თანამედროვე სამყაროში, სადაც მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ყოველდღიურად იყენებენ გაჯეტებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, აპლიკაციებს, ხელოვნური ინტელექტის და ონლაინთამაშების პლატფორმებს, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოება. ინფორმირებულობა და წესების დაცვა მნიშვნელოვანია კიბერთაღლითებისა და ონლაინკრიმინალებისგან მომდინარე, პირადი მონაცემების გაჟონვისა და გავრცელების საფრთხის შესამცირებლად.
ინტერნეტი და ციფრული სასწავლო პროგრამები განვითარებისა და კომუნიკაციის უდიდეს შესაძლებლობას ქმნის მხოლოდ მაშინ, როცა მას უსაფრთხოდ ვიყენებთ. მასწავლებლებისა და მშობლების როლი ბავშვების განვითარებაში მათთვის არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ციფრული პასუხისმგებლობის პირადი მაგალითების ჩვენებაც არის. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს ინფორმირებული, დაცული და პასუხისმგებლობიანი როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეში. გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვები, რომლებიც ინტერნეტის მასობრივი გავრცელების ხანაში ელექტრონული მოწყობილობებით ჭარბად გაჯერებულ სივრცეებში იზრდებიან, არცთუ იშვიათად ზრდასრულებზე სწრაფად ითვისებენ ელექტრონულ პლატფორმებს და მშობლები და მასწავლებლები მათთან შედარებით შესაძლოა მეტად დაბნეულები ან არაინფორმირებულები ჩანდნენ, მაგრამ ეს მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას არ გვიხსნის.
კონკრეტულ წესებზე გადასვლამდე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რას გულისხმობს კიბერსაფრთხეები და მონაცემების დაცვა.
მონაცემი არის ყველა ტიპის პირადი ინფორმაცია, რაც კი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული – თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების დაბადების თარიღი, საბანკო მონაცემები, ცნობები საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შესახებ, ინტერნეტსერფინგის ამსახველი დეტალური ჩანაწერები. ყველა ის ინფორმაცია, რასაც თქვენ შესახებ გასცემთ სხვადასხვა პლატფორმაზე, ინახება და სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მათი ნაწილი საფრთხის მატარებელი არ არის – თქვენს ინტერესებს მორგებული სარეკლამო წინადადებები, ინფორმაცია თქვენი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად არსებულ სერვისებზე, ნაწილი კი, თუ თაღლითების ხელში აღმოჩნდა, შესაძლოა, თქვენთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ დარეგისტრირდეთ საეჭვო პლატფორმებზე, არ გადასცეთ თქვენი პაროლი სხვას და მეტი დაცულობისთვის გამოიყენოთ ორმაგი ავტორიზაციის სისტემები.
კიბერსაფრთხეებად მოიხსენიება ციფრულ სამყაროში არსებული რისკები, რომელთა ჩამონათვალი თითქმის უკვე ისეთივე ვრცელია, როგორიც რეალურ ცხოვრებაში არსებული დანაშაულებისა. ყველაზე გავრცელებული კიბერსაფრთხეებია:
- ფიშინგი – ყალბი ბმულების, შეტყობინებების, წერილების საშუალებით პაროლების, ანგარიშების ან სხვა პირადი ინფორმაციის მოპარვა, რაც შემდგომში შესაძლოა თაღლითობისთვის ან სხვა დანაშაულებისთვის იქნეს გამოყენებული;
- მავნე პროგრამები, რომლებიც ხილულად ან უხილავად შემოდის თქვენს მოწყობილობებში და შეუძლია თქვენს ფაილებზე წვდომა ან თქვენი მოწყობილობების დავირუსება და დაბლოკვა;
- პირადი მონაცემების გაჟონვა – თქვენი ფოტოების, საკონტაქტო ინფორმაციის არალეგალურად გავრცელება, რაც მოწყვლადს გვხდის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების, ბულინგის, თაღლითების თავდასხმების მიმართ;
- კიბერბულინგი, შანტაჟი და ციფრული შევიწროება – ბულინგისა და სექსუალური დანაშაულების გადატანა ონლაინსივრცეში, სადაც მოძალადეს შეუძლია, სხვა იდენტობით, ყალბი ანგარიშით და ანონიმურად მოგაყენოთ ზიანი, გამოგძალოთ სექსუალური ხასიათის ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, დაგაშანტაჟოთ მათი გამოყენებით, თქვენი გრაფიკული გამოსახულებით შექმნას ყალბი კონტენტი თქვენი დისკრედიტაციისთვის, გამოგძალოთ ფული თქვენს შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაუვრცელებლობის პირობით ან თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, იმის შიშით, რომ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს გაავრცელებს, გაიძულოთ მისი მოთხოვნების შესრულება;
- ყალბი აპლიკაციები და ვებსაიტები – არსებულთა ანალოგიით შექმნილი პლატფორმები ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, მონაცემების შესაგროვებლად ან ფულის გამოსაძალად.
კიბერსაფრთხეებისგან თავის დაცვაში ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ:
- არასოდეს გაუზიაროთ პაროლი სხვას. თქვენი პაროლი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ძლიერი პაროლი ძლიერ დაცვას ნიშნავს.
- არ გახსნათ უცნობი ბმულები და უცხოებისგან გამოგზავნილი ფაილები.
- კარგად დაფიქრდით ინტერნეტში იმ პირადი მონაცემების გაზიარებამდე, რომლებიც შეიძლება საჯაროდ გამოჩნდეს – მობილურის ნომერი, სახლის მისამართი, სამუშაო ადგილი ჯობია დახურული იყოს და მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გაამჟღავნოთ სანდო პლატფორმებზე.
- კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს საჯაროდ გააზიარებთ. ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ერთხელ დაპოსტავთ, იქნება ეს თქვენი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, პირადი ფოტოები თუ სხვა ინფორმაცია, სამუდამოდ ტოვებს ციფრულ კვალს, განურჩევლად იმისა, წაშლით თუ არა მას გარკვეული ხნის შემდეგ.
- ინფორმაციის გავრცელებისას ყოველთვის დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ თუ არა ამის გაზიარება უსაზღვრო ონლაინსამყაროსთვის. არაერთ ადამიანს კვლავ აქვს განცდა, რომ მათი პირადი პროფაილი მართლაც პირადი სივრცეა. მათ ავიწყდებათ, რომ ეს არის უსაზღვრო საერთო სივრცეში მათთვის მონიშნული ადგილი, სადაც მათგან დამოუკიდებლად დადგენილი წესები მოქმედებს და არც ყველა რისკისგან თავის დაზღვევაა მათ ხელთ.
- არ გააბათ მეგობრობა უცნობებთან ინტერნეტში. არ უთხრათ უცხოებს, სად ცხოვრობთ, სად სწავლობთ, არ გაუგზავნოთ ფოტოები და არ მოუყვეთ პირად ამბებს. შეიძლება, ადამიანი ბავშვებს თანატოლად ეცნობოდეს, სინამდვილეში კი ზრდასრული კიბერკრიმინალი იყოს. მის პირად სივრცეში საეჭვო პირების გამოჩენისას მოზარდს უნდა ჰქონდეს ზრდასრულების მხარდაჭერისა და დახმარების იმედი. ისინი არ უნდა განსაჯოთ მათ სიახლოვეს გამოჩენილი საეჭვო უცნობების გამო. ერთადერთი, რაც მათ ამ დროს სჭირდებათ, დაცვაა.
- ყურადღებით მოეკიდეთ აპლიკაციებს, რომლებსაც იყენებთ. ზოგი მათგანი შესაძლოა ითხოვდეს წვდომას თქვენს ფოტოებზე, მარშრუტებსა თუ სხვა მონაცემებზე. თუ აპლიკაციას ამ მონაცემებზე წვდომას აძლევთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის მათ თქვენი ინტერესების საზიანოდ არ გამოიყენებს და რომ ღირს ამ ინფორმაციის გაზიარება იმ სიკეთეებისთვის, რასაც აპლიკაციის გამოყენება მოგიტანთ.
- მოუფრთხილდით თქვენს მოწყობილობებსა და ანგარიშებს. ნუ დატოვებთ ტელეფონს და სხვა პირად გაჯეტებს უყურადღებოდ ისეთ ადგილას, სადაც მათზე ხელი მიუწვდებათ სხვებს. ნუ დატოვებთ თქვენს ანგარიშს გახსნილს საერთო მოხმარების კომპიუტერში. ფრთხილად იყავით ღია უფასო ქსელის გამოყენების დროსაც – ამ ქსელების გავლით თქვენს მონაცემებზე წვდომის რისკი იზრდება.
- ფრთხილად კიბერბულინგთან! არ გახდეთ მოძალადე ციფრულ სამყაროში და არ გადგეთ განზე, როცა სხვებზე ძალადობენ – ერთმანეთის დაცვა, ინფორმირება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული სამყარო იძლევა ანონიმურად მოქმედების შესაძლებლობას, საბოლოოდ ყველა ანონიმური დანაშაულის უკან მდგარი ადამიანის პოვნა შესაძლებელია, რადგან ინტერნეტში ვერაფერს გააკეთებთ ისე, რომ ციფრული კვალი არ დატოვოთ. შესაბამისად, ჯობია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაინ სივრცეშიც წესიერი მოქალაქე იყოთ.
- დაიცავით ასაკობრივი შეზღუდვა და გამოიყენეთ მშობლების ფილტრები. არ მისცეთ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშების გახსნის უფლება, დაუყენეთ ასაკის შესაბამისად კონტენტის შემზღუდავი ფილტრები და გაეცანით იმ პლატფორმებს, სადაც განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებენ, ონლაინ თამაშები იქნება ეს, სოციალური ქსელები თუ ვებსაიტები.