შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ათოსნის სინდრომი

ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა სკოლაში ყველაზე უკეთესად ისწავლოს, მხოლოდ ფრიადებზე. მათ მიაჩნიათ, რომ კარგი სწავლა ცხოვრებისეული წარმატებისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. მაგრამ თუ დავაკვირდებით ხალხს ჩვენ გარშემო: კოლეგებს, ცნობილ და წარმატებულ ლიდერებს, გავიხსენებთ თანაკლასელების – როგორც ფრიადოსნების, ისე სამოსნების – ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ბრწყინვალე დასაწყისი სულაც არ ნიშნავს ცხოვრებისეულ ასპარეზზე გარდაუვალ წარმატებას.

სხვათა მოლოდინების ტყვე
ცხოვრებაში ყველაფრის საუკეთესოდ გაკეთებისკენ სწრაფვა ადრეული ბავშვობიდანვე ისახება ადამიანში. ვთქვათ, ოჯახში იზრდება ჭკვიანი ბიჭუნა ან გოგონა – კერპი, რომლითაც ოჯახის ყველა წევრი ამაყობს და რომელიც ყველას უყვარს. თანდათან ეს კერპი თავადაც იწყებს საკუთარი თავის სიყვარულს. მას სიამოვნებს, რომ ასეთი კარგია, რომ მისით ამაყობენ. მას სურს, ყველაფერი სხვაზე უკეთ აკეთოს ან საერთოდ არ აკეთოს ის, რასაც სხვაზე უკეთ ვერ გააკეთებს. მას კმაყოფილებას ჰგვრის იმის შეგნება, რომ სხვებს ის საუკეთესო ბავშვად მიაჩნიათ.
ასე იქცევა ხოლმე ადამიანი სხვათა მოლოდინების ტყვედ, რომლისგანაც ყველა წარმატებას ელის და ისიც მთელი არსებით ცდილობს, იმედი არ გაუცრუოს მათ. მას უკვე აღარ შეუძლია, საკუთარ თავს ნება მისცეს, არ იყოს წარმატებული. ამრიგად, ათოსანი გარშემო მყოფთა ტყვე ხდება.
მაგრამ ცხოვრებაში ასე არ არის, რომ წარმატება ყოველთვის თან გვახლდეს. კაცს ზოგჯერ ხელიც მოეცარება. ეს არავის სიამოვნებს, მაგრამ არც იმის საფუძველია, კაცი დეპრესიას მიეცეს. სწორედ ეს შეიძლება დაემართოს ათოსანს, რომელსაც არ აქვს განცდილი მარცხისგან თავის დაღწევის გამოცდილება.
ყოფილი ათოსანი ზრდასრულ ცხოვრებაში სიფრთხილით გამოირჩევა. ის ვერ ბედავს, საკუთარ თავზე აიღოს ლიდერის ტვირთი, – მას უფრო ლიდერის ასისტენტობა, ექსპერტობა და ანალიტიკოსობა ურჩევნია. ასეთი ადამიანები შეიძლება გახდნენ ძალიან კარგი რეფერენტები, პროფესორები, კომპეტენტური სპეციალისტები, მაგრამ არა ხელმძღვანელები. მათ არ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ინფორმაციის უკმარისობის პირობებში, რაც ხშირად უწევთ ხელმძღვანელებს, ლიდერებს, უფროსებს. მან ჯერ ყველაფერი უნდა გააანალიზოს, ყველაფერი მოიფიქროს, ლიდერი კი ასე არ იქცევა. ათოსანს არ ძალუძს საკუთარი კომპეტენტურობის საზღვრებიდან გამოსვლა, რადგან ეშინია, რომ არასწორად გადაწყვეტს ამოცანას. ის მხოლოდ იმას აკეთებს, რაც სკოლაში, მერე კი ინსტიტუტში ასწავლეს – საკუთარი თავი მატარებლად მიაჩნია, რომელიც გაკვალულ გზას მიჰყვება და მას ვერც ერთ მხარეს მკვეთრად ვერ გადაუხვევს.
სიზმრისეული სამეფოს გარდამქმნელი
სხვა საქმეა შვიდოსანი. მან ბავშვობიდან იცის, რა არის მარცხი. დიახ, ის ხშირად ვერ ახერხებდა სკოლაში ამოცანის გადაჭრას, მაგრამ მას შეეძლო თავჩაქინდრული, დარცხვენილი სიარული, ეგუებოდა თავისი სტატუსის დამცრობას, ღირსეულად ართმევდა თავს დამცირებას, რომელიც მარცხს მოაქვს. ყოველივე ამან ის ურთიერთობაში მოქნილი და ფსიქოლოგიურად მდგრადი გახადა.

ასეთ ადამიანს არ ეშინია, პირველი იყოს იქ, სადაც ჯერ არავის უცდია პირველობა, მაშინ როცა ათოსანი ყოველ ნაბიჯს წინასწარ თვლის და თუ თავად არ იცის, როგორ გადაჭრას ამოცანა, საერთოდ ეჭვი ეპარება მის შესრულებაში.
შვიდოსანი ერთი რუსული ზღაპრის გმირს, ივანუშკა დურაჩოკს ჰგავს. ის დაუფიქრებლად ხტება მდუღარე წყალში, მაშინ როცა მეფე-ანალიტიკოსი იკვლევს ბაზარს და თანახმაა, ექსპერიმენტი ჩაატაროს: “მიდი, გადახტი და თუ უვნებლად გადარჩი, მეც გადმოვხტები”. ზღაპრის დასასრული, ალბათ, გვახსოვს: ვინც პირველი გადახტა, მეფე გახდა, მომდევნო კი მოიხარშა. ბიზნესშიც ხშირად ხდება ასე: პირველნი რისკს ეწევიან და ახალ პროექტებში ფულს აბანდებენ, კონკურენტთა მარკეტოლოგები კი აკვირდებიან და დასკვნები გამოაქვთ. შედეგად პირველნი დიდ წარმატებას აღწევენ, მეორენი კი, რომლებიც მათ კვალს მიჰყვებიან, ხშირად ზარალდებიან. შვიდოსნები საკუთარი კომპეტეტურობის საზღვრებიდან გადიან და მოგებულნიც რჩებიან, ათოსანი კი კანონებს მისდევს, მას ეშინია, გადავიდეს სხვათა მიერ დადგენილ საზღვრებს. ხოლო ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც ვერ სვამს.
კიდევ ერთი თავისებურება ნებისმიერი წარმატებული ადამიანისა, მეწარმე იქნება ეს თუ პოლიტიკური ლიდერი, მისი სოციალური დამოუკიდებლობაა. ხელმძღვანელებს არც წინათ ჰკლებიათ და არც დღეს აკლიათ სატირიკოსთა კრიტიკა იმის გამო, რომ ისინი განსხვავებული პროფილის საწარმოებს ხელმძღვანელობენ, მაგრამ ისინი ამას ჩირადაც არ აგდებენ. სინამდვილეში მართვის კანონები უნივერსალურია, კარგი მმართველი ყველგან კარგი მმართველია. ის, ზღაპრის გმირ ივანეს მსგავსად, მდუღარე წყალში ხტება: მისდევს სხვადასხვა ყაიდის საქმიანობას, არ აშინებს დაუდგენელ პირობებში არსებობა და მოქმედება. ათოსანს კი ეშინია ამ ყველაფრის. შვიდოსანის მიზანი არ არის, ყველას აჯობოს, ათოსანი კი სწორედ ამისკენ მიისწრაფის – მას სურს, საუკეთესო იყოს იმ სფეროში, რომელიც უკვე ათვისებული აქვს და ირბინოს მხოლოდ იმ დისტანციაზე, რომელზეც ყველა დარბის. ჩვენი ივანე კი იქ მიძვრება, სადაც ჯერ არავინ ყოფილა, სადაც მისვლა არავის მოსვლია აზრად. ის ნოვატორია, სიზმრისეული სამეფოს გარდამქმნელი.
რატომ აშინებს ათოსანს მდუღარე ქვაბი? ნებისმიერი ახალი საქმე გულისხმობს, რომ შენ დილეტანტის როლს ასრულებ და ნებისმიერი წარმატება იწყება დანაკარგით. ათოსანი დილეტანტის ამპლუაში თავს უხერხულად გრძნობს, შვიდოსნისთვის კი ადვილია ამ როლის თამაში. გამარჯვებას მიჩვეული ათოსანი მტკივნეულად განიცდის დანაკარგს, შვიდოსანს კი იმდენჯერ დაურცხვენია მარცხის გამო, რომ კდიევ ერთი უიღბლობა მას წონასწორობას ვერ დააკარგვინებს. მისთვის სულერთია, რას იტყვიან მასზე სხვები; მას აქვს მიზანი და ის სოციალურად დამოუკიდებელია. ასეთი ადამიანი ხშირად აღწევს პოლიტიკურ ზენიტს და მაშინაც კი მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც ბინძურ პიარკამპანიას უწყობენ და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ.
აი, ის სამი ძირითადი თვისება, რომლებსაც შეუძლია, შვიდოსანი წარმატებულ ადამიანად აქციოს: გარშემო მყოფთა აზრისგან შინაგანი დამოუკიდებლობა, მოქნილობა და მიზნის ქონა.
ბარონ მიუნჰაუზენის მაგალითი
შეუძლია თუ არა ათოსანს, გაკვალული გზით მავალი მატარებლიდან გადაჯდეს ყველგანმავლის საჭესთან, ყოველგვარ გზაზე რომ დადის? სხვა ალეგორიას რომ მივმართოთ, შეუძლია თუ არა მას, მიუნჰაუზენის მსგავსად, თმაზე მოიკიდოს ხელი და ამოათრიოს საკუთარი თავი საზოგადოების სოციალური მოლოდინების ჭაობიდან?
შესაძლოა, მისთვის ეს ადვილი არ იყოს, მაგრამ მას ჰყავს დამხმარე – თავისი ნათელი გონება, თავისი ინტელექტი.
პირველი, რაც ათოსანმა უნდა გააკეთოს, ისაა, რომ უნდა გაორდეს და საკუთარ თავს შორიდან შეხედოს, მაგრამ არა გარშემო მყოფთა, არამედ ღმერთის ან, უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარი თვალით. ის უნდა ესაუბროს საკუთარ თავს. საკუთარ თავთან ამგვარი დიალოგის კულტურა აქვთ შემოქმედებით ადამიანებს, როდესაც დღიურს აწარმოებენ. სწორედ დღიური ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის უცხო თვალით დანახვაში – საშუალებას აძლევს, საკუთარი ნააზრევი ისე გადაიკითხოს, თითქოს ის სხვას ეკუთვნოდეს. საკუთარი თავისგან ამგვარ გვერდზე გადგომას ფსიქოლოგიაში რეფლექსია ეწოდება.

რეფლექსიის უფრო პრიმიტიული ვარიანტია ძველი ფოტოების თვალიერება: აი, ასეთი ვიყავი ოდესღაც, ისეთი არა, როგორიც ახლა ვარ. რა მინდოდა მაშინ? რაზე ვოცნებობდი? რატომ არ გამომივიდა?

კიდევ ერთი გზაა სხვასთან საუბარი საკუთარ თავზე, მსჯელობა იმის შესახებ, რატომ არ შეგიძლია შენი თავის რეალიზება. უკეთესია, თუ ეს თანამოსაუბრე პროფესიონალი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი იქნება.

მესამე გზა კი საკუთარი თავისთვის მთავარი შეკითხვების დასმაა: რა მაბრკოლებს? რა მიშლის ხელს იმის გაკეთებაში, რაც არასოდეს გამიკეთებია?

რასაკვირველია, თუ ამაზე ფიქრი დავიწყეთ, უამრავი საპატიო მიზეზი იჩენს თავს, რათა საკუთარი თავის ჭაობიდან თმით ამოთრევაზე უარი გვათქმევინოს, მაგრამ ადამიანი ვერ ასცდება გზაჯვარედინს, სადაც აბრაზე ასეთი რამ წერია: “მარჯვნივ წახვალ… მარცხნივ წახვალ…” ჩვენს ათოსანს კი ბავშვობაში ასეთ თავსატეხთან არ ჰქონია საქმე. უფრო სწორად, ის მშობლების დახმარებით დაძლია.

ამ აბრასთან კი არა სამი, არამედ ხუთი გზა იყრის თავს: შინ დაბრუნებაც შეიძლება და ჯდომა და უსასრულო ფიქრიც. ფსიქოლოგი გირჩევდათ, ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მაინც წასულიყავით რომელიმე მიმართულებით. გმირი, რასაკვირველია, იქით წავა, სადაც თავს დაკარგავს; ობივატელი – იქით, სადაც დაქორწინდება, უმრავლესობა კი იმ გზას აირჩევს, სადაც ცხენს დაკარგავს, მაგრამ თავს გადაირჩენს. სინამდვილეში სულაც არ არის მნიშვნელოვანი, საით წახვალთ; მთავარია, სულ წინ და წინ იაროთ, რადგან იქ სხვა გზაჯვარედინები და სხვა არჩევანია. უმოძრაობა – ეს ცხოვრების სიცარიელეა, ყოველგვარი სიახლის შიში, წარსულისკენ ორიენტირება, რაც ცხოვრების ინტერესს გვაკარგვინებს.

თუ გააცნობიერა, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი ხელის მოცარვის შიშმა, გონიერი ადამიანი გამონახავს საკუთარ თავში ძალას მოთუხთუხე ქვაბში ჩასახტომად.
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი