მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები დისტანციური სწავლებისას

Covid19-ად წოდებულმა ვირუსმა სრულიად შეცვალა სასწავლო პროცესი. მასწავლებლებმა თუ მოსწავლეებმა, ლექტორებმა თუ სტუდენტებმა საკლასო ოთახებიდან ვირტუალურ აუდიტორიაში გადავინაცვლეთ. ეკრანის მიღმა კვლავ ორი მხარეა. სწავლა-სწავლების პროცესი კვლავ უწყვეტია. მხოლოდ მისი ფორმა შეიცვალა.

ვფიქრობ, სწავლების პირველი კვირა ყველაზე დამაბნეველი იყო. ვფიქრობდით, როგორ, რანაირად წარგვემართა გაკვეთილები. ავირჩიეთ პლატფორმა, შევქმენით ვირტუალური კლასები, მოვიწვიეთ მოსწავლეები და გაკვეთილების დაგეგმვაზე დავიწყეთ ზრუნვა.

სასკოლო ცხოვრება რამდენიმე ძირითადი რგოლისგან შედგება. მინდა, გამოვყო სამი მათგანი: მასწავლებელი, მოსწავლე და მშობლები. დისტანციური სწავლებაც გულისხმობს ყველა იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რაც აქამდე გვქონდა.

მასწავლებელი: რას აკეთებდა ის სკოლაში? გეგმავდა მომდევნო დღის გაკვეთილს, ფიქრობდა, რა მეთოდით მიეწოდებინა ახალი მასალა მოსწავლეებისათვის, როგორ განემტკიცებინა ძველი, გაკვეთილისთვის ამზადებდა რესურსებს… რას აკეთებს ახლა? – იმავეს. განსხვავება ისაა, რომ ახლა მასწავლებელს იმ ამოცანების გადაჭრაზეც უწევს ზრუნვა და ფიქრი, რომლებსაც საკლასო ოთახში არ შეჯახებია. მან ისე უნდა დაგეგმოს და წარმართოს გაკვეთილი, რომ ის ეკრანს მიღმა ყველა მოსწავლისთვის გასაგები, ადვილად აღსაქმელი და საინტერესო იყოს; შეამციროს დრო, რათა მოსწავლე დიდხანს არ დარჩეს ეკრანთან, რაც – კოლეგები დამეთანხმებიან – ძალიან რთულია; უამრავი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, გაკვეთილზე ისევ თანაბრად გაუნაწილოს ყურადღება მოსწავლეებს; გაარკვიოს მშობლები ახალ პლატფორმაზე მუშაობის თავისებურებებში, გაუწიოს მათ კონსულტაცია და უპასუხოს უამრავ კითხვას. ახლა მასწავლებელი გაცილებით მეტადაა დატვირთული, ვიდრე სკოლაში მუშაობისას.

მოსწავლეები: რას აკეთებდნენ ისინი სკოლაში? ემზადებოდნენ მომდევნო დღისთვის, ასრულებდნენ დავალებებს, ცდილობდნენ, გაკვეთილზე არ დაეგვიანათ, ყურადღებით ყოფილიყვნენ… ახლა? მოსწავლეებს ახლაც უწევთ გაკვეთილებზე დასწრება. მასწავლებლების მიერ მიცემული დავალების შესრულება, ოღონდ მათ განსხვავებული სახით აბრუნებენ.

ცხრილის მიხედვით გაკვეთილებზე დასწრება მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლე სრულფასოვნად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში. სამწუხაროდ, მოსწავლეების ნაწილი დისტანციური სწავლების დროს ხმას უთიშავს ერთმანეთს, ცდილობს დავალებების თვითნებურად შეცვლას (ეს პრობლემა მაღალ კლასებში დგას განსაკუთრებით მწვავედ), რაც უპატივცემულობაა საკუთარი თავის, თანაკლასელების და, რა თქმა უნდა, მასწავლებლის მიმართ, მისი ძალისხმევის, მის მიერ გაწეული შრომის უგულებელყოფაა, ამიტომ მოსწავლეებს მეტი დაფიქრება მართებთ.

მშობლები: ეს მოსწავლისა და მასწავლებლის დამაკავშირებელი ძირითადი რგოლია. სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა სწავლის შედეგებზე დადებით გავლენას ახდენს. რა ხდება ახლა? სწავლების ახალი ფორმა არც მშობლებისთვის აღმოჩნდა მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი მუდამ მზადაა მათ დასახმარებლად, მაინც უჭირთ მისი რეკომენდაციების შესრულება. არადა, რაოდენ მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ამ დროს! მათ შეუძლიათ, შვილებს შეუქმნან კომფორტული გარემო, რომელიც საკლასო ოთახს ჩაანაცვლებს. წარმოიდგინეთ, როგორ ეშლებათ ხელი მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც, როდესაც საკლასო ოთახში განუწყვეტლივ ისმის დერეფანში მორბენალი ბავშვების ჟრიამული. ასევე ხელისშემშლელია, როდესაც გაკვეთილის მიმდინარეობისას მეზობელი ოთახიდან ისმის ხან ტელევიზორის ხმა, ხან ოჯახის წევრების საუბარი, ხანაც სამზარეულო ელექტრომოწყობილობების ზუზუნი… ხშირად ბავშვს გაკვეთილზე მშობელიც გვერდით უზის, მასწავლებლის კითხვებზე პასუხს კარნახობს, ხან კი თავს ვერ იკავებს და ყველას გასაგონად შენიშვნას აძლევს. იქნება ასეთ პირობებში მოსწავლე მზად ახალი ინფორმაციის მისაღებად? გამოავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს? რა თქმა უნდა, ვერა. მესმის, რომ მშობლების ინტერესი დიდია – მათ ხომ „საკლასო ოთახში“ შეხედვის შანსი მიეცათ, მაგრამ მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი ასეთი ჩარევა ზიანს უფრო მიაყენებს სასწავლო პროცესს, ვიდრე ხელს შეუწყობს. როდესაც საქმე დისტანციურ სწავლებას ეხება, მშობლებს მეტი დაფიქრება მართებთ. მათ მხარდაჭერას შეუძლია, წინ წასწიოს საქმე, უფრო ხელშესახები გახადოს მასწავლებლის შრომის ნაყოფი.

 

ახლა ყველა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთად ვუსვამთ ნიჩბებს და ნელ-ნელა ნაპირისკენ მივიწევთ. ნაპირს მშვიდობით რომ მივაღწიოთ, ყველას: მასწავლებელსაც, მოსწავლესაც და მშობელსაც – თანაბარი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება.

კომენტარები

comments