პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ტექსტის  დამუშავება ონლაინ-გაკვეთილზე დაწყებით კლასებში

მას შემდეგ, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვალა სწავლა/სწავლებისთვის დახარჯული დრო. მოსწავლეებისთვის მეტი დრო გამოთავისუფლდა, ვიდრე ეს ხდებოდა პირისპირ სწავლების შემთხვევაში. მასწავლებლებისგან კი პირიქით – ითხოვს მეტ დროს, შრომასა და ენერგიას, ვიდრე ეს COVID19-მდე იყო. მიზეზი გახლავთ ის, რომ პედაგოგს უწევს ზრუნვა ახალი მასალის მოძიებაზე და ფიქრი მის ადაპტაციასა თუ  შექმნაზე ისე, რომ მოარგოს ამა თუ იმ მოსწავლის საჭიროებებს. გარდა ამისა, ითვალისწინებს იმასაც, რომ მოსწავლეებისთვის იყოს გასაგები, თვალსაჩინო და მარტივად აღქმადი. ამასთან ერთად მხედველობიდან არც ის უნდა გამორჩეს, რომ ბავშვებმა მისი არ ყოფნის პერიოდში მარტივად და დამოუკიდებლად შეძლონ  დავალებისთვის თავის გართმევა.  ამ ყველაფრის მოსწრება კი, დამეთანხმებით, ზოგჯერ სტანდარტულ გაკვეთილზეც შეუძლებელია , თუ მას სწორად და გეგმაზომიერად გაწერილი აქტივობებით არ განვახორციელებთ.

 

დაწყებით კლასებში ონლაინ-გაკვეთილს მხოლოდ 20-25 წუთი აქვს  განკუთვნილი. საგაკვეთილო დროის სიმცირემ  და მისი სწორი მენეჯმენტის პრობლემამ ასეთ დროს მეტად იჩინა თავი. ხშირად მსმენია სხვა პედაგოგებისგანაც, რომ თითქმის არასდროს ჰყოფნით საგნისთვის განკუთვნილი  დრო.  ეს ყოველივე კი განსაკუთრებით წარმოჩინდება ქართული ენის  სწავლებისას, როდესაც   გარკვეული ზომის ტექსტებს დამუშავება, ჩაღრმავება, სემანტიკური გაშიფრვა და გააზრება სჭირდება.

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები მოგეხსენებათ სწავლების ისეთ ეტაპზე არიან, როცა მასწავლებელი მათ კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას ცდილობს. ამიტომ ყველაზე მეტად ისინი საჭიროებენ ტექსტის დეტალურად ახსნა-განმარტების მაგალითებსა და ტექსტზე მუშაობის სწორ მიმართულებას.

 

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებითი საფეხურის ქართული ენის სტანდარტში კითხვის მიმართულებით წერია:

 

„ მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.

 

მოსწავლე:

  • მხატვრულ ტექსტებში აკვირდება მწერლის ენას, ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეს (სინონიმებს, ანტონიმებს, ფრაზეოლოგიზმებს და ა.შ.), ზოგიერთ მხატვრულ ხერხს (ეპითეტს, შედარებას);
  • პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;“

 

ჩამოთვლილი ქმედებების მაგალითი კი რა თქმა უნდა მასწავლებელმა უნდა მისცეს და ერთბაშად ამის შესრულება ოცწუთიან გაკვეთილზე ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ამიტომ დროის დაზოგვის მიზნით გაკვეთილზე მარკირების მეთოდს მივმართე, რაც ჩემთვის და მოსწავლეებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.

 

მოგეხსენებათ ახლა ყველა მასწავლებელი ელექტრონულ სახელმძღვანელოს იყენებს, რომელიც ძირიადად PDF ფორმატშია შექმნილი. ამ ფორმატს აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ფერის ჩასხმით ტექსტში მარკირების გავაკეთოთ. ამიტომ მოსწავლეებთან მოლაპარაკების საფუძველზე შევქმენი ტქსტ-მარკერის ფერების პალიტრა და ყოველ ფერს გარკვეული ფუნქცია მივანიჭე.

არჩევანზე ასე შევჯერდით:

ცისფერი –  „დააკვირდი, როგორ იწერება!“

ყვითელი – „უცნაური სიტყვა, სალექსიკონო, შევეცადოთ განვმარტოთ“

იისფერი – „შედგენილი, დასამახსოვრებელი , ლამაზი სიტყვა“

მწვანე – „ ტექსტის მთავარი აზრი, მიაქციე ყურადღება!“

ამ ფერების დახმარებით ვუკეთებ ასახსნელ ტექსტს მარკირებას და ეკრანის გაზიარებით ვიწყებთ ტექსტის კითხვას. კითხვის პროცესში მოსწავლემ უკვე იცის თითოეული ფერის დანიშნულება და ცდილობს გაითვალისწინოს მინიშნებები, რაც მას ახლავს.

საილუსტრაციოდ გთავაზობთ მარკირებულ ტექსტს იროდიონ ევდოშვილის მოთხრობიდან „რას გალობს შაშვი“:

ამ მეთოდის გამოყენებით შევძელი ონლაინ გაკვეთილის მცირე დრო დამეზოგა ისე, რომ ტექსტზეც მემუშავა და მოსწავლეთა ყურადღებაც შემენარჩუნებია.

 

მეთოდის გამოყენების დადებითი შედეგი:

  • ვზოგავ ონლაინ-შეხვედრისთვის გამოყოფილ საგაკვეთილო დროს;
  • მოსწავლეები არ საჭიროებენ დამატებით ახსნა-განმარტებას და ისინი თავად განიხილავენ ტექსტს მასწავლებლის მცირე ფასილიტაციის შედეგად;
  • ცდილობენ ელექტრონული მარკირება გამოიყენონ სხვა ტექსტების დამუშავებისას;
  • მოსწავლეების ყურადღება მეტად კონცენტრირდება იმ საკითხებზე, რომლებიც მარკირებულია;
  • შინ, დამოუკიდებლად მუშაობისას, მსგავსად მარკირებული ტექსტი აძლევს მიმართულებას მოსწავლეს და ტექსტზე მუშაობის პროცესში უწევს დიდ დახმარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი