პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„სინგაპურის მეთოდი“ – აზროვნება და არა მხოლოდ ცოდნა

სინგაპურში გლობალური ცოდნა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ აზროვნება.

აი, სწორედ ამიტომ დავინტერესდი სინგაპურის მეთოდებით.

თანამედროვე განათლების პრიორიტეტული მიზანია, ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მოსწავლეს პრობლემის დამოუკიდებლად კვლევის, გადაჭრის გზების პოვნის, პროცესის კონტროლის და შედეგის შეფასების უნარები – ასწავლოს სწავლა. „ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის“ – ლუციუს ანეუს სენეკამ ეს ჯერ კიდევ როდის გვითხრა, არადა ჩვენ ახალი გვგონია.

თანამედროვე განათლების სისტემა და მისი მუდმივი ცვლილებები მასწავლებლებისგან მოითხოვს მოქნილობას, ახალი მეთოდების გამოყენებას. როგორც თავად მსოფლიო, ისევე სწრაფად იცვლება ბოლო ხანს საკლასო ოთახში მუშაობის ფორმებიც. საგანმანათლებლო სტანდარტების ძირითადი დებულებების გათვალისწინებით, გაკვეთილი, სასწავლო პროცესის შედეგებთან ერთად, უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა სოციალიზაციას, შემეცნებითი და ემოციური სფეროების, სამეტყველო უნარის გავითარებას, ერთმანეთის მიმართ მეგობრული და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლეთა ერთმანეთთან ურთიერთობას, რათა თითოეული მათგანი საგანმანათლებლო პროცესის აქტიური მონაწილე გახდეს საკუთარ კომფორტულ ზონაში.

„მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო. ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“, – ამბობდა პლუტარქე.

ჩვენ გვავიწყდება ეს. ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია გადავცეთ და დავაზეპირებინოთ, საგნის „ფუნდამეტური“ ცოდნა მივცეთ, რომელსაც ვერ გამოიყენებს, თუ არ ვასწავლეთ, რა კავშირი აქვს მას ცხოვრებასთან. ჩვენი ვალია, ყველა საგანი გავაცოცხლოთ, გავასულიეროთ და ისე მივაწოდოთ.

სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება სინგაპურის განათლების სისტემა და მეთოდიკა, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, ყველა მოსწავლე ჩააბას საგანმანათლებლო პროცესში და მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

სინგაპურის მეთოდი განაპირობებს ყველა მოსწავლის ჩართულობას აქტიური სწავლების პროცესში და გაკვეთილის ორგანიზების რეალური პრობლემის მოგვარებაში ისე, რომ 45 წუთში არა მხოლოდ ყველაზე აქტიური მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს, არამედ პასიურებიც. არა მხოლოდ ისმენენ, არამედ სხვების მოსაზრებებსაც იაზრებენ და ითვალისწინებენ.

სინგაპურის სკოლებში ძირითადი საგნებია მათემატიკა და სამეცნიერო დისციპლინა. დაწყებით კლასებშიც კი მათემატიკას სპეციალური მასწავლებელი ასწავლის. ზედა კლასებში მოსწავლეებს შეუძლიათ ჰუმანიტარული საგნები აირჩიონ, მაგრამ მათემატიკა მაინც გაძლიერებულად ისწავლება.

“სინგაპურული მეთოდი” 1980-იან წლებში შეიქმნა. მას სამ ეტაპად სწავლობენ: რეალურ ობიექტებზე, ნახატებზე, სიმბოლოებზე.

სინგაპურელი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თვალსაჩინოების მეთოდს. კლასები ნაკლებადაა დეკორირებული, რათა ბავშვს დაფიდან თუ ეკრანიდან თვალი არ გაექცეს.

ევროპელი მოსწავლეებისგან განსხვავებით, სინგაპურელი ბავშვები დაწყებით კლასებში ნაკლებ საგანს სწავლობენ, სამაგიეროდ საფუძვლიანად. სპეციალისტების აზრით, სწორედ ესაა სინგაპურული სისტემის საიდუმლო.

სინგაპურის განათლების სისტემა თითქმის ნულიდან შეიქმნა და დამოუკიდებლობის განმავლობაში სახელმწიფომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. მრავალი ქვეყანა იღებს განათლების აქაურ სისტემას განვითარების მაგალითად, რადგან ის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.

სინგაპურის მეთოდი ემყარება გუნდურ მუშაობას, მოსწავლეთათვის ფსიქოლოგიურად კომფორტული, უსაფრთხო გარემოს შექმნას, იყენებს მრავალფეროვან სტრუქტურას როგორც აკადემიური მიზნებისთვის, ისე კლასის ერთ გუნდად შეკვრისთვის, თიმბილდინგისთვის (შეკრული გუნდის ჩამოყალიბების თანამედროვე მეთოდი, რომელშიც გუნდის თითოეული წევრი პოულობს თავის ადგილს და შესაძლებლობა ეძლევა, გამოავლინოს თავისი ნიჭი) და ა.შ.

განათლების სპეციალისტების აზრით, პროგრამა შედგება ხუთი მოდულისგან:

  • 21-ე საუკუნის განათლების განვითარების ტენდენციები;
  • მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება;
  • ერთობლივი ჯგუფური სწავლება;
  • ინოვაციური სასწავლო ჯგუფების შექმნა.

ეს არის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვებს ფიქრი, საკუთარი აზრის გამოთქმა, მუდმივი აქტიურობა.

კითხვებზე პასუხის გაცემისას ყველამ უნდა გამოთქვას თავისი აზრი სიტყვიერად ან წერილობით, დაეხმაროს სუსტებს. არავინ უნდა დარჩეს თამაშს გარეთ. არ არსებობს ლიდერი, ყველა თანასწორია. მოსწავლეებს მოსწონთ ეს მეთოდი. მასწავლებლებს ეს ეხმარება, სწორად გაანაწილონ დრო გაკვეთილზე, შეამოწმონ ყველა მოსწავლის ცოდნა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ის არის, რომ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად უნდა დააკვირდეს საგანმანათლებლო პროცესს. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ახალი სტრუქტურები, ხოლო მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად ფიქრი, უპასუხონ დასმულ კითხვებს, შეავსონ ერთმანეთის პასუხები, გაცვალონ მოსაზრებები. ეს ტექნიკა არ მოითხოვს მთელი გაკვეთილის მსვლელობის შეცვლას. ის ითვალისწინებს მეთოდოლოგიის მხოლოდ ერთი ან ორი ელემენტის გამოყენებას, მასწავლებელს აქვს არჩევანის უფლება. უფრო მეტიც – მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც საკლასო ოთახში, ასევე კლასგარეშე თუ სადღესასწაულო ღონისძიებებზეც.

სინგაპურის მეთოდოლოგიის საფუძველს წარმოადგენს კოოპერატიული ანუ ერთობლივი მუშაობა, რომელიც ეფუძნება გასული საუკუნის დასაწყისში გაჩენილ იდეებს, გამოთქმულს ისეთი ფილოსოფოსებისა და ფსიქოლოგების მიერ, როგორებივ იყვნენ კურტ ლევინი, ჯონ დიუი, მორტონი დოიჩე, ჟან პიაეჟე, ლევ ვიგოცკი.

სწავლების სინგაპურული მეთოდი – ეს არის თეზისები და ფორმულები, რომლებსაც სტრუქტურები ეწოდება. ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ისინი ერთმანეთთან ნებისმიერი მიზნით. თითოეულ სტრუქტურას აქვს მყარი ჩარჩო და საკუთარი სახელი. სულ დაახლოებით 250 სტრუქტურაა, რომელთაგან 35 ძირითადია. ახალ მასალას მოსწავლე შეისწავლის დამოუკიდებლად. თითოეული მოსწავლე ირგებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლებს. პედაგოგი ეწევა ე.წ. ჩართულ დაკვირვებას, უსმენს მოსწავლეებს, აფასებს მათ, უსწორებს შეცდომებს, ეხმარება და მიმართულებას აძლევს. როგორც ჩემმა მოსწავლეებმა აღნიშნეს ამ საკითხების განხილვისას, ახალი არაფერია – ამას ხომ ჩვენც ვაკეთებთ, უბრალოდ, ყოველთვის, ყველა გაკვეთილზე არა. აი რა ყოფილა პრობლემა: ამას ჩვენთან სისტემატური ხასიათი არ აქვს.

ამ მეთოდოლოგიის მომხრეები აღნიშნავენ, რომ სწავლების სინგაპურულ მეთოდოლოგიას არაერთი დადებითი მხარე აქვს. გაკვეთილში ჩართულია მთელი კლასი, გამოიყენება მრავალფეროვანი ფორმები და საშუალებები, რომლებიც ზრდის და ასტიმულირებს მოსწავლეთა შემოქმედებით საქმიანობას. მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებას, პასუხობენ დასმულ კითხვებს, ავსებენ და ხვეწენ ერთმანეთის მოსაზრებებს. მათ უვითარდებათ ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, იზრდება შესწავლილი საგნის მიმართ ინტერესი. შედეგად მოსწავლე უფრო ეფექტურად აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას.

სინგაპურის მეთოდოლოგია მძლავრი იარაღია მოსწავლის შესაძლებლობების მრავალმხრივი განვითარებისთვის.

მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ მეთოდოლოგიას ბევრი ნაკლი აქვს. ეს ტექნიკა, უპირველეს ყოვლისა, უნდა აითვისონ როგორც მასწავლებლებმა, ისე მოსწავლეებმაც. მასწავლებელმა უნდა გამონახოს დრო, რათა გაკვეთილზე სტუქტურების გამოყენება ისწავლოს. ჯგუფური მუშაობის ორგანიზება მისგან მოითხოვს სპეციალურ უნარებს, დროსა და ძალისხმევას. ჯგუფების არასათანადო დაკომპლექტებისას ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლებლობა ეძლევა, ისარგებლოს ძლიერი თანაკლასელების მუშაობის შედეგებით.

ზოგიერთი მშობელი განიცდის, რომ განათლების ამგვარი სისტემა “მოსწავლე-რობოტებს” ქმნის, რომლებსაც საკოორდინაციო სისტემაში ერთი ორიენტაცია აქვთ: “სწორია-არასწორია”. ბავშვებს უხშობენ კრეატიულობასა და ინიციატივას.

გარდა ამისა, მაღალი შედეგისთვის ბრძოლა ბავშვობას აკარგვინებთ: სკოლა-საშინაო დავალება-მასწავლებელი. არ არსებობს ბალანსი თამაშს, დასვენებასა და თანატოლებსა თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას შორის. სინგაპურული მეთოდი განსხვავდება ფინურისგან, სადაც თამაში და სოციალური აქტიურობა პრიორიტეტულია.

მათემატიკურ ოლიმპიადაში გამარჯვება ყოველთვის არ ნიშნავს მაღალ IQ-ს. ქვეყანაში კრეატიული მეწარმეების ნაკლებობაა. ამ სფეროს მალაიელი და ჩინელი ბიზნესმენები იკავებენ.

და მაინც, სინგაპურის მეთოდი უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის სრულფასოვან მონაწილეობას საგანმანათლებლო საქმიანობაში;

უზრუნველყოფს სოციალიზაციას;

ხელსმუწყობს კომფორტული და მეგობრული ატმოსფეროს შექმნას.

სინგაპურის მეთოდების სტრუქტურებს მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://docplayer.ru; https://infourok.ru; https://eduinspector.ru ; https://ped-kopilka.ru ; https://laughteachlove.com/kagan-inspired-fan-n-pick-manage-mats-free-printable-classroomtips-funinfirstgrade/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი