შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ინტერდისციპლინური სწავლება

უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს ერთი და იმავე საგნის სწავლებას ათი სხვადასხვა მხრიდან, ვიდრე ათი სხვადასხვა საგნის სწავლებას ერთი მხრიდან. ცოდნის რაოდენობაში კი არ არის განათლება, არამედ ყოველივე იმის სრულ გაგებასა და ოსტატურ გამოყენებაში, რაც იცი.

. დისტერვეგი

 

განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპეტენციების ფორმირებაა, რომლის მიღწევის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციით ხდება. ხშირად სკოლაში ბავშვები ბევრ ერთმანეთთან ნაკლებად  დაკავშირებულ საგანს სწავლობენ. როგორ შეძლებენ ისინი სკოლაში 12–წლიანი სწავლის შემდეგ დამოუკიდებელი ფრაგმენტებისგან შეიქმნან მთლიანობითი წარმოდგენა სამყაროზე? თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის აღქმები იმ პერიოდში, როცა ის სკოლაში სწავლას იწყებს, მთლიანობით ხასიათს ატარებს და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, ცალკეულ გაკვეთილებზე ფრაგმენტულად, განცალკევებულად მიწოდებული ცოდნა, ინფორმაცია ვერ დაეხმარება მას სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის შექმნაში. ბევრი პედაგოგი ითვალისწინებს ამას და პერიოდულად მიმართავს ინტეგრირებულ გაკვეთილს, რომელიც, ბავშვის აზროვნების თავისებურებებიდან გამომდინარე, საკმაოდ კომფორტულ პირობებს უქმნის მას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენების და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების საშუალება სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების და მოვლენების სრულიად ახლებურად გააზრების გზით. საგანთაშორისი კავშირების გაბმა სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა. სკოლაში კომპლექსური პრობლემების შესწავლისას საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტური გზა ინტეგრირებული გაკვეთილია. ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა სინამდვილის ისეთი მთლიანობითი აღქმა, რომელიც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებას უადვილებს.

ინტეგრირებული გაკვეთილი ინტერდისციპლინური სწავლების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სანამ მისი თავისებურებების განხილვაზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, რა არის ინტერდისციპლინური სწავლება.

ინტერდისციპლინური სწავლება (ის) არის მეთოდი, ან მეთოდთა ნაკრები, რომელიც გამოიყენება კურიკულუმით გათვალისწინებული საგნების საგანთაშორისი სწავლებისთვის. ის ერთგვარად თავს უყრის ცალკეულ დისციპლინებს საერთო თემის, საკითხის ან პრობლემის შესწავლის მიზნით. ხშირად ინტერდისციპლინური სწავლება რამდენიმე სხვა სასწავლო მიდგომის გამოყენებასაც გულისხმობს. ამ მოდელის რამდენიმე დამახასიათებელი კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ: საგნების კომბინაცია, პროექტული სწავლება, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების და არა მხოლოდ სახელმძღვანელოების გამოყენება, კონცეფციებს შორის კავშირების ხაზგასმა, თემატური ერთეულები, მოქნილი გრაფიკი, მოსწავლეთა მოქნილი დაჯგუფება.

ინტერდისციპლინური სწავლების მრავალი ფორმა და მრავალი დონე არსებობს. ერთი მხრივ, სკოლამ შესაძლოა გამოიყენოს ინტერდისციპლინური გუნდის მიდგომა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საგნის/სფეროს წარმომადგენელი მასწავლებლები ერთ ჯგუფში ერთიანდებიან და მოსწავლეთა კონკრეტულ კლასს კონკრეტულ საკითხს/თემას ასწავლიან. ის–ში უფრო გავრცელებულია ე. წ. თემატური ერთეულის მიდგომა, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთ თემას შეისწავლიან ერთზე მეტი საგნის/დისციპლინის შინაარსის ფარგლებში.

ის–ის ერთ–ერთი გავრცელებული ფორმაა კურიკულუმის ინტეგრაცია, როცა ხდება მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლის მიზნით კურიკულუმის ერთობლივი დაგეგმვა. ის 4 მთავარი კომპონენტით ხასიათდება:

  • გამოცდილებების ინტეგრაცია
  • სოციალური ინტეგრაცია
  • ცოდნის ინტეგრაცია
  • ინტეგრაცია, როგორც კურიკულუმის დიზაინი.

ეს ფორმა განსხვავდება ის–ს სხვა ფორმებისაგან იმით, რომ იწყებს ძირითადი თემით, რომელიც დგინდება მოსწავლეთა შეკითხვების და/ან მათ წინაშე არსებული სოციალური პრობლემების საფუძველზე და არ შემოიფარგლება საგნობრივი საზღვრებით.

ის–ს ღირსებებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება გამოიყოს: მასწავლებლებისა და მოსწავლეების (ასევე მშობლების) ენთუზიაზმი, გაკვეთილებზე დასწრების მაღალი მაჩვენებელი, სტანდარტიზებულ ტესტებში გაუმჯობესებული შედეგები, უფრო დადებითი სამუშაო კლიმატი სკოლაში, უფრო ხშირი კონტაქტი მშობლებთან, პედაგოგთა მეტი კმაყოფილება სამსახურით, მოსწავლეთა უფრო ჯანსაღი ურთიერთობები, მოსწავლეთა ინტერესების, უნარებისა და გამოცდილების შესატყვისი ტემპით სწავლა.

ის ეხმარება მასწავლებელს უკეთ გამოიყენოს სწავლების დრო და სიღრმისეულად შეასწავლოს საკითხი განსხვავებული სასწავლო რესურსების პერსპექტივიდან და მათი საშუალებით. ის–ს კიდევ ერთი ღირსებაა ის, რომ მასწავლებელს შეუძლია დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება და სწავლების მორგება მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებზე. ის ავთენტური შეფასების საფუძველსაც იძლევა – მოსწავლეთა ნამუშევარი ინფორმაციის მრავალფეროვან წყაროებზე და მათ მიერ შექმნილი ჰოლისტური პერსპექტივა შესაძლებელია მრავალმხრივად შეფასდეს.

ინტერდისციპლინური სწავლების დანერგვისათვის საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

1) პრაქტიკის კვლევის განხორციელება არსებული საჭიროებების, რესურსების, კურიკულუმის, მისი შედეგების და ახალი კურიკულუმის დანერგვის სიკეთეებისა და მოსალოდნელი სირთულეების შესასწავლად. ამის გაკეთება სასურველია სასწავლო წლის დაწყებამდე 6 ან 12 თვით ადრე.

2) ის–ს გეგმის შექმნა;

3) საპილოტე ერთეულის დანერგვა და მონიტორინგი, რომელიც უნდა მოხდეს ის–ს დანერგვიდან მეორე წელს;

4) პერსონალის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების საფუძველზე საგანთაშორისი ინტეგრაციის დანერგვა.

ის–სთვის საკვანძო ეტაპია თემის/საკითხის შერჩევა. ის უნდა იყოს კურიკულუმის შესაბამისი და  მოსწავლეებისთვის საინტერესო. შესაძლებელია მოსწავლეებს შევთავაზოთ საკითხის/თემის შერჩევა, რომელიც მასწავლებლისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რადგან წარმატებული თემატური სწავლება მასწავლებლისგან ხშირად მოითხოვს დამატებით სწავლასა და მომზადებას.

ინტერდისციპლინური საკითხები/თემები, რომელიც მრავალ აკადემიურ დისციპლინას უკავშირდება, მთელი სასკოლო დღის განმავლობაში შეიძლება იყოს ხელშეწყობილი სხვადასხვა გაკვეთილზე.

მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვების მონიშვნა ინტეგრირებული გაკვეთილისთვის მომზადების პროცესში. საკვანძო კითხვები ღია კითხვებია, რომლებიც ინტელექტუალურად მიმზიდველია მოსწავლეებისთვის და მაღალ სააზროვნო უნარებს მოითხოვს. ისინი ეხმარება მასწავლებელს შეარჩიოს თემასთან/საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტები და კონცეფციები და ძალისხმევა დაგეგმილი მიზნის მისაღწევად მიმართოს. მეორე მხრივ, მოსწავლეებისთვის საკვანძო კითხვები ხაზს უსვამს თემასთან/საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და კონცეფციებს. ისინი ასევე მნიშვნელოვანია ანალიზისა და შეფასების პროცესში. საკვანძო კითხვაზე მოსწავლე ვერ უპასუხებს მარტივად „დიახ“ ან „არა“, „ჭეშმარიტია“ ან „მცდარია“ პასუხით. მან უნდა იმსჯელოს, დაიცვას მოსაზრება, განიხილოს თემასთან დაკავშირებული ასპექტები. საკვანძო საკითხების ირგვლივ ინტეგრირებული მიდგომის შემუშავება მოითხოვს მოსწავლისაგან როგორც შინაარსის შესწავლას, ასევე კრიტიკული ანალიზის უნარების გამოყენება/განვითარებას.

მაგალითად, ჩრდილოეთის ქვეყნების გეოგრაფიის შესწავლისას შესაძლოა ბავშვები აქტიურად ჩავრთოთ ჯგუფურ პროექტში სამაგიდო თამაშის შექმნის მიზნით. თამაში კონკრეტული რუკების ბაზაზე უნდა შეიქმნას და თამაშის მიმდინარეობისას კითხვებზე პასუხები უნდა მოიფიქრონ. ამისთვის, მათ უნდა შეისწავლონ მასალა, დაწერონ კითხვებზე პასუხები, დახატონ რუკა მუყაოს დიდ ნაჭერზე, შექმნან/მოიფიქრონ თამაშის წესები და ბოლოს ითამაშონ და გასცენ პასუხები კითხვებზე.

ყოველ ჯგუფმა რიგრიგობით უნდა ითამაშოს სხვა ჯგუფის მიერ მოფიქრებული სამაგიდო თამაში. ეს სახალისო, შემოქმედებითი გამოცდილებაა, რომლის დროსაც ბავშვები შეისწავლიან ყველაფერს, რაც აუცილებელია თამაშისთვის. რაც მთავარია, მათ გაცილებით მეტი ემახსოვრებათ დასახელებული თემებიდან, ვიდრე იმავე საკითხებზე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში.

მეორე მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ ვებგვერდზე დამყარებული პორტფოლიო. ერთ-ერთი სემესტრის მიმდინარეობისას მოსწავლეები წყვილში განიხილავენ შესასწავლ საკითხებს. ერთი მათგანი ყვება ამ საკითხების შესახებ, ხოლო მეორე მის ნათქვამს ვიდეოზე იწერს. შემდეგ ეს მასალა ვებგვერდზე უნდა ატვირთონ. მსგავსი გამოცდილებაა თემატური ან თავისუფალი ხატვაც, რომელთა ფოტოებიც შემდგომ მათ პოტფოლიოში განთავსდება.

ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადება და ჩატარება, მოითხოვს განსაზღვრული პრინციპების დაცვას სასურველი ეფექტის მისაღებად და დასახული მიზნების მისაღწევად.

ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპებია:

  • თემის შერჩევა;
  • კოლეგებთან ერთად/ან დამოუკიდებლად გაკვეთილის დაგეგმვა;
  • გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო რესურსების მობილიზება და კლასის მომზადება;
  • გაკვეთილის ჩატარება;
  • ჩატარებული გაკვეთილის შედეგების ანალიზი.

რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში?

  • ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში.
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. ურთიერთგაგების და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობაც უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა.
  • პედაგოგის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის.
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა.

 

განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი სარგებლობის და კმაყოფილების განცდის მომტანია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

P.S. ინტერდისციპლინური სწავლების მრავალფეროვანი საორიენტაციო ნიმუშების ნახვა შეიძლება ნებისმიერი თავისი საქმის მოყვარული მასწავლებლის გაკვეთილზე და ასევე მედიაწიგნიერების ვებგვერდზე: https://medialiteracy.ge/ge/resources; ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: https://el.ge/articles/project_tasks/1; სამოქალაქო განათლების პორტალზე დისტანციური სწავლების ფანჯარაში: https://civics.ge/library-tag/page/1

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი