პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რეკომენდაციები  ეფექტური ვიდეო-გაკვეთილების შექმნისთვის

კითხვა, რომელიც დღეს ბევრ მასწავლებელს გვაწუხებს შემდეგია: როგორ დავგეგმოთ და წარვმართოთ ვიდეო-გაკვეთილი ისე, რომ შევძლოთ საგანმანათლებლო მიზნების მიღწევა და მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი დონის შენარჩუნება?

ნებისმიერი საგანანმანათლებლო რესურსის შექმნისას ჩვენი მიზანი აუდიტორიისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდება ან/და არსებული ცოდნის გააქტიურებაა. ჩვენ გვინდა, რომ მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ ან გაიხსენონ რაიმე. ამ მხრივ არც ვიდეო გაკვეთილებია გამონაკლისი. შესაბამისად ვიდეო იმგვარად უნდა ავაწყოთ, რომ  მაყურებელს თუ მსმენელს გაუადვილდეს ინფორმაციის აღბეჭდვა, შენახვა და აღდგენა. მოდით გავიხსენოთ როგორ მიმდინარეობს ადამიანის მეხსიერების მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესი. მეხსიერების სტრუქტურა წარმოდგენილია სამი საცავის სახით: 1.სენსორული რეგისტრი, 2. ხანმოკლე (მუშა) საცავი, 3. ხანგრძლივი მეხსიერება.

  • სენსორული რეგისტრი შეგრძნების ორგანოების საშუალებით გარემოდან იღებს სტიმულებს, ის დიდი მოცულობის ინფორმაციას აფიქსირებს, იმაზე მეტსაც ვიდრე ადამიანს შეუძლია გადაამუშაოს, თუმცა ძალიან ცოტა ხნით (1-3 წმ), სენსორულ მეხსიერებაში არ ხდება ინფორმაციის გადამუშავება ან დახარისხება, ამ მოვალეობას მუშა მეხსიერება ასრულებს.
  • მუშა მეხსიერება დროებით ინახავს და აქტიურად ამუშავებს სენსორული მეხსიერებიდან მიღებულ სიგნალებს. იგი შედგება ფონოლოგიური საცავისგან (სიტყვები და აკუსტიკური ინფორმაცია, მათი გამეორების შესაძლებლობა), ვიზუალურ-სივრცითი  სქემისა (გრაფიკული ინფორმაცის შენახვა) და ცენტრალური აღმასრულებლისგან ( გადამუშავების პროცესი, ყურადღებასა და სხვა გონებრივი რესურსებს მართვა). მუშა მეხსიერებას ხშირად გაცნობიერებული აზროვნების სამუშაო დაზგასაც უწოდებენ. მისი მოცულობა შეზღუდულია, ის საკმაოდ ცოტა ხნით (5-20 წამი) ინახავს მცირე ინფორმაციას, მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის უფრო დიდი ხნით შესანარჩუნებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ხერხები: გონებაში ან ხმამაღლა გამეორება; დასამახსოვრებელი ინფორმაციის დაკავშირებას იმასთან, რაც უკვე ვიცით; ინფორმაციის დაჯგუფება, დახარისხება.     მუშა მეხსიერებაში დამუშავებული მასალა გადადის ხანგრძლივ მეხსიერებაში.
  • ხანგრძლივი მეხსიერება ინფორმაციის გადამუშავების ბოლო ეტაპია, მასში ინფორმაცია ნელა აღიბეჭდება, თუმცა უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ შენახვას და შემდგომში აღდგენას. ის ინახავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც კარგად არის ნასწავლი. ხანგრძლივი მეხსიერების მოცულობა და შენახვის დრო განუსაზღვრელია. ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ  ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაცია ინახება ვიზუალური ხატების, ვერბალური ერთეულების ან ორივეს სახით. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ვერბალურად და ვიზუალურად მოწოდებული მასალის სწავლა ბევრად ადვილია.

გამოდის რომ, ვიდეოს შექმნისას აუდიტორიას ინფორმაციას ვერბალურთან ერთად ვიზუალურათაც თუ მივაწვდით ჩვენი ვიდეო უფრო მარტივად აღსაქმელი გახდება. გადაცემული ინფორმაციის მოსწავლის მუშა მეხსიერებაში მეტი დროით შენარჩუნებისთვის კი გამეორების, დაჯგუფების ან უკვე ნასწავლთან დაკავშირების მეთოდი დაგვეხმარება.

ინფორმაციის გადამუშავების პროცესზე დაფიქრების და მისი სპეციფიკის გათვალისწინების გარდა ეფექტური საგანმანათლებო ვიდეოების შექმნაში დაგვეხმარება ის რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ფსიქოლოგ რიჩარდ მეიერის თეორიას მულტიმედიური სწავლების შესახებ და ასევე ფსიქოლოგ ჯონ სველერის თეორიას კოგნიტური დატვირთვის შესახებ ეყრდნობა.  პრინციპების გაცნობამდე თვალი გადავავლოთ აღნიშნულ თეორიებს.

კოგნიტური დატვირთვის თეორია

კოგნიტური დატვირთვის თეორია სწავლის პროცესში მუშა მეხსიერებაზე დაკისრებულ საქმიანობას განიხილავს. თეორია სწავლობს, თუ როგორ შეუძლია სასწავლო დავალებებით წარმოქმნილ  არასწორად გადანაწილებულ კოგნიტურ დატვირთვას, ხელი შეუშალოს ახალი ინფორმაციის დამუშავებასა და მის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანას.

თეორია განიხილავს კოგნიტური დატვირთვის სამ ფორმას:

  • არსებითი კოგნიტური დატვირთვა (intrinsic or essential cognitive load) მოიცავს ძირითად სასწავლო დავალებას
  • გენერაციული  კოგნიტური დატვირთვა (germane or generative cognitive load) მოიცავს ინფორმაციის დამუშავებას, მის არსებულ ცოდნასთან და სქემებთან დაკავშირებას და/ან ახალი სქემის აგებას
  • დამატებითი კოგნიტური დატვირთვა ( extraneous cognitive load) მოიცავს არასაჭირო დეტალებს, რომელიც ხელს უშლის ინფორმაციის გააზრების პროცესს. მაგ: რთულ ლექსიკას, ცუდ გაფორმებას, მონოტონურ საუბარს, გარემო ხელისშემშლელ ფაქტორებს  და ა.შ

თუ გვინდა რომ სწავლების პროცესი ეფექტური იყოს, უნდა მოვახერხოთ გენერაციული კოგნიტური გადატვირთვის გაზრდა, აუცილებელი კოგნიტური დატვირთვის გონივრულად მართვა და არასაჭირო/დამატებითი კოგნიტური დატვირთვის მინიმალიზება, ისევე როგორც ეს  სქემაზეა ნაჩვენები.

 

 

როგორც ვნახეთ, თეორია სასწავლო აქტივობასთან მიმართებით მოსწავლის კოგნიტური რესურსის სწორად გამოყენებას/განაწილებაში გვეხმარება. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, მათ შორის ვიდეო რესურსების შექმნისას, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს შემდეგი: ვიდეოებში გამოვიყენოთ მხოლოდ საჭირო ილუსტრაციები, რათა არ მოხდეს ვიდეოს გადატვირთვა, უცხო სიტყვათა რაოდენობა გავაკონტროლოთ, რათა ბევრი ახალი სიტყვით არ დავაბნიოთ მოსწავლეები; სასწავლო თემის მიწოდებისას დავიცვათ ბალანსი, ისე რომ ის არც ძალიან რთული იყოს და არც ძალიან მარტივი, რადგან, ორივე შემთხვევაში დავკარგავთ მოსწავლის ყურადღებას. ხელი შევუწყოთ, მოსწავლის არსებულ ცოდნასთან  ჩვენ მიერ მიწოდებული ახალი ინფორმაციის დაკავშირებას.

კოგნიტური თეორია მულტიმედიური სწავლების შესახებ

მულტიმედიური სწავლება გულისხმობს სწავლების პროცესში ვერბალური და ვიზუალური მასალის გამოყენებას. ასეთი მასალა შეიძლება იყოს ტექსტი, ხმოვანი შეტყობინებები, სტატიკური ან დინამიკური გამოსახულებები. რიჩარდ მაიერის აზრით, სწავლის პროცესს ეფექტურს ხდის სიტყვებისა და გამოსახულებების სწორი კომბინაცია.  მულტიმედიური სწავლების შესახებ მისი თეორია სამ საკითხს მოიცავს:

  • ორმაგი არხი/ორმაგი კოდირება. ამ იდეის მიხედვით ინფორმაციას ვიღებთ ვერბალური და ვიზუალური ფორმით და შესაბამისად ვამუშავებთ მას. ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებისთვის უნდა გამოვიყენოთ ორივე არხი.
  • მუშა მეხსიერების ლიმიტი. რაც ნიშნავს, რომ მუშა მეხსიერება ჩვენ მიერ დანახული ან გაგებული ინფორმაციის მხოლოდ ნაწილის დამუშავებას ახერხებს, ამიტომ მნიშვნელოვანია არ გადავტვირთოთ ის.
  • აქტიური დამუშავება. ეს გულისხმობს, რომ სწავლა არის აქტიური დამუშავების პროცესი, რა დროსაც ხდება ინფორმაციის გაფილტვრა, საჭირო ინფორმაციის გამორჩევა, ორგანიზება და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება. ამიტომ სასწავლო თემა უნდა იყოს რელევანტური, არა გადატვირთული და იძლეოდეს არსებულ ცოდნაზე დაშენების საშუალებას.

 

მულტიმედიური სწავლების პრინციპები

  1. თანხვედრის პრინციპი (Coherence Principle) – ადამიანი უკეთ სწავლობს, როდესაც სასწავლო მასალა გამოსახულებებითა და ხმებით არ არის გადატვირთული.  იმისთვის, რომ ზედმეტმა სურათებმა და ხმებმა მაყურებლის ყურადღება არ გაფანტოს, მნიშვნელოვანია, დავიცვათ თანხვედრის პრინციპი, რომელიც გულისხმობს ერთ ჯერზე ერთი გამოსახულების გამოყენებას და მასთან შესაბამისი ტექსტის თანხვედრას. გვახსოვდეს, რომ ილუსტრაცია დეკორაცია არ არის, ის თემასთან დაკავშირებული უნდა იყოს და პასუხობდეს კონკრეტულ მიზნებს.
  2. მინიშნების პრინციპი (Signaling Principle) – ვიდეოს ეფექტურობას გაზრდის მინიშნებების გამოყენება, რომლებიც ხაზს უსვამს მნიშვნელოვან საკითხებს და მოსწავლეს მასალის აღქმასა და ორგანიზებაში ეხმარება. ასეთი მინიშნებები შეიძლება იყოს, ისრით მინიშნება, შემოხაზვა, ტექსტის გაბოლდება, გაფერადება, ბულეთები და ა.შ.
  3. შემცირების პრინციპი (Redundancy Principle) – მასალის ეფექტურად ახსნისთვის ხშირად ერთდროულად იყენებენ რამდენიმე ხერხს: გამოსახულებას, ხმას, ტექსტს. მულტიმედიური სწავლების შემცირების პრინციპი კი გვირჩევს შევამციროთ გადმოცემის ხერხები. მაგალითად უმჯობესია, რომ ერთ ჯერზე გამოვიყენოთ მხოლოდ გრაფიკული გამოსახულებები და თხრობა (ნარატივი).  ამ ორ ხერხთან ერთად, ეკრანზე ტექსტის დამატება კი არ გაამარტივებს აღქმის პროცესს, არამედ ხელს შეუშლის ინფორმაციის გააზრებასა და გადამუშავებას.
  4. სივრცითი სიახლოვის პრინციპი (Spatial Contiguity Principle) – პრეზენტაციაში/ვიდეოში თუკი მოსწავლეებს ვაჩვენებთ სურათს და ვუთითებთ მის შესაბამის სიტყვას, ეს სიტყვები სურათებთან ახლოს უნდა დავწეროთ.
  5. დროითი სიახლოვის პრინციპი (Temporal Contiguity Principle) – გამოსახულება და მისი ახსნა დროში ერთმანეთს უნდა ემთხვეოდნენ.
  6. დაყოფის პრინციპი (Segmenting Principle) – ინფორმაციის აღქმა და გააზრება უფრო ადვილია, როდესაც ის დაყოფილია ნაწილებად.
  7. წინასწარი სწავლების პრინციპი (Pre-training Principle) – თუკი მოსწავლეებს წინასწარ მივაწვდით იმ ძირითად ტერმინებს, რომელთა გამოყენებასაც ვიდეოში ვაპირებთ, ისინი უკეთ შეძლებენ ვიდეოს შინაარსის გააზრებას.
  8. მოდალობის პრინციპი (Modality Principle) – უმჯობესია გრაფიკულ ინფორმაციას თხრობა, ნარატივი ერთვოდეს და არა დაწერილი ტექსტი.
  9. პერსონალიზაციის პრინციპი (Personalization Principle) – მულტიმედიასწავლების დროს, არაფორმალური, ყოველდღიური სასაუბრო ენით გადმოცემული მასალა ბევრად ეფექტურია, ვიდრე აკადემიურ სტილში, ტერმინოლოგიით გაჯერებული ინფორმაცია.

 

როგორც სურათიდან ჩანს, ამ პრინციპების გამოყენება დაგვეხმარება კოგნიტური დატვირთვის სწორად გადანაწილებაში, რაც თავის მხრივ ვიდეოს ეფექტურობას გაზრდის. მომდევნო რეკომენდაციები კი  მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

 

მოსწავლეთა ვიდეო გაკვეთილებით დაინტერესება

მოსწავლეთა დაინტერესებისა და ვიდეო გაკვეთილებში ჩართულობისთვის უმთავრესია მათ უყურონ ვიდეოს.  ამისთვის კი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ვიდეოს ხანგრძლივობა.  კვლევები ადასტურებს, რომ 6 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეოებს მაყურებლის თითქმის 100% თავიდან ბოლომდე უყურებს. 12 წუთიანი ვიდეოების შემთხვევაში კი მაყურებელთა რიცხვი და ყურების ხანგრძლივობა თითქმის 50%-ით მცირდება. კიდევ ერთი ხერხი, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის მულტიმედიური სწავლების მე-9 პრინციპს ეხმიანება და გულისხმობს საუბრის წარმართვას მარტივი, გასაგები და სახალისო ენით.  კამერის წინ გაკვეთილის ჩატარებისას, მასწავლებელს ალბათ ყველაზე მეტად მოსწავლეთა თვალები აკლია. მართალია, შეიძლება არ ვიცნობდეთ ყველა იმ მოსწავლეს, ვისთვისაც გაკვეთილს ვატარებთ, მაგრამ კამერის ნაცვლად მათი ასაკის ბავშვების წარმოდგენა დაგვეხმარება სწორად განვსაზღვროთ სასაუბრო ლექსიკა, საუბრის დინამიკა და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ბუნებრიობა. ბუნებრიობას მოსწავლეები აუცილებლად შეამჩნევენ და ეს ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას. მოსწავლეთა დაინტერესება მეტად გაიზრდება თუ მასალის მიწოდების პროცესში ისინი იგრძნობენ, რომ გაკვეთილი თითოეულ მათგანზე, ინდივიდუალურად არის გათვლილი. ვიდეო გაკვეთილების შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ ის ელემენტები რომლებიც, ხელს უწყობს ვიდეოს ყურებისას მოსწავლეებში კოგნიტური აქტივობის შენარჩუნებასა და დატვირთვის სწორ გადანაწილებას.  ვიდეო სასურველია გავაჯეროთ ინტერაქტიული შეკითხვებით, ეს მოსწავლეში აღვიძებს გაკვეთილში ჩართულობის მოთხოვნილებას. კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი, შეიძლება იმ ბავშვებსაც გაუჩნდეს, რომლებიც საკლასო ოთახში თავს იკავებენ, რადგან ახლა სახლში არიან საკუთარ კომფორტის ზონაში და უფრო თამამად წარმოაჩენენ თავს.   მიმართულების მიმცემი შეკითხვების გამოყენება არის კიდევ ერთი რეკომენდაცია.  ჩვენ არ ვიცით ვინ უყურებს ჩვენ გაკვეთილებს და როგორია მათი მომზადების დონე, შესაბამისად, მათ ნაწილს მასალის გააზრებისთვის შესაძლოა დასჭირდეს მიმართულების მიმცემი კითხვები. ამასთან, როგორც კვლევები ადასტურებს, ვიდეო ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც ის დაკავშირებულია მოსწავლის სასკოლო სახელმძღვანელოსა და საშინაო დავალებებთან, ეს მას საშუალებას აძლევს  ვიდეოს დახმარებით, რომელიც საინტერსოდ და გასაგებად მიაწვდის ინფორმაციას, უკეთ გაიაზროს სასწავლი მასალა.

მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობაში დაგვეხმარება მათი გაოცება,  მნიშვნელოვანია გაკვეთილი ავაწყოთ იმგვარად, რომ გარკვეული ინფორმაცია, ან აქტივობები მათთვის სიურპრიზი იყოს.  ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა როგორც ვიცით, მოსწავლეები დიდ ყურადღებას აქცევენ, იმას თუ როგორ გამოვიყურებით. გვახსოვდეს, რომ ვიდეოები ბევრად ეფექტური გამოდის, როდესაც ფერადი ტანსაცმელი გვაცვია, ვიღიმებით და რაც მთავარია ერთ ადგილას არ ვართ გაჩერებულები.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი