პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბედის დაცინვა

ადამიანი ყოველთვის ფიქრობს სიკვდილზე. რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს მაინც ყველას მოგვიწევს ამ საშინელი საზღვრის გადალახვა. სიკვდილი მრავალნაირი შეიძლება აღმოჩნდეს. ჰემინგუეის თქმის არ იყოს, მას შავ ზეწარშემოხვეული და ცელმომარჯვებული კაცის სახის მიღების ძალაც შესწევს და არც ის არის გამორიცხული, რომ ველოსიპედზე მოკალათებული გამოგვეცხადოს. სიკვდილი თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგიკულ და მტკივნეულ მოვლენას წარმოადგენს, ის ყოველთვის ამწუხრებს გადარჩენილთა გულებს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის გარდაცვალების დროს ყველა ხვდება, რომ იმქვეყნად გამგზავრებულს ბედმა მწარედ დასცინა.

 

ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჯეიმს კუკის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ შევიტყვე. უდიდესმა მოგზაურმა რამდენიმე ოკეანე გადალახა, რათა ერთი-ორი ახალი კუნძული კი არა, მთელი კონტინენტი აღმოეჩინა. გაუძლო საშინელ ქარიშხლებს, გვერდი აუარა შეუმჩნევლად ჩასაფრებულ გამანადგურებელ მეჩეჩებს, წინააღმდეგობა გაუწია მეზღვაურთა შორის უკმაყოფილებას და ბოლოს მაინც გაიკაფა გზა მშობლიური იმპერიისთვის ახალი მიწის აღმოჩენისკენ. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა? კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ კიდევ რითი უნდა მოეწონებინა თავი ირგვლივ მყოფთათვის? დიდი ლაშქრობის დასრულების შემდეგ კაპიტან კუკს გარანტირებული ჰქონდა დიდებით ცხოვრება. თუმცა, ნატვრას ასრულება არ ეწერა. ჯეიმს კუკი ერთ-ერთი შეტაკების დროს აბორიგენებმა დაატყვევეს და შეჭამეს. ასეთი შემაძრწუნებელი წერტილი დაესვა დიდი მოგზაურის ცხოვრებას.

 

ცოტა ხნის წინ წავიკითხე ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტის, ერიკ რეინერტის წიგნი „რატომ მდიდრდებიან მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად”. პუბლიკაციაში უამრავი საინტერესო ცნობა აღმოვაჩინე ეკონომიკური აზრის ისტორიის მიჩქმალული და ძალით, ხელოვნურად დავიწყებული მოძღვრებების თაობაზე. თანამედროვე გლობალიზაციის ბევრ დამთრგუნველ მახასიათებელსაც მივაკვლიე. გამოცემის მთავარი ღირსება გახლავთ ის, რომ ეკონომიკის მეცნიერების ისტორიასა და თანამედროვეობას ავტორი ცხოვრებისეული მაგალითებისა თუ მკვლევართა თავგადასავლების მოშველიებით წარმოგვიდგენს. სწორედ პროფესორ რეინერტის წიგნიდან შევიტყვე, რომ ფრენსის ბეკონი მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი ფიგურა. ბეკონს შრომის დროს არაკომერციული შემეცნებითი სულისკვეთება ამოძრავებდა. იგი ეკონომიკის მთავარ არსს მხოლოდ მოგებაში არ ხედავდა. ბრიტანელი მოღვაწისთვის ვაჭრობა ახალი ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებასთან გახლდათ დაკავშირებული. ბეკონიც მიიჩნევდა, რომ ეკონომიკურ საქმიანობასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა დარგებს შორის კავშირის წარმოქმნისას, მათ ურთიერთშემავსებელთა ფუნქციები უნდა შეეთავსებინათ. მაშასადამე, მოგება კომერსანტის ქისის მიღმა, ადამიანებისა და მეცნიერების პროგრესისთვის უნდა დახარჯულიყო. თავადაც დღენიადაგ არამხოლოდ ახალი ფილოსოფიური, არამედ  ახალი ტექნიკური ცოდნის დაგროვებისთვის ირჯებოდა. დიდი სწავლულის სიცოცხლე საკმაოდ უცნაურად დასრულებულა: „…ბეკონი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც მას ქარბუქის დროს თოვლში ქათმების ჩაფვლისას დაემართა. იგი ხორცის შენახვაზე ყინვის ეფექტს ცდიდა. ქათმები ყინვამ კი შეინახა, მაგრამ ბეკონი ვერ გადარჩა”. ბედის დაცინვის გარდა, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ გამაოგნებელ ფაქტს – ადრეული ახალი ეპოქის ერთ-ერთი მოწინავე მოაზროვნე გაყინულმა ქათმებმა იმსხვერპლეს!

 

კატალონიური კულტურა მთელი მსოფლიოსთვის ერთ ადამიანთან ასოცირდება. ის პლანეტაზე ყველაზე ცნობილი ადგილობრივია. ბარსელონა მისი დაპროექტებული ნაგებობებით იწონებს თავს. ალბათ, ყველას გსმენიათ არქიტექტორ ანტონიო გაუდის შესახებ. უდიდესმა ხუროთმოძღვარმა მთელი ცხოვრება დაუთმო „საგრადა ფამილიას” ტაძრის მშენებლობას. მშენებლობის უსაშველოდ გაჭიანურებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. უპირველეასად აღსანიშნავია, რომ გაუდი არქიტექტურაში ახალი სტილის დამკვიდრებას ესწრაფვოდა. მას სურდა, გაერღვია წარსულში წარმატებული არქიტექტურული სკოლების მიერ დადგენილი საზღვრები. შესაბამისად, მისი ყოველი ახალი ჩანაფიქრი სრულიად ექსცენტრიკული გახლდათ და მათ ხორცშესხმას დიდი ენერგია და გამბედაობა სჭირდებოდა. გაუდი ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო. „საგრადა ფამილია” მისთვის მხოლოდ ახალი არქიტექტურული ხელწერის ბრწყინვალე გამოვლინებას არ წარმოადგენდა. კათოლიკე ხელოვანს სურდა, რომ ტაძარს განსაკუთებული სიზუსტით გადმოეცა მისი რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც. ალბათ, ამიტომაც გეგმავდა ეკლესიისათვის 18 კოშკის შემოვლებას. თითოეული კოშკი იესოს, ღვთისმშობლის, ნათლისმცემლისა და მოციქულების სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო. გაუდიმ შვიდ ათეულ წელზე მეტი იცოცხლა, გადაურჩა ბავშვობის უმძიმეს დაავადებებს, საშინელ საუნივერსიტეტო წლებს, ხელმოკლეობას, საკუთარი წრის წარმომადგენელთა მხრიდან გარიყვას. ბოლო წლებში განდეგილივით ცხოვრობდა და ცდილობდა სრული სიმკაცრით დაეცვა კათოლიკური წეს-ჩვეულებები. მრავალ უბედურებაგამოვლილი, ოთხმოცს მიტანებული მოხუცი ტაძრის მშენებლობისკენ მიმავალ გზაზე ტრამვაიმ გაიტანა. მას მათხოვარივით ეცვა, თორემ უფრო ორგანიზებულად გაუწევდნენ სასწაფო სამედიცინო დახმარებას და შეიძლება „საგრადა ფამილიას” მშენებლობის დასრულებაც მოესწრო.

 

ცხოვრება ასეთია, შეიძლება მრისხანე ლომი დაამარცხო, მაგრამ ცხოველთა მეფესთან შედარებით უსუსრმა ობობამ მოგიღოს ბოლო. ბედს ვერ გავუგებთ, ვერასდროს ვიწინასწარმეტყველებთ, როდის მოისურვებს იგი ჩვენს დაცინვას. აქედან გამომდინარე, სჯობს, ეს ფიქრები განვაგდო და სიკვდილის ნაცვლად სიცოცხლეზე განვაახლო ფიქრი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი