შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რამდენიმე იდეა გეოგრაფიის დისტანციურად სწავლებისთვის

გეოგრაფია ორგანულად იყენებს სხვადასხვა თვალსაჩინოებას თავისი მიზნებისთვის, იქნება ეს რუკები, ფოტოები, ცხრილები, სქემები თუ გრაფიკები. სადაც სასწავლო თემატიკა გამდიდრებულია ვიზუალით ბევრად უფრო მარტივდება მისი ონლაინ ფორმატში სწავლება.

ამ პერიოდში სახლებში მეტ დროს ვატარებთ, მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილებს ვგეგმავთ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსწავლეების მოტივაციისთვის, არამედ ჩვენი პროფესიული განვითარებისთვისაც. რაც მეტ ინტერესს გამოვიჩენთ, არ დავიზარებთ აპლიკაციების თუ საიტების გარჩევას, მოვუყრით მათ თავს და ჩვენს საქაღალდეს გავამდიდრებთ, მით მეტად შევუწყობთ ხელს ჩვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებას,  21-ე საუკუნისთვის აუცილებელი ციფრული კომპეტენციების განვითარებას.

ამ სტატიაში მხოლოდ 4 ციფრული პროგრამისა და საიტის შესახებ, მათი გამოყენების შესაძლებლობებს გაგაცნობთ.

  1. Google Earth – გუგლი დედამიწა

გეოგრაფიის ენა რუკაა, ონლაინ სწავლებისას ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას კედლის რუკები გამოვიყენოთ, რომლებიც ყველა სკოლაში მოგვეპოვება. თუმცა სკოლაში ნაკლებად მიგვიწვდება ხელი Google Earth-ზე საკლასო ოთახების ტექნიკური აღჭურვილობის და ინტერნეტზე წვდომის გარეშე. რაც საკლასო ოთახებმა ვირტუალურ ფორმატში გადმოინაცვლა, ეს დანაკლისი უნდა შევავსოთ და პროცესი გავამდიდროთ ამ შესაძლებლობით. Google Earth – გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში. Google Earth-ს საშუალება აქვს გამოსახულება 3D  ან 2D ფორმატში დავინახოთ. მასწავლებელს შეუძლია მასში ნავიგაცია ისე, რომ მოსწავლეები თავის ეკრანზე ადევნებდნენ თვალს, თუ რა ხდება მასწავლებლის ეკრანზე, რადგან Teams-ს, Zoom-ს,  Google hangout-ს, თუ სხვა პლატფორმებს, ეკრანის გაზიარების საშუალება აქვს. მას აქვს ადგილზე დაწკაპუნებით მასთან მიახლოების ან დაშორების (+ to zoom in, – to zoom out) ფუნქცია, ასევე გვთავაზობს ქუჩების, შენობების ხედვასაც, გვაძლევს საშუალებას პანორამული 360 გრადუსიანი ხედი დავათვალიეროთ ადგილიდან, ვესტუმროთ მსოფლიოს ბუნებრივ თუ ისტორიულ და კულტურულ ღირშესანიშნაობებს, გავზომოთ მანძილი, გავიგოთ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით რა დროს მოვანდომებთ ერთი პუნქტიდან მეორეში თუ გავემგზავრებით. გამოვთვალოთ პერიმეტრი. აქვს სხვადასხვა ფენა, რომელიც ჩვენი მიზნებისთვის შეგვიძლია გავააქტიუროთ. ესენია საზღვრები, გზები, ამინდი, ფოტოები, შენობები და სხვა.

პროგრამის მოხმარების ინსტრუქციები ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ციფრული რესურსების პორტალზე https://www.ict.tpdc.ge/video/120. აქ თქვენ გაიგებთ პროგრამის შესაძლებლობებზე, როგორ უნდა ჩამოტვირთოთ ის და დააინსტალიროთ, გაიგებთ, თუ როგორ უნდა შექმნათ საკუთარი საქაღალდე ნამუშევრების შესანახად. თუ რა ინსტრუმენტები აქვს ადგილის საძიებლად, ტერიტორიის მოსანიშნად, მარშრუტის ასაგებად, რუკის დასამატებლად, ვიდეო ტურის ჩასაწერად. ასევე გაიგებთ, თუ როგორ გამოიყენოთ დროის ხაზი და ნახოთ, როგორ იცვლებოდა განაშენიანება, თუ ბუნებრივი გარემო. გაიგებთ, როგორ მოაწყოთ ფრენის სიმულაცია და ფრენის სიმაღლიდან დატკბეთ ხედებით, მოახდინოთ ადგილის დეშიფრირება, გადაამოწმოთ თქვენი ვარაუდები. უნდა აღინიშნოს, რომ არქეოლოგიაში მრავალი აღმოჩენა(ანტიკური ნასახლარები, სარიტუალო ტაძრები, რომლებიც დაფარული იყო ადამიანის თვალისგან) სწორედ ამ პროგრამის დახმარებით გახდა შესაძლებელი. https://www.discovermagazine.com/the-sciences/how-google-earth-has-revolutionized-archaeology.

ინსტრუმენტის ახსნის შემდეგ, მოსწავლეებს შეიძლება მიეცეთ დავალება, „მოსანახულებლად“ აირჩიონ მათთვის სასურველი ადგილი, შექმნან საქაღალდე, მასში განათავსონ  მოძიებული ინფორმაცია და ჩაწერონ ვიდეო ტური, რომელსაც მოგვიანებით თანაკლასელებს წარუდგენენ. ტურის ჩაწერა შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს გეოგრაფიის, მსოფლიო გეოგრაფიის ფარგლებში, ან კონტინენტების შესწავლისას. დამერწმუნეთ, ასეთ დავალებას მოსწავლეები ხალისით მოამზადებენ და გეოგრაფიის ცოდნასთან ერთად ციფრულ კომპეტენციებსაც გაიუმჯობესებენ.

 

  1. სეტერა გეოგრაფია

ხშირად, გაკვეთილებზე განტვირთვისთვის ან მოსწავლეებში შეჯიბრების მუხტის შესატანად, შეიძლება თემის შესაბამისი ნომენკლატურის გამეორებას ქვიზების სახე მივცეთ.

სეტერას საიტზე https://online.seterra.com/en/  შესვლისას ნახავთ კონტინენტების მიხედვით დაჯგუფებულ თემატურ ჩამონათვალს – ქვეყნებს, დედაქალაქებს, ტბებს, მდინარეებს, მთათა სისტემებს, დროშებს. 300-მდე ასეთი ქვიზია თავმოყრილი, ეს არ არის მხოლოდ დედაქალაქის ან ქვეყნის დასახელება/ამოცნობა, ეს ყველაფერი რუკაზე უნდა განათავსონ მოსწავლეებმა, რაც ამავდროულად უვითარებს მათ სივრცეში ორიენტირების უნარს.

მარჯვენა მხარეს მოცემულია კონტინენტების რუკები, რომელზეც დაწკაპებისას გაიხსნება შერჩეული კონტინენტის რუკა და  ქვედა ველში ისრის ჩამოშლისას მას რამდენიმე ფუნქცია აქვს.

Wikipedia ფუნქციის არჩევისას თუ კურსორს მივიტანთ ქვეყანასთან, მასზე ვიკიპედიის ინფორმაცია გამოისახება; შემდეგი ფუნქცია არის learn, ქვეყანასთან კურსორის მიტანით მისი სახელწოდება და დედაქალაქი გამოიხატება. შემდეგი ფუნქციაა Pin, მისი არჩევის შემდეგ კურსორის გვერდით ეწერება ქვეყნის სახელწოდება, ამ ქვეყანასთან კურსორის მიტანით და დაწკაპუნებით ქვეყნის კონტური გათეთრდება, თუ პირველ ჯერზე არასწორად დააწკაპუნეთ და მეორე ჯერზე იპოვეთ საჭირო ქვეყანა, ქვეყანა ყვითლად შეფერადდება, მესამე მცდელობაზე წარმატების შემთხვევაში, მუქ ყვითლად და შემდეგ წითლად. თამაშის მიზანია, ყველა ევროპული ქვეყანა ამოვიცნოთ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გამოვიყენოთ ამისთვის და, რაც მთავარია, ნაკლები შეცდომა დავუშვათ, რაც საბოლოო რუკის ფერებში აისახება. რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა შეიძლება შედეგები დაასქრინშოთონ ერთმანეთთან შესადარებლად. შემდეგი ფუნქციაა  pin (hard), რაც ამოცანას უფრო ართულებს. სწორი ქვეყნის პოვნისას ის მწვანედ რჩება და  თამაშის დასრულების შემდეგ სრულად გამოჩნდება შედეგის სახით ფერები. შემდეგი ფუნქციაა place the label. ამ შემთხვევაში რუკის ზემოთ ქვეყნების დასახელებები გამოჩნდება და მათზე დაწკაპუნებით და შემდეგ შესაბამის ქვეყანაზე დაწკაპუნებით რუკაზე სწორი წარწერები გამოჩნდება. ბოლო ფუნქციაა type, ქვეყანა შეფერადდება და მის ქვემოთ გამოჩენილ უჯრაში დასახელება უნდა ჩაიწეროს, ამ შემთხვევაში შეიძლება შეკითხვის გამოტოვება, ან დახმარების მოთხოვნა.

ეს საიტი 36 სხვადასხვა ენაზე ფუნქციონირებს. სამწუხაროდ, ქართული მათ შორის არ არის.

საიტი საკუთარი ქვიზის შექმნის საშუალებასაც იძლევა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გეოგრაფია არ არის მხოლოდ ადგილების, დასახლებების, მთების, თუ ქვეყნების ზედმიწევნით სწავლა, მისი მთავარი დანიშნულებაა ადამიანის, ბუნებისა და საზოგადოების შესახებ, მათი ურთიერთქმედების შესახებ კითხვებზე – რა, სად, როდის, როგორ –  პასუხების გაცემა, საზოგადოებაში თუ ბუნებაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, კანონზომიერებების გამოვლენა და ახსნა. ამის გათვალისწინებით, აღნიშნულ ქვიზებს სწავლების პროცესის მხოლოდ მცირე დრო უნდა დავუთმოთ. შეიძლება საბაზო საფეხურზე კონტინენტის შესწავლისას მოსწავლეებს  მივცეთ დავალებად, რომ ივარჯიშონ და შემდეგ გაკვეთილზე შევაჯიბროთ ერთმანეთს, ვინ უფრო მოკლე დროში და სწორად გაართმევს თავს ქვიზს.

  1. ედუმედია

საინტერესო და სახალისო რესურსებია თავმოყრილი ედუმედიას საიტზე. პანდემიასთან დაკავშირებით  რესურსებზე წვდომა ყველასთვის ხელმისაწვდომია. საიტზე შესვლისას შეგიძლიათ აირჩიოთ 8 ენიდან ერთ-ერთი, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ დროებით მომხმარებლად:  Username: covid19; Password: edumedia

ამ პლატფორმაზე, საფეხურის მიხედვით, სხვადასხვა საინტერესო თემაა წარმოდგენილი. ამჯერად, თქვენს ყურადღებას ერთ-ერთზე, ენერგოეფექტურობაზე, შევაჩერებთ. https://junior.edumedia-sciences.com/en/media/576-energy-efficiency?fbclid=IwAR0Uon8Y9egnAixF5jslBzrI-N4jgquHaqrSDp-OTncZlRxxgsCtUb49qlg

მოსახლეობის ზრდა ქალაქებში იწვევს გამონაბოლქვის მატებას. მთლიანობაში ემისიების 25% სწორედ სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ამიტომაა მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას რა წვლილი მიუძღვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში. სწორედ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გავლენა, მათ მიერ ჰაერში გამოტყორცნილი ნახშირორჟანგი ამ ინტერაქტიული თამაშის საშუალებით შეგვიძლია შევადაროთ. თამაში საშუალებას იძლევა, ავირჩიოთ ადამიანების განსხვავებული რაოდენობა (1, 5 ან 300) და დავიწყოთ თამაში. ზედა ველში მოცემულია სატრანსპორტო საშუალება და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის მიხედვით, მოსწავლემ უნდა მიიტანოს თითოეულთან კურსორი და თავისი ვარაუდის მიხედვით გადაანაწილოს ხაზის შესაბამის კვადრატებში. ხაზზე ნაკლებად დამაბინძურებელი საშუალებები უნდა განთავსდეს მარცხნივ მწვანედ შეფერადებულ მხარეს, ხოლო მეტად დამაბინძურებელი ხაზის მარჯვნივ, აგურისფრად შეღებილ ნაწილში. ამის შემდეგ მოთამაშეს  თავისი ვარაუდის შემოწმება შეუძლია.

1 მაგალითად, ადამიანისთვის ყველაზე სასურველ ტრანსპორტად ავირჩიე ველოსიპედი, შემდეგ ტრამვაი, ავტობუსი და ბოლოს პერსონალური ავტომობილი.

შემოწმებისას აღმოვაჩინე, რომ ეს მანძილი ველოსიპედისტმა მართლაც, ნულოვანი გამონაბოლქვით დაფარა. ამდენად, ჩემი პირველი ვარაუდი გამართლდა.

მეორე ადგილზე პერსონალური ავტომობილი აღმოჩნდა, ატმოსფეროში ამ მანძილის დასაფარად მან 1 კგ ნახშირორჟანგი გააფრქვია. მესამე ადგილზე ტრამვაი აღმოჩნდა, რომელმაც 3 კგ ნახშირორჟანგი გააფრქვია და ბოლო ადგილზე აღმოჩნდა ავტობუსი, რომელიც 1 ადამიანის გადაადგილებისას ყველაზე ნაკლებ ენერგოეფექტური აღმოჩნდა და 30 კგ ნახშირორჟანგი გააფრქვია ჰაერში.

იგივე ექსპერიმენტს ვატარებთ 5 და 300 ადამიანის შემთხვევაში და მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს და ამოწმებენ მას. ცალსახად ჩანს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობა, როდესაც საუბარია მჭიდრო დასახლებებზე. ნათლად ჩანს, თუ რამდენად საშიშია პერსონალური ავტომობილები ატმოსფერული ჰაერისთვის და შესაბამისად ადამიანების ჯანმრთელობისა თუ კლიმატცვლილებისთვის.

ამავე პლატფორმაზე თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო რესურსებს, რომელთა ინტეგრირება მოსწავლეთა მოტივაციას აუცილებლად აამაღლებს.

  1. დროის და თარიღის საიტი

შემდეგი საიტი გვეხმარება, სხვადასხვა სარტყელში დროსთან და დროის ცვლილებებთან დაკავშირებული გაუგებრობები შევამციროთ.  https://www.timeanddate.com/ არის გვერდი, რომელიც საშუალებას იძლევა დროსთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გავცეთ. მოცემული არის დროის სარტყლები, კონვერტორი, კალკულატორი, კალენდარი.

საინტერესოა დღისა და ღამის რუკა, რომელსაც ქვემოთ აქვს წუთების/საათების გრაფა, გრაფაზე წინ ან უკან დაწკაპუნებით შესაძლებელია გავიგოთ, როგორ იცვლება დრო სხვადასხვა გეოგრაფიულ სარტყელში.

ქვემოთ მოცემული პირველი და მეორე რუკა გვაჩვენებს ჩვენი დროით დღის 12 საათზე და 12 საათის შემდეგ,  როგორ შეიცვლება მზის ნათება.

 

 

სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვის შემდეგ,  შეგვიძლია თვალნათლივ წარმოვიდგინოთ, სხვადასხვა გეოგრაფიულ სარტყელში დღე-ღამის მონაცვლეობა. ასევე მესამე და მეოთხე სურათები გვიჩვენებს გაზაფხულს, ქვედა სურათებზე მოცემულია ზამთარი, როდესაც ჩრდილო ნახევარსფერო მეტადაა მოქცეული ჩრდილში დედამიწის ღერძის დახრილობის გამო.

მოცემულ საიტზე, თუ  დროის სარტყელში შევალ, კონვერტორს ავირჩევ, შემიძლია მივუთითო თბილისი ან ნებისმიერი ქალაქი, რომლის ადგილობრივი დროც მაინტერესებს. https://www.timeanddate.com/worldclock/converter.html?iso=20200412T080000&p1=371&p2=248 საიტი მყისიერად გვიჩვენებს შედეგს. შეიძლება ამოცანის პირობების ჩამოყალიბება და მოსწავლეებისთვის შეთავაზება. საიტის მეშვეობით ისინი უმოკლეს პერიოდში მიიღებენ პასუხებს. ასევე, თუ შევალთ მსოფლიო საათებში,  საიტი გვიჩვენებს დედაქალაქებს და მათ ადგილობრივ დროს. https://www.timeanddate.com/worldclock/

საიტის შესაბამისი მიმართულებები საინტერესო ბლოგებით და სტატიებში მოცემული ინფორმაციით არის გაჯერებული, რაც მას მატებს საგანმანათლებლო მნიშვნელობას. საიტს აქვს სახალისო ნაწილიც, სადაც მსოფლიოში არსებული სხვადასხვა დღესასწაულებია დღეების მიხედვით დალაგებული. ასევე, თუ  კარჩაკეტილობის პერიოდს ემთხვევა მოსწავლის დაბადების დღე, სათანადო ველებში ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, საიტი გამოთვლის არა მხოლოდ ოფიციალურ დაბადების დღეს, არამედ, დაამრგვალებს წამებს, წუთებს, დღეებს და თვეებს და ალტერნატიული დაბადების დღეების აღნიშვნის იდეებს შესთავაზებს მოსწავლეებს. https://www.timeanddate.com/date/birthday.html

 

იმედი მაქვს, რომ სტატიაში მითითებული რესურსები საინტერესო აღმოჩნდება მასწავლებლებისთვის. ამით არა მარტო დისტანციური სწავლების პერიოდს გაამდიდრებთ, არამედ ახალ უნარებსაც შეიძენთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი