პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტექსტის ინტერპრეტირება. მატრიცული სწავლების კვალდაკვალ

დღეს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მიმართულია ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტისკენ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი მარიამ ჩიქობავას განმარტებით, „პროექტის მთავარი მიზანია, ვაქციოთ სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლისთვის სახალისოდ, ისე, რომ ყველა მოსწავლე იყოს ჩართული, დაინტერესებული, არ არსებობდნენ ე.წ. აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები. ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს ისეთი კომპლექსური/პროექტული დავალებების შეთავაზებას, რომელთა შესრულებაშიც ყველა მოსწავლე ჩაერთვება და ყველა გამოავლენს თავის შესაძლებლობებს. რაც მთავარია, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ, რა კომპლექსური დავალება უნდა შეასრულონ თემის გავლის შემდეგ და ამისთვის რა ახალი საკითხების შესწავლა დასჭირდებათ. ეს არის მთავარი და ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი“ (https://www.mshoblebi.ge/).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტის, ქალბატონი თამარ ჯაყელის შეფასებით, პროექტი პიროვნებაზე ორიენტირებულ ხედვას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და სკოლამ შეძლონ მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის, სასკოლო კურიკულუმების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც რეალურად იქცევა მოსწავლის განვითარების გზად.

2019 წლიდან მხარდამჭერი ჯგუფების დახმარებით საპილოტე სკოლებში მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმის დანერგვა, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე სტრუქტურითაც აბსოლუტურად განსხვავდება ამ დრომდე არსებული გეგმებისგან.

რა უპირატესობა აქვს კურიკულუმს, ანუ მატრიცულ სწავლებას?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ბატონი ნიკოლოზ სილაგაძე, განმარტავს, რომ სასკოლო კურიკულუმი არის დოკუმენტი, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და სწორედ იმ გზას და იმ საგანმანათლებლო სერვისს ასახავდეს, რომელსაც კონკრეტული სკოლა ქმნის და სთავაზობს თავის მოსწავლეებს.

კურიკულუმი ახალი ტიპის სასწავლო პროგრამაა, რომელშიც გაწერილია კონკრეტული თემისა და ტექსტის სიღრმისეული შესწავლის ეტაპები. ცოდნის აქტიური კონსტრუირება ხდება სამიზნე ცნებებისა და მკვიდრი წარმოდგენების კვალდაკვალ.

ანბანის შემდგომი პერიოდიდან მეოთხე კლასის ბოლომდე ქართული ენის მატრიცაში წარმოდგენილია შემდეგი სამიზნე ცნებები:

  1. ტექსტის გაგება;
  2. ინტერპრეტირება;
  3. ერთ-ერთი ფუნქციური სამეტყველო მოქმედება შერჩევით (თხრობა, აღწერა, შედარება, საკუთარი აზრის გამოხატვა-დასაბუთება);
  4. გრამატიკული კანონზომიერების აღმოჩენა;
  5. წერა და ჟანრი.

თითოეულ ცნებას ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავს, სახელდობრ რა უნდა იცოდნენ აღნიშნულ ცნებებთან მიმართებით I-IV კლასების მოსწავლეებმა.

თითოეული თემატური მატრიცის დანიშნულებაა კონკრეტული ტექსტის კომპლექსურად, სიღრმისეულად შესწავლა ყველა ცნებასთან მიმართებით და, ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ერთი გაკვეთილის გეგმა – ის გაწერილია 10-12 აკადემიურ საათზე.

 

რა არის კომპლექსური დავალება?

თითოეული ცნების დამუშავების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კომპლექსური დავალება.

„კომპლექსური, შინაარსიანი აქტივობების (კვლევითი პროექტი, სიმულაცია, ლაბორატორიული სამუშაო, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა და სხვა) შესრულების პროცესში მოსწავლე სწავლობს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქციულად და ურთიერთდაკავშირებულად გამოყენებას და სააზროვნო პროცესის კომპლექსურად მართვას. ცოდნის გამოყენებას ახერხებს არა ის, ვინც დაქუცმაცებულად დაისწავლის ცოდნათა ცალკეულ კომპონენტებს, არამედ ის, ვინც ცოდნის კომპონენტების ინტეგრირებულად გამოყენებაშია გაწვრთნილი. ამგვარი ვარჯიშის შედეგად მოსწავლე იძენს დინამიკურ ცოდნას“ (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა).

ჩემი როგორც პროექტის მხარდამჭერი გუნდის წარმომადგენლის კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის თვალით დანახული რეალობა ამგვარია: პროექტში ჩართულ მასწავლებელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ რადიკალურად შეიცვალა მათი დამოკიდებულება მრავალრიცხოვანი ტექსტების შესწავლის მიმართ. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ანუ კურიკულუმის შესაბამისად, მასწავლებლებს აღარ უწევთ „გადარბენით“ სწავლება – ისინი მუშაობენ პარალელებთან ერთად შეჯერებული 15-18 ტექსტის სიღრმისეულად შესწავლაზე ყველა ცნებასთან მიმართებით და, როგორც აღვნიშნეთ, თითოეული ტექსტის დამუშავება გაწერილია 10-12 აკადემიურ საათზე.

თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში (დირექტორი – ლიანა ფუტკარაძე) წარმატებით მიმდინარეობს ახალი სკოლის მოდელის დანერგვა. მინდა, გაგიზიაროთ დაწყებითი კლასების მასწავლებლის ფიქრია ცერცვაძის წარმატებული გამოცდილება – მეორეკლასელების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალება, რომელიც მან წარადგინა ზოგადი განათლების რეფორმის პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელ ფორუმზე.

ძირითადი რესურსი: ლელა ცუცქირიძის „ღრუბელი, რომელიც არ წვიმდა“

ლ. ქისტაური, ი. იაშვილი, ნ. მესხორაძე, ხ. რაზმაძე. ქართული ენა და ლიტერატურა. გამომცემლობა „ტრიასი“

დამატებითი რესურსი: „ავგიას თავლა“, „გოგონა და თოვლის გუნდა“

თემა: მეგობრობა და ზრუნვა

შესაძლო დამატებითი თემატიკა: პასუხისმგებლობა, ბუნებრივი მოვლენები

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

◦ ინტერპრეტირება. ჟანრი – კომიქსი

(ამ შემთხვევაში დაწყვილებულია ორი სამიზნე ცნება: ინტერპრეტირება და ჟანრი)

ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე შემიძლია:

  • ტექსტის მნიშვნელობის ახსნა;
  • ახალი იდეების შემუშავება;
  • ტექსტის წარმოდგენა ახალი კუთხით, განსხვავებული ფორმით.

◦           კომიქსი

  • ამბავი მოყოლილია ნახატებით და „ღრუბლებში“ ჩასმული სიტყვებით.
  • „ღრუბლებში“ ჩასმულია ის სიტყვები, რომლებითაც პერსონაჟები ელაპარაკებიან ერთმანეთს, მათი ფიქრები და ოცნებები.
  • ნახატები ხშირად გამოხატავს პერსონაჟების გრძნობებს, განწყობას.

საკითხი/საკითხები/ქვეცნებები:

თემა, პერსონაჟი, ტექსტის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, სიუჟეტი, დიალოგი

საკვანძო კითხვა:

როგორ გამოვიყენო ჩემი ცოდნა-გამოცდილება და ფანტაზია ტექსტის ახლებურად, განსხვავებული ფორმით/კუთხით წარმოსადგენად?

შენიშვნა: ინტერპრეტირების ცნების დამუშავებამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს ტექსტი სიღრმისეულად შეასწავლა გაგების ცნებასთან მიმართებით, რომელსაც სამი აკადემიური საათი დაუთმო და ამის შემდეგ გადავიდა მეორე სამიზნე ცნების – ინტერპრეტირების დამუშავებაზე.

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები:

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

საკვანძო შეკითხვა: რას მოითხოვს ჩემგან ეს დავალება? რას შევძლებ დამოუკიდებლად? რაში დამჭირდება დახმარება?

ბავშვებო, ჩვენ შევისწავლეთ პატარა ჯიუტი ღრუბლის ამბავი. დღეს თქვენ გელოდებათ ძალიან საინტერესო კომპლექსური დავალება: უნდა წარმოიდგინოთ, რომ ამ მოთხრობის პერსონაჟები ხართ და პატარა ღრუბელს ელაპარაკებით. თქვენი მიზანია, დაარწმუნოთ „გაბუტული“ ღრუბელი, რომ აუცილებლად უნდა გაწვიმდეს. მოიყვანთ არგუმენტებს და აუხსნით, რა მოჰყვება მის სიჯიუტეს. კომიქსის სტილში დახატავთ თქვენს საუბარს „გაბუტულ“ ღრუბელთან და ეცდებით, გადაწყვეტილება შეაცვლევინოთ.

 

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა. სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება

საკვანძო შეკითხვა: ტექსტის მინიშნებებსა და ჩემს ცოდნა-გამოცდილებაზე დაყრდნობით რა და როგორ შემიძლია შევცვალო?

მულტფილმის ჩვენება, ინტერაქცია მულტფილმზე, კითხვები მულტფილმის შესახებ:

– ვინ არიან მეგობრები?

– როგორ ერთობა ერთად ორი სრულიად განსხვავებული მეგობარი – გოგონა და თოვლის გუნდა?

– რა აქვთ მათ საერთო?

– როგორ მოახერხა თოვლის გუნდამ მეგობართან დაბრუნება?

– როგორ შეხვდა გოგონა წვიმად დაბრუნებულ თოვლის გუნდას?

– გაგრძელდა თუ არა მათი მეგობრობა და როგორ?

– მულტფილმის მიხედვით, რას ნიშნავს, იყო მეგობარი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მეგობრებს ერთმანეთთან?

 

ტექსტის ენა

–           როგორ/როგორი ენით მეუბნება ტექსტი?

–           როგორ აღმოვაჩინოთ სიტყვის სამყარო?

აქტივობები:

◦ დაფაზე განლაგებულია ღრუბლის ფორმის ფურცლები, რომლებზეც წერია სიტყვები მოცემული ტექსტიდან: კოკისპირული, ჟუჟუნა, ლეგა, ჯიუტი, თავნება, წიწკანა, დაიბუხუნა.

◦ მოსწავლე თავის მეწყვილესთან ერთად ირჩევს ერთ მათგანს და განმარტავს. ყველა სიტყვის განმარტების შემდეგ დაფაზე ჩნდება „გაბუტული“ ღრუბელი.

◦ მასწავლებელი მოსწავლეებს უნაწილებს შვიდ სიტყვას. ისინი ადგენენ „სიტყვის პირამიდას“ თითოეულ შეთავაზებულ სიტყვაზე.

 

ჟანრის ამოცნობა

მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება კომიქსებზე. ეკითხება, ვის რომელი კომიქსი უყვარს. მოსწავლეები ასახელებენ თავიანთ საყვარელ კომიქსებს.

მასწავლებელი სახელმძღვანელოდან აჩვენებს კომიქსს „ავგიას თავლა“, მოსწავლეები ამოიცნობენ, როდის ოცნებობს (ფიქრობს) პერსონაჟი და როდის ესაუბრება ორი პერსონაჟი ერთმანეთს.

–           საიდან ვიცით, რომ ეს კომიქსია?

 

უნდა გამოიკვეთოს კომიქსის ძირითადი ჟანრობრივი მახასიათებელი:

◦ ამბავი მოყოლილია წარწერებიანი ნახატებით.

◦ დაკვირვება „ღრუბლებში“ ჩასმულ სიტყვებზე იმის გამოკვეთით, რომ ამ სიტყვებით ორი პერსონაჟი ელაპარაკება ერთმანეთს.

◦ დაკვირვება ნახატებზე (რას გამოხატავენ ისინი? – პერსონაჟის მდგომარეობას )

◦ დაკვირვება კავშირზე ნახატებსა და მათ შესაბამის წარწერებს შორის.

 

წყვილებში მუშაობა

წარმოიდგინეთ, რომ ამზადებთ კომიქსს მოთხრობის იმ ნაწილისთვის, რომელშიც მშობლები ელაპარაკებიან პატარა ღრუბელს.

ამისთვის:

◦           წაიკითხეთ საუბარი პატარა ღრუბელსა და მის მშობლებს შორის;

◦           ხაზი გაუსვით იმ სიტყვებს, რომლებსაც წარმოთქვამენ პერსონაჟები და უნდა ჩაიწეროს „სიტყვების ღრუბელში“;

◦           დაწერეთ, რომელი პერსონაჟი წარმოთქვამს ხაზგასმულ სიტყვებს.

მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ ფურცლებზე, რომლებზეც ასახულია:

I – საუბარი დედა და შვილ ღრუბლებს შორის;

II – საუბარი მამა და შვილ ღრუბლებს შორის.

 

პრეზენტაციას წარადგენს წყვილის თითო წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენი წყვილები – მხოლოდ განსხვავებულ ვარიანტებს. მოსწავლეები ამბობენ, რომელ სიტყვებს ჩაწერენ „სიტყვის ღრუბელში“, რომლებს გამოტოვებენ და რატომ.

 

კომპლექსური დავალების შესრულება

მოსწავლეები ქმნიან კომიქსს ინტერპრეტაციით. მათ არგუმენტებით უნდა დაარწმუნონ გაბუტული ღრუბელი, რომ აუცილებლად გაწვიმდეს და აუხსნან, რა მოჰყვება მის სიჯიუტეს. „სიტყვების ღრუბლებში“ უნდა ჩაწერონ, რას ეტყვის პატარა ღრუბელი და რას ეტყვიან მოსწავლეები, რომ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

 

ეტაპი 3. კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

საკვანძო შეკითხვა: როგორ უნდა წარმოვადგინო კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის შედეგები ისე, რომ ეს მსმენელებისთვის საინტერესო და გასაგები იყოს?

წარდგენის წესზე შეთანხმება (შევთანხმდით შემთხვევითი შერჩევის წესზე)

მსმენელის დღიური (რა შეკითხვას დაუსვამ პრეზენტატორს?)

დავალების პრეზენტაცია და განხილვა

მოსწავლეთა თვითრეფლექსია

რას ნიშნავს იყო ნამდვილი მეგობარი, ამ ტექსტების მიხედვით? რით ჰგავს ეს ტექსტები ერთმანეთს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

 

შეფასების კრიტერიუმები:

◦ მოსწავლეს შეუძლია ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე მოვლენათა წარმოდგენა განსხვავებული ფორმით/კუთხით, იდეების გენერირება.

◦           მოსწავლეს შეუძლია მოცემული ტექსტის საფუძველზე კომიქსის შექმნა და ნამუშევრის წარდგენა.

 

ახალი სკოლის მოდელის პროექტი ერთადერთია, სადაც მასწავლებელი დროში არ არის შეზღუდული. ტექსტის ინტერპრეტირებაზე მუშაობა მიმდინარეობდა ორი აკადემიური საათის განმავლობაში. მასწავლებელს შეუძლია, დაამატოს იმდენი საათი, რამდენიც საჭიროა. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება, რომ აუჩქარებლად, გააზრებულად და სიღრმისეულად მოხდეს ტექსტის შესწავლა სამიზნე ცნებასთან მიმართებით.

თბილისის 133-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ფიქრია ცერცვაძემ ინტერპრეტირების ცნების დამუშავება დაასრულა შემოქმედებითად გადაწყვეტილი ორიგინალური ფინალით, გაკვეთილის ინტერპრეტირებული დასასრულით და მოსწავლეთა ძალისხმევით საწვიმრად მომზადებულ ღრუბელს ქოლგა შეაგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი