ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სეზონური სკოლები- ამბავი აჭარიდან

ეს წერილი მხოლოდ იმათთვის არაა, ვისაც, უბრალოდ, სხვისი ამბების გაგება უყვარს.  ეს წერილი ყველასთვისაა, რადგან ის, რის მოყოლასაც ვაპირებთ, მეტ-ნაკლებად ყველას გვეხება. ტექნოლოგიის ერაში ყველას მოგვეთხოვება, წარმოდგენა გვქონდეს ენასთან დაკავშირებულ არსებით საკითხებზე, რადგან ენას ყველა ვიყენებთ და ყველას ვალია მისი დაცვა, მოვლა-პატრონობა.  მეტი უნდა გავიგოთ იმ ადამიანთა შესახებ, ვინც მთელი თავისი არსებობა ენის სამსახურს მიუძღვნა. ვინ იცის, ვინძლო მათი მაგალითით კვლავაც არაერთი ადამიანი ჩადგეს ენის სამსახურში.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  უკვე ყოველ ზაფხულს ენის შენახვის საკითხებს სეზონური სკოლები ეძღვნება, მკვლევრები ცდილობენ, ახალგაზრდა თაობებს გადასცენ მეტი ცოდნა ციფრული/დიგიტალური ჰუმანიტარიის, ქართველოლოგიის, კორპუსლინგვისტიკის დოკულინგვისტიკის შესახებ. სეზონური სკოლების მიზანია დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება საქართველოში, ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლა, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გაცნობა, საველე სამუშაოების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ამ მიზნით აღნიშნული სკოლები მსმენელებს ინტერდისციპლინურ პროგრამას სთავაზობს. თეორიულ კურსს უძღვებიან საქართველოსა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები, რომელთა სალექციო კურსი დიგიტალური ჰუმანიტარიის მულტიდისციპლინურ მეთოდებს, ინსტრუმენტებსა და სტანდარტებს, დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებს ეძღვნება. სეზონური სკოლა ტარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე.

სეზონური სკოლის ფარგლებში ტარდება საერთაშორისო ვორკშოპი დოკულინგვისტიკისა და კორპუსლინგვისტიკის საკითხებზეც. წელსაც აღნიშნულ კურსს უძღვებოდა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა თანდაშვილი,  ქართველოლოგიურ სკოლას კი მასთან ერთად ხელმძღვანელობდა ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, რამაზ ხალვაში. სეზონური სკოლები თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს მსმენელების ორიენტირებას პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. ლექციებსა და ვორკშოპზე შეძენილი ცოდნა მონაწილეებმა გამოვიყენეთ სეზონური სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, სადაც გამოცდილი ექსპერტისა და ტუტორის, მანანა თანდაშვილის ხელმძღვანელობითა და დახმარებით  წინასწარ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე აჭარაშივე ჩავიწერეთ მთიანი თუ ბარის აჭარის წარმომადგენლები, რის შემდეგაც, დოკულინგვისტიკის პრინციპებზე დაყრდნობით,  მოხდა მოპოვებული მასალის სისტემატიზაცია – შევინახეთ და დავამუშავეთ უაღრესად საინტერესო ამბები, რომლებიც აჭარელთა მეხსიერებამ შემოინახა.  ამბები უმთავრესად ეხება ისტორიულ თუ რელიგიურ მეხსიერებას, მედეას თემას, კულტუროლოგიურ საკითხებს და ა. შ.

ამავე სკოლის ფარგლებში თავისი კვლევის შედეგები წარმოადგინა პროფესორმა მალხაზ ჩოხარაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ასევე წარუდგინა  საკუთარი დოკუმენტური ფილმი – „ამბავი თორმეტი სავანისა“. ფილმში ასახულია კლარჯეთის „ათორმეტ სავანეთა“ მხარის წარსული და თანამედროვეობა, ქართველებისა და ქართული ენის მდგომარეობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში  –  ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. სცენარის სამეცნიერო საფუძველია მისივე მონოგრაფია „ხანძთა და ათორმეტ სავანეთა მხარის ძველი სალოცავები. ფილმში გამოყენებულია 2005-2018 წლების სამეცნიერო ექსპედიციების საველე ვიდეომასალა: პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის და ბსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეოარქივი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვოლცვაგენის ფონდის დაფინანსებით, რიგით მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართა, სახელწოდებით: „დიგიტალური ქართველოლოგია და კავკასიოლოგია“. ევროპელმა ექსპერტებმა, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, გერმანელმა კავკასიოლოგმა, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიანა ფორკერმა ლექციები წაიკითხეს თემებზე: „ტექსტის კორპუსი, როგორც ისტორიული კვლევის საფუძველი“ და „კავკასიური ენების დიგიტალური ლექსიკონები“. სვენ გრაუნდერმა საზოგადოებას გააცნო საველე სამუშაოზე ტექნოლოგიის გამოყენების პრინციპები,  პოლ მიურერმა  – გენერაციულ ხეთა აგების პრინციპები. კვანტიტატიური სოციოლინგვისტიკის შესახებ ლექციებს უძღვებოდნენ ნინა დობრუშინა და მიქაელ დანიელი. რეგიონალური არქივების შესახებ თავიანთი მიღწევები გაგვაცნეს: რამაზ ხალვაშმა, მზია ხატუტაშვილმა, ნანა ცეცხლაძემ, რუსუდან პაპიაშვილმა, გრიგოლ კახიანმა; პარალელური კორპუსების ბაზების თარგმანმცოდნეობით საკითხებზე – ხათუნა ბერიძემ. ქართული ნაციონალური კორპუსის (GNC) მონაცემებზე დაყრდნობით კველევები წარმოადგინეს ანა ყამარაულმა და მანანა თანდაშვილმა, მასვე, არმინ ჰოენენთან ერთად ჰქონდა ლექცია რუსთაველის კორპუსის შესახებ (Rustaveli Goes Digital).

ვორქშოფის მონაწილეები ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: დიგიტალური ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც ახალი მიმართულების განსაზღვრა და თეორიული ჩარჩოს ჩამოყალიბება, კვლევის თანამედროვე მეთოდები და დიგიტალურ ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში მულტიდისციპლინური რესურსების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა-ათვისება (მულტიმედიური ფორმატის ფაილები EAF და FLEX, ფორმატი XML). ევროპელმა ექსპერტებმა მონაწილეებს ასევე გააცნეს დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევები და განვითარების პერსპექტივები, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსები (ARMAZI, ECLinG, CauPal, SSGG, GeoPal, GDC, GNC, DigiArchive, Spoken BNC2014, ELDP– SOAS).

საერთაშორისო  სკოლაში კვლევების წარმოდგენის საშუალება მიეცა სხვა ქართველ თუ უცხოელ მონაწილესაც.

ვიმედოვნებთ, აჭარაში მსგავსი სიახლეები მომავალშიც გაგრძელდება და დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, ახალი ცოდნა მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ციფრული/დიგიტალური ენა და, ზოგადად, ჰუმანიტარია. ასევე ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენ მიერ აღნიშნულ საკითხებზე მომზადებული  ეს და სხვა წერილი[1]  ასეთი ადამიანების რიცხვს რამდენადმე გაზრდის.

 

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=23727

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი