პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გაკვეთილის თემა – სეზონები. ზამთრისპირული სკოლისათვის

გაკვეთილის თემა: სეზონები

განწყობა: შემოდგომურ-ზამთრული ანუ გარდამავალი

***

სეზონები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თემაა სკოლის დაწყებით საფეხურზე. ერთი შეხედვით, განა რა მოხდა ასეთი, თუ შემოდგომა მიიწურა და ზამთარში შეაბიჯე. ისედაც მთელი ნოემბერი ქურთუკში გამოხვეული არ დადიოდი?! ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ განწყობის უმიზეზო ცვალებადობა საჭიროებს რაღაც ლოგიკურ ახსნას, თუნდაც ეს სეზონის ზემოქმედება იყოს.

მოსწავლეებს ძალიან უყვართ სეზონური ისტორიების მოსმენაც და შეთხზვაც. ამიტომაც ერთგვარი რიტუალი გვაქვს – თითოეულ სეზონში გადაბიჯებამდე განწყობას მისთვის დამახასიათებელ ამინდებს ვუხამებთ, მისი ამბებით ვიჟღინთებით. ამჯერად შემოდგომის მიწურულის ამბავს მოგიყვებით.

შევეცადე, გრძნობის ყველა ორგანოთი შეგვეგრძნო ზამთარი. სეზონებსა და მუსიკაზე ალბათ თქვენც ვივალდის „წელიწადის დროები“ გახსენდებათ. „ზამთარს“ მოვუსმინეთ, შემდეგ წელიწადის ყველაზე ცივი დროისთვის დამახასიათებელი ამინდის-მელოდიის სიტყვებით გადმოცემა ვცადეთ. მოსწავლეების ყურმა ქართან ერთად ღრუბლიდან წამიერად გამონათებული იმედის სხივებიც „დაიჭირა“. რაც შეეხება ზამთრის გემოს, აღმოჩნდა, რომ ყველას გაუსინჯავს თოვლი, ან ხილის წვენში გასაგრილებლად ჩაყრილი ზამთრის ნატეხები (ყინული) მაინც დაუგემოვნებია. ზამთართან შეხებას რაღა უნდა… არასდროს გიგუნდავიათ შიშველი ხელებით, ან ცხვირი არ მოგყინვიათ ზამთრის სიცივეში?! სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში თოვლი იშვიათად მოდის. თუმცა ყინულთან შეხებით მოსწავლეებმა ადვილად გაიხსენეს, რა ძალა აქვს ყინვას და ხელების გათბობის შემდეგ სითბოს მნიშვნელობა სულ ადვილად გაიაზრეს:

„…რომ შეიძლებოდეს, მამაჩემის თბილ პალტოში შემომაყუჟებინა კვერნები, ციყვები, შვლის ნუკრები, თვით მგლის ლეკვებიც კი, – იყვნენ შემოყუჟულნი ჩემი მკლავების ქვეშ და იყურონ გარეთ მარტო ცხვირგამოყოფილებმა, – მეცა და ისინიც ნამდვილად ბედნიერები ვიქნებოდით. მართლა, რა არის ეს ბედნიერება, ასე ხშირად რომ ვნატრობთ? ალბათ სითბოსავით კარგი რაღაც, არა?..“  (რ. ინანიშვილი)

ზამთრის თამაშებზეც ვიფიქრეთ. მოსწავლეებმა, ყველასათვის ცნობილი გუნდაობის და ციგაობის გარდა, ვერაფერი გაიხსენეს და ახალი თამაშების შექმნა გადაწყვიტეს. ჯერ  დაჯგუფდნენ, შემდეგ კი თბილისური უთოვლო ზამთრისთვის გამოსადეგი რამდენიმე თამაში მოიფიქრეს. აი, მაგალითად: „ჩახუტობანა“ გითამაშიათ? გირჩევთ, ითამაშოთ, თუ ეზოში ჩასულებს ხელთათმანი ან ქურთუკი დაგავიწყდებათ. თამაშის მთავარი წესია, მოთამაშეებმა ერთმანეთი რაც შეიძლება სწრაფად გაათბონ. იდეის ავტორმა პირადი გამოცდილება გაგვიზიარა და ხელების დამოუკიდებლად გათბობის რამდენიმე ხერხიც გვასწავლა იმ შემთხვევისთვის, თუ ეზოში მარტო აღმოვჩნდებით.

შემდეგ ჯერი კითხვის საათზე მიდგა:

„ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ…“ (რ. ინანიშვილი)

აი ასეთი სითბო მინდოდა, ეგრძნოთ – ადამიანად ყოფნის გამო რომ გთბილა. ხშირად მითქვამს, სითბოს შესახებ ინანიშვილზე უკეთ ვერავინ წერს-მეთქი. ახლაც მას მივაკითხე. ჯერ „ზამთრის პატარა ილუზიები“ წავიკითხეთ, შემდეგ „კეთილი ბებერი ბუების“ ფრთებქვეშ გავთბით. თევდორე პაპასა და ეფემია ბებოს თავგადასავალს („ზამთრის ზღაპარი“) ძალიან მოუხდა ანიმაციური ფილმი მელიაზე, რომლიც ჩვენებაც მოთხრობის დასრულების შემდეგ მოვაწყვეთ:

ბოლოს ბარდნაში გაუჩინარებულ სკვინჩას („ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა“) სევდანარევი სიხარულით გავაყოლეთ თვალი და ახლა საკუთარ თავში დავიწყეთ თბილი მოგონების ძებნა. ინპირაციისთვის ნინო ჩაკვეტაძის მიერ ზამთრის თემატიკაზე შექმნილი ერთ-ერთი ნამუშევარი გამოვიყენე. მოსწავლეებს უნდა აღედგინათ ნახატზე გაყინული წამის წარსული, ანუ „პერსონაჟების“ ისტორია. განწყობის შესაქმნელად ცეცხლის „მუსიკა“ შევარჩიეთ, ზამთრის სარკმელი შევაღეთ და დავიწყეთ.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ნახატზე დაყრდნობით მოთხრობის შეთხზვის პროცესი. ერთხანს ჩუმად მიაჩერდნენ, თითქოს ხეზე შემომსხდარ გოგოსა და ბიჭს ეკითხებოდნენ, ასეთ თოვაში მანდ რამ აგიყვანათო?! მალე შეშის ტკაცა-ტკუცს კალმების წრიპინი და ფურცლების შრიალი დაემატა… ასე შეიქმნა მოთხრობების კრებული „ზამთრისპირული სკოლისათვის“, ბუხრის წინ საკითხავი თბილი ამბებით სავსე. იმ დღეს მეც მოსწავლე ვიყავი, კალამიც ვაწრიპინე და ფურცელიც ვაშრიალე. აი, რა გამომივიდა:

 

ზამთრის ესკიზი

წელს ადრე მოთოვა. დილამ ფანჯრიდან თეთრად რომ შემოაჭყიტა, მწკლარტე გემოსავით ფიქრი აჰყვათ საწოლიდან – ტყიდან ფიჩხის ამოზიდვა ვერ მოასწრეს! ბალღებს ჯერ კიდევ ეძინათ. ქვეშაგებში ჩამალულები ერთმანეთს მიკრობოდნენ, მაგრამ ცხვირის წვეტები სიცივისგან მაინც მოჰყინვოდათ, დაჩრჩილული საბნის ღრიჭოები სითბოს ვეღარ იჭერდა. მაინც როგორ მონდომებით თოვდა… თითქოს ერთადერთი ამინდი ყოფილიყოს ამ დალოცვილ დედამიწაზე! 

რა ექნათ?! უნდა წასულიყვნენ. ბავშვები შეაღვიძეს. აი, ვის გაუხარდა პირველი თოვლი! ერთი ამბით წამოცვივდნენ საწოლიდან, გაუკვალავში გავლა არავინ დაგვასწროსო!  თბილად ჩაცმაც არ დავიწყებიათ (კიდევ კარგი, დედამ ორივეს დაუკემსა ხელთათმანები). ბიჭს ქუდის დახურვა არ უნდოდა, მამა რომ სულ თავშიშველი დადისო?! ეხვეწნენ, ემუდარეს – ძლივს დაითანხმეს. ეზოში გასულმა ქუდის შესაკრავი მაინც შეიხსნა, ორი წლის ბავშვი ხომ არა ვარო!..

მალე საუზმეც გამზადდა. ლოყებაწითლებულები შემოვარდნენ. ცხელი ჩაი სულ თვალმოჭუტვით ხვრიპეს, პურს მურაბის წვენში აწობდნენ, აყოლებდნენ და თან ისევ ფანჯრისკენ ეჭირათ თვალი. ამასობაში უფროსებიც გაემზადნენ. მამამ ცული გაირჭო ქამარში, დედამ ძველი ციგა გამოიტანა ფარდულიდან, ძროხის მისაბმელად რომ იყენებდა, ის თოკიც იპოვა, ჩამოაბა და…

უნდა წავიდეთო, შვილებო, შეშას მოგიტანთო, გათბებითო!  იმათ კიდე – ჩვენც წამოვალთო, გეხვეწებითო, აუ ტყეში რამხელა თოვლი იქნებაო, ბიჭოოს!  წავიყვანოთო? – ერთმანეთს გადახედა ცოლ-ქმარმა, – რატომაც არაო?! – თვალებით შეთანხმდნენ და ოთხივენი დაიძრნენ სოფლის მაშველად მთიდან ჩამოსული ტყისკენ.

ფიჩხი კი მოაგროვეს, მაგრამ ამხელა ზამთარს ამით ხომ ვერ გაიტანდნენ?! ერთი ხე მაინც უნდა მოეჭრათ. დასევდიანდნენ. ერთხანს სოფლისკენაც ქნეს პირი, იქნებ მერეო, მაგრამ ისე ბარდნიდა, ისე ხმამაღლა ყვიროდა ზამთარი, მოვედი და დამხვდით, თუ მაგრები ხართო, რომ ვეღარ გაუძლეს და ხის შესარჩევად ტყეში შებრუნდნენ.

ერთხანს იარეს. ხეებს ხან ქერქი უსინჯეს, ხან  ფუღუროები უთვალიერეს, შემთხვევით ვინმე სულიერის სახლი არ გავაყოლოთ ხელსო. ბოლოს ერთ ბებერ წიფელთან შეჩერდნენ, დაკოჟრილი და ჭიანაჭამი ტანი მოუწონეს. მამამ ქამრიდან ცული ამოიძრო, ერთხანს ხელში ათამაშა, ბოლოს ამოიბუტბუტა, რაც არის, არისო, ცული ასწია და… ბებერი წიფლის ტოტზე ბალღები შემომსხდარიყვნენ და ერთმანეთს მიხუტებულები მამას იმედით სავსე თვალებით ჩამოსცქეროდნენ.

***

იმ თოვლიან დილას ტყისპირისკენ რომ გაგეხედათ, დაინახავდით ფიჩხით სავსე პატარა ციგას, რომელსაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი რიგრიგობით ექაჩებოდა. ხანდახან ხელს მოხუცი ხის გადარჩენით გახარებული ბალღებიც წააშველებდნენ… ასე ტოვებდნენ თავის წილ თბილ კვალს ამ დალოცვილ დედამიწაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი