ჩემი ცხოვრების მთავარი ეტაპისთვის ვემზადები. მაგიდა გადმოვალაგე და აიოვაში დაწყებული და ვერაფრით დამთავრებული რომანის პირველი 100 გვერდი ვიპოვე ამობეჭდილი, კიდევ – აიოვაშივე ნაყიდი დიდი რვეული ჩანაწერებისთვის (ეს რომანიც წინასწარ კვლევას მოითხოვდა) და ამობეჭდილი მასალები. რვეული კი მახსოვდა, დამჭირდა და მაგიდაც მის მოსაძებნად გავჩხრიკე, მაგრამ ის იყო, უნდა ამეღო, რომ გულში უსიამოვნოდ გამკრა რაღაცამ. აი, მტკივნეული მოგონება რომ გაგმსჭვალავს უცებ, ისე – დაუმთავრებელ ტექსტთან მიბრუნება არ მინდოდა.
მაინც ავიღე, გადავათვალიერე. ამობეჭდილ მასალებსაც ჩავხედე. გული მომეწურა – რატომ არ დავასრულე?
იმიტომ, რომ იქაურმა (ამერიკულმა) გამოცდილებამ სრულიად სხვა ფიქრები გამიჩინა და რომანის თემა ჩემთვის ნაკლებად აქტუალური გახდა. კიდევ იმიტომ, რომ მაშინ ერთი არასწორი ადამიანი შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სასიცოცხლო ძალას მაცლიდა. მაგრამ ამ ორი მიზეზიდან არც მამართლებს რომელიმე და არც ნუგეშს მგვრის.
ტექსტები შუა გზაზე ადრეც მიმიტოვებია: მოთხრობებიც, რომანის ჩანასახიც. ეგაა, რომ ასე შუამდე მისული და თან ამხელა არცერთი არ ყოფილა. არცერთი არ დაწერილა რეზიდენციაში, არცერთის გამოქვეყნება-გამოცემის ამბიცია თუ მიზანი არ მქონია. როცა შესაძლებლობები, მკითხველი და გამომცემელი ჩნდება, პასუხისმგებლობაც იმატებს. ეს ამძაფრებს გამოუსვლელი საქმის ტკივილსაც. ალბათ, ეგაა ჩემი გულის წყვეტის მიზეზიც. ამ შუა გზაზე მიტოვებული ტექსტის დანახვა მართლა ისეთივე უსიამოვნო იყო, როგორც რაიმე ტრავმული მოგონების გაცოცხლება, წარსულიდან ხელახლა გამოხმობა.
ისიც კი გამეფიქრა, ხომ არ მივუბრუნდე-მეთქი. მით უმეტეს, რომ ტექსტის ცალკეული მონაკვეთები თურმე გამისწორებია. მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარვყავი – ჯერ ერთი, ახლა სხვა სამუშაო მაქვს და მეორეც, ტექსტს ყურადღებით რომ გავადევნე თვალი, მივხვდი, ოდნავადაც ვერ გადმოსცემდა იმას, რის გადმოცემაც მინდოდა (მახსოვს, რაც მქონდა განზრახული, კი).
ამის მიუხედავად, სადღაც, გულის კუნჭულში, ვინახავ მის თემას – ეგებ ოდესმე კიდეც დავწერო, ჯიუტად, მაინც დავწერო ტექსტი, ამ ქვეყანაზე მოვლინება რომ არ ინება.