სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ონლაინ გაკვეთილები გეოგრაფიაში

უკვე უამრავი სტატია დაიწერა ონლაინგაკვეთილებზე.

ჩვეულ რეჟიმში ძალიან მიყვარს ონლაინმუშაობა. ჩემი სამუშაო რეჟიმი მარტო გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. ამიტომ ვამბობ, რომ მასწავლებლობა სამსახური არ არის, ეს ცხოვრების წესია. განსაკუთრებით პროექტებზე მუშაობის პერიოდში ვაქტიურობთ. მოდელირების დროს ხომ საერთოდ ვაფეთქებთ სოციალურ ქსელს. მაგრამ ახლა ეს ონლაინგაკვეთილები… თუმცა სხვა გზა არ გვქვს. ამ პროცესსაც აქვს თავისი დადებითი მხარე. ახლა ყველაზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს, მოსწავლეებს დავანახოთ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების საჭიროება. განსაკუთრებით გეოგრაფიის გაკვეთილები შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ მიზნით.

მე არ განვიხილავ რამდენად კარგია ონლაინგაკვეთილები ან რამდენად შევძლებთ საგნის ფუნდამენტურ სწავლებას. ეს ტერმინი საერთოდ არ არის ჩემთვის მისაღები, რადგან ვფიქრობ, რომ სწავლა-სწავლების პრინციპებს რადიკალურად ეწინააღმდეგება. პირველი პრობლემა რაც გამოიკვეთა, აღმოჩნდა ახალი მასალის მიწოდება, ანუ ახსნა. ამიტომ იყო საჭირო, რომ მოსწავლეებისთვის გვესწავლებინა დამოუკიდებლად მუშაობა, შემოქმედებითი და კრიტიკული, მეტაკოგნიტური უნარების განვითარება. კრიტიკულმა მდგომარეობამ მე პირადად ნათლად დამანახა არსებული პრობლემები. გაზიარებული რესურსების გაცნობის შემდეგ გარკვეული დასკვნა გამოვიტანე. ამაზე აუცილებლად დავწერ.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ სწავლა-სწავლების პრინციპების დასანერგად, მოსწავლეებისთვის დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებისთვის. საჭიროა ახლა მაინც მივცეთ დავალებები, რომელთა შესრულებაც დაეხმარება მოსწავლეებს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში.

გთავაზობთ კლასების მიხედვით რამდენიმე მაგალითს, როგორ ვხედავ ონლაინგაკვეთილებს.

მაგალითი 1.

 მე-7 კლასი: ბუნებრივი ზონების შესწავლა ისედაც არ მიმაჩნია მარტივად და შეიძლება, არც მარტო სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის დაზეპირებით. ახლა მაინც გვაქვს ამისი შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს მივაწოდოთ ფილმები, რომლებიც თვალნათლივ დაანახებს მათ, როგორ იცვლება ბუნებრივი ზონები. ამისთვის გამოვიყენე BBC-ის ფილმები სერიიდან „პოლუსიდან პოლუსამდე“ და „უდაბნოები“. ამ გვერდზე არის ფილმების ქართული ვარიანტები: https://www.adjaranet.com/movies/1002290/Planet-Earth?lang=GEO&quality=SD&season=1&episode=5&fbclid=IwAR0fzPvcCg3zXzFOZwwBNyo-Yqs2cHvo-xqu6LiSpW3P9DLxXrfagawNKmk.

დავალება ფილმის ყურების დროს – შეავსონ ცხრილი:

 ბუნებრივი ზონა/უდაბნო მდებარეობა ჩამოყალიბების ფაქტორები აღწერა
     

 

 

ონლაინგაკვეთილამდე შეიძლება კონტურული რუკებიც შევავსებინოთ: შექმნან რუკის ლეგენდა და აღნიშნონ ბუნებრივი ზონები.

ამ ცხრილის გამოყენება კარგი იქნება მეორე ფილმის ყურების დროსაც. მოსწავლეები ამ შემთხვევაში ფილმის ნახვის დროს იწერენ უდაბნოებს და აღნიშნავენ მათ კონტურულ რუკაზე.

მაგალითი 2.

მე-8 კლასი: თავდაპირველად ეს პერიოდი გამოვიყენე ნომენკლატურის შესასწავლად-გასამეორებლად და მივუთითე ონლაინთამაშის ვებგვერდის მისამართი: https://www.ilike2learn.com/ilike2learn/geography.asp?fbclid=IwAR1Sm8kIj3PztNLRuldxDaDN_0XTIOh5rP8MP2U_tkqCycbtiSDSP2z9Ak0. ამ გვერდზე კონტინენტების მიხედვით ყველა ნომენკლატურული ერთეული ცალ-ცალკეა გამოყოფილი. საკმაოდ მარტივი და გასაგები თამაშებია, რომლებიც ქულებსაც გიწერს. ამ თამაშის გამოყენება და შედეგების წარდგენა მუდმივ დავალებად შეიძლება გამოვიყენოთ.

პარალელურ რეჟიმში შეგვიძლია სხვა თემების განხილვაც. იმედი მაქვს, დიდხანს არ მოგვიწევს ამ რეჟიმში ყოფნა. მე-8 კლასში რამდენიმე ისეთი თემაა განსახილველი, როდესაც კარგად გამოვიყენებთ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდს. მაგალითად – მიგრაცია, ურბანიზაცია.

მიგრაციის თემა დღეს საქართველოში თითქმის ყველა ოჯახისთვის აქტუალური თემაა. ამიტომ შეიძლება მისი განხილვის პროცესში მშობლების ჩართვაც. მოსწავლეებმა შეიძლება გამოიკითხონ ნათესავ-მეგობრებიდან ვინ სად და რატომ არის წასული ქვეყნიდან. შეავსონ მარტივი ცხრილი.

ქევეყნიდან წასული პიროვნება ასაკი წასვლის მიზეზი ქვეყანა, რომელშიც წავიდა შენიშვნა
 

 

 

       

დისტანციურ გაკვეთილზე შეგროვებულ ინფორმაციას გავაერთიანებთ და დავაჯგუფებთ მიგრაციის სახეების მიხედვით. ცალკე დავაჯგუფებთ გამომწვევ მიზეზებს. შევქმნით კლასტერებს.

შემდეგ ჩვენ მიერ შედგენილ კლასტერებს შევადარებთ სახელმძღვანელოში არსებულ სქემას. საჭიროების მიხედვით მოსწავლეები თავად შეავსებენ გამოტოვებულ ტერმინებს.

დამოუკიდებლად შესასრულებელი (ანუ საშინაო) დავალება: მოსწავლე ეცნობა თემას მიგრაცია, რომელიც მოცემულია სახელმძღვანელოში. ჩამოწერენ მიგრაციის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ანუ ემზადებიან შემდეგი გაკვეთილისთვის, რომელზეც უკვე გამოიყენებენ SWOT ანალიზის მეთოდს. თუ ჯერ არ იციან მეთოდის შესახებ, მაშინ მასწავლებელი აჩვენებს SWOT ანალიზის სქემას და ერთად განიხილავენ თითოეულ ნაწილს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახლაც გამაოცეს ჩემმა მე-8 კლასელებმა. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის მათი მოსაზრებების მოსმენა.

მაგალითი 3.

 მე-9 კლასი: საქართველოს გეოგრაფია ჩემი საყვარელი ნაწილია. მე-9 კლასში ყოველთვის ხალისით შევდივარ ხოლმე. ახლა პირველი, რაც მოვიფიქრე, ტრადიციების გეოგრაფიის განხილვაა.  ჩვეულებრივი გაკვეთილების დროსაც მქონდა ეს თემა დისკუსიის რეჟიმში. ყოველ ჯერზე ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, უამრავ განსხვავებულ აზრს ვისმენდი ჩემი მოსწავლეებისგან. მინდოდა, თავიდანვე გაერჩიათ (განესხვავებინათ) ბავშვებს ტრადიცია, ვალდებულება და ცრურწმენა. დავალება: ოჯახის წევრებთან ჩაატარონ გამოკითხვა, რას ნიშნავს მათთვის ტრადიცია. შემდეგ დაალაგონ მათი შეხდულებისამებრ. ონლაინგაკვეთილზე კი წარმოადგინონ ყველაზე საყვარელი ტრადიცია.

ვარიანტი 2. სადისკუსიო კითხვა: ტრადიცია თავისუფლება თუ…

მაგალითი 4.

მე-10 კლასთან მუშაობა უსაზღვრო შესაძლებლობს იძლევა უკვე. ამიტომაც მათ საკუთარი ემოციის დაწერა ვთხოვე. მათი აზრები სტატიად შევკარი, სათაურიც ერთად მოვიფიქრეთ: „პანდემიური არდადეგები“. წერითი უნარების განვითარება მნიშვნელოვანია. ონლაინგაკვეთილზე უფრო მეტად გამოხატეს ემოციები, საკუთარი დამოკიდებლებების ჩამოყალიბება და გამოხატვა ამ არცთუ ისე მსუბუქ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგალითი 5.

მე-11 კლასი: კორონავირუსი რაც პანდემიად გამოცხადდა, მას შემდეგ ვცდილობ მისი გავრცელების გეოგრაფიული კანონზომიერების ახსნას. გაკვეთილამდე მოსწავლეებს გავუგზავნე  ვებგვერდის მისამართი https://gisanddata.maps.arcgis.com/apps/opsdashboard/index.html#/bda7594740fd40299423467b48e9ecf6, სადაც არის პანდემიის გავრცელების  ინტერაქტიული რუკა და სტატისტიკური მონაცემები. მოსწავლეები თვალ-ყურს ადევნებენ გავრცელების პროცესს, ამუშავებენ მოცემულ სტატისტიკურ მონაცემებს, ეცნობიან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და გაკვეთილზე წარმოადგენენ საკუთარ ხედვასა და გეოგრაფიული გავრცელების ანალიზს. შეეცდებიან, ახსნან გავრცელების კანონზომიერება. დისკუსია გარდაუვალია.

მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გამოცდილება გამოგადგებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი