პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

       გეოგრაფიული განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში

ამ სტატიის დაწერა ეროვნული გამოცდების ახალმა ფორმატმა გადამაწყვეტინა. თავიდანვე ვიტყვი, რომ გამოცდები სწავლების ხარისხს არ უნდა განაპირობებდეს, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიზანი, ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზეა ორიენტირებული.

ვეცდები, ამ სტატიაში ავხსნა გეოგრაფიის მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში. არგუმენტებად ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან.

მუდმივად მოდერნიზირებული თანამედროვე განათლების მიზანია ჰარმონიულად განვითარებული და მაღალკვალიფიციური პიროვნების ჩამოყალიბება. მეცნიერების განვითარებას ყოველწლიურად შემოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც ქმნიან ფუნდამენტურ ცოდნას. მეცნიერებათა ჩამონათვალში, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ზემოხსენებული მიზნები, უნდა აღინიშნოს გეოგრაფიის განსაკუთრებული როლი. სწორედ გეოგრაფია ახდენს გავლენას მოსწავლეში აუცილებელი ცოდნის ფორმირებაზე, რაც მას საშუალებას აძლევს სწორად აღიქვას და შეაფასოს სამყაროში მიმდინარე პროცესები და მოვლენები, არსებული სამეცნიერო სურათი. განათლების ეროვნული მიზნებიდან ერთ-ერთი ხომ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვაა: მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ ქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო.

გეოგრაფიის მეცნიერების ჩამოყალიბებიდან მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ეს დისციპლინა ფასდება როგორც აღწერილობითი. სასწავლო პროცესში მისი ღირებულება დაუსაბუთებლად იყო შეფასებული, ხოლო მისი შესწავლით მოცემული ცოდნა შეფასდა, როგორც ზოგადი, რომელსაც არ ჰქონდა პრაქტიკული მნიშვნელობა, ისე როგორც, მაგალითად, მათემატიკური საფუძვლების ცოდნას. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება გეოგრაფიის მიმართ ინერციით დღემდე დომინირებს.

გეოგრაფიის, როგორც მეცნიერებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ შეაფასა რა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში გეოგრაფიის წვლილი, აღიარა მისი უზარმაზარი პრაქტიკული მნიშვნელობა. გეოგრაფია პირველ რიგში აღმოჩნდა იმ მეცნიერებებს შორის, რომლებმაც ბრძოლის ველზე მომზადებული სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერაციული გადაწყვეტილებები მიიღეს.

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, წითელი არმიის გეოლოგიური და გეოგრაფიული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარის, აკადემიკოს ალექსანდრე ფერსმანის თანახმად „გეოგრაფია არ არის მეცნიერება მარტო მსოფლიოში მიმდინარე ცალკეული ფაქტების შესახებ. გეოგრაფია არის მეცნიერებების სისტემა იმ ღრმა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, რომელიც სამყაროს ცალკეულ მოვლენებსა და  მასში მოღვაწე ადამიანებს შორის არსებობს”. ამ პერიოდის შემდეგ, გეოგრაფიამ დიდი ნახტომი გააკეთა მის განვითარებაში, შეიქმნა ძლიერი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევდა, შეესწავლათ ეს უძველესი და მარად ახალგაზრდა მეცნიერება. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, გეოგრაფიული ხედვა და აზროვნება მაინც ვერ ჩამოყალიბდა საზოგადოების ფენებში, რაზეც თუნდაც არალის ზღვის მაგალითიც კმარა.  1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევა.

არალის ტბის დაშრობა იმითაა გამოწვეული, რომ ტბაში ჩამდინარე ცენტრალური აზიის ორი უდიდესი მდინარე სირდარია და ამუდარია 1960-იანი წლებიდან გამოიყენება ყაზახეთსა და უზბეკეთში ბამბის მინდვრების სარწყავად, რის შედეგადაც მდინარეების წყალი ტბამდე პრაქტიკულად ვეღარ აღწევს. დაშრობამდე სიდიდით მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში, რის გამოც ეწოდა არალის ტბას „ზღვა“. ამ იდეის მესვეურებს რომ გეოგრაფიული აზროვნება ჰქონოდათ, გაითვალისწინებდნენ იმ გარემოებას, რომ წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. აორთქლებული წყალი კი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. შედეგმაც არ დააყოვნა და დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორად გაიყო:  ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ერთმანეთს ამ დროისთვის წყლით არ უკავშირდება.

2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგენდა. არალის ზღვის რეგიონისათვის საერთო ზარალი შეფასებულია 35-40 მილიარდ რუბლად (800 მლნ ფუნტი სტერლინგი). თუმცა, ჩემი აზრით, შეუფასებელია ადამიანის უგუნურებით გამოწვეული ზარალი, რასაც ხშირ შემთხვევაში თვით ადამიანები ეწირებიან ხოლმე. ეს ერთი მაგალითიც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ანთროპოგენური საქმიანობისას გეოგრაფიული აზროვნებაა საჭირო.

რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე კონკრეტულ პრობლემას გამოვყოფ: აჭარის გახშირებული მეწყერები, დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყალდიდობები, ნიადაგის დეგრადაცია და ა.შ. თბილისის წყალმოვარდნა რომ არ ვახსენო, არ შეიძლება. მე-9 -10 კლასელებმაც კი ადეკვატურად შეაფასეს ტრაგედია. მარტო ჟურნალისტების კი არა სახელმწიფო მესვეურების დონეზეც კი მოხდა დეფინიციების არევა. ბოლოს ისევ გეოგრაფებმა გააკეთეს ანალიზი. იყო კი ეს ტრაგედია საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად?

გლობალიზაციის, სწრაფად განვითარებადი სამყაროს ეპოქაში, გეოგრაფიის მნიშვნელობა ინდივიდის განათლებაში ყველაზე მეტად იზრდება. ამ დისციპლინის შესწავლა  მოიცავს ბევრ სასარგებლო ფუნქციას, რომელთა განხორციელება პიროვნებას ყოვლისმომცველი, მნიშვნელოვანი, შესაბამისი ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს. იგი უზრუნველყოფს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას.

მინდა, გამოვყო გეოგრაფიული განათლების გავლენის მთავარი ასპექტები მოზარდის პიროვნების განვითარებაში და მოკლედ დავახასიათო თითოეული მათგანი:

გეოგრაფიის ზოგადი საგანმანათლებლო ასპექტი – მოსწავლეს ამარაგებს აუცილებელი პირველადი ცოდნით სამყაროზე, რაც მას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. რაც მთავარია, იგი საშუალებას აძლევს მას, იპოვოს პასუხები ტიპურ კითხვებზე რეალურ სამყაროზე და შეიმეცნოს ურთიერთმიმართება მასში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებთან, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები: ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.

სოციალური ასპექტი – ხასიათდება იმით, რომ გეოგრაფიული განათლება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეუერთდეს იმ სოციალურ პროცესებსა და მოვლენებს, რომელთა ახსნა შესაძლებელია ამ მეცნიერების თვალსაზრისით. აგრეთვე საშუალებას აძლევს მოსწავლეს, საკუთარი თავი აღიქვას საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, რაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან.  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები – იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე – დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

ეკონომიკური ასპექტი – გამოიხატება იმით, რომ გეოგრაფიული განათლება მოსწავლეს აძლევს საშუალებას, მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცოდნა, რომელიც ეხება არა მხოლოდ მის ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიო საზოგადოებას, რაც, რა თქმა უნდა, მას აძლევს ძლიერ მითითებებს არსებული და მუდმივად ცვალებადი რეალობის ობიექტურად შესაფასებლად. ეს ცოდნა სრულყოფილად აღწერს სხვადასხვა ეკონომიკური მოვლენის დინამიკას, მიზეზებსა და შედეგებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოების პროგრესირებულ განვითარებაზე. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:  სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.

პოლიტიკური ასპექტი – შეიძლება ხასიათდებოდეს მოსწავლის პიროვნების გეოპოლიტიკის საჭირო ცოდნის უზრუნველყოფით.  გეოგრაფიული აზროვნება პოლიტიკოსებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და ფენომენების ადეკვატური და მრავალმხრივი შეფასების საშუალებას აძლევს. კვლავ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები: ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

პატრიოტული ასპექტი – ხასიათდება მოსწავლის აღჭურვით საკუთარი ქვეყნის შესახებ იმ აუცილებელი ცოდნით, რომელიც უყალიბებს მას პატივისცემას იმ ბუნებრივი, კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების მიმართ, რომლებიც ერთად ქმნიან ერისა და ქვეყნის კულტურულ კოდს. ეს არის ის ასპექტი, რომელიც ქმნის პიროვნების სიყვარულს სამშობლოსადმი, უღვივებს მისი უნიკალური თვისებების შენარჩუნების სურვილს, აცნობიერებინებს მას არსებულ მრავალფეროვნებას და ქმნის ნამდვილ პატრიოტულ პიროვნებას.

სულიერი ასპექტი – საშუალებას აძლევს მოსწავლის პიროვნებაში იმ ღირებულებითი პრინციპების ჩამოყალიბებას, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებისადმი მისი ფრთხილი დამოკიდებულების განვითარებას, დაცვასა და უნიკალური მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

ამრიგად, გეოგრაფია პირდაპირ კავშირშია ანთროპოგენული, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური ბუნების თანამედროვე გამოწვევებზე კომპეტენტური და ადეკვატური პასუხების მიწოდებასთან, რომლის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. მდგრადი განვითარების მიზნები ხომ მთლიანად გეოგრაფიულ აზროვნებაზე და მიდგომებზეა დაფუძნებული. ამ საკითხზე შემდგომში ვისაუბრებ.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი