შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მშობლები გამჭვირვალე „საკლასო ოთახში“

საქართველოს განათლების სისტემას დისტანციური სწავლების იმხელა ტალღამ გადაუარა, რომ რყევები ჯერ კიდევ იგრძნობა. 2 312 სკოლის 590 934 მოსწავლემ და 63 780 პედაგოგმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და უჩვეულო წესებით დაიწყო სვლა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ზოგი წინ წავიდა, ზოგი – უკან, ზოგიც ერთ ადგილზე მოძრაობს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და მაღალი სტრესის ფონზე არსებულ ვითარებასთან გამკლავება მოსწავლეთა მშობლებსაც მოუხდათ. ჩაკეტილი შენობებიდან სკოლებმა პირდაპირ სახლებში გადაინაცვლა და ავტომატურად, წინასწარი მოლაპარაკებების და შეთანხმებების გარეშე, სწავლა-სწავლების ხარისხზე პასუხისმგებლობა მშობლებზე გადანაწილდა.

„გაკვეთილების დისტანციურად დაწყებამ ჩემში დიდი მღელვარება გამოიწვია.  მოშლილი ინფრასტრუქტურის მქონე სოფელში, ერთი კვირით წამოსულებს განათლების ახალი მოდელი სრულიად მოულოდნელად წამოგვეწია. თან მხოლოდ უხარისხო ტექნიკური აღჭურვილობა მქონდა. რომ გავიაზრე, პროცესში ხარისხიანად ჩართულობაში ეს ყველაფერი რამდენ დაბრკოლებას შეგვიქმნიდა, ამან მეც და ბავშვებიც ძალიან შეგვაშინა“ – ამბობს თეა ცხვირავაშვილი, ორი სასკოლო ასაკის შვილის მშობელი.

თუ ტრადიციული სწავლების პირობებში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის და სკოლისთვის დადებითი შედეგები მოაქვს, ტრანზიტული სკოლის შემთხვევაში პირდაპირ გავლენას ახდენს საგაკვეთილო პროცესის გამართულობასა და მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.

ამის მიუხედავად, განათლების სპეციალისტები მშობელთა პასუხისმგებლობაზე ისრების სრულად გადატანას არამართებულად მიიჩნევენ, რადგან დისტანციურ ფორმატზე უცაბედი გადასვლა Covid 19-ის პანდემიამ გამოიწვია და არა მშობლების გააზრებულმა არჩევანმა.

„უნდა განვასხვაოთ ზოგადად დისტანციური სწავლება და კრიზისების დროს დისტანციური სწავლება. ჩვეულებრივ პირობებში დისტანციური სწავლებისას, შესაძლოა, მშობლის როლი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, რადგან  ეს დაგეგმილი პროცესია: მოსწავლე, სკოლა და ოჯახი თავიდანვე მომზადებული და მოტივირებულია. ამ კრიზისის დროს კი მოულოდნელად უწევთ მშობლებს არსებულ ვითარებასთან გამკლავება. ზოგადად, მშობელსა და ოჯახს განათლების ხარისხზე უდიდესი ზემოქმედება აქვთ და დღეს ეს გავლენა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია. შესაბამისად, გაიზრდება განსხვავება შვილების მხარდამჭერი ოჯახების მოსწავლეებს და იმ მოსწავლეებს შორის, რომელთა მშობლები არ ან ვერ ერთვებიან შვილების სწავლებაში.“ – ამბობს შალვა ტაბატაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დისტანციურად სწავლის პირობებში მოსწავლის მშობელს ერთდროულად რამდენიმე როლი ეკისრება. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შვილის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და კუთვნილი ტექნიკის გამართულობაა. ეს ყოველივე კი დაბალი ეკონომიკური შეძლების ოჯახებისთვისაც გამოწვევაა და მათთვისაც, ვისაც თითოეულ ბავშვზე პერსონალური კომპიუტერი და შეუზღუდავი ინტერნეტი აქვს.

„ონლაინ სწავლება დღეს ყველა ოჯახისთვის აქტუალურია. მე ოთხი შვილი მყავს. ჯერ-ჯერობით ვახერხებ, რომ ბავშვები ჩაერთონ გაკვეთილებში და არ ჩამორჩნენ პროგრამას, მაგრამ ვიცი ოჯახები, ვისთვისაც ინტერნეტი ფუფუნებაა. მათთვის დიდი ხარჯია ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება. ზოგიერთ მათგანს არც საჭირო ტექნიკა აქვს, ზოგიერთი ბავშვი ტელეფონით ესწრება გაკვეთილებს. დღეს მშობლებისთვის პრიორიტეტი შვილების საკვებით უზრუნველყოფა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენაა. ზოგჯერ არჩევანი ასე დგას, ინტერნეტი თუ საკვები?! კარგი იქნებოდა მშობლებს ამ პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფო დახმარებოდა.“ – ამბობს 4 შვილის მშობელი, ნათია მანჯგალაძე.

„ონლაინ სწავლებამ თავიდან მასწავლებლებიც დაძაბა და მეც, როგორც მშობელს, მოთმინება დამაკარგვინა.  ერთდროულად რამდენიმე ბავშვს ჰქონდა გაკვეთილი და ტექნიკური პრობლემებიც ერთდროულად იჩენდა ხოლმე თავს. მაგალითად, პროგრამა teams-ში მოსწავლე ვერ ხედავდა ყველა საგანს და ვერ ესწრებოდა ყველა გაკვეთილს. მასწავლებელი ვერ ახერხებდა პრობლემის მოგვარებას და მიიჩნევდა, რომ მშობელს თავად უნდა გაერკვია პრობლემის მიზეზები. ხშირად ხდება, როცა მასწავლებელს არ ესმის მოსწავლის ხმა და პირიქით. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები ერთმანეთს “აგდებენ” პროგრამიდან. მოსწავლე მიკროფონს თიშავს, როცა არ უნდა პასუხის გაცემა. შემდეგ ხელი ჩავიქნიე ონლაინ გაკვეთილებზე და თავად დავიწყე ჩემი შვილების მასწავლებლობა. დღეისათვის ონლაინ სწავლების მდგომარეობა გამოსწორდა იმ მხრივ, რომ, ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, გაკვეთილები მეტ-ნაკლებად ტარდება. თუმცა, ზოგიერთი მასწავლებელი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ჩართვას. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მოულოდნელად მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, დღეს არსებული მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია. დასაფასებელია მასწავლებლების მონდომება. კარგი იქნებოდა მათ ტექნიკურ დახმარებას თუ გაუწევდნენ“ – ამბობს 5 შვილის დედა, მაკა საკანდელიძე.

სახლებიდან სახლებში ჩატარებულ გაკვეთილებს მოსწავლეების მილიონზე მეტი მშობელი ადევნებს თვალს. სირთულეების მიუხედავად მშობლები ამბობენ, რომ ასეთი გამჭვირვალე განათლების სისტემა არასოდეს ყოფილა. ბავშვსა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლის შრომა ერთიორად გამოჩნდა და დაფასდა.

„ჩემი შვილების სკოლა მარტის დასაწყისიდან სრულად გადაეწყო ონლაინ სწავლებაზე. გაოცებას ვერ ვმალავდი, პირველივე დღეებიდან იმდენად მომზადებულები იყვნენ პედაგოგები. გაკვეთილები ცხრილის მიხედვით ტარდება. ამ დრომდე ყოველი გაკვეთილი დაგეგმილია, ნაფიქრი, აქვს მიზანი და ახლავს საშინაო დავალება.“ – ამბობს თეა ბულია, სამი შვილის დედა.

მოსწავლეთა მშობლების შეფასებით, ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა მშობელთა ჩართულობა გაზარდა, რის გამოცდილებაც საქართველოში არც თუ ბევრ მშობელს ჰქონდა.

მშობლები ახლო წარსულს იხსენებენ, როცა უმეტეს სკოლებში დღის წესრიგს შიდა სასკოლო საზოგადოება ადგენდა და მშობელს უკვე დამტკიცებული წესების შესრულება უწევდა. მაგალითად, შინაგანაწესით მკაცრად იყო გაწერილი სკოლის შენობაში მშობლების შეშვების დრო. თუ აქამდე მშობელს ტრადიციულ გაკვეთილზე დასასწრებად პედაგოგის და სკოლის დირექციის თანხმობა სჭირდებოდა, ახლა ეს ადამიანები თავად სთხოვენ მოსწავლის მშობელს, გვერდით მიუჯდეს ბავშვს და თვალი ადევნოს საგაკვეთილო პროცესის გამართულობას.

ამ შინაარსის თხოვნას, როგორც წესი, რამდენიმე საფუძველი აქვს:

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს არ აქვთ კომპიუტერის დამოუკიდებლად მოხმარების უნარ-ჩვევები.
  • დაგროვდა ონლაინ გაკვეთილების ჩაშლის წარმატებული მცდელობების პრაქტიკა.
  • გაკვეთილის დროს პედაგოგები მშობლებისგან სახლში სიჩუმის დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ.

მშობლები ამბობენ, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ზოგჯერ მოსწავლის გვერდით ჯდომა შეუძლებელი და გაუმართლებელია.

„მე სამი შვილი მყავს. უფროსი მე-5 კლასშია, საშუალო – მე 3 კლასში. უმცროსი ბაღის ასაკშია. უფროსებს ყოველდღიურად დღეში 3 ან 4 გაკვეთილი აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივეს ცალ-ცალკე კომპიუტერი და სამუშაო სივრცე სჭირდება. ამ პერიოდში ჩემი ამოცანაა, ტექნიკა მუდმივად მწყობრში მქონდეს და დავიცვა სიჩუმე, რაც არც ისე ადვილი საქმეა, რადგან როგორც გითხარით, ჩვენი უმცროსი შვილი ბაღის ასაკის ბიჭუნაა და მოგეხსენებათ, ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ, დაემორჩილონ მკაცრად განსაზღვრულ წესებს. ერთ-ერთი გოგონას კლასის დამრიგებელი მშობლებისგან ითხოვს, დავსხდეთ ბავშვების გვერდით და უზრუნველვყოთ, რომ გაკვეთილი არ ჩაიშალოს. ერთმანეთს ხმა არ გაუთიშონ ან ჯგუფიდან არ „გააგდონ“. ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა მომეხერხებინა, თან სიჩუმე დავიცვა, პატარა შვილი „დავაკავო“ და თან გაკვეთილის მიმდინარეობას დავესწრო. არც შემიძლია და ამავე დროს, ჩემი აზრით, არ არის სწორი, მშობელი გვერდით ეჯდეს ბავშვს და იჭრებოდეს მის პირად სივრცეში, მიმაჩნია, რომ ოთახშიც კი არ უნდა შევიდე, როცა გაკვეთილი აქვს. ამან ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია. თუმცა, პროცესებისთვის ხელი არ შეუშლია. რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყობა მოხდა და ვთვლი, რომ თავი გავართვით. თუმცა რის ხარჯზე ვპასუხობთ ამ გამოწვევას, ეს ალბათ კვლევის საგანია.“ – ამბობს თეა ბულია, სამი შვილის დედა.

სად არის გამოსავალი, როცა ორივეს – მასწავლებელს და მშობელს, თავისი სიმართლე და მყარი არგუმენტები აქვთ? ამ შეკითხვით განათლების სპეციალისტს მივმართეთ.

„შესაძლებელია დაბალ კლასებში მასწავლებელმა სთხოვოს (და არა მოსთხოვოს) მშობელს ზედამხედველობა. ასეთი თანამშრომლობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ბევრ ქვეყანაში, სკოლები ადგენენ ე.წ. ნეტიკეტს – ინტერნეტ-სწავლებისას ქცევის წესებს, რა არის დასაშვები და რა – არა. ამ ინფორმაციის მიწოდება საგანგებოდ ხდება მოსწავლეებისთვის. იქვე განსაზღვრულია ის ნაბიჯებიც, რასაც სკოლა მიმართავს, თუ მოწაფე ნეტიკეტს დაარღვევს, გამომდინარე დარღვევის ხარისხიდან და სიხშირიდან. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია მოსწავლის გაკვეთილზე არ დაშვება ერთი ან რამდენიმე დღით. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მშობლებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ონლაინ სწავლება ბავშვებში გადაღლილობას იწვევს და მასწავლებლებს მეტი მოთმინება მართებთ.“- ასე პასუხობს ჩვენს შეკითხვას ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნუცა კობახიძე.

დისტანციური სწავლის ფორმატი განსაკუთრებით მოუხერხებელი აღმოჩნდა დასაქმებული მშობლებისთვის, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობებს. თვითიზოლაციის პირობებში მშობლები ერთდროულად რამდენიმე საპასუხისმგებლო როლს ითავსებენ, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, ბავშვის განათლების, საოჯახო საქმეზე პასუხისმგებელი პირის და თანამშრომლის, რაც ერთ სივრცეში გამოკეტილი ადამიანებისთვის არც თუ ადვილად დასაძლევი ამოცანაა.

„ჩემი ოჯახი სამწევრიანია. აქედან ერთი, 6 წლის ბავშვია, რომელიც წინასასკოლო მომზადების პროგრამას გადის.  როდესაც preschool-მა ონლაინ სწავლება შემოგვთავაზა, დიდი სიხარულით დავთანხმდით, რადგან იზოლაციის გამო, ონლაინ ჩართვები ბავშვის სოციალიზაციის შესაძლებლობადაც მივიჩნიეთ. ჩემი შვილის ჯგუფიდან, ბავშვების მხოლოდ ნახევარი ესწრება ონლაინ გაკვეთილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც კერძო სკოლაში, ონლაინ სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ონლაინ ჩართვები სკოლამდელ ასაკში, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს პედაგოგებისგან. თანდათან იმატა ისეთმა დავალებებმა, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს. ალბათ, ეს მიიჩნიეს მშობლის ჩართულობის გაზრდის გზად. თავად ბავშვიც ბევრად მომთხოვნი გახდა ჩვენ მიმართ, უნდოდა ერთად შეგვესრულებინა დავალება, რადგან სხვა ბავშვების ბებია, დედა ან მამა ასე აკეთებდა. რამდენიმე დავალება საერთოდ გვიან ვნახეთ, რადგან ონლაინ პროგრამაში შეტყობინებების მუდმივად წაკითხვის დრო არ გვაქვს. პედაგოგთან საუბრით ვეცადე, ამეხსნა, რომ არ ვარ უყურადღებო მშობელი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მე არ მეხებოდა ის ბლოგები და სტატიები, სადაც მოგვითხრობენ, როგორ გავართოთ ბავშვები იზოლაციაში, როგორ ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე და გავიაროთ ონლაინ ტრენინგები. გარკვეული დროის მერე, მხოლოდ გადარჩენის გეგმა დაგვრჩა: ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიყოთ სამსახურისთვის და ბავშვი დროულად მიუჯდეს მაგიდას გაკვეთილისთვის.“- ამბობს ანა წურწუმია, დასაქმებული მშობელი.

იმის გათვალისწინებით, რომ არც დისტანციური სწავლების სამართლებრივი ბაზა არსებობს და არც მოსწავლე-მასწავლებლის ქცევის თუ მშობელთა ჩართულობის ეტიკეტი, გაურკვევლობები გარდაუვალია. ამის მიუხედავად, განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ და სკოლამ უნდა იფიქროს არა სამართლებრივი ბაზის მოწესრიგებასა და იძულების მექანიზმების ამოქმედებაზე, არამედ სკოლების, მშობლების და მასწავლებლების მხარდაჭერის პროგრამებზე.

„მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს განსაკუთრებული მდგომარეობა და მოსწავლეების კიდევ უფრო დიდი ნაწილი აღმოჩნდა ხარისხიანი განათლების მიღმა. გაიზარდა უთანასწორობა. შესაბამისად, ვფიქრობ, უკვე დღეს, მთელი ყურადღება და აქცენტი უნდა გადავიდეს პრობლემის მოგვარებაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ძალიან მალე ამ უთანასწორობის აღმოფხვრას; რა მექანიზმებს შეიმუშავებს სამომავლოდ ზოგადად არსებული უთანასწორობის გამოსასწორებლად; როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას განსხვავებული პოლიტიკის საწარმოებლად; როგორ უზრუნველყოფს ამ პროცესში ფუნქცია-მოვალეობების დელეგირებას და ა. შ. ვფიქრობ, აქცენტი და მსჯელობა ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს და ნაკლებად, სამართლებრივი მექანიზმების შექმნაზე მოსწავლეთა დასწრების იძულებისთვის. აქ უფრო სკოლების, მშობლების და მასწავლებლების მხარდაჭერის მექანიზმებზე უნდა ვიმუშაოთ, რათა თუნდაც ისეთი პროექტები, როგორიცაა ტელესკოლა, თუ მაიკროსოფთ თიმსის მეშვეობით ონლაინ სწავლება, მოსწავლემდე მივიტანოთ და არ დარჩეს მხოლოდ სამინისტროს, თუ ცალკეული დირექტორებისა, თუ მასწავლებლების თავმოსაწონ წამოწყებად“ – აცხადებს შალვა ტაბატაძე.

დაზუსტებით არავინ იცის, რამდენ ხანს არ ექნება ალტერნატივა კომპიუტერულ თუ ტელეგაკვეთილებს. ამ მდგომარეობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს სკოლებისა და მშობლების კომუნიკაციის ხარისხი. პირველ რიგში, მშობელმა იცოდეს, რას ელის სკოლა მისგან? ამ კითხვაზე მასწავლებლის თუ სკოლის ადმინისტრაციის მიერ გარკვევით გაცემული პასუხის გარეშე მშობლებს გაუჭირდებათ, გახდნენ სკოლის კარგი პარტნიორები, დაეხმარონ შვილს წარმატების მიღწევაში და შეუმსუბუქონ შრომა მასწავლებელს.

„სკოლა მშობლისგან ელის, პირველ რიგში, ემოციურ მხარდაჭერას, როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა გაიაზროს, რომ ეს არ არის „ჩვეულებრივი“ სასწავლო პროცესი. ეს ის სივრცეა, სადაც შეიძლება მოულოდნელად ტექნიკური პრობლემა წარმოიშვას ან ყველა გაკვეთილში ჩართვა ვერ მოახერხოს მოსწავლემ, რადგან მისი და-ძმების გაკვეთილები ემთხვევა, ან ვიწროდ ცხოვრობენ და შესაძლებელია ხმაურმა შეუშალოს ხელი. შესაძლებელია, საერთოდაც არ მიუწვდებოდეთ ხელი ინტერნეტსა და კომპიუტერზე. ამიტომ, ემოციური მხარდაჭერა უმთავრესია. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ტექნიკური თვალსაზრისით ყველა რესურსის მობილიზება. ასეთ შემთხვევაში სკოლა და მშობელი თანამშრომლობენ, რა გზით შეიძლება მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა. სკოლა, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარების ხელს  გაუწვდის.“ – ამბობს ჩვენთან საუბარში საჩხერის მე-2 სკოლის დირექტორი, ლიკა გომართელი.

მშობლებისა და სკოლის დისკომუნიკაციის პრობლემა დისტანციურ ფორმატზე გადასვლამ ნაწილობრივ მოაგვარა.  Covid 19-ის ეპოქამ დაგვანახა, რომ მშობლისა და სკოლის ხარისხიანი თანამშრომლობისთვის არც სკოლაში მისვლაა აუცილებელი პირობა და არც ქვეყანაში ყოფნა.

„დღევანდელმა დღემ სკოლებს მისცა შესაძლებლობა, გადახედონ მშობლებთან კომუნიკაციის ფორმებს, გამოიყენონ მრავალმხრივი მეთოდები. ხშირად საუბრობდნენ,  რომ საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა დაბალი იმიტომ იყო, რომ მშობელთა დიდი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მართალია,  სკოლას შეეძლო, საზღვარგარეთ მყოფ მშობლებთან კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმები გამოეყენებინა, თუმცა ამას თითქმის არავინ აკეთებდა. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ სრულიად შესაძლებელია ინტერნეტკომუნიკაცია და შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა  არც ჰქონდეს მშობელთა ადგილმდებარეობას. ეს ნათელი მაგალითია, რომ კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა უნდა გამოიყენოს სკოლამ, რაც მშობლებთან ურთიერთობას გააადვილებს. უფრო მეტიც, მშობლებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, თვითონ შესთავაზონ მათთვის ხელსაყრელი კომუნიკაციის ფორმები და  მშობელთა შემოთავაზებების საფუძველზე განსაზღვრონ კომუნიკაციის სტრატეგია“ – ამბობს შალვა ტაბატაძე ჩვენთან საუბარში.

განათლების სპეციალისტების აზრით, დისტანციურ რეჟიმში მშობლებსა და სკოლას შორის წარმატებული თანამშრომლობის აუცილებელი პირობა სწორი კომუნიკაციაა. რეგულარული კავშირის შემთხვევაში, სკოლა შეძლებს მოლოდინების სწორად განსაზღვრას, უკუკავშირის მიღებას. მშობლები უკეთესი ხარისხით შეძლებენ, დაეხმარონ შვილებს.

„ამგვარი კავშირის გარეშე, ხშირად წარმოიქმნება გაუგებრობები, ვერ ხერხდება სწავლებაში არსებული ხარვეზების დროული გამოსწორება, რაც საბოლოოდ განათლების ხარისხს აუარესებს.“ – აცხადებს ნუცა კობახიძე.

სპეციალისტების რეკომენდაციები მოსწავლეთა მშობლებისთვის და სკოლის თანამშრომლებისთვის:

 

  • ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება – მშობლები და მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვებზე მეტად მათ უჭირთ იზოლაციაში ყოფნა; თუმცა, იქვე ჩამოთვლიან არაერთ შემთხვევას, როგორ გაუარესდა შვილების/მოსწავლეების ხასიათი და განწყობა. ამიტომ მიეცით ბავშვებს საშუალება, გამოხატონ ემოციები. თუ დაიღლებიან, მიეცით უფლება, დაისვენონ. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, გაკვეთილების თუ საშინაო დავალების მომზადების დროს, ბავშვებს აღარ დასჭირდებათ ტყუილის და ხრიკების მოფიქრება. ზრდასრულები კი ზედამხედველის ნაცვლად ბავშვის მეგობრად იგრძნობთ თავს.

 

  • ერთმანეთის მოლოდინების განსაზღვრა – სასურველია, მშობლებმა და სკოლის თანამშრომლებმა ერთმანეთს გაუზიარონ მოლოდინები. კერძოდ, დისტანციურად სწავლების პერიოდში რას ელიან ერთმანეთისგან. ეს სკოლას და მშობლებს ადეკვატური მოლოდინების შექმნაში დაეხმარება.

 

  • კომუნიკაციის სხვადასხვა არხების გამოყენება – ჰკითხეთ ერთმანეთს, ურთიერთობის რომელი საშუალება უფრო მოსახერხებელია თქვენთვის. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ დისკომუნიკაცია და ტექნიკური ხარვეზები. წერილობითი კომუნიკაცია სჯობს, სატელეფონო თუ ვიდეო ზარი, ცალსახა პასუხი არ არსებობს. ეს ორ ან მეტ სუბიექტს შორის შეთახმების საგანია.

 

  • რეგულარული ურთიერთობის დროზე და Online თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება – სასურველია, მშობელი და პედაგოგი წინასწარ შეთანხმდნენ მათთვის სასურველ თავისუფალ დროზე, როცა ორივე მხარეს სცალია აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. ეს დაგეხმარებათ, ჩამოაყალიბოთ რეგულარული კომუნიკაციის წესრიგი, ე. წ. რუტინა. თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება კი გულისხმობს, ისეთ მნიშნელოვან დეტალებს, როგორიც არის ქცევის წესების ჩამოყალიბება, პერსონალური მონაცემების დაცვა, online ჩატარებული კრების დღის წესრიგის განსაზღვრა და სხვა.

 

  • მშობელთა ჩართულობა ერთმანეთის შვილებისთვის – მშობლებს მრავალფეროვანი რესურსი აქვთ, რასაც იშვიათად ახმარენ შვილის თანაკლასელებს. მოსწავლეებს მოსწონთ მათთვის აქტუალურ თემებზე მშობლებთან არაფორმალური საუბრები. შესთავაზეთ სკოლას იდეები და online ჩართვის ფორმატში განახორციელეთ არაფორმალური განათლების აქტივობები. მაგალითად, ისწავლეთ და ასწავლეთ შვილს და მის თანაკლასელებს ონლაინ უსაფრთხოების წესები. ესაუბრეთ პროფესიულ არჩევანზე, ემოციებზე და/ან სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

 

  • სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის მნიშვნელობა – ზოგჯერ მშობელს ან სკოლის თანამშრომელს არ ესმის მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა. ერთ-ერთი ბარიერი ის არის, რომ ეს თანამშრომლობა დამატებით დროს მოითხოვს. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მშობელთა ჩართულობა მთელ სასკოლო საზოგადოებაზე დადებითად აისახება. ამიტომ, დაარწმუნეთ ერთმანეთი, რომ საერთო მიზნის მისაღწევად თქვენთან თანამშრომლობა სასარგებლო და მნიშვნელოვანია. (მაგალითად, შესთავაზეთ მასწავლებელს საგაკვეთილო პროგრამის Power Point-ში აწყობა ან მასთან ერთად მოიფიქრეთ შემოქმედებითი  საშინაო დავალება მიმდინარე საგაკვეთილო საკითხთან დაკავშირებით და ა. შ.  ცხადია, იგივე ან მსგავსი ინიციატივების გამოჩენა მშობლებთან მიმართებაში პედაგოგებსაც შეუძლიათ.)

 

  • ერთმანეთზე ზრუნვა – ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთი მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს ან ზედმიწევნით კარგად ასრულებს თავის მოვალეობებს. როგორც წესი,  გაღიზიანებას იწვევს, თუ მეორე მხარე დისტანციური სწავლის პროცესში არ/ვერ ერთვება. ნუ მიიღებთ პირად შეურაცხყოფად, თუ იგრძობთ, რომ თქვენი ზარებით და წერილებით ვინმეს თავი მოაბეზრეთ. გახსოვდეთ, რომ მთელი ეს პროცესი დროებითია და მსოფლიო პანდემიის პირობებში ხორციელდება. შესაძლოა იმ ადამიანებს – მოსწავლეებს, მშობლებს თუ პედაგოგებს, ახლა სხვა ტიპის დახმარება და თანადგომა უფრო სჭირდებათ, ვიდრე თქვენ სთავაზობთ. ამიტომ, დაზოგეთ ერთმანეთი და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლის ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლად.

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი