მოგზაურობა სახლიდან მსოფლიოს გარშემო

არსებობს ერთი გადასარევი ქართული საბავშვო წიგნი: “მხიარული ოჯახი”, – რომელზეც მასწავლებლის ჟურნალშიც დაგვიწერია და თუ მის შესახებ მეტის გაგებას მოისურვებთ, შეგიძლიათ, მაკა ლდოკონენის ორი წლის წინანდელ სტატიას გაეცნოთ. მე მხოლოდ მის ერთ-ერთ გმირზე, ტარტალინა კუზინეზე, და მისით შთაგონებულ მოგზაურობებზე მოგიყვებით, რომლებმაც სახლში ყოფნის უსასრულო დღეები ცოტათი უფრო საინტერესო გახადა, ფანტაზიაც გაგვივარჯიშა და სამყაროს შესახებ ცოდნაც გაუმდიდრა ბავშვებს.

ტარტალინე კუზინე ბურთივით მრგვალი ქალია, რომელსაც თავზე ჩიტუნების გუნდი ისე ახვევია, თითქოს ყვავილების გვირგვინი ადგასო. თხა ჰყავს, რომელიც ხელზე გამობმული დაჰყავს, ეს თხა კი მის ჩემოდანს დაატარებს, რომლითაც ქალს სოფლიდან ქალაქში ჩიტების დასაპურებლად ჯანსაღი საკვები დააქვს. წიგნის გმირები, პატარა ბავშვები, ტარტალინა კუზინეს მატარებელში ხვდებიან, როცა ის ქალაქიდან თავის სოფელში ბრუნდება. ეს მსუნაგი, მხიარული და ენერგიული ქალი ბავშვებს აჩვენებს თავისი საყვარელი რეცეპტების წიგნს, რომელიც, მისი აზრით, ყველაფერზე საინტერესოა, “სიყვარულიან წიგნზეც, თავგადასავლების წიგნზეც და დეტექტივზეც”. ტარტალინა კუზინეს რეცეპტების წიგნი იმისთვის კი არ სჭირდება, რომ მის მიხედვით კერძები მოამზადოს, – არამც და არამც. ეს წიგნი მისთვის ამბების გამოგონების და წარმოსახვითი მოგზაურობის ინსტრუმენტია. წევს ტარტალინე კუზინე დივანზე და წარმოიდგენს, როგორ მიდის “ნიგვზიანი მინდვრის მხლის” მომზადებამდე ნაძვებისა და ფიჭვების ტყეში, როგორ მიაბიჯებს რბილ, წიწვებით მოფენილ მიწაზე, სადაც ხეების ქვეშ სოკოები ფშვინავენ და ტოტებზე კუდფართხუნა ციყვები დახტიან. როგორ აგროვებს ნაძვის კევს და როცა ტყე მთავრდება, როგორ ადის თოვლიან მთაზე, ქარსა და სიცივეში. მერე როგორ დადის მდელოზე, სადაც ბაბუაწვერები და გვირილებია და ბოლოს და ბოლოს იწყებს მხლისთვის ბალახბულახის შეგროვებას. ოღონდ მართლა კი არა, ისევ წარმოსახვით.

“თუ გაზაფხულია, ვაგროვებთ იის, ენძელის და ფურისულას ფოთლებს, უჰ! რა სურნელია და ამაზეც რამდენი რამის წარმოდგენა შეიძლება! ოჰ! თუ შემოდგომაა, ვაგროვებთ ნაცარქათამას, დანდურს და ამაზეც რამდენი რამის წარმოდგენა შეიძლება. უჰ! და ყოველთვის ვაგროვებთ ჭინჭარს! აბა, რას წარმოვიდგენთ ამ დროს? რა თქმა უნდა, ზაფხულს, სოფელს და მეზობლის ხეხილის ბაღს, საიდანაც უგემრიელესი ვაშლები, მსხლები თუ ბლები გვეძახიან, გინდა თუ არა, მოგვიპარეთო. ჩვენც მეტი რა გზა გვაქვს? ღობეზე ვხტებით ხილის მოსაპარად და ამ დროს ღობის ძირას ამოსულ ჭინჭარში ვვარდებით შიშველი ფეხებით! უუუჰ! რა მწარეა, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, მოპარული ხილია გემრიელი. ოღონდ მარტო ხილი და არაფერი სხვა! ხომ გასაგებია?!

ახლა მხლისათვის ყველანაირი ბალახბულახი გვაქვს: იის ფოთოლი, ენძელის ფოთოლი, ფურისულას ფოთოლი, ნაცარქათამა, ჯიჯილაყი, დანდური, ჭინჭარი… და რა გვჭირდება? კა-კა-ლი! ოო, ვეებერთელა კაკლის ხეა, ფუღუროიანი, ფუღუროში ბუების ოჯახი ცხოვრობს…“ – უყვება ტარტალინა კუზინე ბავშვებს და ისინიც უსმენენ თვალებდახუჭულები, ხედავენ ყველაფერს, რაზეც ეს უცნაური ქალი ლაპარაკობს, ესმით, როგორ ზუზუნებს ქარი მწვერვალზე ასვლისას და ცხვირში უღუტუნებთ ბაბუაწვერას წიპწები მდელოზე სირბილისას.

“შინ რომ დავბრუნდებით, ბებიას რეცეპტების რვეული უნდა წავიკითხო, დარწმუნებული ვარ, იმდენ რამეს წარმოვიდგენ, შეიძლება წიგნიც კი დავწერო. უი, მწერალი ხომ არ გამოვსულიყავი?” – ფიქრობს პატარა ბიჭი მას შემდეგ, რაც ტარტალინა კუზინე ემშვიდობება მათ და მატარებლიდან ჩადის.

 

ჩვენ წიგნი არ დაგვიწერია, მაგრამ ასე მოგზაურობის იდეა მოგვეწონა. ამიტომაც დავთქვით, კვირაში ერთხელ, სადილობისას, ჩვენი სამზარეულო რომელიმე ქვეყანა იყოს, სადაც სიამოვნებით ვიმოგზაურებდით, მოვუსმინოთ იმ ქვეყნის მუსიკას, ვჭამოთ იმ ქვეყნის საჭმელი, წავიკითხოთ იმ ქვეყნის სახელოვანი ქალებისა და კაცების ამბები, გავიგოთ, როგორი ამინდია, რა აცვიათ, რა ადარდებთ და რა უხარიათ… და ასე ვიყავით ვენეციის კარნავალზე, ბუდისტურ ეკლესიებში, ჩრდილოეთის ციალს ვუყურეთ მუმინების ხეობიდან და სპილოებზე ამხედრებულებმა ვიმგზავრეთ ინდოეთში.

 

ლიტერატურა და ფანტაზია, ცოდნა და მოგზაურობაც ხომ იმისთვის არსებობს, რომ სამყარო უკეთ გაიცნო და რთული დღეები მარტივად გადააგორო.

კომენტარები

comments