შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სოციალური მედია ისტორიული ამბების მრავალმხრივი თხრობისთვის

გითხარით ხომ, ერთ-ერთ სკოლაში უფროსკლასელებისთვის ინტერნეტში სამოქალაქო აზროვნების კურსის კითხვა დავიწყე. ერთხელაც გაკვეთილის წინ ვფიქრობდი, რომ მეორე დღეს ბავშვებს მოვუყვებოდი იმაზე, როგორი პასუხისმგებლობა ახლავს ინტერნეტში რაიმეს გამოქვეყნებას და რომ თითოეული ჩვენი დაწერილი ტექსტი, გადაღებული ფოტო ან ვიდეო ფაქტობრივად ჩვენი ციფრული ნაკვალევია, რომელსაც ამ სივრცეში ვტოვებთ და იმასაც ვეტყოდი, რას ვფიქრობ ხოლმე, როცა მაგალითად მიმდინარე ახალ ამბებს ვაშუქებ. ადრე, როცა ისტორიის მოყოლა რჩეულთა ხვედრი იყო, ვინც წერა კითხვაც იცოდა, ამბების მოყოლის უნარიც ჰქონდა, შესაბამისი ნდობაც და ხარის ტყავი თუ ქაღალდიც საწერად, მხოლოდ ერთი ნარატივი არსებობდა, დღეს კი ციფრული სამყარო გვაძლევს საშუალებას, ყველამ ერთად შევქმნათ ისტორია და ის ბევრად არაერთგვაროვანი და მრავალშრიანია, მეტი დოკუმენტაციით, მეტი ავტორით, წყაროთი და მკითხველით.

 

ჩვენ, ვინც ამბებს ვწერთ, ისე ვართ ამბებით და სხვა ყოველდღიური თავსატეხებით მოცულები, თითქმის არ ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, რომ წლების მერე შესაძლოა ეს ისტორია გახდეს ვიღაცისთვის ამ დღის სურათის აღდგენისთვის საჭირო მასალა, ამის მიხედვით იმსჯელოს ვინმემ სამყაროს სხვა წერტილში და შესაბამისად, პასუხისმგებლობა დიდია და ამის არდავიწყება მნიშვნელოვანია. ამის თქმა მინდოდა ბავშვებისთვის და იმის მოყოლა, როგორ  ვზომავ ხოლმე სიტყვებს, როცა მაგალითად, მიტინგის დარბევას ვაშუქებ, თვალდათხრილ თინეიჯერს ველაპარაკები, მასწავლებელზე ვწერ, რომელმაც ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ გაილაშქრა და თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი და როგორ ვარწმუნებ ამ ხალხს, მოყვნენ თავიანთი ამბები, სწორედ იმიტომ, რომ ისინი უნდა იყვნენ ამ ამბების სახეები. და თუ ისინი არ მოყვებიან ამბებს, სხვები მოყვებიან მათ ნაცვლად იმას, რაც შესაძლოა არ იყოს მართალი ან სულაც შეეცდებიან თავიანთი თავები აქციონ გმირებად. ვის არ უნდა გმირობა.

 

ციფრული ნაკვალევებს საფრთხესთან ერთად სიკეთეც მოაქვს. შეგვიძლია რაღაც ისეთი მოვყვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც უხილავზე მივაპყროთ ხალხის ყურადღება, ან უბრალოდ მოვნიშნოთ ჩვენი თავები კონკრეტულ დროს კონკრეტულ სივრცესა და მდგომარეობაში. და ვუყვებოდი, როგორი მნიშვნელოვანია მაგალითად სულ ახალი ამბების გამოძიებისას ღია წყაროებზე მუშაობა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება და ისე დალაგება, რომ ამბავი შედგეს, ფაზლი აიწყოს.

 

ისტორიებს დღეს სქელი წიგნებიდან და ძველი ხელნაწერებიდან მხოლოდ ამ სფეროს სპეციალისტები სწავლობენ და სხვა ყველა ამა თუ იმ მოვლენაზე ინტერნეტიდან იღებს ინფორმაციას. საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის უამრავი ნაწილი ფაქტობრივად არ არსებობს ინტერნეტში და თუკი ბავშვებს ეცოდინებათ, როგორ ყვებიან სხვები ისტორიას ონლაინ, შესაძლოა ერთ დღესაც მათ ამ საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსება საკუთარ თავზე აიღონ და ვაჩვენე რამდენიმე არხი სოციალურ ქსელებში, როგორც მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოყვე ისტორიული ამბები მრავალმხრივად სოციალურ ქსელებში ამ ქსელების სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

აი მაგალითად. 9/11 ინსტაგრამზე

 

11 სექტემბრის ტეროტისტული აქტისას დაღუპებისადმი მიძღვნილი მუზეუმისა და მემორიალის ინსტაგრამ გვერდზე იმ ხალხს ნახავთ, ვინც ამ საზარელ ამბავს შეეწირა, მათ ნივთებს, რომელიც მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილია და მათაც, ვინც ამ ადგილს სტუმრობს. თავად მუზეუმის საიტზე კი მოვლენების ქრონიკა, ზეპირი ისტორიები და ის ამბები დაგხვდებათ, რომელიც წინ უძღოდა და ამწიფებდა ტერორისტულ აქტს.

 

ამბავი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანის შვილისა იუთუბზე – გრაფიკული ვიდეო, რომელიც ჰყვება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ეპიზოდის ამბავს, რომელიც თავად გადაიტანა, მას შეეხო. ნახატებით აღდგენილი ამბები შთაბეჭდილებას თუ მოახდენს და ამ თემით დაინტერესდებით, ეს არხიც შეგვიძლია გირჩიოთ.

 

იოკო ონო თვითერზე

როგორ გაგრძელდა ცხოვრება მას შემდეგ, რაც ლეგენდარული წყვილი ერთმანეთის გარეშე დარჩა? როგორია ჯონ ლენონის აწ უკვე მოხუცი მაგრამ კვლავ დაუდგრომელი ცოლის ცხოვრება? რამდენად ხშირად იხსნებს ის ბითლზის ამბებს და რას ჰყვება მათზე? შეგიძლიათ გაყვეთ. მასაც და სხვებსაც. თვითერზეც და სხვა სიციალურ ქსელებში და თავად დარწმუნდებით, როგორი მრავალფეროვანია დღეს ისტორიის შექმნის პროცესი.

 

ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე აერჩიათ ამბავი, რომელსაც ინსტაგრამზე და იუთუბზე მოყვებოდნენ. აგვისტოს ომის დოკუმენტაციის შეგროვება აირჩიეს. ვნახოთ რა გამოუვათ. მანამდე კი, მათაც ვუთხარი და თქვენც გეტყვით, რომ ამ ომზე ორი განსხვავებული, მაგრამ გადასარევი ვებრესურსი არსებობს, რომელიც სასწავლო მასალადაც შეიძლება გამოდგეს და კლასგარეშე სამუშაოდაც.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი