პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ია ჩიკვაიძე – სწავლა ჟესტებით, მოძრაობით, ემოციებით

ამ კლასში ლექსებს მოძრაობითაც ამბობენ, სიმღერისას სიტყვებს ხელებით ხატავენ. აქ ემოციებს არ მალავენ, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კი უხილავი კედელიც არ არსებობს. ეს ია ჩიკვაიძის დაწყებითი კლასია, კლასი კი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში მდებარეობს. შტუდგარტის პედაგოგიური უნივერსიტეტის მაგისტრ ია ჩიკვაიძის მიერ შემუშავებული სწავლების სრულიად განსხვავებული და ორიგინალური მეთოდი სკოლამ ჰარმონიულად მიიღო. რაც მთავარია, მას ბავშვებიც იღებენ, იღებენ სწორად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდოლოგიის წესების სრული დაცვით. აქ ახალ მასალას გრძნობის ყველა ორგანოს გამოყენებით ითავისებენ, რადგან ერთს სმენითი მახსოვრობა უფრო უკეთესი აქვს, მეორე ბგერას უკეთ აღიქვამს, მესამისთვის კი მხედველობითი აღქმაა ყველაზე ოპტიმალური. მთლიანობაში კი ერთიან კომპლექსურ მეთოდს ვიღებთ, რაც ჩვენი რეალობისთვის ცოტა უჩვეულო, თუმცა პრაქტიკაში სრულიად გამართლებული აღმოჩნდა. 

პროფესიით ელექტროქიმიკოსმა   ია ჩიკვაიძემ   მასწავლებლობა 4 წლის წინ დაიწყო. ვალდორფის სკოლიდან ნიუტონში გადმოინაცვლა, მანამდე კი პედაგოგობისკენ მიმავალი გრძელი და რთული გზა გამოიარა. 
დღეს რომ პედაგოგი ხართ, ამას საფუძველი დიდი ხნის წინ, გერმანიაში ჩაეყარა. გვიამბეთ თქვენი ბიოგრაფიის გერმანული ნაწილის შესახებ.

– თავიდან გერმანიაში ოჯახური პირობების გამო აღმოვჩნდი. ახალ ქვეყანაში ჩასვლიდან ცოტა ხანში ბონის ხელოვნების ინსტიტუტის შესახებ შევიტყვე და, ვინაიდან ყოველთვის მიყვარდა ცეკვა, ხატვა, პოეზია, თეატრი, ხელოვნების თერაპიის შესწავლა გადავწყვიტე. გერმანული ფაქტობრივად არ ვიცოდი, მაგრამ ინსტიტუტში მაინც მივედი და ხელოვნების თერაპიის კათედრის გამგეს ჩემი შვილების დახმარებით დაველაპარაკე. აღმოჩნდა რომ პრაქტიკული სახის გამოცდები უნდა ჩამებარებინა. ასევე რამდენიმე გერმანული ლექსი მოძრაობით უნდა ამეხსნა. ლექსიკონს ჩავუჯექი და ლექსები სიტყვა-სიტყვით ვთარგმნე და გავარჩიე. თურმე მხოლოდ ორი ლექსი უნდა წარმედგინა, მე კი ექვსი მოვამზადე, რამაც გამომცდელები იმდენად აღაფრთოვანა და გააკვირვა, რომ პირდაპირ მესამე კურსზე მიმიღეს. ამის წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა, ერთბაშად ამხელა დატვირთვა ამეღო საკუთარ თავზე, მაგრამ პროფესორმა დამიყოლია და დავთანხმდი. ეს იყო საოცარი პერიოდი. სტუდენტებს ყველზე გიჟური იდეების განსახორციელებლად საუკეთესო პირობები გვქონდა შექმნილი. ვმუშაობდით თეატრალურ დადგმებზე, მხატვრებთან,  ფოტოპროექტებზე და ა.შ. ასევე გვქონდა პრაქტიკები სკოლებში, ვმუშაობდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთანაც, რამაც მომცა იმის რწმენა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა შემიძლია და, რაც მთავარია, მაქვს ამის სურვილი. 
არც ისე დიდი პედაგოგიური გამოცდილება გაქვთ. მასწავლებელი ოთხიოდე წლის წინ გახდით. 

– ამდენი სწავლისა და პრაქტიკის შემდეგ დადგა დრო, როდესაც მივხვდი, რომ პედაგოგი უნდა გავმხდარიყავი და ამ სფეროს მეტად ჩავღრმავებოდი. მიმაჩნია, რომ მასწავლებელი უნდა იცნობდეს რაც შეიძლება მეტ პედაგოგიურ მეთოდოლოგიას, ერკვეოდეს ფსიქოლოგიაში, გააჩნდეს ბავშებთან ურთიერთობის უნარები, რადგან, როდესაც კლასში შედის, მათი აღზრდის პროცესში ერთვება და არ აქვს ზედაპირულად მუშაობის უფლება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ვიდრე ზუსტად არ დავრწმუნდი, რომ ამას შევძლებდი, მანამდე სკოლაში მუშაობაზე უარს ვაცხადებდი. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მოვხვდი გერმანელი სპეციალისტების მიერ ვალდორფის სკოლაში ჩატარებულ კურსებზე, რომლის გავლის შემდეგაც გერმანულმა მხარემ სრული დაფინანსებით პედაგოგის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში გამიშვა. ჩემი შვილები ჯერ კიდევ იქ სწავლობდნენ. ამიტომ გადაწყვეტილება შედარებით მარტივად, ერთ კვირაში მივიღე და შტუდგარტის უნივერსიტეტში სამაგისტრო კურსზე სასწავლებლად გავემგზავრე. ეს ჩემთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენდა. სასწავლო პროცესი რთული და შრომატევადი იყო, რაც  ბონის უნივერსიტეტის სწავლებისგან ძირეულად განსხვავდებოდა. ყველაზე დიდი გამოწვევა ის გახლდათ, რომ სამაგისტროს დაწერა გერმანულ ენაზე მომიხდა. მასში ჩემი ახალი მეთოდიკა უნდა აღმეწერა. ეს მეთოდიკა უცხო ენის მოძრაობითა და მუსიკით შესწავლას ეფუძნება.  
ეს იყო გრძელი და რთული, თუმცა სწორედ ის გზა, რომელიც პედაგოგად ჩამოყალიბებისთვის აუცილებლად უნდა გაგევლოთ?

– ბონსა და შტუდგარტში მიღებულმა განათლებამ, შემდეგ კი ვალდორფის სკოლაში გავლილმა პრაქტიკამ, სადაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვიყავი, ასევე ვასწავლიდი ხატვას, ფორმების ხატვასა და რუსულს, მართლაც დიდი გამოცდილება მომცა და საკუთარი მეთოდის შექმნა შევძელი. ამ მიმართულებით მართლაც სერიოზული ცოდნა გამაჩნია, რაც პედაგოგიკაში ძალიან მეხმარება. ჩემთვის თითოეული გაკვეთილი პერფორმანსია, რომელსაც წინასწარ კი ვგეგმავ, მაგრამ ყველაფერი უფრო იმპროვიზაციაზეა დაფუძნებული. ხშირად ბავშები თავად მაწვდიან იდეებს, მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება. მათი სიცელქეც კი იმპულსის მომცემია. ბავშვები პატარა ანგელოზები, ცარიელი და სუფთა ჭურჭლები არიან, რომლებიც შეგიძლია საუკეთესო ენერგიითა და ცოდნით შეავსო. თანაც ისე ივსებიან, რომ ზოგჯერ ახალი მასალის მიწოდებასაც ვერ ასწრებ. მათ არ აღვიქვამ მხოლოდ ბავშვებად, ჩემთვის ისინი ჩვეულებრივი სულის მქონე ადამიანები არიან, რომლებსაც უბრალოდ პატარა სხეული აქვთ. ამიტომ მათ ისეთივე პატივისცემით ვეპყრობი, როგორც ზრდასრულებს. ამას ბავშვები საუკეთესოდ აფასებენ და საპასუხოდ უზარმაზარი სიყვარულითა და სითბოთი მავსებენ. 
პედაგოგობის პირველი პრაქტიკა გერმანელ ბავშვებთან გაიარეთ. როგორი იყო მათთან ურთიერთობა? 

– ზოგადად ყველა ეროვნების ბავშვი ერთნაირია, თუმცა გერმანელებთან ურთიერთობა ცოტა რთულია, რადგან იციან საკუთარი უფლებები, რაც მათ ქცევასაც განაპირობებს. ამის გამო მასწავლებლები გამუდმებით ფრთხილად არიან: აკრძალულია ხელით კონტაქტი, ჩახუტება, ზედმეტად ხმის აწევა, ეს ცოტათი გძაბავს და რთულად განგაწყობს. 
– და როგორები არიან ჩვენი ბავშვები?

– საოცრად თბილები, გახსნილები და ბუნებრივები. ძალიან გიფასებენ სიყვარულს, სითბოს გაცემაზე ადეკვატურად გპასუხობენ. თანამედროვე ბავშვებმა გაცილებით უკეთ იციან რა უნდათ, საით მიდიან, მეტი პრაგმატიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. არ უყვართ, როდესაც არ არიან დაკავებულები და მეცადინეობა უცდებათ. სწავლა და აქტივობა არ ბეზრდებათ, რაც ნიშნავს, რომ საუკეთესო თაობა იზრდება. ეს ცოტა მაოცებს და ამავდროულად მომწონს კიდეც, რადგან წინა თაობები ასეთი არ იყო. 

კარგია, როდესაც მასწავლებელს სწავლების ინდივიდუალური და ორიგინალური მეთოდი აქვს, მაგრამ არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმაც, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
– ეროვნული სასწავლო გეგმა მეტ-ნაკლებად ისეა შედგენილი, რომ ბავშვმა შესაბამისი განათლება მიიღოს. სწორედ ამიტომაა მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანი, რათა ნებისმიერი მასალა მისთვის მისაღები და საინტერესო ფორმით მიაწოდოს. 
არსებობენ მშობლებიც, რომლებიც შვილებისთვის განათლების ტრადიციული გზით მიცემას ამჯობინებენ. როგორია თქვენი მათთან ურთიერთობა? 

– ბავშვის განათლების პროცესში მშობლები აუცილებელი და მნიშვნელოვანი რგოლია, რადგან სწორედ ისინი აკონტროლებენ მათ ზოგად განწყობას, სკოლაში სიარულის სურვილს და ა.შ. ამიტომ, მშობელთა კრების გარდა, მათ ინდივიდუალურადაც ვხვდები. თითო მშობელთან საუბარი სულ მცირე ერთ საათს გრძელდება, რათა ყველა კითხვაზე მოვახერხო პასუხის გაცემა. მათთან ბოლომდე გულწრფელი ვარ და შენიშვნებსაც ადეკვატურად ვიღებ. თუ რამე არ მოსწონთ, ამის შესახებ ვსაუბრობთ და ოპტიმალურ შედეგამდე ერთად მივდივართ. 
როგორია თქვენი ერთი გაკვეთილი?

– ზემოთ აღვნიშნე, რომ იმპროვიზაციასა და თავისუფლებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, თუმცა ამავდროულად ჩემს გაკვეთილებს მკაცრად გაწერილი გეგმა აქვს. ვიწყებთ მისალმებით, შემდეგ განვლილ გაკვეთილს ვაფასებთ, რასაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რითმის სეგმენტი, ანუ რითმული აქტივობა მოჰყვება. ამ პროცესში ჩართულია სმენა, მხედველობა, შეხება და სხვა შეგრძნებები. ლექსებს ვამბობთ ჟესტების თანხლებით, ვმღერით  და სხვა. ანუ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ბავშვს აფხიზლებს და გაკვეთილისთვის განაწყობს. ამას მოჰყვება საშინაო დავალების გამოკითხვა, განვლილი მასალის მოკლედ მიმოხილვა, ვინტერესდები, როგორ გაიაზრეს და გაიგეს ახალი თემა, გაკვეთილს კი საშინაო დავალების ნაწილობრივ გაკეთებით ვამთავრებთ. დამშვიდობებამდე აუცილებლად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილმა, რა გაიგეს ახალი, რა იყო გაუგებარი, რა დავგეგმოთ შემდეგი გაკვეთილისთვის და ა.შ. ეს არის ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესი, რის გამოც ბავშვები ყოველ შემდგომ გაკვეთილს სპექტაკლივით ელიან. ისინი მუდამ ჩართული არიან პროცესში, ერთად ვგეგმავთ როგორც გაკვეთილებს, ისე ღონისძიებებსაც. ყველა სპექტაკლზე ერთად ვმუშაობთ, ერთობლივად ვქმნით კოსტუმების ესკიზებსა და სხვა დეტალებს. როგორც წესი, ისინი საოცარ იდეებს მკარნახობენ, წარმოუდგენელი ფანტაზია აქვთ, ხოლო იმის შეგრძნება, რომ ამ პროცესში თანაბარ პირობებში ვართ, პიროვნულად ძალიან ავითარებს და თვითდაჯერებას მატებს ბავშვს. 

საუბრისას აღნიშნეთ, რომ ძალიან კარგი თაობა იზრდება, მაგრამ არის ალბათ რაღაც, რაც აკლიათ…

– ეს, პირველ რიგში, მშობლების ყურადღებაა, რაც უკვე იქცა უდიდეს პრობლემად. თანამედროვე ბავშვები გამუდმებით სითბოსა და ყურადღებას  ესწრაფვიან და ამ ნაკლოვანების შევსებას მასწავლებლებთან ურთიერთობით ცდილობენ. კარგია თუ მასწავლებელი ამას ახერხებს და სიყვარულს ყველას თანაბრად უნაწილებს, მაგრამ ხშირად ასე ვერ ხდება, რაც იწვევს ბავშვის ჩაკეტვას, კონფლიქტებს, გარიყვას და ა.შ. სწორედ ამიტომ ვთხოვ გამუდმებით მშობლებს, რომ მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას. ხშირად მშობლებმა არ იციან, როგორ უნდა მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა და მათგან გაქცევას ამჯობინებენ, რაც ბავშვს აზარალებს. ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას აუცილებლად სჭირდება ამ კუთხით მეტი განათლება და ბავშვებთან ურთიერთობის კულტურის ამაღლება. 
როგორ ფიქრობთ, რა უნდა იცოდეს ან რა შეიძლება არ იცოდეს ბავშვმა, რომელიც 1 კლასში შესასვლელად ემზადება? 
– სულაც არაა აუცილებელი სკოლამდელი ასაკის ბავშვმა კითხვა ან თვლა იცოდეს, რადგან სკოლაში, თანატოლების გარემოცვაში ამ პროცესში გაცილებით დიდი ხალისით ერთვება და მიწოდებული მასალის აღქმაც უადვილდება. გამონაკლისების გარდა, მშობლები არ ფლობენ პედაგოგიკის საფუძვლებს, ამრიგად შვილებს წერა-კითხვასა და ანგარიშს მეთოდოლოგიის გვერდის ავლით ასწავლიან, რაც არასწორია. ამის გამო ბავშვს შეიძლება სწავლის მიმართ ანტიპატია და აგრესია გაუჩნდეს, რაც მომავალში ხელის შემშლელ ფაქტორად იქცევა. გარდა ამისა, ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ თუ 5 წლის ბავშვმა 10-მდე ანგარიში და ანბანის ყველა ასო იცის, სკოლისთვის მზადაა, რაც სრულიად გაუმართლებელია. პატარა შეიძლება ინტელექტუალურად მზად იყოს სკოლისთვის, თუმცა აკლდეს ემოციური მზაობა. ამრიგად, ასეთ ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანა მავნებლობაა. არსებობს სპეციალური ტესტები, რომლებიც განსაზღვრავს, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისთვის, მაგალითად, მისი ფსიქო-ემოციური მზაობის დამადასტურებელი სავარჯიშოები, რომლებიც ზუსტ პასუხებს იძლევა. ამრიგად ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, უმჯობესია, რომ ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ და მხოლოდ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღოთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი