პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნინო ლეჟავა – სამოქალაქო განათლება როგორც სასკოლო საგანი და პასუხისმგებლობა

“სამოქალაქო განათლებას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საზოგადოების მიმართ პასუხისმგებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას, საფუძველი სკოლამდელ ასაკში ეყრება, როცა ბავშვი სოციუმთან ურთიერთობას სწავლობს”, – ამბობს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა.

სამოქალაქო განათლების დაბალი დონე დღეს შესაძლოა ნომერ პირველ პრობლემად ჩაითვალოს ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც ბოლო ორი ათეული წელია, დემოკრატიულ ფასეულობებში გარკვევას ცდილობს. კომუნისტური დიქტატურის პირობებში ნაცხოვრები საზოგადოებისთვის ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ისევე როგორც არ აღმოჩნდა ადვილი ამ ფასეულობათა სწავლება ახალი თაობებისთვის.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის რეგიონული ბიურო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ათი წლის წინ დაარსდა, ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დემოკრატიის ხელშეწყობა. დღეისათვის ფონდი რეგიონის ახალგაზრდა მეცნეიერებს სთავაზობს კვლევით სტიპენდიებს უახლესი ისტორიის, პოლიტოლოგიის, სოციოლოგიისა და ურბანისტიკის სფეროში და მათთან ერთად ავითარებს საგანმანათლებლო პროექტებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მიზნით.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფონდი ავითარებს ინიციატივებს ქალთა და სექსუალურ უმცირესობათა პოლიტიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით; აგრეთვე რეგულარულად მართავს საჯარო დისკუსიებს ქართული პოლიტიკის ცენტრალური საკითხების შესახებ საკუთარ ოფისსა და რეგიონებში.

2010 წლიდან ფონდის სამუშაო პრიორიტეტებს დაემატა საბჭოთა ისტორიის გააზრებისა და ტოტალიტარული წარსულის საკითხებიც.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის განსაკუთრებული მიზანია, შექმნას იმპულსები სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროკავშირის აქტიური და თანმიმდევრული პოლიტიკისთვის. ბერლინსა და ბრიუსელში, ისევე როგორც ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ფონდი რეგულარულად მართავს კონფერენციებსა და თემატურ საუბრებს, რათა განიხილოს ერთიანი ევროპული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის როლი რეგიონში არესბული კონფლიქტების მიმართ; აგრეთვე მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩართვას ევროკავშირის გაფართოებული ევროპის კონცეფციაში.

მოქალაქეებმა პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებები რომ მიიღონ, ისინი განათლებულნი და ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, ამისთვის კი საჭიროა მათთან სხვადასხვა მიმართულებითა და მიდგომით მუშაობა – ასეთია დასავლური გამოცდილება, რასაც ქართული რეალობა თეორიულად უმეტესად ეთანხმება, პრაქტიკულ ნაბიჯებს კი ძალიან ნელა დგამს.

პირველი კითხვა, რაც ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორს ნინო ლეჟავას დავუსვით, რასაკვირველია, სამოქალაქო განათლების როგორც სასკოლო საგნის ეფექტური სწავლების გზებს ეხებოდა:

– მე სკოლა 1992 წელს დავამთავრე, როცა სამოქალაქო განათლება როგორც საგანი, ბუნებრივია, არ ისწავლებოდა. რამდენად ეფექტურია დღეს ამ საგნის სწავლებისადმი არსებული მიდგომა, ძნელი სათქმელია. ქართული საგანმანათლებლო სისტემის მთავარი პრობლემა – სისტემისა, რომელიც ოცი წელია რეფორმების რეჟიმშია – სწორედ სისტემური ხედვის უქონლობაა, რაც არ გულისხმობს მხოლოდ სკოლებსა და უნივერსიტეტებს; სამოქალაქო განათლებას საფუძველი სკოლამდელ ასაკში ეყრება. მე დანამდვილებით არ ვიცი, როგორ ისწავლება ეს საგანი საქართველოს სკოლებში, მაგრამ, როგორც გარედან დამკვირვებელმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს საგანი ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ეს პასუხისმგებლობა კი სოციუმთან ურთიერთობით იწყება.

ვაშლს რომ შეჭამს, ნარჩენი ურნაში რომ უნდა ჩააგდოს, ამას ბავშვს 3-4 წლის ასაკში ასწავლიან. საბჭოთა კავშირის სკოლებში ეს საგანი არ ისწავლებოდა, მაგრამ ბებიაჩემი არასდროს მაძლევდა უფლებას, ავტობუსიდან ჩამოსვლისას ბილეთი მიწაზე დამეგდო, თუმცა კი ხელის გაშვება და ცქერა, როგორ მიფრიალებდა ის, ძალიან მომწონდა. მოგვიანებით მე თვითონ მიმყავდა შვილი ურნასთან. ახლა მას უკვე იმაზე მეტად აღელვებს სხვის მიერ დაყრილი ნაგავი, ვიდრე მის ასაკშია საჭირო… თუმცა მიმაჩნია, რომ ბავშვისთვის ამ ტიპის განათლების მიცემა მხოლოდ ოჯახს არ უნდა ევალებოდეს. შემდგარია ის სახელმწიფო, სადაც მოქალაქის განათლება მის სოციალურ თუ ეთნიკურ წარმომავლობაზე არ არის დამოკიდებული, სადაც სკოლა თუ უმაღლესი სასწავლებელი ადამიანს საშუალებას აძლევს, თანმიმდევრულად განვითარდეს და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხსაც აგებს.

– თქვენი ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტთა შედეგების, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების დონეს?

– როგორც გითხარით, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას მე მხოლოდ გარედან ვაკვირდები, მაგრამ, საზოგადოდ, განათლების სისტემის ხარისხი, ჩემი დაკვირვებით, დაბლა იწევს. ბიოლის ფონდს აქვს სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერთათვის სოციალურ მეცნიერებათა სფეროში. ეს პროცესი ნაწილობრივ მაძლევს დაკვირვების საშუალებას. ჩვენთან ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდა გზავნის განაცხადს და ათეულობით მათგანთან გვიწევს გასაუბრება. სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდა მეცნიერებს სულ უფრო ნაკლებად აქვთ ზოგადი განათლება, ძალიან ვიწროა მათი ცოდნა თუნდაც საკუთარ სპეციალობაში. ამის განზოგადება ყველა სფეროზე ეგებ არ ღირდეს და, რა თქმა უნდა, არიან ღრმად განათლებული ახალგაზრდებიც, მაგრამ მათ ეს ცოდნა მოიპოვეს არა ფორმალური, არამედ არაფორმალური განათლების შედეგად, თავიანთი ნიჭისა და მონდომების ხარჯზე და არა იმ სასაწვლო დაწესებულებებში, სადაც უნდა მიეღოთ ის. ჩემი აზრით, ქართული განათლების სისტემა საშუალო მონდომების ადამიანს არ აძლევს განვითარებისა და განათლების საშუალებას, თუმცა მაინც აღვნიშნავ, რომ ჩემი ეს დასკვნა ვიწრო სეგმენტზე დაკვირვების შედეგია.

– როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირს ქართულ საზოგადოებას ისეთი ცნებების გააზრება, როგორიცაა “დემოკრატია”, “ტოლერანტობა”, “ეთნიკური თანასწორობა”, “ადამიანთა უფლებები”, “სიტყვის თავისუფლება”? მიმტევებლობასა და მოყვასის სიყვარულს ხომ ქრისტიანული რელიგიაც გვასწავლის, რომლის მიმდევარიც საზოგადოების უმეტესი ნაწილია?

– ბოლოდან დავიწყოთ: როცა რელიგია როგორც საგანი სკოლებში შემოვიდა, იქ მაშინაც ნაკლებად კომპეტენტური მასწავლებლები ასწავლიდნენ. გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობის ტალღა აზვირთდა, ეს საგანი ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლებმა შეითავსეს. შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში შეიქმნა კათედრა, სადაც მუშაობდნენ მეცნიერები, რომლებიც მანამდნენ ათეიზმს ასწავლიდნენ. სკოლებში რელიგიის სწავლება პრობლემური საკითხია, რადგან სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან დღემდე არ არის გამიჯნული. საქართველოში, გარდა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა, არიან სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ხშირად განიცდიან ზეწოლას. იმის გამო, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გაუმიჯნავია, საჯარო თუ კერძო სკოლებში ხშირად შეხვდებით ანაფორით შემოსილ მამაკაცებს, რომელთა ფორმალური განათლება ამა თუ იმ სფეროში ძალიან მწირია, თუმცა თავი უფლებამოსილად მიაჩნიათ, სასკოლო განათლების პროცესში ჩაერთონ.

დავუბრუნდეთ იმას, რატომ ვერ გაიაზრა დემოკრატიის საკითხები საზოგადოებამ. მინდა ვთქვა, რომ ბევრი რამ შეიცვალა; 20 წლის წინანდელი საზოგადოება განსხვავდება დღევანდელისგან. ქართულმა საზოგადოებამ მოინელა 90-იანების დასაწყისის ეთნიკური ნაციონალიზმი. დღეს უფრო რელიგიური ნაციონალიზმის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ალბათ, ესეც გასავლელი ეტაპია.

– როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს სამოქალაქო განათლება როგორც საგანი?

– საქართველოს სკოლებში პედაგოგები ამ საგანს ხშირად იმისთვისაც ჰკიდებენ ხელს, რომ მეტი საათი და, შესაბამისად, მეტი ხელფასი ჰქონდეთ. ჩემი აზრით, სამოქალაქო განათლებას საგანს ვერც ვუწოდებთ; ეს მსოფლმხედველობაა და მოზარდის გარემო უნდა იყოს გაჯერებული დემოკრატიული ღირებულებებით. თუ სამშაბათობით “უცხოს” მიმართ ტოლერანტობაზე ველაპარაკეთ, ხოლო სხვა დღეებში – “ქართული გენის ზეობაზე”, ეს მოსწავლეებს არაფერს მისცემს, არაქართული ეთნიკური წარმომავლობის ბავშვებს შესაძლოა კიდევ უფრო გაუჩნდეთ გარიყვის შეგრძნება.

– რას სთავაზობს ბიოლის ფონდი რესურსად სკოლის პედაგოგებს?

– ფონდის დისკუსიები და საჯარო დებატები მუდამ ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. ამ ღონისძიებათა ვიდეოჩანაწერები ჩვენს საიტზე იტვირთება, კრებულებად გამოიცემა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საზოგადოებას ვთავაზობთ დისკუსიებს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე; თუმცა თავს ვარიდებთ ყოველდღიური მწვავე პოლიტიკური საკითხების განხილვას, რათა ჩვენი დებატები არ დაემსგავსოს სატელევიზიო თოქშოუს, სადაც ერთმანეთს არავინ უსმენს, მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავენ. ამ ფორმით ვცდილობთ დისკუსიის კულტურის დამკვიდრებასაც. ეს გულისხმობს სხვისი აზრის მოსმენასა და პატივისცემას, რაც დემოკრატიის საფუძველია. დებატების მოდერატორები ამას აღწევენ; დარბაზში მსხდომთა უმრავლესობა შემწყნარებლურად ეკიდება და უსმენს თვით ისეთ გამომსვლელებსაც კი, რომლებსაც სოციუმი სულაც არ აინტერესებთ, მხოლოდ პირადი აზრის გამოსათქმელად მოდიან დებატებზე, განურჩევლად დისკუსიის თემისა.

დაინტერესებულ პირებს საჯარო დისკუსიების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ჩვენს საიტზე, ასევე – ფონდის სპეციალურ გვერდზე “ფეისბუქში”. გარდა ამისა, ყოველთვის ვაანონსებთ ინფორმაციას უნივერსიტეტებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში.

ბიოლის ფონდი, წლებია, სერიოზულ საგამომცელო საქმიანობასაც ეწევა, წიგნების ნაწილი უფასოდ ურიგდება საზოგადოებას, ნაწილი კი მაღაზიებში იყიდება ნომინალურ ფასად. მათი გაყიდვა მოწმობს, რომ საზოგადოებას ჩვენ მიერ შეთავაზებული თემები აინტერესებს და აღელვებს. ვფიქრობთ, ამგვარი ლიტერატურა საინტერესო იქნება მასწავლებლებისთვისაც. საბჭოთა წარსულის გააზრების მიზნით გამოვცემთ ლიტერატურას, რომელიც, როგორც წყარო და მეთოდოლოგია, ისტორიის მასწავლებლებს დაეხმარება, 21-ე საუკუნის მოსწავლეებს აუხსნან, რა იყო საბჭოთა კავშირი.

– რა აქცენტებს სვამს ფონდი პროექტების განხორციელებისას საქართველოს სკოლების მოსწავლეებზე?

– მართალია, სკოლის მოსწავლეები არ არიან ბიოლის ფონდის უშუალო მიზნობრივი ჯგუფი, მაგრამ ჩვენი ღონისძიებები და პუბლიკაციები უფროსკლასელებისთვისაც ძალიან საინტერესოა. ცოტა ხნის წინ ქუთაისში საბჭოთა წარსულის გააზრებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართა, რომლის მონაწილეთა შორის ბევრი სკოლის მოსწავლე იყო.

– რამ მოახდინა მოწაფეობის წლებში თქვენზე გავლენა, რამ განსაზღვრა თქვენი პიროვნული თვისებები?

– ჩემი მოწაფეობისას სკოლებში წნეხი რეალურად აღარ ყოფილა, კომუნისტური იდეოლოგიაც ძალზე ზედაპირული გახლდათ, თუმცა კი ყველა პიონერები ვიყავით… ჩემი პიროვნების ფორმირებაში, ვფიქრობ, ჩემი მშობლებისა და ბებიების წვლილი უფრო დიდია, ვიდრე სკოლისა. თუმცა მყავდა ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც, გარდა იმისა, რომ საგანს კარგად ასწავლიდნენ, პატივისცემითაც ეპყრობოდნენ მოსწავლეებს. მახსოვს ფიზიკის მასწავლებელი მედიკო მეტრეველი, მათემატიკისა _ კოტე ჯაფარიძე, ისტორიისა – ოთარ ამაღლობელი, რომლებიც იმდენად კარგი მასწავლებლები იყვნენ, რომ ხან ისტორიკოსი მინდოდა გამოვსულიყავი და ხან მათემატიკოსი, მაგრამ როცა კოტე ჯაფარიძე სხვა მასწავლებელმა შეცვალა, სრულიად დავკარგე მოტივაციაც და მათემატიკაში მანამდე დაგროვილი ცოდნაც… კოტე ჯაფარიძე მეხუთე-მეექვსეკლასელებს თქვენობით მოგვმართავდა, რაც მაშინ ძალზე უცნაური ჩანდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ კარგი გავლენა მოახდინა ჩვენზე. ეს ნიშნავდა ჩვენდამი ინტერესსა და პატივისცემას, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შემდგომ ურთიერთობებს. ვიცი, რომ კოტე ჯაფარიძეს, ოთარ ამაღლობელს და მედიკო მეტრეველს ჩემი სკოლის სხვადასხვა თაობის ბევრი სხვა მოსწავლეც მადლიერებით იხსენებს.

ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი