ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

უგემური

რა გაიფიქრეთ?

ანას „თქვი, არჯაკელო ხვიარასი“ არ იყოს, მეც რიტორიკული კითხვა დავსვი… პასუხს სულაც არ ველი, უბრალოდ, ბლოგის პირველი აკორდი ავიღე.

ან რა ბედენაა ისეთი კითხვის დასმა, რომელზეც სასურველ პასუხს ვერავისგან მიიღებ, გარდა მთის ერთი სოფლის თითზე ჩამოსათვლელი მკვიდრისა…

უგემური კაცი იყო. ვგონებ, ნიკოლოზი ერქვა. არა, კი არ ერქვა, მის პასპორტში იყო ამოკაწრული მელანში ჩასაწობი კალმით. ტკბილზე ტკბილი კაცი იყო პაპა უგემური: ჩია, სახეზე მუდამ ღიმილშეპარული, დინჯი და უაღრესად ენამოსწრებული. რატომ დაარქვეს ასეთ დიდებულ კაცს ეს სახელი? აბა, რა გითხრათ… მასზე დღემდე ჰყვებიან ლეგენდებს. ერთხელ, ხატში, პურობაზე, უგემური ქალაქიდან ამოსულ სტუმარს გააცნეს. სტუმარმა ამრეზით შეხედა, ვინ იცის, გაიფიქრა კიდეც, რაღა ამ სუფრაზე მოვხვდიო, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე გათამამებულმა, ფშაურად რომ ვთქვათ, მოფშავლებულმა, მთელი გულით შეჰკადრა პაპა უგემერს: „ასეთა კარგ კაცს უგემური ვინ დაგარქვა, მე იმის…“ – და გულიანად შეუკურთხა მისთვის ამ სახელის დამრქმევს. პაპა უგემურმა თვალი თვალში გაუყარა და ხმადაბლა, სახეზე მოთამაშე ღიმილით მიუგო: „დედამ დამარქვა, დედამ, მე თვითონ შენი…“

მეყსეული პაუზის შემდეგ მთელი სუფრა გულიანად ხარხარებდა, მათ შორის – თავად „მოპაექრენიც“…

რამ გამახსენა პაპა უგემური? „ზანგი“ აღარ თქვათ, შეურაცხმყოფელიაო. ფერადკანიანი ან აფროამერიკელი ჯობიაო. ამიხსნეს კიდეც, რატომ ჯობია, მაგრამ ვერ გავიგე, ზემოხსენებული სტუმრისა არ იყოს, რომელიც ვერაფრით მიმხვდარიყო, ასეთ ოქროსავით კაცს დიდი და პატარა რატომ ეძახდა „უგემურს“.

განა „ფერადკანიანი“ უფრო არ უსვამს ხაზს „განსხვავებულობას“?

ისტორიულად ჩვენც ათასნაირად მოგვიხსენიებდნენ, მავანნი „გიაურებსაც“ გვეძახდნენ, მაგრამ ეს საამაყო უფრო იყო, ვიდრე შეურაცხმყოფელი და ძალიან მეწყინება, ვინმე „გრძელცხვირებად“, „შავტუხებად“ ან თუნდაც „კავკასიური სახის პატრონებად“ თუ მოგვიხსენიებს.

თუ არ არსებობს ანგლოამერიკელი, ირლანდიელ-ამერიკელი, იტალიელ-ამერიკელი, – აფროამერიკელი რატომღა უნდა არსებობდეს? ამით ხომ მის ისტორიულ წარმოშობას ვუსვამთ ხაზს და უნებურად „ვახსენებთ“, რომ „ჩამოსულია“? გარდა ამისა, მაშინ უნდა არსებობდნენ აფროფრანგი, აფრობრიტანელი, აფროჰოლანდიელიც… ასეთი ტერმინები კი რატომღაც არ მახსენდება.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საქმე ის კი არ არის, ასო-ბგერათა რომელ თანწყობას მივუსადაგებთ ვინმეს/რამეს, არამედ – რა შინაარსს ჩავდებთ მასში და რა გულით წარმოვთქვამთ.

ქიმიაშიც გვაქვს ასეთი ტერმინები. არაქიმიკოსებისთვის სიტყვა „არომატული“ სურნელოვანს ნიშნავს, ქიმიკოსები კი დიდი ხანია შევთანხმდით, რომ „არომატული“ გულისხმობს განსაკუთრებული თვისებების მქონე ნივთიერებათა კლასს და არამც და არამც – მათ სურნელებას.

კიდევ ერთი მაგალითი. „გამარჯობათ, ქალბატონო“. რა არის ამ სიტყვებში განსაკუთრებული? ვინ იცის, თავადაც რამდენჯერ წარმოგვითქვამს ან მიგვიწერია… მაგრამ, აბა, გაიხსენეთ იგივე ფრაზა ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამიდან“. ამ ნაწარმოებში უხვადაა ტრაგიკული დიალოგები, მაგრამ ყველაზე გულისმომკვლელი მაინც ეს „გამარჯობათ, ქალბატონოა“…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი