პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რუსუდან ფეტვიაშვილი – მასწავლებლობანა ბავშვობაში ყველას უთამაშია

მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებზე.

როგორი იყო თქვენი დროის სკოლა და რა შეიცვალა დღეს?

 

_ ჩემი დაკვირვებით, თუ კლასში ბავშვების ძირითადი ბირთვი სწავლაზეა ორიენტირებული, მაშინ ყველა ცდილობს, საერთო დონეს დაეწიოს. ჩვენს კლასში უმეტესობა კარგად ვსწავლობდით. მე ბევრს ვაცდენდი. გამოფენების გამო ათი დღით ან ორი კვირით ქალაქიდან გასვლა მიხდებოდა. ხშირად საზღვარგარეთაც მივემგზავრებოდი. სკოლაში რომ ვბრუნდებოდი, ორმაგად უნდა მემეცადინა, რომ კლასელებს დავწეოდი. საერთოდ, ჰუმანიტარი ვარ და ტექნიკური საგნების ასათვისებლად განსაკუთრებული ძალისხმევა მჭირდებოდა. მაგიდაზე ალგებრის, გეომეტრიის, ქიმიის და ფიზიკის წიგნები მეწყო და ღამეებს ვათენებდი. მამაჩემი აპროტესტებდა, მათემატიკოსობა ხომ არ გინდაო, მაგრამ გაცდენილი მასალა რომ არ დამეძლია, სკოლაში არ წავიდოდი.

_ იმ დროს რომ დიფერენცირებული სწავლება ყოფილიყო, ანუ მაღალ კლასებში თავად შეგძლებოდათ ჰუმანიტარული თუ ტექნიკური საგნების არჩევა, ისარგებლებდით ამით?

_ არ ვიცი, ვისარგებლებდი თუ არა. ალგებრა, გეომეტრია და სხვა ტექნიკური საგნები, რომლებსაც ვიზეპირებდი და კარგ ნიშნებსაც ვიღებდი, დღეს საერთოდ არ მახსოვს. თუმცა ალბათ მაინც ყველა საგანს ვისწავლიდი, მერე რომ გული არ დამწყვეტოდა.

_ რა მოგწონთ და რა არა სწავლების თანამედროვე მეთოდებში? ხომ არ შეცვლიდით რამეს?


_ ადრე საშუალო განათლებას მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვი იღებდა, ანუ განათლების ხარისხი, დღევანდელივით, სოციალური ფენების მიხედვით არ იყო დაყოფილი. ვიცი, რომ მაღალმთიან რაიონებში ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, რადგან საჭმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სახელმძღვანელოები არ აქვთ. ჩემი აზრით, აუცილებელია, ყველას სწავლის ერთნაირი შესაძლებლობა ჰქონდეს. ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს აუცილებლად უნდა მივცეთ განათლება, იმისთვის, რომ მომავალში თავად შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. თუ ახლა მათ ელემენტარული განათლება ვერ მივეცით, ამით მომავლის შექმნის შანსს წავართმევთ. ჩემი აზრით, განათლება ერთადერთია, რაც ადამიანს თვითდამკვიდრების საშუალებას აძლევს.

_ ბავშვობაში, უცხოეთში ყოფნისას, ალბათ იქაურ თანატოლებთან სკოლის შესახებაც გისაუბრიათ. ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ?

_ უცხოეთში ყოფნისას ჩემს თანატოლებთან შეხება არ მქონია. გამოფენებთან და წიგნის ილუსტრაციებთან დაკავშირებულ შეხვედრებზე ურთიერთობა უფროსებთან მიხდებოდა. მხოლოდ ერთხელ, ოქსფორდის უნივერსიტეტის დათვალიერებისას, ძალიან დამწყდა გული, რომ იქ სწავლის საშუალება არ მქონდა. მაშინ მე-10 კლასში ვიყავი.

_ კონკრეტულად რა მოგეწონათ?

­_ იქ სიმშვიდის, განათლების და ცოდნის აურას ვხედავდი. სიძველის შეგრძნება იყო. თითქოს მე-16 საუკუნის შემდეგ არაფერი შეცვლილიყო. ძველი, უზარმაზარი შენობა, ქვის იატაკი, დიდი ეზო, რომელზეც ბალახი მწვანე ხალიჩასავით ეფინა. გვერდზე ნაკრძალი იყო და ირმები დარბოდნენ. ეკლესიაც ჰქონდათ, სადაც კვირაობით სტუდენტები თვითონ გალობდნენ.

_ კლასელებს გაუზიარეთ შთაბეჭდილებები?

_ კი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მაშინ უცხოეთში სწავლის გაგრძელების საშუალება არ იყო. დღეს, მადლობა ღმერთს, ვისაც ფული აქვს ან სპონსორი ჰყავს, ამასთანავე თუ ნიჭიერია და განათლების მიღებაც სურს, უცხოეთში სწავლა შეუძლია. თავისთავად ეს ძალიან კარგია.

_ თქვენი მასწავლებლები როგორ გახსენდებათ?

_ ყველა კარგად მახსენდება, განსაკუთრებით კი დირექტორი მზია კიწმარიშვილი. მერვე კლასს რომ ვამთავრებდი, ორი ხელშეკრულება მქონდა გაფორმებული: პარიზში “პუბლიკასიონ ორიენტალისთან” _ ვეფხისტყაოსანის ილუსტრაციებზე და საქართველოში _ ქართული ხალხური ზღაპრების გაფორმებაზე. დრო შეზღუდული იყო და ძალიან ბევრი სამუშაო დამიგროვდა. ამ დროს გამოცდების პერიოდიც მოახლოვდა. ჩემმა დირექტორმა იცოდა, რომ გამოცდაზე მოუმზადებელი არ წავიდოდი, ბილეთების მოსამზადებელი დრო კი თითქმის არ მქონდა. რომ არ მენერვიულა, იმდენი იარა განათლების სამინისტროში, გამოცდებიდან გამათავისუფლეს. ჩემთვის ეს დიდი შეღავათი იყო.


_ საყვარელი საგანი თუ გქონდათ?

_ საერთოდ, პედაგოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელს შეუძლია, ბავშვს საგანი შეაყვაროს და შეაძულოს კიდეც. სკოლაში ქიმია არ მიყვარდა, რადგან არ მესმოდა და იძულებული ვიყავი, გაკვეთილი დამეზეპირებინა. ჩემი მეგობრები კი ჩვეულებრივად სწავლობდნენ. ერთ წელს ქიმიის მასწავლებელი შეგვიცვალეს. ახალ მასწავლებელს თვითონ ისე უყვარდა ეს საგანი, რომ გაკვეთილს სიამოვნებით და ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდა. გამუდმებით რაღაც ცდებს ატარებდა. იმ მასწავლებლმა ქიმია ძალიან შემაყვარა. მისი ახსნილი ყველაფერი მესმოდა და სწავლაც მიადვილდებოდა.

_ თავად თუ გიფიქრიათ მასწავლებლობაზე?

_ მასწავლებლობანა ბავშვობაში ყველას უთამაშია, მათ შორის, მეც. სერიოზულად კი სკოლის მასწავლებლობაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან მიმაჩნია, რომ ძალიან რთული პროფესიაა.

_ თუ მაინც მოგიხდათ სწავლება, როგორი მასწავლებელი იქნებით?

_ ბევრჯერ შემოუთავაზებიათ სტუდიის გახსნა და სტუდენტების აყვანა. თუ ამას ოდესმე დავთანხმდი, ბავშვებს აუცილებლად თავისუფლებას მივცემ. მიმაჩნია, რომ ბავშვმა თვითონ უნდა შეძლოს აზროვნება, საკუთარი დამოკიდებულების შექმნა საგნების და მოვლენების მიმართ. პედაგოგმა მას საკუთარი აზრი თავს არ უნდა მოახვიოს. მან საშუალება უნდა მისცეს, რომ მოსწავლემ საკუთარი თავი თვითონ აღზარდოს. უბრალოდ, მასწავლებელი ბავშვს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში უნდა მიეხმაროს და სწავლის პროცესიც სასიამოვნო გახადოს.

_ ეს აბსოლუტურად საპირისპიროა თქვენი მოსწავლეობის პერიოდის განათლების სისტემისა…

_ რა თქმა უნდა, მაშინ მიდგომა სულ სხვანაირი იყო, კრეატიული მომენტი არ არსებობდა. მასალას გვაძლევდნენ და ვიზეპირებდით, ასეთი სწავლის შედეგი კიმოგეხსენებათ რაც იქებოდა.

_ გარდა იმისა, რომ მასწავლებელი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს, თქვენი აზრით, ხარისხიანი განთლებისთვის კიდევ რა არის საჭირო?

_ სწავლა უფასო უნდა იყოს, ასევე წიგნებიც. ყოველ შემთხვევაში, მათი გარკვეული რაოდენობა მაინც ბავშვებს უფასოდ უნდა ურიგდებოდეს. თუმცა ეს დიფერენციაციაც ცუდია: როცა კლასში ზოგი ყიდულობს წიგნს, ზოგს კი უფასოდ აძლევენ, უთანასწორობის მომენტი ჩნდება. რაღაცნაირად ისე უნდა ხერხდებოდეს, რომ ბავშვებს სახელმძღვანელოებით სახელმწიფო უზრუნველყოფდეს.


_ თქვენს დროს სკოლაში ხელოვნება არ ისწავლებოდა, გრძნობდით ამ საგნის დეფიციტს?

_ არა, რადგან მამაჩემი იყო ხელოვანი და ამ დანაკლისს ოჯახი მივსებდა. ვისაც სახლში ხელოვნებას არ ასწავლიდნენ, დიდობისას სწავლობდა. ასე რომ, ეს დიდი ტრაგედია არ ყოფილა. თუ ადამიანს განათლების მიღება სურს, ხელოვნების ისტორიასაც თავად გაეცნობა.

_ ერთი პერიოდი თურქეთში მოსწავლეებს ლექსის წერას ასწავლიდნენ. თქვენი აზრით, ხელოვნების სწავლა შესაძლებელია?

_ მხატვრობაში ელემენტარული ხატვის ნორმების სწავლა შესაძლებელია, მაგალითად, ჩრდილების დადება და სინათლის ამოყვანა. ზოგი ამას ნიჭიერად შეასრულებს, ზოგი _ არა. ვისაც ხატვის მოთხონილება არ აქვს, იმის იქით აღარ წავა, ხოლო ვისაც სურვილი ექნება, პედაგოგის ახსნილს კიდევ უფრო დახვეწს.

ესაუბრა მანანა ხიდაშელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი