პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქეთევან მებონია – ვთამაშობთ გოეთეს, მანს, ბრედელს

თითქმის 80 წელიწადია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კარი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად იხსნება. ასეა წელსაც. მალე სასახლის უცხო ენათა კაბინეტიც ამუშავდება, მასწავლებლები ჯგუფებს მოსწავლეთა მოსწრების მიხედვით გადაანაწილებენ, გერმანული ენის წრის ერთ-ერთ პედაგოგი კი იმ დადგმაზეც დაიწყებს ფიქრს, რომელსაც წლის ბოლოს წარმოადგენს. ეს პედაგოგი გოეთეს დიდი მედლისა და გოგებაშვილის ორდენის მფლობელი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გერმანული ენის წრის ხელმძღვანელი, გერმანულენოვანი თეატრის დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი ქეთევან მებონია გახლავთ. 

გერმანული ენა  წლების განმავლობაში ასობით მოსწავლეს შეასწავლა, მათ ნაწილს კი თეატრალურ სცენაზე გამოსვლისა და მსახიობად გარდასახვის შესაძლებლობაც მისცა. პრაქტიკულად ყველა მათგანის სახელი ახსოვს, ახსოვს მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟები, თითოეული ჟესტი თუ საკვანძო ფრაზა. დღეს ენას ყოფილი მოსწავლეების შვილებსაც ასწავლის. ენის შემსწავლელთა ნაკადი კი არ იკლებს, ეს უწყვეტი პროცესია – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ნამდვილად გააჩნია ის მაგია, რომელიც სწავლის სურვილს სკოლის გაკვეთილების შემდეგაც გიტოვებს.  
– ქალბატონო ქეთი, გაიხსენეთ სასახლეში მუშაობის პირველი პერიოდი. 

– თავიდან ცოტა გამიჭირდა. სასახლეში მუშაობა ადვილი აღმოჩნდა. აქ სკოლისგან რადიკალურად განსხვავებული და განსაკუთრებული გარემოა, მოსწავლეს სულ სხვა სამყარო  უნდა დაანახო. მე სწორედ ამის ამბიცია მამოძრავებდა – მინდოდა ჩემი საკუთარი სისტემა და მეთოდიკა შემექმნა, რაზე მუშობაც მალევე დავიწყე და ნელ-ნელა ყველაფერი აეწყო. სხვათა შორის, ინგლისური ენაც ჩემი პროფილი გახლდათ, მაგრამ გერმანული ლიტერატურის ხათრით საბოლოოდ სწორედ ეს ენა ავირჩიე. უსაზღვროდ მიყვარს გოეთე, შოლერი, რემარკი. გერმანული ლიტერატურა უნივერსიტეტში იმდენად კარგად მქონდა შესწავლილი, რომ მინდოდა, მთელი ცოდნა ბავშვებისთვის გადამეცა – თანაც მესწავლებინა არასტანდარტულად, მხატვრულად, შემოქმედებითი პროცესის დამხარებით. 

– სასახლეში, უცხო ენას ასწავლით. აქ არის სხვა სასკოლო საგნების წრეებიც. რა სპეციფიკა განასხვავებს ამ ორ საგანმანათლებლო ინსტიტუტს?

– სასახლეში სკოლა არ უნდა გაიმეორო, აქ სხვა სტანდარტები და წესებია. ისე უნდა ასწავლო, რომ მოსწავლეს სიარული უხაროდეს, არ მობეზრდეს და საგანზე გული არ აიცრუოს. სასახლე თავისუფალი აზროვნების წყაროა, აქ არ არსებობს შეზღუდვები და აკრძალული მეთოდები. სამწუხაროდ, ასეთი გარემოს შექმნა ყველა მასწავლებელს არ შეუძლია. 

– სკოლაში არასდროს გიმუშვიათ?

– სკოლაში 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი და საკმაოდ უსიამოვნო მოგონებების დამიტოვა. სამწუხაროდ, არც ისე კარგი პედაგოგები შემხვდნენ და ვოცნებობდი, მათი მსგავსი მასწავლებელი არ გამოვსულიყავი. მათსა და მოსწავლეებს შორის სიყვარული არ იგრძნობოდა, სიყვარულის გარეშე კი არაფერი გამოვა.  საბედნიეროდ, ყველა სკოლაში ასე არ ხდებოდა და არც ახლა ხდება, თუმცა სკოლის დროინდელი მოგონებები დღემდე ხინჯად მომყვება. 

– მიუხედავად ამისა, დღეს მაინც მათი კოლეგა ხართ.

– ძალიან მინდოდა ბავშვებისთვის მეჩვენებინა, რომ მასწავლებელი არ არის მონსტრი, ამიტომ პედაგოგობის სურვილი მუდამ მქონდა. იმთავითვე ვიცოდი, რომ მოსწავლეთა სასახლეში ვიმუშვებდი, რადგან ბავშვობაში აქ დავდიოდი და ვხედავდი, რომ მასწავლებელთა უმეტესობა კეთილშობილი, თბილი და პროფესიონალი გახლდათ, მათთან ურთიერთობა იოლი და სასიამოვნო იყო. რამდენიმე წრეზე დავდიოდი, სკოლის შემდგომ დროს, ფაქტობრივად, სულ აქ ვატარებდი. საუკეთესო პედაგოგები მყავდნენ: ფაცია პაიჭაძე, ნოდარ ჩხეიძე, ვახტანგ სულაქველიძე, ირინა მიქელაძე. ეს უკანასკნელი საოცარი ქალბატონი იყო. ისტორიას, არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიას გვასწავლიდა, ხშირად დავყავდით ექსკურსიებზე. იმ წლებში მთელი საქართველო ფეხით მოვიარე. საოცარი თავგადასავლები გვქონდა. 

სწორედ ასე მინდოდა ჩემი მოსწავლეებისთვის შემეყვარებინა გოეთე, შილერი, მანი, ბრედელი. პირველ წლებში მხარში მედგა ჩემი მასწავლებელი, ენის უნაკლოდ მცოდნე მარგალიტა ცხვედაძე. სწორედ ის მეუბნებოდა, რამე ახალი და უცხო გააკეთე, ამ სასახლეს ახალი სუნთქვა შთაბერეო. ჩემს შესაძლებლობებს კარგაც იცნობდა, იცოდა, რომ არტისტული ბუნება მქონდა და არ უნდოდა მხოლოდ ენის  მასწავლებლად დავრჩენილიყავი.

 – თქვენც მის რჩევას მიჰყევით და სასახლეში გერმანულენოვანი თეატრი დააარსეთ.

– ამისთვის ბევრი ვიმუშავე, ფაქტობრივად ახალი პროფესია შევიძინე. ნოდარ ჩხეიძემ და ვახტანგ სულაქველიძემ  სამსახიობო და სარეჟისორო ოსტატობა შემასწავლეს. უკან არაფერზე ვიხევდი, რადგან ძალიან მინდოდა, მოსწავლეებისთვის საუკეთესო გარემო შემექმნა და მათთვის სასახლეში სიარულის  სურვილი უფრო გამეზარდა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ უკმარისობის შეგრძნება საშინელებაა. სასახლის მსგავსი ადგილი სკოლასა და ოჯახისგან უნდა განსხვავდებოდეს, სკოლაზე ერთი საფეხურით მაღლა უნდა იდგას, ზოგჯერ ოჯახის ფუნქციაც იტვირთოს. ჯგუფებში ყოველთვის სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახების შვილები მყავდა, მაგრამ ჩემს კლასში ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდით, ისინი მთლიანობას ქმნიდნენ. 

ზუსტად მახსოვს – 1974 წლის 15 მაისს საჩვენებელი სპექტაკლის პრემიერა გვქონდა. ეს გახლდათ დადგმა „ნათესავები და ნაცნობები” ვილი ბრედელის მამების, შვილებისა და შვილიშვილების ტრილოგიის მიხედვით. პრემიერამ დიდი ხმაურით ჩაიარა. სამწუხაროდ, მაშინ ვიდეოგადაღება შეუძლებელი იყო, ამიტომ კადრები არ შემოგვრჩა. ამის შემდეგ სასახლის სცენაზე უამრავი სპექტაკლი დავდგით, რომელთა ნაწილის ჩანაწერიც „პიონერფილმის” ხელმძღვანელ გრიშა ჩიგოგიძის დამსახურებით შემოგვრჩა. გარდა ამისა, სისტემატურად ვმართავდით შეხვედრებს ქართველ გერმანისტებთან, გერმანიიდან ჩამოსულ სტუმრებთან – ეს იყო საოცრად ცოცხალი პროცესი, რომლის შენარჩუნებასაც დღემდე ვახერხებ. 

– თანამედროვე ბავშვები უფრო სწავლაზე არიან ორიენტირებული, რადგან იციან, რომ კარგი განათლება მათი მომავლის გარანტია. ამ ფონზე რამდენად აქვთ მსგავს ღონისძიებებში ჩართვის სურვილი?

– ბავშვი ყველა დროში ბავშვია და სწავლის პარალელურად გართობაც უნდა. ასეთ დროს დიდი როლი ენიჭება მასწავლებელს. სასახლეში ოფიციალურად მხოლოდ გერმანულ ენასა და გრამატიკას ვასწავლი, თეატრი კი ჩემი სურვილით დავაარსე და ვუძღვები. ამრიგად ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული – სწორედ მე უნდა დავაინტერესო და სცენაზე ასვლის სურვილი გავუჩინო. მინდა ამ გზით საკუთარ ცხორვებაში სიახლე შეიტანონ, განიტვირთონ, მეტი შეისწავლონ და ახალი თვისებები შეიძინონ.  შემოქმედებითი პოტენციალი ყველა ბავშვშია, მაგრამ მას გამოვლენა სჭირდება. 

– როგორია სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე? 

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც მე-12 კლასის მოსწავლე მე-5 კლასში დამისვამს. ასეთი ბავშვებისთვის ინდივიდუალურ მეცადინეობებსაც ვნიშნავ, რაც, წესით, საჭირო არ უნდა იყოს. სკოლა ისეთ დონეზე მაინც უნდა ასწვლიდეს, რომ მოსწავლეს მინიმალური ცოდნა მაინც მისცეს. საბედნიეროდ, ბოლომდე მენდობიან, ამიტომ პრაქტიკის განმავლობაში უშედეგო მოსწავლე არასდროს მყოლია, რაც ჩემი მეთოდოლოგიის დამსახურებაა. 
– ამბობთ, რომ საკუთარი მეთოდოლოგია გაგაჩნიათ. მოგვიყევით მის შესახებ.

– როგორც ყველა ენისთვის, გერმანულისთვისაც მთავარი გრამატიკაა, ამიტომ სწავლებას სწორედ მისით ვიწყებ. წლების განმავლობაში დაგროვილი მასალა მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მაგალითის მიცემის საშუალებას მაძლევს. აქტიურად ვიყენებ სიმღერებსა და  ლექსებს, რაც ახალი სიტყვებისა და ფრაზების დასამახსოვრებლად საუკეთესო მეთოდია. არასდროს მავიწყდება მოსწავლის შექება, ამის გარეშე პროგრესს ვერ მიიღებ და ვერც საგანს შეაყვარებ, სიყვარული კი გოეთესა და შილერის ენის შესასწავლად აუცილებელია. ამავდროულად ბავშვს უნდა დააჯერო, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს და მერე რა, რომ მოცემულ მომენტში მასალის დაძლევა უჭირს.

– ათწლეულებია ენას ასწავლით. ამ დროის განმავლობაში რამდენად განიცადა ცვლილება? აისახა თუ არა ეს სწავლების მეთოდზე? 

– რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ინგლისური წარმოშობის სიტყვა ემატება, რაც ნამდვილად არ შეიძლება ენის გამდიდრებად მივიჩნიოთ. თუმცა ამას, სამწუხაროდ, ვერ გაექცევი. ქართულშიც ასეა და ბევრ სხვა ენაშიც. მიუხედავად ამისა, მე ისევ ძველ და აპრობირებულ სწავლების მეთოდს ვიყენებ, მოსწავლეებს კლასიკურ და, ჩემი აზრით, სწორ განათლებას ვაძლევ. ეს მათ სხვა მხრივაც ეხმარება:  უფრო მოწესრიგებულები და გულისხმიერები ხდებიან, აღარ იგვიანებენ, ცხოვრებას უფრო საღად აფასებენ. მიმაჩნია, რომ კლასიკური განათლება ადამიანს შინაგანადაც  ცვლის. გერმანული ლიტერატურა კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა –  თომას მანის ენა ხომ მუსიკასავითაა! ამას მშობლები ზუსტად ამჩნევენ და საკუთარი შვილების ცვლილებას ხშირად აღნიშნავენ. 

– სწავლების თანამედროვე მეთოდები სპეციალური პროგრამებსა და ონლაინ გაკვეთილებსაც ითვალისწინებს. იყენებთ თუ არა ამ სიახლეებს? 

– ვერ ვიყენებთ, რადგან სასახლეს ამის ტექნიკური საშუალება არ გააჩნია. დღემდე ჩვენი უკანასკნელი „ტექნიკური მიღწევა” დაფა და ცარცია. გეთანხმებით, რომ თანამედროვე სწავლების მეთოდები უამრავ საინტერესო მასალას მოიცავს, მაგრამ ტექნიკის არქონის გამო მათ ვერ ვიყენებთ. შემეძლო კომპიუტერი სახლიდან მომეტანა, მაგრამ მის გამოსაყენებლად ინტერნეტიც კი არ გვაქვს. 

– და რას იტყვით თეატრის დარბაზის შესახებ? როგორ მდგომარეობაშია?

– სცენა ნორმალურია. მართალია, მისი მოძრავი ნაწილი გამაგრების მიზნით დააჭედეს, სამაგიეროდ, უსაფრთხოა. კულისები დეკორაციებითაა გადავსებული, მაგრამ მუშაობა შეიძლება. 

– ამ შენობას საშინელი პერიოდიც ახსოვს – მის კედლებს დიდი ხნის განმავლობაში ეტყობოდა ტყვიების კვალი. როგორ გაიხსენებდით თბილისის ომის დღეებს?

– მახსოვს, საშობაო წარმოდგენისთვის ვემზადებოდით, ამიტომ რეპეტიციები ტყვიების ზუზუნის ქვეშაც არ შეგვიწყვეტია. მასწავლებლებიც და ბავშვებიც ყოვედღე მოვდიოდით და ბეჯითად ვემზადებოდით. ბოლოს სამხედროები მოვიდნენ და წასვლა გვიბრძანეს, გვითხრეს, რომ ამ შენობაში გაჩერება უსაფრთხო აღარ იყო. ის იყო ერთადერთი შობა და ახალი წელი, რომელიც ამ სასახლეში არ აღუნიშნავთ. 

– ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ჯგუფები უკვე შედგენილია. აპირებთ ახალ სპექტაკლზე მუშობას?

– ყოველი სპექტაკლი ჩემთვის სადოქტორო დისერტაციასავითაა, ეს ძალიან რთული და კომპლექსური სამუშაოა. საქმეს ისიც ართულებს, რომ მუდმივად ახალ მოსწავლეებთან ანუ ახალ დასთან მიწევს მუშაობა. ამიტომ ვიდრე მოსწავლეებს კარგად არ გავიცნობ და არ მეცოდინება, როგორ შეიძლება მათთან მუშაობა, მანამდე კონკრეტულ დადგმაზე არ ვფიქრობ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
ესაუბრა ია ვეკუა  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი