ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

აუცილებელი სავარჯიშო google search-ის გამოყენებით

კორონავრუსი და რასისტული განწყობები

მაშინ, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯერ კიდევ არცერთი შემთხვევა არ იყო აღრიცხული, სკოლებში ჩვეულებრივი გაკვეთილები ტარდებოდა და ეს მზაკვარი ინფექცია მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ჩინეთის, მართალია, დიდი, ცამეტმილიონიანი, მაგრამ მაინც ერთი ქალაქის პრობლემა ეგონა, ბავშვებს საძიებო სისტემების დახმარებით კონკრეტული პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების რეკონსტრუქციის გზებზე ველაპარაკებოდი. საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ თქვენც მოგიყვებით.

საქმე ის არის, რომ Google-ი, 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის ბოლოს ამზადებს ორწუთიან შემაჯამებელ ვიდეოს, რომელიც გვაჩვენებს, რა მოხდა მნიშვნელოვანი იმ წელს: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, მიგრანტების კრიზისი, ოლიმპიური თამაშები, ნასას ექსპედიციები, ომები, საპროტესტო გამოსვლები, ბრიტანეთის სამეფო კარის ამბები, ბუნებრივი კატაკლიზმები, „ოსკარით“ დაჯილდოებისას წარმოთქმული სიტყვები თუ პოპულარული იუთუბერები – ეს ყველაფერი შეიძლება ნახო ამ მოკლე ვიდეოებში და, რაც მთავარია, გაიხსენო, რომელ წელს რა აღელვებდა და ახარებდა მსოფლიოს დიდ ნაწილს, რა ყოფდა და რა აერთიანებდა, რას გაუმკლავდა და რასთან დამარცხდა. ეს ვიდეოები ახალმა ვირუსმა გამახსენა, რომელიც, მაშინ უკვე ცხადი იყო, მოვლენების მთავარ გმირად იქცეოდა და აუცილებლად შევიდოდა ამ წლის ვიდეოში.

რაც შეეხება გუგლის საძიებო სისტემით დროის კონკრეტული მონაკვეთის რეკონსტრუქციას, ამისთვის არაერთი გზა არსებობს. ყველაზე მარტივი და ბავშვებისთვის ადვილად აღსაქმელი Google trends-ია, რომელშიც 2001 წლიდან დღემდე პოპულარული საძიებო ცნებები, მოვლენები, ადამიანები ქვეყნებისა და თემების მიხედვით შეიძლება გაფილტრო, თუ დროში მოგზაურობას გადაწყვეტ, იმას კი, სად რაზე ფიქრობენ ახლა, რეალურ დროში უყურო დღის განმავლობაში მოძიებული „ტრენდული“ ფრაზების მიხედვით.

ალბათ იცით, რომ Google-მა ჩვენზე ყველაფერი იცის და ყველაფერს, რაც იცის, უზარმაზარ მონაცემთა ბაზებში ორგანიზებულად ინახავს. ის არა მხოლოდ ჩვენი ინტერესების, არამედ ჩვენი შიშების, სტერეოტიპების, სიყვარულებისა და სიძულვილების, ოცნებებისა და სასწორკვეთილი ამოძახილების მცოდნეა და როცა რამის მოძებნას სთხოვ, გეუბნება, რას ეძებდნენ სხვები ამ თემაზე. ეს ერთი შეხედვით არაფრისმომცემი ინფორმაცია კარგად ასახავს სხვადასხვა საზოგადოებაში არსებულ სექსისტურ, რასისტულ, ანტილიბერალურ განწყობებს. არაერთი კვლევა, სტატია და წიგნი არსებობს იმის შესახებ, ერთი მხრივ, როგორ იკვებება Google-ის ალგორითმი ამგვარი განწყობებით, მეორე მხრივ კი თვითონვე როგორ ავრცელებს ამ სტერეოტიპებს, როცა, მაგალითად, “აზიელი გოგოს” ძებნისას მკვეთრად სექსუალიზებულ იმიჯებს გვთავაზობს, “ხელმძღვანელის” ძებნისას – საშუალო ასაკის და სოლიდური გარეგნობის თეთრკანიან მამაკაცს, ხოლო კლიმატის ცვლილებაზე გვეუბნება, რომ მითია. მათი გაცნობა უდავოდ საინტერესოა.

რაც შეეხება მთავარ ამბავს – კორონავირუსს და რასისტულ განწყობებს: ვირუსმა, რომელსაც ჩინეთი რამდენიმე ხანს, დიდი ალბათობით, მალავდა, გამოჩენიდან სულ მალე ააგორა ჩინელების მიმართ რასისტული განწყობების, ინტერნეტმემების და აზიელების მიმართ სიძულვილის ტალღა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ყველა “წვრილთვალებიანს”, მაგალითად, ვიეტნამელებსა და იაპონელებს, უწევდა იმის ახსნა, რომ ჩინელები არ იყვნენ, ჩინელები კი იძულებულები გახდნენ აეხსნათ, რომ საშიშები იყვნენ არა თვითონ, არამედ ვირუსი, რომელიც მათ გარშემო მძვინვარებდა. და თუ ბავშვებს სთხოვთ, მოძებნონ იმიჯები რასისტული განწყობების საილუსტრაციოდ, ნიუსები იმის შესახებ, როგორ გართულდა ჩინელების (და აზიის სხვა ქვეყნებიდან წამოსული ადამიანების) ცხოვრება დედამიწის სხვადასხვა წერტილში, ისინი ბევრ რამეს იპოვიან.

ვირუსი კარგი კატალიზატორი აღმოჩნდა იმაზე დასაკვირვებლადაც, რომელი ქვეყანა როგორ იბრძვის საინფორმაციო ომში. გემახსოვრებათ, როგორ აშენდა ვუჰანში რამდენიმე დღეში სასტუმრო დაავადებულებისთვის. ეს ყველას დაამახსოვრდა. შემთხვევითი შემხვედრები მეუბნებოდნენ, ნახე, რა ყოჩაღები არიან, ჩვენ გზა ვერ დაგვიგია კარგადო. მერე ასევე სწრაფად ნაშენები ჰოსპიტლები დაინგრა და ხალხი მოიყოლა, მაგრამ ეს უკვე ცოტამ ნახა – შრომისმოყვარე და ყოვლისშემძლე ჩინეთის მითში ეს პასაჟი სათანადოდ ვერ ეწერებოდა. ჩინეთს უნდა, ამ ამბიდან ყოჩაღის სტატუსით გამოვიდეს და არავინ იცის, თავისუფლების როგორი შეზღუდვის ფასად დაუჯდათ იქ მცხოვრებ ადამიანებს ვირუსის გავრცელების შეჩერება. მედია წერს იმაზე, როგორ ქრებიან ექიმები, რომლებიც ამ საფრთხეზე ლაპარაკობდნენ, ვიცით, რომ ყველა ინფორმაციას, რაც ჩინეთში ვრცელდება, ხელისუფლება აკონტროლებს. დასავლეთში გვიან იგრძნეს, რომ ამ ვირუსს მართლა არ ჰქონდა ეროვნება და არც სახუმარო რამ იყო. ახლა უკვე საველე ჰოსპიტლებს აშენებენ და გარდაცვლილებს სხვადასხვა ქვეყნებში ათასობით ვითვლით.

უცნაურია და ცოტა სასტიკიც, უთხრა ბავშვებს, რომ უბედურების დროს რასიზმი ყვავის, პროპაგანდისტული მანქანა თავდაუზოგავად მუშაობს და ხალხი განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაგრამ ალბათ ჯობია, იცოდნენ ასეთი ამბებიც, რომ ამ ვერაგი ვირუსის დამარცხების შემდეგ უფრო მეგობრულები, ტოლერანტულები და გახსნილები გავხდეთ, უკეთ ვიგრძნოთ, რომ საერთო უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე განმასხვავებელი, დავინახოთ, რა მყიფეა საზღვრები და რა ხანმოკლე – ადამიანის სიცოცხლე. იქნებ შევძლოთ, უკეთ ვიცხოვროთ.

კორონავირუსს ახლა უკვე საქართველოშიც ახლოს ვეცნობით და გვიწევს, ვირუსთან ერთად თვალებში ჩავხედოთ ჩვენში არსებულ არატოლერანტულ დამოკიდებულებებს, არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებს თუნდაც ჩვენი მეგობარი და მეზობელი ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ამ ვირუსმა ბევრ უბედურებასთან ერთად თუ რამ სიკეთე მოიტანა, ალბათ ესაა: დავინახოთ, რა პირობითია საზღვრები და რა უნივერსალური – ადამიანის სისუსტეები და ამ ბრძოლიდან უფრო ყოჩაღები, მეგობრულები, ჰუმანურები გამოვიდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი