შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გლორიას გულისკენ

ის დრო იყო, როცა ჟურნალ-გაზეთებს ვიწერდით და მეგობრებს რამდენიმეგვერდიან ხელნაწერ წერილებს ვუგზავნიდით. სხვანაირად ვერც წარმოგვედგინა. კინო მიყვარდა და მოუთმენლად ველოდი იმ ქართულ თუ რუსულ ჟურნალებს, რომლებშიც კინოზე დაწერილის წაკითხვა, მსახიობების ფოტოების ნახვა, რაღაც ახლის მიგნება შეიძლებოდა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეულის მეტ-ნაკლებად იდეოლოგიზებული გამოცემები კი იყო, მაგრამ სხვაგან სად ვნახავდი, თეთრბაფთიანი, სკოლის ფორმიანი მოსწავლე ჯესიკა ლენგისა თუ შირლი მაკლეინის ფოტოებს? ან როგორ შევიტყობდი, რომ ინგმარ ბერგმანმა ბავშვებისა და ბავშვობის შესახებ გასაოგნებელი ფილმი – „ფანი და ალექსანდერი“ გადაიღო?

ერთი ვრცელი სტატიის სათაური დღემდე თვალწინ მიდგას: „ეკრანებზე „გლორიას“ გამოსვლის გამო“. რა თქმა უნდა, სიტყვაც არ მახსოვს ჯონ კასავეტისის ფილმის იმ შორეული მიმოხილვიდან, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, როგორ მომინდა „გლორიას“ ნახვა და რა სასოწარკვეთით გავაცნობიერე მძაფრი სურვილის ასრულების შეუძლებლობა. ვხვდებოდი, რომ ჩემთვის – კითხვებისა და პასუხების თავბრუდამხვევ სიმრავლეში ჩაკარგული მოზარდისთვის ახალი კარი იღებოდა, ახალი სინამდვილისკენ მიმავალი გზა იწყებოდა. აქამდე ამ ფილმის მსგავსიც არაფერი უნდა მქონოდა ნანახი.

„გლორიას“ ყოველი ნახვისას მახსენდება მაშინდელი უმწეობა, სასოწარკვეთა, ბედთან შეგუების მწარე განცდა. ყოველ ჯერზე გამარჯვების სიხარულსაც ვგრძნობ – ახლა ხელს ვეღარაფერი შემიშლის, შემიძლია კადრი გავაჩერო და დიდხანს, თვალმოუშორებლად ვუყურო ჯენა როულენდსს, მისი სახის, მზერის, ღიმილის წაკითხვა ვცადო.

ჯენა როულენდსი მთავარი გმირის, გლორია სვენსონის როლს ასრულებს – 40 წელს გადაცილებული, დამნაშავეთა სამყაროსთან დაახლოებული ქალისას, რომელსაც ბავშვები არ უყვარს და რომელიც თავისდა უნებურად იქცევა ექვსი წლის ობოლი ბიჭის მფარველ ანგელოზად. მეგობრობა და სიყვარული სწორედ იქ იწყება, სადაც, ერთი შეხედვით, ლოგიკური წინაპირობები არ არსებობს მათ გასაჩენად. ბიჭს პუერტორიკოელი მშობლები ჰყავდა, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდნენ გლორია სვენსონისგან – როგორც გარეგნული იერით, ისე ცხოვრების წესით. და მაინც, ამ პატარა გმირის უფრო გვესმის: გარემოებები აიძულებს, მეტისმეტად ადრე ჩაანაცვლოს დედა სხვა ქალით – პირველივე კაბის ბოლოს მაგრად ჩაეჭიდოს.

დაუვიწყარია მათი დიალოგები.

– გიყვარვარ?

– არა. თითქმის არც კი გიცნობ.

– მართლა? 

– და რა გინდა?

– არ ვიცი. როცა იზრდები, უფრო გამბედავი ხდები და შეიძლება აღარც კი გეშინოდეს. ისე, როცა რაღაც ხმაური გესმის, გეშინია, აბა რა.   

– მე არაფრის მეშინია.

– არც კოშმარების?

– არა, არაფრის.

– სიზმრებს არ ხედავ?

– არა.

– ეს როგორ? უბრალოდ, თვალებს ხუჭავ და ყველაფერი შავდება?

– მოიცა! შენ რა, გინდა, რომ ამის გამო შემრცხვეს?   

– არა, ვცდილობ, რაღაც გითხრა. ვცდილობ…

– რა-ა?

– ვინმე გყვარებია?

– დაივიწყე. შენზე სამოცი ფუნტით მეტი ვარ… მომასვენე ერთი…

ახლა ხომ ნათელია, რა ფილმია ჯონ კასავეტისის „გლორია“, რომელიც 1980 წელს გამოსულა და მაყურებლების გულებამდე გზის გაკვალვაც მოუხერხებია. აბა, როგორ უნდა მეცხოვრა მისი ნახვის გარეშე?

მთავარი გმირის მოტივაციის გამოცნობა კი მართლაც ძალიან რთულია – რა აიძულებს ამ ქალს საკუთარი ცხოვრების ამოტრიალებას, მაფიოზურ კლანთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმას, უცნობი პატარა ბიჭის გამო თავის გაწირვას? ამას ვერასდროს შევიტყობთ. ვიღაც „დედობრივ ინსტინქტს“ ახსენებდა და მტკიცებას მოჰყვებოდა, რომ ქალს ბავშვები მაშინაც კი უყვარს, როცა ხმამაღლა ამბობს, რომ არ უყვარს. მაგრამ ეს სარწმუნოდ არ მეჩვენება. უფრო დამეგობრების, შეყვარებისა და საკუთარი ანარეკლის სხვაში დანახვის ამბავი მგონია. ბოლომდე სასოწარკვეთილ გლორია სვენსონს ცხოვრება წარმოუდგენელ საჩუქარს უმზადებს – ამიერიდან მის არსებობას აზრმოკლებული ვეღარაფრით დაერქმევა. მზად იყო ამისთვის? ალბათ, არა, მაგრამ ალღომ უკარნახა, რომ არაფრის ფასად არ უნდა დაეთმო მისკენ ხელგამოწვდილი ბიჭის მომნუსხველი მზერა.

შესაძლებელია სრულფასოვანი, გულწრფელი, ამა თუ იმ ეპოქისათვის მისაღები წარმოდგენებით დაუმძიმებელი ურთიერთობა უფროსებსა და ბავშვებს შორის? ეს ის კითხვაა, რომელიც კასავეტისს უნდა გასჩენოდა – არა იმიტომ, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაეცა და აღმომჩენის სიხარული მაყურებლისთვის თავს მოეხვია. აქ უფრო დიდი სიხარულია – გადამდები, წინასწარ ნაგრძნობი. თითქოს ყოველთვის ვიცოდით, რომ გლორიას გული ღია იყო, მისკენ მიმავალი გზა კი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა უსაშველოდ გრძელი, დაუძლეველი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი