შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ციფრული დრამა, კიბერბულინგი და მათგან თავის დაცვის მეთოდები

ბავშვები და მოზარდები საჯარო სივრცეებიდან გაქრნენ და ონლაინ სამყაროში გადაინაცვლეს. დახურულია სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები. ლექციები და გაკვეთილები ონლაინ ტარდება, მეტი დრო ჩნდება ონლაინ ფორუმებისა და სოციალური ქსელებისთვის, მეგობარს ვიდეო ჩათში ხვდები და ახლობლებსაც იმავე გზით ეკონტაქტები – ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება, სწავლა არ წყდება, კომუნიკაციის ახალი ფორმები მეტ ლეგიტიმაციას იძენს. მომავალი იმაზე მალე დადგა, ვიდრე ველოდით და ჯერ არ ვიცით, რამდენად კარგად ვართ საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, თუმცა ვიცით რისკები, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან.

 

ციფრულ სამყაროში ბავშვებისა და მოზარდების მარტო დატოვება არც ისე უსაფრთხოა – კიბერბულინგი, შანტაჟი და სიძულვილის ენა, სილამაზის სტანდარტები და პირადი მონაცემების დაცვა ვირუსამდელ, არაიზოლირებულ სამყაროშიც გამოწვევას წარმოადგენდა და პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლადებისთვის, მოზარდებისთვის იყო საშიში, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, უკეთ არიან ტექნოლოგიებთან დამეგობრებულები, თუმცა ასაკის და ცხოვრებისეული გამოცდილების სიმწირის გამო მეტად მოწყვლადები არიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ. მათ დაცვა სჭირდებოდათ და ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ.

 

როგორი იქნება ონლაინ გაკვეთილი? რა გამოჩნდება ფონად მათ უკან? კარგად მუშაობს თუ არა მიკროფონი? აქვს თუ არა პრინტერი, სადაც დავალებების ამობეჭდვას შეძლებს – თუ არა, რა ქნას? თქვას, რომ სახლში არ არის მისთვის ცალკე კომპიუტერი ან მიკროფონიანი ყურსასმენი ან საბეჭდი მოწყობილობა თუ დასცინებენ? გულგრილი, ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ ყველაფრის მიმართ, თუ თქვას, რომ ყველაფერი რიგზე არ არის და ამაში მისი ბრალი არაფერია? გაიგებენ ამას მასწავლებლები და მეგობრები? და რა უთხრას მშობელს, რომელიც იქვე ზის და უყურებს, როგორ ურთიერთობს მეგობრებთან, მასწავლებლებთან? ეს ხომ მისი სივრცე იყო აქამდე. ვერავინ, ყოველ შემთხვევაში ოჯახის წევრები ვერ ხედავდნენ, რას ამბობდა, როცა რაღაცას ვერ იგებდა ან როცა თავისი ცოდნის პრეზენტაცია სურდა. რა მოხდება, თუკი ამ ვიდეოგაკვეთილის “სქრინს” ვინმე გაავრცელებს სოციალურ ქსელებში. და რას ვეუბნებით ბავშვებს, რომლებსაც საკუთარი სივრცე ან სულაც სახლში ინტერნეტი და გაჯეტები არ აქვთ, მათ რა უნდა აკეთონ ამ დროის განმავლობაში? მოკლედ, ათასი კითხვა არსებობს, რაც მოზარდებს ონლაინ გაკვეთილამდე ან ონლაინ გაკვეთილის შემდეგ აწუხებთ და თუ გვინდა ეს პროცესი მათთვის ტანჯვად არ იქცეს და მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩანაცვლდეს ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი ონლაინ სწავლებით, უფროსები მზად უნდა ვიყოთ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და მათ გასამხნევებლად.

 

ეს ყველაფერი ცოტა იმას გავს, შორეულ წლებში სკოლის პირველი დღისთვის ზოგს ფეხსაცმელი რომ არ ჰქონდა, ზოგს თავის ზომა ტანსაცმელი და ზოგს ახალი ჩანთა, სახელმძღვანელოების შეძენა ფუფუნებად რომ ითვლებოდა და ყველას ერთად გვაწუხებდა ამ რეალობის გამო უხერხულობა და სირცხვილის გრძნობაც. ჩვენ ვიცით, ეს რას ნიშნავს და წესით არ უნდა გაგვიჭირდეს, მხარი დავუჭიროთ ბავშვებს და ვუთხრათ, რომ ის, რასაც ისინი განიცდიან, არც ჩვენთვის არის უცხო და ამგვარი სევდები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, უბრალოდ ზოგჯერ ფორმას იცვლის, ზოგჯერ არც.

 

კიბერბულინგი და ციფრული დრამები აქამდეც იყო და გულუბრყვილოები თუ არ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ არც არსად გაქრება. მთავარი ისაა, მათგან თავის დაცვა ვისწავლოთ.

 

მასწავლებლები მთელს მსოფლიოში ყვებიან თავიანთი ახალი გამოცდილების და გამოწვევების შესახებ, რაც ახალმა რეალობამ მოიტანა. რამდენიმე რამ შეიძლება გამოდგეს ამ გამოცდილებებიდან:

  • ონლაინ გაკვეთილი არ უნდა იყოს ხანგრლივი და მონოტონური. ბავშვებს უნდა შეეძლოთ ჩართვა და ინტერაქცია. თუკი ვინმეს ტექნიკური საშუალებები არ აძლევს საშუალებას, ჩანდეს ან კონკრეტულ დროს იყოს ონლაინ, ნუ გააკეთებთ ამაზე აქცენტს.
  • ბავშვისთვის, რომელმაც კონკრეტულ დროს ვერ შეძლო გაკვეთილზე ჩართვა ობიექტური მიზეზების გამო, დაუტოვეთ ალტერნატივად გაკვეთილის ჩანაწერი, რომელსაც მოსმენენ, როცა შეძლებენ, თუმცა სხვა მოსწავლეებმა ჩაწერისას უნდა იცოდნენ, რომ პროცესი იწერება და ის, ვისაც ჩანაწერი გადაეცემა, გააფრთხილეთ, რომ მასალის გავრცელება არანაირი გზით არ შეიძლება.
  • ადვილი არ არის, მაგრამ ვიდეო გაკვეთილების გარდა, შესთავაზეთ ბავშვებს კომუნიკაცია სხვა გზებითაც: მაგალითად, მეილით ან, უკიდურეს შემთხვევაში, ტელეფონით იმ შემთხვევებისთვის, თუკი რაიმე ვერ გაიგო ან დაზუსტება სჭირდება. უთხარით მათ, რომ ახლა ყველასთვის რთული დროა და თუ მხარდაჭერა ან დახმარება დასჭირდება, ან კითხვები ექნება, შეუძლია, თქვენი იმედი ჰქონდეს.
  • ამას სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, მაგრამ ვინაიდან ფორსმაჟორია, შეიძლება საკუთარ თავზე აიღოთ და ონლაინ გაკვეთილების დაწყებამდე მოაგროვოთ მონაცემები ბავშვების სახლში სამუშაო პირობების, ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ და გაითვალისწინოთ კონკრეტული “შავი ხვრელები” საგაკვეთილო პროცესში. გახსოვდეთ, რომ ეს ბავშვებისთვის დელიკატური უნდა იყოს და სიფრთხილე გამოიჩინეთ.
  • მასწავლებელი არ არის ის, ვისაც არაფერი ეშლება. ეს ვითარება თქვენთვისაც ახალია და თუკი იმასაც ეტყვით ბავშვებს, თქვენ რისი გეშინიათ, რა გიჭირთ ან რა მოგწონთ ამ პროცესში, ეს მათთვის საინტერესო იქნება და უხერხულობის გრძნობასაც საკუთარი პრობლემების გაზიარებით გაუქრობთ.
  • ეცადეთ, ამ პერიოდის თუნდაც ფრაგმენტული დოკუმენტაცია შეაგროვოთ, არავინ იცის, ეს გამოცდილება როდის და რა ფორმით დაგჭირდებათ. ნებისმიერი მასწავლებლის გამოცდილება საინტერესოა.

 

აი, რამდენიმე რჩევა მშობლებისთვის სანდო წყაროებიდან:

  • დაიცავით ასაკობრივი შეზღუდვა, რაც სოციალურ ქსელებს აქვთ და არ დაარეგისტრიროთ იმაზე პატარები, ვიდრე ამას კონკრეტული სოციალური ქსელის წესები მოითხოვს.
  • აუხსენით ბავშვებს, რომ ციფრული სამყაროც ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, საფრთხეებით და სიკეთეებით და ნებისმიერი საფრთხის დროს შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერის იმედი ჰქოდნეთ.
  • უთხარით მოზარდებს, რომ დაბლოკონ ყველა, ვინც მათ შევიწროებას, შანტაჟს ან დაბულინგებას დააპირებს ონლაინ სამყაროში.
  • შეინახონ ის მტკიცებულებები, რაც მათ მიმართ ძალადობად ან ბულინგად შეიძლება შეფასდეს.
  • მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, უფროსების და თანატოლების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. თუ სჭირდებათ, უნდა ილაპარკონ და არ დამალონ, როცა ვინმე  ავიწროებს, ეს მათი ბრალი და დანაშაული არ არის.
  • ეს თქვენთვისაც სიახლეა და შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ მხარი დაუჭირეთ მათ ონლაინ სწავლებისას. შეეცადეთ შეუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და პერსონალური სივრცე, იყავით მხარდამჭერები და არა მაკონტროლებლები;

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი