პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ისტორია არის Magister vitae – ცხოვრების მასწავლებელი

 

 
 
 
 
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ყორანაშვილი, რომელიც mastsavlebeli.ge მკითხველს ისტორიის როლზე და ქართული ისტორიოგრაფიის პრობლემებზე ესაუბრება, ამბობს, რომ ”ისტორიისადმი სერიოზული დამოკიდებულება არის მანიშნებელი ერის კულტურულობისა.”
– ისტორიის მნიშვნელობაზე ჩვენი წინაპრები ბევრს წერდნენ – მეცნიერულ ისტორიაზე და არა ყალბზე, გაზვიადებულზე ან მითოლოგიურზე, როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობდა. ქართველები, საბედნიეროდ, ვეკუთვნით იმ ერს, რომესაც ისტორიის ტრადიცია ჰქონდა. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ფარნავაზის დროს მატიანე უკვე გვქონდა, რომელიც რა თქმა უნდა დაიკარგა, მაგრამ გადარჩა ნაწილი, რომელიც “მოქცევაჲ ქართისაჲსა” და ” მეფეთა ცხოვრებაში” შემორჩა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეონტი მროველს 14 საუკუნის წინანდელი ფაქტები საიდან ეცოდინებოდა? ეს უწყვეტი ტრადიცია იყო. თუმცა ბოლო პერიოდში შეიმჩნევა კრიზისი. საშობაო ეპისტოლეში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა: ჩვენ ისტორიოგრაფია ძალიან ჩამორჩა, რისი მიზეზიც ერთის მხრივ იყო საბჭოთა რეჟიმი, რასაც შემდეგ დაემატა ის, რომ დღევანდელმა ქართველებმა ძალიან ცუდადთ ვიცით ისტორიაო. ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ძველ და საშუალო თაობას საბჭოთა სკოლებში გაყალბებულ ისტორიას გვასწავლიდნენ, ამიტომ ისტორიაზე სწორი წარმოდგენა არ გვქონდა. ახლა მოდის კომპიუტერის ხანა და ახალ თაობას წიგნების წაკითხვა ნაკლებად უნდა. ამდენად, ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ საშუალო ქართველმა ქვეყნის ისტორია ძალია ცუდად იცის. მაგარამ ქართული ისტორიოგრაფიის ჩამორჩენილობას მხოლოდ საბჭოთა კვაშირს თუ დავაბრალებთ, არც ამაში ვიქნებით ბოლომდე მართლები, რადგან ამ რეჟიმის დასრულებიდან საუკუნის თითქმის მეოთხედი გავიდა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მაინც ვერ მოხერხდა ახლებური აზროვნებით ისტორიის გააზრება. სამწუხაროდ, დღევანდელი საბუნებისმეტყველო და ისტორიოგრაფია ძალიან დიდი ჩიხშია, დიდ კრიზისს განიცდის. საქართველოს ისტორიოგრაფიას ქართველების მეტი ვერავინ მოუვლის.
 
ისტორიოგრაფიის პრობლემა მხოლოდ ისტორიის შემეცნების პრობლემა კი არ არის, იგი გადაჯაჭულია უმაღლეს სასაწავლებლებზე და აისახება საჯარო სკოლების დონეზეც, ეს სამი სტადი ერთმანეთზეა გადაჯაჭული. ძალიან კარგია, რომ ავტორები ინიციატივას იჩენენ და წერენ ისტორიის სახელმძღვანელოებს. მაგრამ ყველას მოვუწოდებ, თუ მართლა შესტკივათ გული ამ დარგზე, არის რიგი საკითხებისა, რაზეც უნდა მოეწყოს დისკუსიები, შეჯერდეს აზრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათი დანერგვა სასკოლო და სხვა დონეზე. ვთქვათ, ქართული ეთნოგენეზზე თვითონ მეცნიერები, აკადემიკოსები და პროფესორებიც კი დაბნეულები არიან და ვერ გაურკვევიათ ეს საკითხი. მაგრამ თუ ძალიან მოვინდომებთ და სერიოზულად მივუდგებით, აუცილებლად გავარკვევთ ამ საკითხს. ასევე დღემდე საკამათოა, სახელმწიფოს წარმოშობის საკითხი. არგონავტები და აიეტი ბერძნული მითოლოგიის პროდუქტია და ჩემი ღრმა რწმენით, ეს გზა ისტორიის დასადგენად არ გამოდგება. კიდევ არის უამრავი საკითხი, მათ შორის, სასპერები, ქართების, იბერების და სხვა ტომთა საკითხები. მოკლედ ბევრი რამე არის ახლებურად გასააზრებელი, მაგრამ დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ კრიზისს ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. ძველ თაობას არ უნდა ამის აღიარება და ახალ თაობაშიც არ გამოჩნდა ისეთი პიროვნება, რომელიც სერიუზულად გასცემს პასუხს დროის ამ გამოწვევას.
 
ერთი სიტყვით, საქართველო ისტორია გასააზრებელი რჩება და ფაქტობრივად, ახლებურად არის დასაწერი.
 

– თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ისტორიის ახალი გამოცემები გამოვიდა.

 
– საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიცა, ფაქტობრივად, არის უკვე გამოცემული ძველი რვატომეულის გამეორება, მხოლოდ, შემოკლებული ვარიანტი. საინტერესოა, XIX საუკუნე და XXსაუკუნის დასაწყისი, რომლის ავტორიც არის ძალიან კარგი მკვლევარი, აწ განსვენებული ალექსანდრე ბენდიანიშვილი. იგი ჩარჩოებში არ ჩაჯდა და ეცადა, საბჭოთა პერიოდშიც კი, ახელებურად გაეაზრებინა რიგი საკითხები. მეცნიერებს და საზოგადოებას, ერთი ჭეშმარიტების გაგება არ უნდათ: ისტორია მხოლოდ წყაროები და ფაქტები არ არის, ეს არის სინთეზური და გლობალური ხედვა, რასაც სჭირდება სერიოზული მეთოდოლოგია. ადრე არსებობდა ე.წ. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორია, ეხლა მათი ციტატობანა მიატოვეს, მაგრამ აზროვნება დარჩათ ისევ იმდროინდელი.
 
ჩემი აზრით, საქართველოს ისტორია ერთბაშად ვერ დაიწერება. უნდა მოხდეს ცალკეული საკითხების დამუშავება, მოეწყოს დისკუსიები და სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ერთიანი ისტროიის შექმნა. შეიძლება შემკითხოთ, თავად რას ვაკეთებ. ამჟამად ვმუშაობ გიორგი სააკაძის თემაზე, შემდეგ გადავალ საქართველოს ძველ ისტორიაზე, რომელიც უკვე დაწერილი მაქვს და საბოლოო სახით მზად მექნება ოქტომბერ-ნოემბერში. საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული ძველი ისტროიაა, რადგან ფაქტები და წყაროები ცოტაა. ამის შემდეგ საქართველოს ისტორიის შემდეგ პერიოდების დამუშავება ბევრად უფრო ადვილია.
 

– თქვენ მუშაობდით ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე, სადაც საბოლოო მინიშნება სტალინზე გააკეთეთ

 

– ვიდრე ილიას მკვლელობის საკითხით დავინტერესდებოდი, მანამდე დაკავებული ვიყავი “ილიას ფენომენით”, რადგან საბჭოთა პეროდში იგი გაყალბებული იყო და მისი ბოლომდე გააზრება არც ბოლო პერიოდში მომხდარა. თავის დროზე ნოე ჟორდანიამ, ფილიპე მახარაძემ და სხვებმა ილია წარმოაჩინეს, როგორც მემამულე და თავადების ინტერესების დამცველი, მაგრამ შემდეგ ჩაერია სტალინი. მან ილიას გააზრება სცადა მას შემდეგ, რაც რუსი ემიგრანტები და ტროცკი საზღვარგარეთ წავიდნენ და იქ ყვებოდნენ, დაიღუპა რუსეთი, მის სათავეში ველური ხალხის შვილი მოვიდაო. სწორედ ამიტომ დასჭირდა სტალინს ქართველი მწერლების, მათ შორის, ილიას წარმოჩენა. მართალია, ამ დროიდან ილიას უკვე ოფიციალურ დონეზეც დადებით კონტექსტში მოიხსენიებდნენ და ამით წინ წამოწიეს ეროვნული თვითშეგნება, მაგრამ სამაგიეროდ, ახალი, რუსული შაბლონები მოარგეს და ილია გერცენის, ჩერნიშევსკის, დობროლუბოვისა და სხვათა კონტქსტში განიხილებოდა.

 
სტალინი თითქოს დაინტერესდა ილიას მკვლელბის გამოძიებითაც. ამით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდა. ჯერ ერთი, საზოგადოებში ავტორიტეტი აიმაღლა და მეორეც, შეეცადა სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის კვალის დაფარვას.
 

შეგახსენებთ, რომ ძველი, მეფის რუსეთის ხელისუფლების ვერსიით ილია მოკლეს გლეხებმა აგრალურ ნიადაგზე, იყო ძარცვის მოტივიც. თუმცა ქართული საზოგადოებრიობის ნაწილი მთავარ დამნაშავედ სოციალ-დემოკრატებს თვლიდა. საბჭოური გამოძიებისა და სასამართლო პროცესის თანახმად მკვლელობა მოაწყო მეფის ხელისუფლებამ თავისი ”ოხრანკა”-ჟანდარმერიის მეშვეობით. სინამდვილეში ამ საზიზღარ დანაშაულში მონაწილეობდა ორივე მხარე: ”ოხრანკა”- ჟანდარმერია და ქართველი სიციალ-დემოკრატები, განსაკუთრებით მისი რადიკალური ფრთა – ბოლშევიკები. დოკუმენტები და ფაქტები ადასტურებენ, რომ მკველებს – სოციალ დემოკრატებს, სწორედ იმდროინდელი ხელისეფლებისგან ჰქონდათ ხელშეუხებლობის გარანტია, რადგან ილია მხოლოდ ქართველი ხალხის სიამაყე კი არ იყო, არამედ სახელმწიფო საბჭოს წევრიც და აქტიურად იბრძოდა საქართველოს ავტონომიისთვის, ეკლესიის ავტოკეფალიის, სიკვდილით დასჯის გაუქმების, აგრარული საკითხის გადასაჭრელად. ამის გამო სოციალ-დემოკრატების და მეფის ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. სწორედ მეფის ხელისუფლებამ ჩაფარცხა ილიას მოურავის მოსე მემანიშვილის მკვლელობა, რის შემდეგაც ჩაუნერგეს ორმაგი აგენტი ჯაში. შემდეგ კი ძალიან ცოტა რამ გააკეთეს თვად ილიას მკვლელობის გასახსნელად.

 
1931 წელი გამოიცა ემიგრანტ სოციალ-დემოკრატის, სტალინის ყოფილი მეგობარის იოსებ ირემაშვილის წიგნი “სტალინი და საქართველოს ტრაგედია”, სადაც იგი პირდაპირ წერდა, რომ ილიას მკვლეობის უკან იდგა სტალინი. იმის გამო, რომ ეს მოსაზრება არანაირ არგუმენტს არ ეფუძნებოდა, იმხანად ეს არც მე მჯეროდა. მაგრამ შემდეგ დოკუმენტების და ფაქტების შესწავლით მივხვდი, რომ ეს მოსაზრება სწორი იყო. დავიწყოთ იქიდან, რომ ერთ-ერთი მკვლელი ვანო ინაშვილი ძალინ ახლოს იყო სტალინთან, ასევე ლავრენტი ასათიანი. ბერბიჭაშვილი კი ფილიპე მახარაძის აგენტი იყო, ხოლო თავად იმერელი ბიჭი, ჩემი აზრით, არის სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც სტალინის ვირს ეძახდნენ. საბჭოთა სასამართლო, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს მეოთხე მკვლელი, იმერელი ბიჭი არ გამჟღავნებულიყო. ამჟამად კამათი მიდის იმაზე, იმერელი ბიჭი იყო თუ არა სერგო ორჯონიკიძე. არსებობს ფაქტები და მემუარები, რომელზე დაყრდნობითაც მე ვამტკიცებ, იმერელი ბიჭი სწორედ სერგო ორჯონიკიძეა, მაგრამ ამის გაზიარება არ უნდათ, რადგან ზოგიერითი მკვლევარი სენსაციებს არის გამოკიდებული.
ამდენად შესწავლილ დოკუმენტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, მე ვთვლი, რომ სტალინი იყო ილიას მკვლელობის მთავარი ორგანიზატორი. მით უმეტეს, არსებობს დიდი ეჭვი, რომ სწორედ სტალინი თანამშრომლობდა მეფის ”ოხრანკასთან”.
 

– საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში დღემდე შესწავლილი არ არის სტალინის ფენომენიც.
 

– სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ძლიერია სტალინის კულტი. ეს მითოლოგია მოდის იქიდან, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ჩავეწერეთ სტალინით. მაგრამ ქართველების ამ ნაწილს არ უნდათ გაიგონ, რომ სტალინი იყო რუსეთის მოღვაწე. ყველაზე დიდი ბოროტება, რაც ჩაიდინა სტალინმა საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ის, რომ მან საბჭოთა ჯარი შემოუსია ჩვენს ქვეყანას და დაღუპა დემოკრატიული საქართველო. თუ ადამიანი დემოკრატიულად და პატრიოტულად აზროვნებს, ეს უნდა დაინახოს, მაგრამ ბევრი ვერ ხედავს ამას, რადგან ქართველებს აქვთ მითოლოგიური და ახირებული აზროვნება. ილიას მკვლელობაზე მუშაობის შემდგომ, ორი წელი მოვანდომე სტალინის საქმიანობის და მისი ფსიქოლოგიის შესწავლას. მინდოდა დავრწმუნებულიყავი იმაშიც იკადრებდა თუ არა იგი ამას და საბოლოოდ მივხვდი, იგი ყველაფერს იკადრებდა. სწორედ მაშინ დავწერე “შტრიხები სტალინის პორტრეტისათვის”.

 

საქართველოში სტალინზე სამეცნიერო ნაშრომები მართლაც არ არსებობს, ძირითადად არის ქება-დიდება. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ინგლისელი ავტორის საიმონ მონტეფიორეს წიგნი “სტალინის წითელი სამეფო კარი”, რომლის კონსულტანტიც ვარ. ახლა გამოდის ”ახალგაზრდა სტალინი”. ეს წიგნები ნამდვილად საინტერესო იქნება ქართველო მკითხველისთვის.

 

– თქვენ ახსენეთ გიორგი სააკაძე, რომლის ბიოგრაფიაშიც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები.

 

– თავის დროზე განსაკუთრებით ანტონ ფურცელაძემ დაიწყო გიორგი სააკაძის განდიდება. როგორც ჩანს ახალგაზრდობაში ეს წიგნი წაკითხული ჰქონდა სტალინს. მოგვიანებით, ჯუღაშვილი დაინტერესდა სააკაძით იმიტომ, რომ საკუთარ თავთან გააიგივა. მან პრიმიტიული აზროვნება მოახვია ხალხს – გიორგი სააკაძე იყო აზნაურთა ბელადი, უნდოდა მეფის ხელისუფლების გაძლიერება, ქვეყნის ცენტრალიზაცია, რისთვისაც ძალები არ ეყო და უცხო ძალები მოიყვანა. სწორედ ასე მოიქცა თავადაც – იმის გამო, რომ საქართველოში სოციალური ძალები იყო ძლინ სუსტი, შემოიყვანა უცხო ქვეყნის ძალები და ამით სიციალიზმი დაამყარა.

 

მოგვიანებით გაჩნდა მეორე უკიდურესობა, თითქოს გიორგი სააკაძე იყო სულმთლად უარყოფითი მოვლენა.

მაგრამ სააკაძეთან დაკავშირებით ორივე მოსაზრება არ არის ბოლომდე გამართლებული. მართალია, გიორგი სააკძეს კახეთის აოხრებაში დიდი წვლილი მიუძღვის და სამარცხვინო იყო ბაზალეთის ომიც, მაგრამ მარტყოფის ბრძოლა იყო ერთ-ერთი დიდი მოვლენა არ მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ომების ისტორიაში. 30 000 კაციანი არმიიდან ამ ბრძოლაში სპარსელებმა მხოლოდ 3 ათასი მებრძოლის გადარჩენა შეძლეს. წარმატებული იყო ტაშისკრის ბრძოლაც, ხოლო მარაბდის ომში, გიორგი სააკაძისთვის რომ დაეჯერებინათ, იქაც გავიმარჯვებდით. ასე თუ ისე, გიორგი სააკაძის მთავარი დამსახურებაა ის, რომ შაჰმა ხელი აიღო თავის განზრახვაზე: იმის გამო, რომ ქართლ-კახეთის მეფეების რუსებს იწვევდნენ, მას უნდოდა, კახეთი და ქართლი ბოლომდე აეოხრებინა და მოსახლეობა გადაესახლებინა. მაგრამ მოხდა ისე, რომ საბოლოოდ სპარსეთის 120 000 არმიიდან 60 000 სწორედ გიორგი სააკაძის მეშვეობით განადგურდა.
 

საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი პრობლემა, რაც შეეხება მეფის რუსეთის შემოსვლას. სპარსელების, არაბების, ყიზილბაშების, თურქების და სხვათა შემოსევებისგან განსხვავებით რუსეთი მარტო თავისი ველურობით არ შემოსაულა საქართველოში, არამედ ამ პერიოდში რუსეთში უკვე იწყებოდა ევროპეიზაცია და ჩვენთან ეს ცივილიზაციაც რუსეთის მეშვეობის შემოვიდა, რამაც თავისი მხრივ მოამზადა 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა რუსეთის ბატონობა, უკვე იყო სრული ტირანია. ისტორიის წერის დროს უნდა გავითვალისწინოთ, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ფაქტორები, სხვანაირად ობიექტურ მეცნიერებას ვერ მივიღებთ.

 

– თქვენ სკოლებში ატარებთ გაკვეთილებს. რამდენად აინტერესებთ ქართველო მოსწავლეებს საქართველოს ისტორია.

 

– ბოლო წლების განმავლობაში 40-მდე გაკვეთილი და ლექცია ჩავატარე და წავიკითხე თბილისში, ასევე სხვადასხვა რაიონებსა და სოფლების სკოლებში. ბავშვები ძალიან კარგად მხვდებიან, აშკარად აინტერესებთ ისტორია და კითხვებსაც აქტიურად სვამენ. ისტორიის ცოდნა ადამიანს უღრმავებს საკუთრი ქვეყნის სიყვარულს და პატივისცემას, რა თქმა უნდა, შოვინიზმს არ ვგულისხმობ. მეორეც, ისტორიის ცოდნა, კულტურასთან ერთად ბავშვში ზრდის მოქალაქეობის გრძნობას და შეგნებას. ისტორიის შესწავლას ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ცხოვრების მასწავლებელია. დიდ ისტოიული პიროვნებების ისტორიას მოსწავლე უბრალოდ კი არ უნდა სწავლობდეს, არამედ მისთვის იგი უნდა იყოს მაგალითი და უნდა ბაძავდეს მას. ისტორია არის Magister vitae – “ცხოვრების მასწავლებელი”, ამბობდა დიდი რომაელი მოღვაწე ციცერონი და ეს სიტყვები ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.

 
 
 
 
 
 
 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი