პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეთა „ცუდი ქცევის“ ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა (მეორე ნაწილი)

ძალაუფლებისმოყვარე და შურისმაძიებელი მოსწავლის ქცევის მახასიათებლები

1. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალაუფლებისმოყვარე ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ თვითდამკვიდრებას, თანდათან იზრდება. ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი მიზეზი თანამედროვე სოციალური დამოკიდებულებებია: დემოკრატიული პრინციპები, ქალთა ემანსიპაცია, ავტორიტეტებისადმი მორჩილების შესუსტება და სხვა. თუ ადრე როლები მკაცრად იყო განსაზღვრული: კარგი სწავლა, დამჯერე, ზრდილი მოსწავლე, მასწავლებელი კი მომთხოვნი, ახლა ბევრი რამ შეიცვალა. ბავშვები უფრო მეტად თავისუფლები და დაუმორჩილებელნი გახდნენ. მეორე მიზეზი ” ძლიერი პიროვნების” მოდაა: მებრძოლი, ინდივიდუალური, გამარჯვებული-აი, დღევანდელი გმირი. თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა და კინოფილმები ასეთ გმირებს სთავაზობს ახალგაზრდობას. მასწავლებლებიც მეტ ყურადღებას ინდივუდუალურობის, სხვადასხვა უნარების განვითარებას უთმობენ, აქცენტს მიღწევებზე აკეთებენ. აქედან იკვეთება ახალი მიზანი- პიროვნული სიძლიერე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებს ხშირად არასწორად ესმით ცნების- “ძლიერი პიროვნება”- მნიშვნელობა. მათთვის პიროვნული სიძლიერე საკუთარ თავზე კონტროლს კი არ გულისხმობს, არამედ სხვებზე გავლენას. ისინი ამ გზით ცდილობენ თვითდამკვიდრებას. ამ ტიპის მოსწაცლეთა ქცევის არასასურველ შედეგებს ხშირად აწყდება მასწავლებელიც და თანაკლასელებიც. ყოველივე ამისთვის მასწავლებელიმზად უნდა იყოს. მისი მუშაობა უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეში სწორი ორიენტირების ჩამოყალიბებას- თუ რა არის ჭეშმარიტი ძლიერი პიროვნება. როდესაც მასწავლებელი ამას ახერხებს, კლასის ატმოსფერო თვითონვე უწყობს ხელს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას
 
ძალაუფლებისმოყვარე მოსწავლე გამუდმებით ხელს და ნერვებს უშლის მასწავლებელს, ახდენს მის გამოწვევას, შესაძლებელია შეურაცხყოფაც მიაყენოს . ამ მიზნით ისინი სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ: ზანტად ან საერთოდ არ ასრულებენ სამუშაოს, ხმაურობენ, ბილწსიტყვაობენ, არ უჯერებენ მასწავლებელს ან უჯერებენ, მაგრამ აშკარად განაწყენებულნი არიან. ისინი, როგორც წესი, მაყურებლის გარეშე არ მოქმედებენ და ამიტომ მასწავლებელს პროვოცირებას უკეთებენ მთელი კლასის წინაშე. ამ ბრძოლის წაგება მასწავლებლისთვის არ შეიძლება. მასწავლებელმა ეს იცის, ამიტომაც დაძაბულია და შფოთავს.
ძალაუფლებისმოყვარე მოსწავლის ქცევა ორი სახით ვლინდება- აქტიური და პასიური ფორმით.
აქტიური ფორმა. აღშფოთების ამოფრქვევა. პატარები არ მალავენ თავიანთ აღშფოთებას. ისინი ყვირიან, ფეხებს აბაკუნებენ, იატაკზე გორდებიან, მანიპულირებენ უფროსით, რათა მაგ. აყიდინონ მაღაზიაში სათამაშო. სკოლის ასაკში ისინი უპატივცემლოდ და გამომწვევად იქცევიან. მასწავლებლები ასეთი ქცევების მრავალგვარ ვარიანტს ხვდებიან სკოლაში. „ვერ მაიძულებ”, „სხვა კლასს ამას არ ავალებენ”, „მაინც არ გავაკეთებ”…. აცხადებენ მოსწავლეები. განსხვავებული ვარიანტებიც არსებობს. ამ შემთხვევასი მოსწავლეები არ უზრდელობენ, ლაპარაკობენ მეგობრული ტონით, მაგრამ გვთავაზობენ სრულიად ალოგიკურ მიზეზებს მაგ. თუ რატომ არ შეასრულეს დავალება: ” ხომ ხედავთ დრო აღარ არის”, ან „ გაკვეთილის მაგიერ ფორმულას გეტყვით და მიხვდებით, რომ გაკვეთილი ვიცი”-გეუბნებიან ისინი. მათი „მეგობრული” თავხედობა ძნელი ასატანია და მასწავლებელიც ხშირად მწყობრიდან გამოდის.
პასიური ფორმა. ჩუმი გაუგონრობა . ამ ტიპის მოსწავლეები გაურბიან “სცენებს”, არ გამოხატავენ აშკარა კონფრონტაციას, არ ლაპარაკობენ ბევრს. ისინი გვიღიმიან, გვეუბნებიან იმას, რისი მოსმენაც გვსურს, მაგრამ აკეთებენ იმას, რაც თვითონ უნდათ. მაგ.: უკვე 10 წუთია მოსწავლეები დამოუკიდებელ სამუშაოს ასრულებენ, მაიკო კი ფანჯარაში იყურება. რვეული ცარიელია. მასწავლებელი ეკითხება: -” მაიკო, რამე მოხდა?” მაიკო იღიმება და თავს უარის ნიშნად აქნევს. როცა ეკითხებიან, რატომაა ფურცელი ცარიელი, პასუხობს, რომ ფიქრობს. რამდენიმე ხნის შემდეგ მასწავლებლის შეკითხვაზე ,აპირებს თუ არა დაწერას, ის პასუხობს, რომ აპირებს, თუმცა გაკვეთილის ბოლოს მისი რვეული ისევ ცარიელია. მისი ქცევა გვეუბნება, რომ მას არ უნდა ამის გაკეთება. ასეთი სიტუაციები მასწავლებელში უსუსურობის განცდას ბადებს. ფსიქოლოგები სიტყვისა და საქმის განსვლას “არაკონგრუენტულ კომუნიკაციას” უწოდებენ. მასწავლებლები, როგორც წესი, სიტყვას ენდობიან და მასზე რეაგირებენ. შეიძლება იმიტომ, რომ პედაგოგები ” სიტყვის ხალხნი ” ვართ, ჩვენ ლაპარაკით ვირჩენთ თავს, ჩვენ გვჯერა სიტყვის, მისი ძალის, ჩვენ იდეალისტები ვართ. რასაკვირველია, იმასაც ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, რომელიც სათანადო ზემოქმედებას მოითხოვს, მაგრამ როგორს,- ზოგჯერ არ ვიცით.
ნიღბები, რომელშიც იმალება ფარული ძალაუფლებისმოყვარეობა
სიზარმაცით გამართლება. “მასწავლებელო, ბოდიში. მინდოდა გამეკეთებინა დავალება, მაგრამ სიზარმაცე ვერ დავძლიე, შევეცდები ეს აღარ განმეორდეს”. მოსწავლის გულწრფელობა და თვითკრიტიკა მასწავლებელთა უმრავლესობაზე ზეგავლენას ახდენს. სინამდვილეში მოსწავლე სიმართლეს რომ ამბობდეს იტყოდა;” შაბათ-კვირას მეგობრებთან ყოფნა ვარჩიე, დავალების შესრულების ხასიათზე არ ვიყავი”. ამის აღიარება რისკს შეიცავს, ეს მოსწავლემ კარგად იცის. როდესაც მოსწავლე სიზარმაცეს იმიზეზებს, აუხსენით, რომ ამ პიროვნული მახასიათებლის შეცვლა შესაძლებელია. თუ მასწავლებელი გრძნობს რომ ეს ფარული ძალაუფლებისმოყვარე მოსწავლის ქცევაა, საჭიროა მასთან მუშაობის დაწყება.
ყურადღების სისუსტით გამართლება. ” დიდი ხნით დაჯდომა არ გამომდის, არ შემიძლია”- აცხადებს ის. დააკვირდით მოსწავლეს , თუ თავისუფალ დროს ის დიდი ხნის განმავლობაში ყურადღების კონცენტრირებას ახდენს რაიმე საქმიანობაზე, ჩათვალეთ რომ ის დიდი მანიპულატორია.
გულმავიწყობით გამართლება. დავიწყების გამო არავინ გაუგდიათ სკოლიდან-ეს კარგად იცის მოსწავლემ. გულმავიწყობა რაღაც დოზით ყველას შეიძლება ახასიათებდეს, მაგრამ სისტემატურად მისი მოშველიება უკვე სიგნალია. რომ შეეკითხოთ, მათ ალბათ კარგად ახსოვთ ახლობლების ტელეფონის ნომრები, მსახიობთა გვარები, და ა.შ.
ცუდი სმენით გამართლება. „ ვერ გავიგონე თუ თქვენ ეს დაგვავალეთ” ამბობს ის. მაშ, რატომ ესმით კარგად სხვა შემთხვევაში ყველაფერი? შეიძლება მართლაც არსებობდეს რეალური დარღვევები, მაგ. იგივე სმენის, მაგრამ ზოგჯერ ასეთი მოსწავლეც კი იყენებს ამ მიზეზს მანიპულირებისთვის.. ეს კარგად უნდა იცოდეს არა მხოლოდ მასწავლებელმა, არამედ სპეციალისტმაც.
მასწავლებლის რეაქცია ძალაუფლებისმოყვარე მოსწავლის ქცევაზე. არსებობს ორი არსებითი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ადვილი გამოსაცნობია იყო თუ არა ქცევა მიმართული ძალაუფლებაზე. პირველი ნიშანი ეს არის თვითონ მასწავლებელში აღმოცენებული რისხვის ემოცია, დაბნეულობა, აღშფოთება საკუთარი უმწეობის გამო, შიშიც კი. მეორე ნიშანია მასწავლებლის ბუნებრივი იმპულსი- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოსწავლის გამოხტომა, შესაძლებელია ფიზიკური ძალის გამოყენებითაც კი. მაგ. შეანჯღრიოს, ხელი მოკიდოს ან მოუჭიროს.
მოსწავლის რეაქცია აღმზრდელობით ზემოქმედებაზე. არსებითი ნიშანი მოსწავლის რეაქციაშიც ჩანს. ეს არის კონფრონტაცია. “ვერაფერსაც ვერ მიზამთ”-ამბობს მოსწავლე ან არ გეუბნებათ, მაგრამ იგრძნობა, რომ ამას ფიქრობს. ის მშვიდად აგრძელებს ქცევას, თვითონ “ინარჩუნებს სახეს” და ელოდება თქვენს რეაქციას. როდესაც დარწმუნდება, რომ ყველამ ნახა რაც მოხდა, წყვეტს გამოხტომას, რადგან ახლა ასე სურს.
ძალაუფლებისმოყვარე მოსწავლის ქცევის ძლიერი მხარეები. მრავალი მოსწავლე, რომელიც ძლაუფლებისმოყვარეა, გამოირჩევა ლიდერის თვისებებით,თვითდამკვიდრების სურვილით, თავმოყვარეობით, დამოუკიდებელი აზროვნებით . ასეთი მოსწავლეები იოლად არ ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ. ისინი დამოუკიდებლად იაზრებენ სიტუაციებს, იღებენ გადაწყვეტილებებს, აკონტროლებენ თავიანთ ცხოვრებას, რაც უკვე სერიოზული ბაზაა ჯანსაღი და საინტერესო თვისებების ფორმირებისთვის. მასწავლებლისთვის სირთულეს ქმნის ის, რომ ეს წინაპირობები ზოგჯერ მოსწავლის მიერ არასწორად არის გამოყენებული სხვების დასაჩაგრად- მანიპულირებენ, მართავენ და აკონტროლებენ სხვებს.
პროფილაქტიკის პრინციპები. ძალაუფლების მოყვარე მოსწავლეები ეშმაკები და მოქნილი აზროვნების არიან. მათი მასწავლებელთან დამოკიდებულება კატა- თაგვობანას თამაშს შეიძლება მივამსგავსოთ. ისინი ელოდებიან დროს, მომენტს, ადგილს და მიზეზს თავისი ძალაუფლების გამოსავლენად, იბრძვიან მეთოდურად და მასწავლებელს უძებნიან მომენტს, როცა ის მოშვებულია და თანაც ზუსტად იციან მისი სუსტი მახარეები.
პროფილაქტიკა ორი მთავარი პრინციპის გათვალისწინებას მოითხოვს: 1 მოერიდეთ უშუალო კონფრონტაციას და 2. ნება დართეთ გამოავლინონ ძალაუფლება, მაგრამ იხელმძღვანელონ დაშვებული ხერხები
2. შურისმაძიებელი მოსწავლის ქცევის მახასიათებლები. მოსწავლეები, რომლებიც ყურადღების მიპყრობის ან ძალაუფლების ქცევის დემოსტრირებას ახდენენ საინტერესონი და გაკვეული მიმზიდველობის მატარებლები არიან. შურისმაძიებელი მოსწავლის მიმართ კი ამის თქმა ძნელია. ისინი ავები, კუშტები და ძალიან ძნელი მოსავლელები არიან. სწორედ ისინი უქმნიან ყველაზე დიდ სირთულეებს მასწავლებლებს, მუდმივ მზად არიან მოახდინონ დაპირისპირების პროვოცირება. მათი ამოცნობა ლექსიკითაც შეიძლება, რომელიც სავსეა უკმეხი გამონათქვამებით, უცენზურო სიტყვებითა და უხეში ეპითეტებით. მათი შურისძიების მიზეზი რეალური ან წარმოსახული წყენაა.
თუ ძალაუფლებისმოყვარე მოსწავლის ქცევაზე მასწავლებელი პასუხობს ძალის გამოყენებით, შედეგად შესაძლოა სწორედ შურისძიება მივიღოთ- რამდენიმე წუთის, დღის, კვირის ან წლის შემდეგაც კი. როგორც ამბობენ, ასეთი მოსწავლეები მოგაგებინებენ ბრძოლას თავდასხმაში, მაგრამ მოგიგებენ პარტიზანულ ომს..
სკოლაში ძალადობას იმიტომ აქვს ადგილი, რომ ის ბევრია სკოლის გარეთ. საზოგადოებაში იზრდება დანაშაული. მას მოსწავლე ხედავს ტელევიზიით, დიდი ქალაქის ქუჩებში…. ამასთანავე იშვიათია შემთხვევა, როცა ადამიანი განრისხებას ან წყენას მისაღები, ღირსეული ხერხებით პასუხობს. ამას ხედავს მოზარდიც. ქცევის ტიპური მოდელი ასეთია: დარტყმაზე უპაუხე დარტყმით. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ბავშვისა და მოზარდის რეაქციებიც სასტიკია.
შურისძიება ყოველთვის არ იწყება აშკარა წყენით. ის შესაძლოა სრულიად შემთხვევით პროვოცირდეს. შურისძიების პროვოცირება ადვილად შეუძლია მშობელს, ასევე თანაკლასელებს, სკოლის ადმინისტრაციას და ნებისმიერ სხვა ვინმეს. მოსწავლემ იცის, რომ მათზე შურისძიება შეიძლება სარისკო საქმე აღმოჩნდეს, მასწავლებელი კი ყოველდღე აგერაა, მშვენიერი სამიზნეა, რათა სხვების ნაცვლად მას გადაუხადო სამაგიერო ( მით უფრო, თუ მას თავისი „ცოდვებიც” საკმარისი აქვს..)
შურისძიების ქცევაც ორი ფორმით ვლინდება: აქტიური და პასიური
აქტიური ფორმა. ძალადობის პირდაპირი ფიზიკური აქტები. იშვიათად, მაგრამ დღეს სკოლაში მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც დასტუდება. მსოფლიო სტატისტიკა იცნობს მასწავლებლის ცემის, დაჭრის და იარაღით მოკვლის არა ერთ ფაქტს. მოსწავლეთა ასეთი ქცევის უკან სწორედ შურისძიების მოტივი დგას. ვხვდებით ძალადობის არაპირდაპირ ფიზიკურ აქტებსაც. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლის მაგიერ ძალადობრივი აქტის მსხვერპლი ხდება მერხი, მაგიდა, ფანჯარა.. მოსწავლეები ამტვრევენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებათ, ჭრიან დანით მერხებსა და სკამებს, ოთახის ყვავილებს ანადგურებენ, იპარავენ ტანსაქმელსა და საფულეს. მოსწავლე სწორედ იმას მოიმოქმედებს, რაც ყველაზე მეტად გაამწარებს მასწავლებელს.
ძალადობის ფსიქოლოგიური აქტები. ესენია შეურაცხყოფა და უხეშობა. პატარა შურისმაძიებლები კარგად გრძნობენ რა გაამწარებს მასწავლებელს. მათ უამრავი ისეთი სიტყვები იციან, რის ქვეშაც იგულისხმება- ”ვერ გიტან”. მაგ. გეუბნებათ :” ამ ქვეყნად ყველაზე უსამართლო მასწავლებელი მე მყავს”,” ჩემს დას გაუმართლა ამ კლასში რომ არ სწავლობს”, “კიდევ კარგი ამ საგანს არ ვაბარებ, თქვენს ხელში ვერაფერს ვისწავლიდი”, “კლასში რომ ამდენი “დედიკოს ბიჭები” არ იყვნენ, თქვენ დიდი ხანია აქ აღარ იქნებოდით”. ამგვარი უხეშობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ ნებისმიერი თანამშრომელი: დარაჯი, ბიბლიოთეკარი. ამ უკანასკნელს მაგ. ეტყვის :”ვხედავ აქ წასაკითხიც არაფერია”, “ეს გადასაყრელი წიგნები სად იშოვე?” დ.ა.შ.
მოქმედებით შეურაცხყოფა. მოსწავლემ კარგად იცის მასწავლებლის “სუსტი ადგილები”, რა არის მისთვის ღირებული და ძვირფასი. სწორედ ეს ღირებულებები ხდება შეტევის ობიექტები. მაგ. თუ მასწავლებლისთვის სისუფთავე ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლე სკოლაში ჭუჭყიანი, დახეული პერანგით მოვა. თქვენი ლექციები სისუფთავის შესახებ “კედლისთვის ცერცვის შეყრის” ტოლფასი აღმოჩნდება. მან ხომ ეს სპეციალურად თქვენს გასამწარებლად გააკეთა. თუ ზრდილობაა თქვენი „სუსტი წერტილი” მაგ. ის ასეთ ხერხს მიმართავს: უმცროსკლასელებს გინებას ასწავლის და ყოველნაირად ეცდება მათი გინება მოგასმენინოთ. თუ პუნქტუალობაა -მუდმივად დაიგვიანებს და სხვა. ასეთი საქციელი ყველაზე დიდ ზიანს სწორედ თვითონ მოსწავლეს აყენებს. ისინი ხშირად ხდებიან ნარკომანები, ალკოჰოლის მოყვარულები .. ესეც შურისძიების ხერხებია, რომლის მსხვერპლი ათასობით მოსწავლე ხდება.
პასიური ფორმა. შურისმაძიებელთა უმეტესობა ქცევის აქტიურ ფორმას ირჩევს. ერთადერთი ფორმა, რომელსაც შეიძლება პასიური ვუწოდოთ არის ე.წ. „გაუცხოებული განრიდება”. ასეთი ბავშვები ჩაკეტილები, არაკომუნიკაბელურნი, კუშტები არიან. თქვენ სულ ცდილობთ დაუახლოვდეთ, ისინი კი გამუდმებით გაგირბიან. მათ მოსწონთ რომ ვერაფერს უხერხებთ. მათგან არ მოდის საპასუხო იმპულსი, რომელიც გიჩვენებდათ, რომ თქვენთან ურთიერთობა სურთ. ბოლოს თქვენ გეუფლებათ უმწეობის და სრული უსუსურობის განცდა.
როგორია მასწავლებლის რეაქციები? მასწავლებლის უშუალო რეაქცია იმდენად ტიპიურია, რომ ის შეიძლება ამგვარი ქცევის ინდიკატორად გამოდგეს. კერძოდ, არსებობს ორი არსებითი ნიშანი , რომელიც მიუთითებს, რომ მოსწავლის ქცევის ფარული მიზანი შურისძიებაა. 1. თუ ძალაუფლებისმოყვარე მოსწავლის ქცევაზე მასწავლებელი ბრაზდება, აღშფოთდება და შიშის გრძნობაც კი ეუფლება, შურისმაძიებლურ ქცევაზე მას ემატება წყენა, ტკივილი და განადგურების სურვილი. ეს ძალზე უსიამოვნი განცდაა, რადგან ხვდები, რომ ვიღაცას მიზანში ჰყავხარ ამოღებული და შურისძიების მსხვერპლი ხარ. ეს გრძნობები ძალიან ძლიერია, თანაც უსიამოვნო. 2. იმპულსური მოქმედება, რომელიც მასწავლებელს ეუფლება ესაა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს შურისძიების ქცევა. ასეთი იმპულსი ორია :ა) დაუყონებლივ უპასუხოთ ძალის გამოყენებით,რათა ” დასვა მოსწავლე თავის ადგილზე”, ჩაახშოთ ქცევა, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ და ბ ) გაეცალო სიტუაციას, გაიჯახუნოთ კარი. ორივე ტიპის რეაქციები ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა, ცნობილი პირველყოფილი საზოგადოების დროიდან. სტრატეგია “იჩხუბო ან გაეცალო”, ადამიანს დაეხმარა გადარჩენაში. სამწუხაროდ, არც ერთი ეს რეაქცია მასწავლებელს არ გამოადგება. მასწავლებლებს ამ უძლიერესი ინსტიქტების შეკავება უწევთ, რაც ძალზე ძნელია.
როგორია პედაგოგიურ ზემოქმედებაზე მოსწავლის რეაქცია. დამატებითი ნიშანი, რითაც შესაძლოა შურისძიების ქცევის იდენტიფიცირება მოვახდინოთ, ესაა მოსწავლის რეაქცია მასწავლებლის ქცევაზე. თუ მოსწავლე კონფლიქტის ექსკალაციაზე მიდის, ეს იმის ნიშანია, რომ ის მაშინ მორჩება გამოხტომებს, როცა ეს თვითონ მას მოუნდება. ამით ისინი ადასტურებენ ჩვენით მანიპულირების უნარს , ამასთანავე პოულობენ ხერხებს თუ როგორ გამოიყვანონ მასწავლებლები წყობიდან, როგორ „დააკარგვინონ სახე”.
შურისძიების ქცევის ძლიერი მხარეები. ამგვარი ქცევის ძლიერი მხრეების დასანახად საჭიროა ამ ბავშვებს შევხედოთ პერსპექტივაში. მათი თავდაცვის ხერხი აგრესიაა- მიმართული გარეთ, სხვებზე და არა საკუთარ თავზე. საკუთარი ფსიქიკური ჯამრთელობის შენარჩუნებისათვის ისინი უპირატესობას ანიჭებენ რაღაცის კეთებას, განსხვავებით იმათგან, ვინც ასეთ სიტუაციაში უმოქმედობას ამჯობინებს. ეს უკანასკნელნი კი აპათიაში და უიმედობაში ვარდებიან. პასიური მოსწავლის სულიერი ტკივილი, თუ ეს ტკივილი ძლიერია და დიდი ხნით გრძელდება, ქრონიკულ დეპრესიას და სუიციდსაც კი იწვევს. ამ მხრივ, შურისმაძიებელთა ქცევა სოციალური თვალსაზრისით არც თუ ისე უიმედოა.
არსებობს პროფილაქტიკის ორი მთავარი პრინციპი,რომლებიც ასეთი ქცევის შესუსტებას უზრუნველყოფს. 1.ყველა მოსწავლესთან ურთიერთობები ააგეთ მათზე ზრუნვის გრძნობით. რასაკვირველია, ეს არც თუ ისე ადვილია ,მაგრამ მისდიეთ პრინციპს: ”გამოყავი ქცევა მისი ჩამდენისგან”, ამით პირველი ნაბიჯი გადაიდგმება პოზიტიური მიმართულებით. 2. ასწავლეთ მოსწავლეს, როგორ გამოხატოს ნორმალური ხერხებით თავისი სულიერი ტკივილი და ესაუბრეთ მას რთულ მომენტებში. თუ მოსწავლეებს ამას ასწავლით, ისინი შეწყვრტენ ყველა მიმართულებით დარტყმების განხორციელებას .
მაინც, როგორ ავაგოთ ურთიერთობა მოსწავლესთან, რომელიც , გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გვიყვართ? უნდა შეგვეძლოთ მათთან მშვიდობიანი თანაარსებობა. განვიხილოთ მასწავლებლის ქვევის რამდენიმე სტრატეგია:
შეიცვალეთ თქვენეული აღქმა. იპოვეთ მასში რაღაც კარგი. დაიწყეთ იმით, რომ მისი სუსტი მხარეები განიხილეთ, როგორც მისი სიძლიერე. გამოიყენეთ პოზიტიური ენა.სიჯიუტე განიხილეთ, როგორც ხასიათის სიმყარე, სიმტკიცე,. ასეთი ენა ჩვენ თვითონ დაგვეხმარება გავთავისუფლდეთ ურთიერთობის სიმძიმისაგან. მაგ. ვთქვათ ნიკას სთხოვთ ნუ აკაკუნებს მერხზე პასტით, მას თქვენი არ ესმის და კაკუნს აგრძელებს. სთხოვთ ფანქარი დადოს. ის ამას აკეთებს, სახაზავს იღებს და კაკუნს ბრახუნით ცვლის ა. შ. რასაკვირველია, ის შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ შესაძლებელია ასეთი ხერხი უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს, ეუბნები: “შენი შემოქმედებითი შესაძლებლობები შთამბეჭდავია, მაგრამ მე არ შემიძლია ყველაფერი გამოვიცნო, რაც შენ ჩანთაში გაქვს. შეგიძლია საერთოდ შეწყვიტო კაკუნი?”. იმედია ის გაჩერდება, თანაც ისე ,რომ არ დაკარგავს ღირსებას, თავის სახეს.
შეცვალეთ რეაქციები. საჭიროა გამივიყენოთ სხვადასხვა ხელისშემწყობი სტრატეგიები (რომლებსაც შემდეგ სტატიაში მოგაწოდებთ) .ეს ძალზე ძნელია იმ მოსწავლის მიმართ, რომელიც არ გიყვართ, მაგრამ შედეგიანია. მოსწავლე მადლობელი დაგრჩებათ და თქვენც დამოკიდებულება შეგეცვლებათ.
შესაძლებლობისდაგვარად იმოქმედეთ თავდაჯერებულად. ” ვისაც ეშინია, ძაღლიც მას კბენს”. ეს ზოგადი პრინციპია. თუ თავდაჯერებული არა ხართ, მაინც არ აჩვენოთ ეს. გააკეთეთ ეს მუდმივად და ასეც მოხდება.
აჩვენეთ მოსწავლეს, რომ მასზე ზრუნავთ. შურისმაძიებლები სწორედ ზრუნვას საჭიროებენ და არა იმდენად თქვენს სიყვარულს. ჩვენ არ შეგვიძლია ყველა გვიყვარდეს, მაგრამ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მასზე ვზრუნავთ. მოქმედებების კონტროლი, გრძნობებისგან განსხვავებით, უფრო ადვილია.
ასწავლეთ მოსწავლეებს გამოხატონ გრძნობები და მართონ ისინი. ამით თქვენ მათ დიდ დახმარებას გაუწევთ, რადგან მათი დამანგრეველი გრძნობები შემცირდება.
ხმამაღლა ისაუბრეთ მოსწავლეთა გრძნობებზე. ჰკითხეთ გაბრაზებულ მოსწავლეს რას გრძნობს ის. თუ არ გითხრათ, შეეცადეთ გამოიცნოთ ის. უთხარით მას :” ჩემი აზრით, შენ დღეს გაღიზიანებული და გაავებული ხარ. ასეა?” თუ ცდებით, მოსწავლე აუცილებლად გაგისწორებთ, თუ ის სიტუაციაა, რომ მას საუბარი არ სურს და არც არის მიზანშეწონილი, მაშინ მოგვიანებით დაელაპარაკეთ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვუსმინოთ და მოვერიდოთ მითითებებს. “რა განაპირობებს ამ შენს აგრესიულ გრძნობებს?”- ჰკითხეთ მოსწავლეს . თუ შეძლებთ, ისიც კითხეთ, რის გამო არის თქვენს მიმართ აგრესიულად განწყობილი, შესაძლოა ბევრი საინტერესო რამ მოისმინოთ საკუთარი თავის შესახებ. თუ არაფერი გითხრათ, არაუშავს. არ განიხილოთ მოსწავლესთან საუბრის შინაარსი სხვებთან. გადაუხადეთ მადლობა და უთხარით, რომ იფიქრებთ მოსმენილზე.
ემოციების ფიზიკური გამოვლენა. ამ მიზნით კარგია სკოლაში მოეწყოს სპეციალური კუთხე თიხისთვის, პლასტელინისთვიs ( უმცროსკლასელთათვის), უფროსებისთვის კი სპორტდარბაზში მაგ. კრივის მსხალი.
შემდეგ სტატიაში მოგაწოდებთ კონფრონტაციის სიტუაციაში ჩარევის სტრატეგიებსა და ტექნიკებს, გაგაცნობთ სანქციების ფორმებს, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია და ეფექტიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი