შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ისევ თებერვალი, ისევ ოკუპაცია

დადგა თებერვალი – ეს თვე, სამწუხაროდ, ქვეყნის ბედის ჩარხის უკუღმა დატრიალებასთან არის დაკავშირებული. ხშირად ვფიქრობ საქართველოზე 1921 წლის ოკუპაციის გარეშე. ხშირად მიჩნდება კითხვა – როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს, თავიდან რომ აგვერიდებინა „გაწითლება“?..

 

1918-1921 წლებში დაარსდა პირველი უნივერსიტეტი, გაიხსნა სკოლები, სასოფლო თემში ყალიბდებოდა კოოპერატივები, საზოგადოებას ჰქონდა ინიციატივები, იმართებოდა კულტურული ღონისძიებები. რუსეთის იმპერიის 117 წლიანი ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ ქვეყანა განვითარების გზაზე იდგა. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები მართვა-გამგეობის კუთხით, ფინანსურ-ეკონომიკური, უამრავი დაშვებული შეცდომა…

 

მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ პარადოქსების პირისპირ დგანან, დავეხმაროთ  ისტორიული ფაქტების გააზრებაში, ვინაიდან  მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობა განსხვავებული კონტექსტით, რაკურსით აწვდიან ინფორმაციას. მაგალითისათვის, 23 თებერვალი მათ დღემდე ე.წ. „კაცების დღე“ ჰგონიათ. მოსწავლეს, ამ თემასთან დაკავშირებით, ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალებად სკოლა და გაკვეთილი რჩება. მათ უნდა ვესაუბროთ – თუ როგორი დემოკრატიული რეფორმის გატარება მოესწრო სამწლიან პერიოდში, მივაწოდოთ პირველი რესპუბლიკის შესახებ ინფორმაცია, სხვადასხვა საგნის ჭრილში. ამ კონტექსტში ყველაზე კარგ საშუალებად მიმაჩნია 1918-1921 წლების მთავარი მიღწევებისთვის ხაზის გასმა, იმ პერიოდის ქვეყნებთან შედარება და ოკუპაციის შემდეგ განვითარებული მოვლენების წარმოჩენა.

 

ამ სტატიის მიზანი არ არის დემოკრატიული მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების, დამარცხების მიზეზებისა და საბრძოლო მოქმედებების სიღრმისეული ანალიზი. სასურველია, შევქმანთ მარტივად ადაპტირებადი რესურსი ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესისთვის. შემოთავაზებული ცხრილის  გამოყენება შეუძლიათ დამრიგებლებს სადამრიგებლო საათზე და სხვა, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, რადგან ის შედარებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის საშუალებას გვაძლევს.

 

დემოკრატიულ-საზოგადოებრივი ძვრები პირველ რესპუბლიკაში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ განვითარებული მოვლენები მსოფლიო ქვეყნები
საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები –

1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალს საქართველოში გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელიც ეპოქალურ მოვლენად შეფასდა. არჩევნებს წინ უსწრებდა მოსამზადებელი სამუშაოები, რისთვისაც შეიქმნა ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო მონაწილე სუბიექტების/პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია და ამომრჩეველთა სიების დაზუსტება. არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიები აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას.

შედეგად, საყოველთაო არჩევნები იმ დროინდელ მსოფლიოში დემოკრატიულად შეიძლება ჩაითვალოს.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პირველი დარტყმა სწორედ ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოებს მიაყენეს. ერთმანეთის მიყოლებით ფუნქცია დაუკარგეს დამფუძნებელ კრებას, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოებს/საბჭოებს, ერობებს და სასოფლო საბჭოებს.

ქვეყნის მართვა-გამგეობა „კომისართა საბჭოს“ დაეკისრა. დაარსდა რევოლუციური კომიტეტები. თანამდებობები კი გახდა დანიშვნითი.

დაიწყო მასშტაბური ტერორი იმ ადამიანების  მიმართ, რომლებიც არ ეგუებოდნენ ოკუპაციას.

პირველი საპარლამენტო არჩევნები ესტონეთში გაიმართა 1920 წლის 27-29 ნოემბერს.

XX საუკუნეში პირველი თავისუფალი არჩევნები პოლონეთში გაიმართა 1919 წელს.

 

დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა მოქალაქეს განურჩევლად სქესისა თუ ეროვნებისა.

საქართველოს დამფუძნებელ კრებაში არჩეულ იქნა 5 ქალი.

ოკუპაციის შემდეგ არჩევნები ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. საბერძნეთში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1930 წელს მიიღეს.

 

ქალებმა დანიის ნაციონალურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1915 წელს მიიღეს.

 

1970 წლამდე შვეიცარიაში ქალებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება.

1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ძირითად მაზრებში საერობო არჩევნები ჩატარდა. რომლის მიზანი ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციების ადგილობრივ ორგანოებზე გადანაწილება იყო.

34 წლის მუსლიმმა ქალმა, ფერი-ხანუმ სოფიევამ,  ყარაიაზის ოლქში გაიმარჯვა და თვითმმართველობის ორგანოში იქნა არჩეული.

საბჭოთა ოკუპაციის პირველივე დღეებში დამყარდა მკაცრი, ცენტრალიზებული სისტემა. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები ბრძანებებს იღებდნენ კომისართა საბჭოდან და რევოლუციური კომიტეტებიდან.  
1921 წლის 21 თებერვალს თბილისში, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუცია აღიარებდა ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს,  კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას, კრძალავდა წოდებრივ განსხვავებებს. დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი ბოლშევიკებმა დაიკავეს.  1924 წელს მიიღეს პირველი საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია.

 

რუმინეთმა დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება 1991 წელს მოახერხა;

თურქეთში პირველი კონსტიტუცია 1961 წელს მიიღეს;

ფინეთში პირველი კონსტიტუცია მიიღეს 1919 წელს;

ესტონეთმა პირველი კონსტიტუცია 1920 წელს მიიღო;

1918-1921 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა კულტურული ღონისძიებები.

მიუხედავად არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა პირველი რესპუბლიკის პერიოდში იყო წინსვლა კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით.

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია აღიარებდა ხელოვნების, მეცნიერებისა და მათი სწავლების თავისუფლებას. სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, ამ სფეროების მფარველობასა და განვითარებაზე.

1918-1921 წლებში შექმნილი კულტურისა და ხელოვნების მიღწევებს დაედო ტაბუ.

ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მოხელეები დევნიდნენ კომუნებს, ცვლიდნენ სოფლის თვითმართველობებს, ახშობდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებს, ხურავდნენ სამეურნეო ამხანაგობებსა და კოორპორაციებს.

 

 

კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ ამ ინფორმაციას, მოარგებთ კონკრეტულ აქტივობას,  ჩართავთ  მოსწავლეებს დისკუსიაში და დასკვნების გამოტანას მათ მიანდობთ.

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გადადგმული ნაბიჯები განაპირობებდა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ხოლო 1921 წელს ბოლშევიკებმა სრულიად საპირისპირო ქმედებები დაიწყეს. ამასთან, საქართველო 1918-21 წლებში არათუ ჩამოუვარდებოდა მაშინდელ დემოკრატიულ მსოფლიოს, არამედ ზოგიერთ სფეროში სჯობნიდა კიდეც.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ – პარიზი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების გამოცემა, 1921 წლის ოქტომბერი;

პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

საქართვცელოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები 1918-1921

https://www.youtube.com/watch?v=KXc0-GGTGVY – დოკუმენტური ფილმი „ინიციატივა არ ისჯება“

https://archive.ge/ka/blog/9 – ყარაიაზის მატრიარქი – ფარი-ხანუმ სოფიევა

https://pirvelirespublika.blogspot.com/ – საქართველოს პირველი რესპუბლიკა

https://en.wikipedia.org/wiki/Women%27s_suffrage – ქალთა ხმის უფლება

https://en.wikipedia.org/wiki/Elections_in_Poland პოლონეთის საარჩევნო ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/1920_Estonian_parliamentary_election ესტონეთის საარჩევნო ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/Constitution_of_Turkey – თურქეთის კონსტიტუციონალიზმის  ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/Constitution_of_Romania – რუმინეთის კონსტიტუციონალიზმის ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/Constitution_of_Finland – ფინეთის კონსტიტუციონალიზმის ისტორია

https://en.wikipedia.org/wiki/Constitution_of_Estonia – ესტონეთის კონსტიტუციონალიზმის ისტორია;

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი