სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

შინაური მღვდლის ამბები

უძველესი ქართული ანდაზა ამბობს: „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“. ანდაზის საფუძვლები ბიბლიიდან მოდის. ახალ აღთქმაში არის ერთი საინტერესო ეპიზოდი, რომელიც იესო ქრისტესა და ნაზარეთელების ურთიერთობას უკავშირდება. იესო მთელს პალესტინაში ქადაგებს, მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს თაყვანს სცემენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა მხარეში, თითქმის ყველგან უპირობოდ აღიარებენ მაცხოვრის ძლევამოსილებას. ერთადერთი დასახლება, სადაც დიდი მკურნალის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ მისი მშობლიური ქალაქი ნაზარეთია. ნაზარეთელებს უბრალო ხუროს ოჯახში დაბადებული კაცის ამაღლების არ სწამთ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ გვერდით გაზრდილი ადამიანი მათზე უკეთესი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდებოდა. თანაქალაქელებზე დაკვირვება ნაზარეთელს უპირობო, ათასწლეულების განმავლობაში ურყევად მოქმედი ჭეშმარიტების მკაფიოდ წარმოჩენის წინაპირობას უქმნის: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა და საკუთარი სახლისა“.

საქართველოს უახლეს ისტორიას უდიდესი ადამიანების დაუფასებლობის, დამცირებისა და გარიყვის არაერთი მაგალითი ახსოვს.

1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან ათი წლის იუბილე აღნიშნა. პირველმა ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა არაერთ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა. სხდომებს, ლექციებს, შეხვედრებს ასობით ადამიანი დაესწრო. უნივერსიტეტის ბაღსა და მთავარ შენობაში ყველა სოციალური ფენის, პროფესიისა და გამოცდილების ადამიანს შეხვდებოდით. მხოლოდ ერთი პროფესორი არ ჩანდა. იგი „მხოხავ ემპირისტად“ და „ფაქტების ფალსიფიკატორად“ გამოაცხადეს. მას ლენინისა და სტალინის სამეცნიერო მრწამსის ოპოზიციონერობას აბრალებდნენ. პარტიული სკოლის ახალგაზრდა კურსდამთავრებულები მიზნად ისახავდნენ ღვაწლმოსილი პროფესორისა და მისი მიმდივრების „ცხელი შანთით ამოწვას“ უნივერსიტეტის წიაღიდან. გარიყული მეცნიერი დევნა ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მას რამდენჯერმე ჩამოართვეს აკადემიური თანამდებობა. 1930-იან წლებში კომკავშირულმა რაზმებმა უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელის კარიც კი გადაუღობეს ცნობილ ისტორიკოსს და მას შენობაში შესვლის შესაძლებლობაც არ მისცეს.

დევნილი მოღვაწე ივანე ჯავახიშვილი გახლდათ. ჯავახიშვილმა საუკუნის დასაწყისში რუსული და ევროპული კარიერის მშენებლობის პერსპექტივა არაფრად ჩააგდო, სასათბურე პირობებზე უარი თქვა და ომის ქარცეცხლში გახვეულ სამშობლოს დაუბრუნდა, რათა ყველასგან დავიწყებულ მხარეში ქართულენოვანი უმაღლესი სასწავლებლისთვის ჩაეყარა საფუძველი. ისტორისკოსს დასცინოდნენ, მის განზრახვას აბსურდად მიიჩნევდნენ, არ სჯეროდათ, რომ ქართული უნივერსიტეტი ოდესმე დღის სინათლეს იხილავდა. მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, ჯავახიშვილმა შიშვლელი ხელებით მაინც მოახერხა სწავლებისა და კვლევის ქართული კერის ამუშავება. წლების შემდეგ კი საკუთარი სახლის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში ჩამოჯდომის უფლებაც კი ჩამოართვეს.

ქართულ ფეხბურთს ბევრი გამორჩეული მოასპარეზე ჰყოლია. მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. თუმცა, თავად ყოყმანის გარეშე შემიძლია მოწინავე სპორტსმენის დასახელება. ჩემი რწმენით, ქართულ ფეხბურთს მიხეილ მესხზე უკეთესი მოთამაშე არასდროს ღირსებია. მთელს მსოფლიოში აღფრთოვანებით ეგებებოდნენ მინდორზე ქართველი გარემარბის გამოჩენას. მისი გოლები, კომბინაციები, სტილი და ტაქტიკა სამწვრთნელო სახელმძღვანელოებში მაგალითებად არის წარმოჩენილი. თავისი კარიერის განმავლობაში მიხეილ მესხმა ყველა ის ტიტული დაიმსახურა, რის მოპოვებაც საბჭოთა ფეხბურთელს შეეძლო. 1960 წელს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო, 1964 წელს კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონის თასს დაეუფლა.

ჩემი თაობის წარმომადგენლებმა ბევრი არაფერი ვიცით მიხეილ მესხისთვის შექმნილი წინააღმდეგობების შესახებ. სოციალიზმის ნიღბის ქვეშ დამალულ რუს შოვინისტებს არ სურდათ, რომ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებებში პატარა რესპუბლიკის წარმომადგენელს გამოეჩინა თავი. ეროვნული კუთვნილების გამო მესხს ხშირად არ იძახებდნენ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ნომენკლატურის წევრები ცდილობდნენ, რომ ფორვარდს მალე დაემთავრებინა კარიერა. ხელს უშლიდნენ საერთო ბაზაზე ვარჯიშში. თავდამსხმელს ხშირად დიღმის ტყეებსა და მთებზე ინდივიდუალურად უწევდა მომზადება. შესანიშნავ ფორმაში მყოფი მიხეილ მესხი 1970 წელს „დინამოდან“ „ლოკომოტივში“ ჩამოალაბორანტეს, შემდეგ კი აიძულეს, რომ ნაადრევად ჩამოეკიდებინა ბუცები ლურსმანზე.

მიხეილ მესხის წვალება აქტიური ფეხბურთიდან წასვლასთან ერთად არ დასრულებულა. მესხის ოჯახის წევრები საჯაროდ დიდი ფეხბურთელის ცხარე ცრემლით ტირილის ერთადერთ ფაქტს იხსენებენ. საბჭოთა სამართალდამცველებმა საშვის არქონის გამო  (სახლში დარჩა) საყოველთაოდ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი სტადიონზეც კი არ შეუშვეს. ალაყაფის კარს მიღმა დატოვებულ მესხს არც არავინ გამოექომაგა.  სტადიონზე, სადაც გულშემატკივრები ორ-ორ ბილეთს ყიდულობდნენ, რათა ორივე ტაიმის მიმდინარეობისას მესხთან ყველაზე ახლოს მდებარე ტრიბუნა მოკალათებულიყვნენ, ცოცხალ ლეგენდას შესვლის უფლება არ მისცეს.

რატომ არ ვინდობთ „შინაურ მღვდლებს“? უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იმიტომ, რომ სიახლოვისა და ადვილად ხელმისაწვდომობის გამო, მათი არაჩვეულებრიობის აღქმა გვიჭირს. ვერ ვიჯერებთ, რომ ჩვენ გვერდით ჩვენსავით მშრომელი ადამიანი ჩვენზე უკეთესი და გამორჩეულია. მეორე მიზეზი კი, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება. როდესაც თავად არ შეგიძლია ცაში აფრენა, მაშინ სხვა უნდა დაანარცხო მიწაზე, შენ გვერდით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი