პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვწერ მასწავლებლისთვის- ელიზბარ ელიზბარაშვილი

პირველად რიდის გამო დავწერე. მითხრეს, გევალება და უნდა დაწეროო. წერის მეტი რა მიკეთებია, მაგრამ მკაცრ აკადემიურ სტილს მიჩვეული კაცისთვის ლაღი, მარტივი ენით მკითხველთან საუბარი არ იყო ადვილი… არა და არა, დაწერეო. კარგი-მეთქი, უკანა გზაზე კი სამი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ უკვე ვწყევლიდი საკუთარ განაჩენს… ეს იმდენი ხნის წინ იყო, რამდენი ხნისაცაა ეს გაზეთი.

მეორედ რატომღა დავწერე? – წერის თავისუფალმა სტილმა მომნუსხა, თან უფრო მარტივი რომ იყო, თან -რთული…

მესამედ – იმიტომ, რომ გაზეთისთვის წერა ახალ გამოწვევად მექცა, ხელახლა დაბადებისა თუ ნაცნობ-მეგობრებისთვის თავის ხელახლა გაცნობის სადარად. შიშიც დიდი ახლდა ამ მეორედ დაბადებას, და სწორედ ამ შიშის დაძლევის სურვილმა ამაღებინა კიდევ ერთხელ კალამი. შიშის დაძლევაში კი თქვენ მიერ დატოვებული კომენტარები მეხმარებოდა. ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი.

თანდათან მივხვდი – უფრო და უფრო მტკიცედ ვდგამდი ნაბიჯებს, მაგრამ, ახალფეხადგმულის კვალობაზე, თავის შესამაგრებლად ცალი ხელით მაინც ქიმიის მოაჯირს ვიყავი ჩაჭიდებული. ბედად, მყარი საყრდენი აღმოჩნდა…

კიდევ უფრო მერე კალამი იმ სურვილმა ამაღებინა ხელში, რომ მეჩვენებინა: ხელოვნება იმაზე მეტია, ვიდრე ტრადიციულად მივიჩნევთ. საათი, ძრავა, რაკეტა ზოგჯერ ხელოვნების ისეთივე ნიმუშია, როგორიც ფერწერული ტილო თუ მუსიკალური სონატა… აბა, კარგად დააკვირდით საათს – მის ერთ ციდა მექანიზმშიც კი რაოდენი სიმეტრია, რიტმი და რითმაა.

თუ თაფლი გიყვარს, სკაში უნდა ჩაიხედო და ფუტკრების ცხოვრებას გაეცნო. თუ სამყარო გიყვარს, მოლეკულების ცხოვრებაზეც უნდა გქონდეს წარმოდგენა. მათი ენა ყველას არ ესმის და მეც შუამავლობა გადავწყვიტე, მათი დარდისა თუ სიხარულის თქვენს ენაზე თარგმნა და თქვენთვის გაცნობა.

ამ ყველაფრისთვის კი ეს გაზეთი, mastsavlebeli.ge  აღმოჩნდა ყველაზე სწორი ადგილი.

ელიზბარ ელიზბარაშვილის წერილები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი