ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საკლასო ოთახის ეკრანი ყველა პედაგოგისათვის

ალბათ ნებისმიერ მასწავლებელს უფიქრია, როგორი ფორმით მისცეს მოსწავლეებს ინსტრუქციები, როგორ აკონტროლოს დრო, როგორ შეარჩიოს მოსწავლეები შემთხვევითი პრინციპით, სხვადასხვა საგაკვეთილო აქტივობის დროს და ა შ. ყოველივე ეს, ერთი შეხედვით, წვრილმანია და ჩვეულებრივ, გამოცდილ მასწავლებელს მასთან გამკლავება არ უნდა გაუჭირდეს.  მიუხედავად ამისა, პედაგოგის საქმიანობა ბევრად უფრო გამარტივდებოდა, თუკი ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესის წარსამართავად მნიშვნელოვანი  ინსტრუმენტები ერთად იქნებოდა თავმოყრილი. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. მინდა გაგაცნოთ მასწავლებლებისათვის განკუთვნილი შესანიშნავი რესურსი „საკლასო ოთახის ეკრანი“ („classroomscreen“), რომელიც ვებგვერდის სახით არსებობს და მისი გამოყენება, ონლაინ-რეჟიმში, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.  ქვემოთ მოცემულია რესურსის მისამართი:

www.classroomscreen.com

 

როგორ შეიქმნა „საკლასო ოთახის ეკრანი“?

„საკლასო ოთახის ეკრანი“ ახალგაზრდა ჰოლანდიელმა მასწავლებელმა ლორენს კოპერსმა (Laurens Coppers ) შექმნა. ის ცდილობდა ეპოვა ისეთი რესურსი, სადაც ერთად იქნებოდა თავმოყრილი ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარებოდა მის მოსწავლეებს, უფრო მეტად ყოფილიყვნენ ფოკუსირებულნი სასწავლო პროცესზე. მსგავსი ვერაფერი იპოვა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავად შეექმნა ის. ასე გაჩნდა ონლაინ-რესურსი „საკლასო ოთახის ეკრანი“. რესურსის ავტორმა, საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, შესანიშნავად გაითვალისწინა მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებანი. გარდა იმისა, რომ ეფექტური გაკვეთილის წარსამართავად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები ერთადაა თავმოყრილი, „საკლასო ოთახის ეკრანს“ სხვა უპირატესობებიც აქვს:

  • უფასოა და ყველასათვის ხელმისაწვდომი;
  • მარტივია მისი გამოყენება, არ მოითხოვს პედაგოგისაგან განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს;
  • პრაქტიკული და სასარგებლოა: რა გამოცდილებაც არ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რესურსი აუცილებლად იპოვის ადგილს მის საკლასო ოთახში.

 

რას წარმოადგენს  „საკლასო ოთახის ეკრანი“?

„საკლასო ოთახის ეკრანი“ მარტივი ვებრესურსია. მას შემდეგ, რაც დასახელებულ საიტს ეწვევით ( www.classroomscreen.com ), თქვენ  წინ გაიხსნება ფანჯარა, რომლის ქვედა ნაწილში, 12 ინსტრუმენტი, ე.წ. ვიჯეტია განლაგებული. განვიხილოთ ისინი თანმიმდევრულად:

  1. ენა – ვიჯეტის დახმარებით შეგიძლიათ აირჩიოთ ვებგვერდის ენა. მართალია, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ჩამონათვალში ქართული ენა არ არის. მიუხედავად ამისა, მარტივი დიზაინი, ენის არცოდნის შემთხვევაშიც გვაძლევს საქმეში სწრაფად გარკვევის საშუალებას.
  2. ფონი – თავად შეარჩიეთ ფონი თქვენი გაკვეთილისათვის. რესურსი სურათების საინტერესო არჩევანს გვთავაზობს (მათ შორის gif ფორმატშიც). სურათი თქვენი გაკვეთილის თემატიკას შეუსაბამეთ. იმ შემთხვევაში, თუკი სასურველ ფოტოს ვერ ნახავთ, შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობიდან ატვირთოთ, ან იქვე გადაიღოთ კიდეც.
  3. შემთხვევითი სახელი / კამათელი – ვიჯეტის ფუნქციაა სახელის შემთხვევითი პრინციპით შერჩევა. გახსნილ ფანჯარაში ჩამოწერთ სახელებს (მაგალითად, მოსწავლეთა სახელებს, როდესაც ჯგუფიდან გსურთ პრეზენტატორის არჩევა), შემდეგ კი დააწკაპებთ ღილაკზე არჩევა. ინსტრუმენტი შემთხვევითი პრონციპით შეარჩევს სახელებს. აქვეა ვირტუალური კამათელი.
  4. ხმაურის დონე – ვიჯეტი დაგეხმარებათ საკლასო ოთახში ხმაურის დონის კონტროლში. საგაკვეთილო აქტივობების განხორციელების დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ხმაურმა დასაშვებ ზღვარს არ გადააჭარბოს და ერთმანეთს არ შეუშალონ ხელი მუშაობის პროცესში. მას შემდეგ რაც ვიჯეტზე დააწკაპებთ, ჩაირთვება მიკროფონი. სათანადო ღილაკების დახმარებით შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ ხმაურის მიმართ მგრძნობელობა, ხმაურის ზღვარი, დააყენოთ ხმოვანი სიგნალი. თუკი ხმაურის დონე დასაშვებ ზღვარს გადააჭარბებს, მწვანე ფერი წითელით შეიცვლება.
  5. QR კოდი – თანამედროვე სამყაროში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მას შემდეგ, რაც ვიჯეტს გახსნით, მისამართის ზოლში ჩაწერთ სასურველ ვებ-მისამართს. შემდეგ მოსწავლეები სათანადო მოწყობილობებით ( ipad, სმარტფონი, შესაბამისი აპლიკაციით) კოდს დაასკანერებენ და მარტივად გახსნიან ვებგვერდს. ბუნებრივია, თუკი მსგავსი მოწყობილობების გამოყენება გათვალისწინებული აქვს პედაგოგს გაკვეთილზე.
  6. ხატვა (დიდ ფორმატში) – ვიჯეტში ხატვისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტებია წარმოდგენილი. შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაბამისი ზომის ფუნჯი, ფერები და ა. შ. ხატვისათვის განკუთვნილი სივრცე მთელ ფანჯარას მოიცავს, შეგილძიათ ხატოთ, როგორც სპეციალურად შერჩეულ ფონზე, ასევე უკვე არჩეულ ფონურ სურათზე. ინსტრუმენტის დახმარებით, მაგალითად, შესაძლებელია დავხაზოთ სივრცე  და სხვადასხვა ტიპის დავალებები გაუნაწილოთ მოსწავლეთა ჯგუფებს.
  7. ხატვა (მცირე ფორმატში) – იგივე ფუნქცია აქვს, თუმცა ფანჯარა მცირე ზომისაა. აქვე შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერიდან ფოტოს ატვირთვაც.
  8. ტექსტი – ვიჯეტის დახმარებით შეგიძლიათ ეკრანზე თქვენი საჭიროების შესაბამისად, ტექსტების განთავსება. ეს შეიძლება იყოს მიზნები, დავალებები, ინსტრუქციები და სხვ. გარდა ამისა, ამავე ფანჯარაში შესაძლებელია ინტერნეტიდან დაკოპირებული ფოტოს მოთავსება (Ctrl + V ).
  9. სამუშაო სიმბოლოები – წარმოდგენილია ოთხი სიმბოლო „სიჩუმე“, „ჩურჩული“ „კითხე მეზობელს“, „ერთად მუშაობა“. სიმბოლოების გამოყენება პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებისათვის ინსტრუქციების მიცემისა და საგაკვეთილო აქტივობების განხორციელების დროს.
  10. შუქნიშანი – ვიზუალური ინდიკატორია, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა დანიშნულებით არის შესაძლებელი. მაგალითად, პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს ხმაურის დონის დასარეგულირებლად (შესაბამისი ფერის ანთებით აჩვენოს, გასცდა თუ არა დასაშვებ ზღვარს). მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი მოწყობილობის გამოყენებით აჩვენონ მუშაობის პროგრესი ან როგორ გაიგეს ესა თუ ის კონცეფცია.
  11. ტაიმერი – ვიჯეტის დახმარებით, შეგიძლიათ როგორც სასტარტო პოზიციიდან დროის ათვლა, ასევე მოსწავლეებისათვის განსაზღვრული დროის მიცემა სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. დროის ამოწურვის შესახებ ინსტრუმენტი მელოდიის საშუალებით გამცნობთ. მელოდიის შერჩევა თქვენ თავად შეგიძლიათ.
  12. საათი – ვიჯეტი წარმოადგენს როგორც საათს, ასევე კალენდარს. დროს აჩვენებს როგორც 12-საათიან, ასევე 24-საათიან რეჟიმში.

თუკი ინსტრუმენტის გამოყენება აღარ გვსურს და მის ჩაკეცვას აპირებთ, ამისათვის დავაწკაპებთ წითელ, ჯვრის ფორმის ნიშანზე, რომელიც ვიჯეტის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩნდება.

 

როგორ გამოვიყენოთ „საკლასო ოთახის ეკრანი“?

რესურსის გამოყენებისას მოსწავლეთა ასაკი შეზღუდული არ არის. ჩვეულებრივ, უფრო აქტიურად იყენებენ დაწყებით და საბაზო საფეხურზე, თუმცა პედაგოგს ნებისმიერ კლასში შეუძლია მისი გამოყენება.

სანამ რესურსით სარგებლობას დაიწყებთ განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები: რა სახის აქტივობები გაქვთ დაგეგმილი, საკლასო მუშაობის როგორ ფორმებს გამოიყენებთ, რა ინსტრუქციები უნდა მისცეთ მოსწავლეებს დ ა. შ. რესურსის გამოყენების ფორმა თავად შეუძლია პედაგოგს განსაზღვროს, გაკვეთილის მოთხოვნების შესაბამისად. პედაგოგს შეუძლია ისარგებლოს ცალკეული ვიჯეტებით, გაკვეთილზე წარმოშობილი აუცილებლობის შესაბამისად, ასევე დავალებები და ინსტრუქციები წინასწარ მოამზადოს ეკრანზე, რათა გაკვეთილის მსვლელობისას დრო არ დაკარგოს. შესაძლებელია ბრაუზერში ერთდროულად რამდენიმე  ფანჯრის გახსნა და სხვადასხვა ინსტრუმენტების მომზადება. ჩვეულებრივ საკლასო ოთახის ეკრანი ეფექტურად მუშაობს Google Chrome–ს ბრაუზერში. ქვემოთ წარმოგიდგენთ რესურსის გამოყენების ერთ მაგალითს.

 

როგორ მივიღოთ მოსწავლეთა უკუკავშირი რესურსის დახმარებით“?

„საკლასო ოთახის ეკრანს“ კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია აქვს: ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში იპოვით  გამოხმაურების, ე.წ. ეგზიტპოლის ღილაკს. ის ახალ გვერდზე გადაგიყვანთ, რომლის დანიშნულებაც მოსწავლეთა უკუკავშირის მიღებაა. პირველ რიგში შეარჩიეთ შეფასება, რომელიც მოცემულ სიტუაციაში თქვენთვის ოპტიმალური იქნება (გააჩნია, რა ხარისხით გსურთ შეფასების დიფერენცირება). შემდეგ მოსწავლეები მიდიან თქვენს მოწყობილობასთან და შესაბამის სიმბოლოზე დაწკაპებით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ჩატარებულ გაკვეთილთან (შესაძლებელია, ეს გააკეთონ თავიანთი ადგილებიდან, ეკრანზე კი პედაგოგმა ასახოს).

მოსწავლეთა გამოხმაურებების მიღების დასრულების შემდეგ პედაგოგი შესაბამისი ღილაკის გამოყენებით ( show results ) შეაჯამებს შედეგებს. რა თქმა უნდა, მასწავლებელს უკაკავშირის მიღება სხვა გზითაც შეუძლია, მაგრამ რესურსი მარტივი და სახალისოა, თვალსაჩინოდ წარმოადგენს მოსწავლეთა გამოხმაურების შედეგებს და ზოგავს საგაკვეთილო დროს.

 

რატომ უნდა გამოვიყენოთ „საკლასო ოთახის ეკრანი“?

დღესდღეობით, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, მსგავსი რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პრაქტიკაში უდავოდ მნიშვნელოვანია:

  • რესურსი პედაგოგს გაუმარტივებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვას;
  • აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს შეუწყობს საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის ზრდას;
  • საგაკვეთილო პროცესს ინტერაქტიურს, მრავალფეროვანს გახდის;
  • დაეხმარება პედაგოგს საკლასო მენეჯმენტის გაუმჯობესებაში.

რესურსის სიმარტივის გამო, მის გამოყენებას ყველა პედაგოგი შეძლებს. მას ამისათვის დასჭირდება ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკა და  პროექტორი,  რაც დღესდღეობით ყველა სკოლაში ხელმისაწვდომია.

 

 

 

ტერმინოლოგია:

ვიჯეტი (widget ) – გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის ელემენტი.

 

 

გამოყენებული მასალები:

 

 

 

დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი