმოდა აქაურობას ღამით მტერი და როგორ ვარდებოდა ეშმაკურად გათხრილ სანგრებში, როგორ ჭედავდნენ მჭედლები იარაღებს და სამკაულებს, წვავდნენ თიხას და ამზადებდნენ ჭურჭელს მეთუნეები და რანაირი წარმოდგენები შეიძლება გამართულიყო ამფითეატრში – საბავშვო ბაღში ქონდათ წარმოსახვის სავარჯიშოები – Fantasiereise და იმას გავდა ეს ყველაფერი, ბუნებრივ გარემოში, რეალური, ისტორიული ფაქტობრივი გარემოებებით.

 

იმის მერე სულ ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ასეთივე შთამეჭდავი პატარა გოგოებისა და ბიჭებისთვის და აი, რამდენიმე იდეა.

 

წყალტუბოს სანატორიუმები – დიდებული, მოწყენილი, დანგრეული და ზოგიც გადარჩენილი შენობები, რომლებსაც ახსოვთ საბჭოთა კავშირი, სტალინის ოთახები, აფხაზეთის ომიდან დევნილები და ბოლო ათწლეულების ნაკვალევებს ინახავენ თავიანთ კედლებში.

 

აგვისტოს ომის მუზეუმი ერგნეთში, რომელიც ადგილობრივი ქალის ინიციაციატივით შეიქმნა მისსავე სახლში და სადაც ომის ფოტოებთან ერთად შეიძლება ნახოთ დამდნარი შუშის ჭურჭელი, დაცხრილული თუნუქი, ბომბების და ნაღმების ჭურვები, ჯარისკაცების ფეხსაცმელები და ტანსაცმელი, ყველაფერი ერთი სახლის სარდაფშია თავმოყრილი, რომელიც ომს გადაურჩა.

 

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი კასპში – ესეც ადგილობრივი ქალის ინიციატივით სულ რამდენიმე წლის წინ დაარსებული მცირე ზომის მუზეუმია. შენობა, სადაც მუზეუმია განთავსებული, ადრე საბჭოთა მილიციას ეკუთვნოდა, შესაბამისად, ამ შენობის სარდაფებში ატყვევებდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ ადამანებს, რომლების სისტემას არ მოწონდა. მუზეუმის ბუნებრივი გარემო და საბჭოთა არტეფაქტები, საკნები, რკინის მძიმე კარებებით, სტალინის ფოტოთი და “ტროიკის” მიერ გამოტანილი განაჩენებით ადვილი და მაინცდამაინც “საბავშვო” სანახაობა არ არის, თუმცა ისტორიაა, რომელიც უნდა ვიცოდეთ და რაც უფრო ცხადად შევიგრძნობთ მის სიმძიმეს, მით უფრო სწორ წარმოდგენას შევიქმნით იმ დროზე.

 

ეროვნული პარკები და ნაკრძალები, სადაც გარდა იმისა, რომ სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავენ, ფეხით ივლიან და ფიზიკურად გაივაჯიშებენ, ადგილობრივ  საკვებს, ფლორას, ფაუნას, სპეციფიკას დააკვრიდებიან და შეადარებენ მათთვის ნაცნობ გარემოებთან.

 

და თუკი აღმოჩნდა, რომ დრო და რესურსები არ აღმოგაჩნდათ განსაკუთრებული მოგზაურობებისთვის, შეეცადეთ იმ გარემოში აღმოაჩინოთ ბავშვებისთვის საინტერესო ამბები და ადგილები, სადაც ხართ ან მოხვდებით, საკუთარ ან მეზობელ ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებზე, ტყეებში, ციხე-კოშკებსა და თუნდაც მიტოვებულ შენობებში  – ბავშვებს თავგადასავლები ჭირდებათ და თავგადასავლის პოვნა, თუკი ძალისხმევას არ დაიშურებ და გაიხსენებ, რა გიხაროდა პატარაობაში, რა ახდენდა შენზე შთაბეჭდილებას, გაგახსენდება, რომ ეზოში მდებარე მსხლის ხეზეც შეიძლება და სოფლის პატარა მდინარეშიც.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი