შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 დამოუკიდებლად მუშაობისა და თვითსწავლის უნარის მნიშვნელობა დისტანციური სწავლებისას

ბოლო თვეებში გასაგები მიზეზების გამო მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. პირველი და უმთავრესი ონლაინრეჟიმში სწავლა-სწავლების პროცესის გადატანაა. ქვეყნები ირჩევენ სხვადასხვა ონლაინპლატფორმებს, შეიმუშავებენ კრიზისთან გამკლავების გეგმებს, თუმცა იმაზე მსჯელობა, რამდენად წარმატებით გაართვეს თავი  საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ ახალ გამოწვევას, ჯერ ნაადრევია.

პროცესში პრობლემებს ქმნის არამხოლოდ ტექნიკური მხარე (მაგ: ინტერნეტით დაფარვა, სიხშირე, კადრების მომზადება), არამედ შინაარსობრივიც. დისტანციურად სწავლის დროს წარმატების მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოსწავლის მზაობაცაა. რამდენად აქვს მოსწავლეს განვითარებული დამოუკიდებლად მუშაობისა და თვითსწავლის უნარი? შეძლებს კი მასწავლებელი საუკეთესოდ დაგეგმილი კურსის პირობებში ყველა მოსწავლესთან შედეგზე გასვლას? ნაწილობრივ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისა და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორის, სუგატა მიტრას ერთი ექსპერტიმენტი მოგვცემს.

პროფესორმა მიტრამ დაახლოებით 20 წლის წინ გადაწყვიტა, დაკვირვებოდა ბავშვების უნარს ესწავლათ და ემუშავათ დამოუკიდებლად. ის თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნავს, რომ კადრების პრობლემა ბევრ ქვეყანაში დგას, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ – კარგ მასწავლებლებს ნაკლებად სურთ იმ ადგილებში ასწავლონ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათი დახმარება. ყველაფერი დაიწყო 1999 წელს, როდესაც პროფესორმა ნიუ-დელის ერთ-ერთ გარეუბანში კომპიუტერი დაამონტაჟა, რომელიც მიწიდან დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე მდებარეობდა. იქ მცხოვრებ ბავშვებს არასოდეს ენახათ კომპიუტერი და არც ინგლისური ენა იცოდნენ. პირველი ექსპერტიმენტი იყო 8 წლის ბიჭუნასა და 6 წლის გოგონას სწავლა-სწავლების პროცესზე დაფუძნებული. კომპიუტერის დამონტაჟებიდან 4 საათის შემდეგ 8 წლის ბიჭი უკვე ასწავლიდა თავის „მოსწავლეს“, 6 წლის გოგოს როგორ გამოეყენებინა ინტერნეტი. ექსპერიმენტის შედეგებმა მიტრა და მისი ჯგუფი დაარწმუნა, რომ ბავშვებს შეუძლიათ, ისწავლონ როგორც ჯგუფში, ასევე დამოუკიდებლად, კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით, ადგილმდებარეობის მიუხედავად.

ექსპერტიმენტის საინტერესო შედეგებმა მიტრას მოტივაცია გაუღვიძა, კვლევა გაეგრძელებინა. მომდევნო ცდა ინდოეთის სხვა რეგიონში ჩატარდა, სადაც ბავშვები იმ მხარისათვის დამახასიათებელი მკვეთრი აქცენტით საუბრობდნენ ინგლისურად. მიტრამ მათ მისცა მაიკროსოფტის პროგრამა, რომელიც საუბრის ტექსტად გადაქცევის შესაძლებლობას იძლეოდა და სთხოვა, მისი დახმარებით ესაუბრათ ინგლისურად. როდესაც ბავშვები აქცენტიანი ინგლისურით საუბრობდნენ, პროგრამა ტექსტს არეულად კრეფდა, აზრის გარეშე. ამით ბავშვებმა დაინახეს, რომ მათი სამეტყველო ინგლისური არ შეესაბამებოდა ორიგინალ ენას. მიტრამ კომპიუტერი ამ ჯგუფთან 2 თვით დატოვა. 2 თვის შემდეგ მოსწავლეთა შედეგები იყო გასაოცარი – ისინი საუბრობდნენ საშუალო ბრიტანული აქცენტით. ამით მიტრამ დაასკვნა, რომ ბავშვებს ინდივიდუალუარად, მასწავლებლის დახმარების გარეშეც კომპიუტერის დახმარებით შეუძლიათ ისწავლონ. მთავარია, გაუღვივოთ ინტერესი და მივცეთ მოტივაცია.

მეორე წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ,  მიტრამ მსგავსი ცდა სამხრეთ აფრიკაშიც ჩაატარა. ხოლო ნიუკასლის უნივერსიტეტის მიერ მიღებულმა სოლიდურმა გრანტმა, რომელიც ინდოეთში სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ეხებოდა, მას საშუალება მისცა, უფრო მასშტაბური კვლევა ჩაეტარებინა. მიტრა შეეცადა, გაერკვია, შეეძლო თუ არა ინდოეთის ერთ-ერთი ღარიბ პროვინციაში მცხოვრებ 12 წლის ბავშვებს დამოუკიდებლად, ინგლისურად ესწავლათ ბიოტექნოლოგია. თავის ერთ-ერთ გამოსვლაში მიტრა ჰყვება:

„მე შევაგროვე 26 ბავშვი და ვუთხარი, რომ ეს რაღაც (კომპიუტერი) ძალიან რთული რამ იყო. ეს მასალები ინგლისურადაა, არ შემიძლია დიდი დახმარება აღმოგიჩინოთ, უბრალოდ გარკვეული დროით დავტოვებ თქვენთან. 2 თვის შემდეგ დავბრუნდი უკან. 26 მოსწავლე მშვიდად შემოვიდა საკლასო ოთახში. „უყურეთიქედან რამეს, რა მასალაც დაგიტოვეთ?“ – ვიკითხე მე. „დიახ, ჩვენ მას ყოველდღე ვუყურებდით, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ“. „როგორ, 2 თვე უყურებდით და ვერაფერი გაიგეთ?“ ამ დროს წამოდგა 12 წლის მოსწავლე გოგონა და სიტყვა-სიტყვით მითხრა: „გარდა იმისა, რომ მოლეკულების არასწორი დაწყვილება  DNA-ში სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, ვერაფერი გავიგეთ“.

ამ კვლევის გამოქვეყნებას მიტრამ 3 წელი მოანდომა და საგანმანათლებლო წრეებში დიდი აჟიოტაში გამოიწვია. ყველაფერი ძალიან იდეალური იყო იმისათვის, რომ სიმართლე ყოფილიყო. როგორ შეძლო 12 წლის ინგლისურის არმცოდნე გოგონამ, ინდოეთის ღარიბი პროვინციიდან გარკვეულიყო ბიოტექნოლოგიებში? როგორ მოახერხა მან გამოემუშავებინა თვითსწავლის ასეთი უნარები?

მხოლოდ მოსწავლეთა თვითსწავლის უნარზე დაფუძნებულმა ამ ექსპერიმენტმა მონაწილე ბავშვების საშუალო ქულები 30%-ით გააუმჯობესა. შემდგომ ამისა, პროფესორმა გადაწყვიტა ხელოვნურად ჩარეულიყო მოვლენების განვითრებაში. მაინც დაიქირავა ბიოტექნოლოგიებში სრულიად გაუცნობიერებელი პიროვნება და სთხოვა, ყოფილიყო ბავშვების მასწავლებელი. ის უბრალოდ უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც ბებია ექცევა შვილიშვილს – მხარი დაეჭირა მისთვის, ყველა მისი ნაბიჯით აღფრთოვანებულიყო და ეკითხა: ეს როგორ გააკეთე? შეგიძლია გაიმეორო? უფრო მეტს ხომ ვერ მაჩვენებ? მომდევნო 2 თვეში მოსწავლეთა შედეგები 50%-ით გაუმჯობესდა. მსგავსი მიღწევა ნიუ-დელის მდიდარი უბნების სკოლების მოსწავლეებს, ბიოტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებლის შემთხვევაშიც არ ჰქონდათ.

მიტრას მომდევნო ექსპერიმენტი (ისევ ინდოეთის ღარიბი პროვინცია) ჯგუფში სწავლებასა და თვითსწავლას ეხებოდა. 32 ბავშვისაგან მან შექმნა 4-კაციანი ჯგუფები და თითო ჯგუფს მხოლოდ 1 კომპიუტერი და 6-პუნქტიანი დავალება მისცა. ბავშვებს შეეძლოთ, ჯგუფი შეეცვალათ, აზრები გაეცვალათ და შემდეგ კვლავ დაბრუნებულიყვნენ თავის ჯგუფში და თან წამოეღოთ იდეები. 2 თვის შემდეგ, წერილობითი ტესტირების დროს მოსწავლეებმა შედეგები 75%-ით გაიუმჯობესეს.

მიტრას მომდევნო ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ მოსწავლეებს აქვთ უნარი გამოიმუშაონ თვითორგანიზებადი სისტემა, რომელსაც უნიკალური სტრუქტურა აქვს. მთავარი მოტივაცია და სწორი მიდგომაა. მისმა მეთოდმა ასობით ბავშვს მისცა შესაძლებლობა, ესწავლა დისტანციურად, კომპიუტერის მეშვეობით ისეთი საკითხები, რის საშუალებასაც მათი სკოლა რესურსების არქონის გამო არ იძლეოდა.

მიტრას ვიდეოების და ლექციების ნახვა შესაძლებელია ted.com-ზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი