ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სინგაპურის ერთადერთი ბუნებრივი რესურსი

საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ სინგაპურზე, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ზერელედ გაგვიგონია იმ რეფორმების შესახებ, რომლებმაც ეს პატარა ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია. სინგაპურის პოლიტიკური მართველობა, ისევე როგორც განათლების სისტემა, სამაგალითოდ არ მიიჩნევა დემოკრატიის მხრივ, მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ სინგაპურის განათლების სისტემაზე, ისე, როგორც საკუთარი თვალით დავინახე და როგორი შესაძლებლობაც მომეცა მისი შესწავლისა.

სინგაპური უნიკალურია – მხოლოდ ეს განსაზღვრება შემიძლია გამოვიყენო მის შესახებ საუბრისას, სხვას, უკეთესსა და ზუსტს, ვერ მოვიფიქრებ. ეს პატარა კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფო გულგრილს არავის ტოვებს; ვინც კი ნახავს, ყველას უკვირს, როგორ მოახერხა ამ ხალხმა ასეთ მოკლე ხანში (სინგაპურმა დამოუკიდებლობა 1965 წელს გამოაცხადა) ამ პატარა ტერიტორიაზე ასეთი უნიკალური სახელმწიფოს შექმნა ცხოვრების ასეთი მაღალი სტანდარტითა და დონით.

სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაიზიის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მალაიზიისგან ის იოჰორის სრუტით არის გამოყოფილი, ხოლო ინდონეზიისგან – სინგაპურის სრუტით. სინგაპური არის მსოფლიოს მეოთხე წამყვანი ფინანსური ცენტრი და კოსმოპოლიტური ე.წ. “მსოფლიოს ქალაქი”, რომელიც დღეს ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებში. მისი ფართობი 710,2 კვადრატული კილომეტრია, შედგება ერთი დიდი და 63 პატარა კუნძულისაგან, თუმცა უნდა ითქვას, რომ, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ზღვის ტერიტორიის შემოერთებას, მისი ფართობი თანდათან იზრდება.

ცხოვრების დონის მიხედვით საუკეთესოა აზიაში და მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. სინგაპურის პორტი მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების წამყვან ხუთეულში შედის, ხოლო სინგაპურის შეიარაღებული ძალები ტექნოლოგიურად ყველაზე უკეთ აღჭურვილია აზიაში.
სინგაპურის მოსახლეობა დაახლოებით 4,9 მილიონი კაცია. უმთავრესად – ჩინელები, მალაიელები და ინდოელები. ამიტომაც არის, რომ აქ 4 ოფიციალური ენაა: ჩინური, მალაიური, ინდური (ტამილური) და ინგლისური.
მე-14 საუკუნემდე სინგაპურს “საზღვაო ქალაქს” უწოდებდნენ, მაგრამ “ქალაქამდე” იმხანად ბევრი აკლდა – ისტორიულ წყაროებში ხშირად იხსენიებენ, როგორც მეთევზეთა სოფელს. მოგვიანებით კი სინგაპური (singapura) ეწოდა, რაც სიტყვასიტყვით “ლომის ქალაქს” ნიშნავს. ეს ერთ ლეგენდას უკავშირდება: ძველისძველად, როცა სინგაპურის ადგილას მხოლოდ გაუვალი ტყე იყო, კუნძულ სუმატრაზე ცხოვრობდა პრინცი – სანგ ნილა უტამა. ერთხელ, ნადირობისას, ის მაღალ მთაზე ასულა, საიდანაც ულამაზესი სანაპირო და საუკეთესო სანადირო ადგილები დაუნახავს. პრინცმა შეკრიბა ერთგული მსახურები და უცნობი ადგილების მოსანახულებლად გაუდგა გზას. გზად მათ ხომალდს ქარიშხალი დაატყდა თავს. როცა დაინახა, რომ იღუპებოდნენ, სანგ ნილა უტამამ ზღვას თავისი გვირგვინი შესწირა და ღელვაც ჩაცხრა. ნაპირზე გამოსულებმა კი დაინახეს ცხოველი, როგორიც არასოდეს ენახათ. იგი ლომს ჰგავდა, თუმცა წითელი ტანი ჰქონდა, თეთრი მკერდი და შავი თავი. ცოტა ხნის შემდეგ ლომი გაუჩინარდა. პრინცმა ამ კუნძულზე დასახლება გადაწყვიტა და უწოდა მას სიგაპური – “ლომის ქალაქი”.
სინგაპურის მთავარი ისტორია მაინც მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა აქ მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაციები და კომპანიები გამოჩნდნენ, უმთავრესად – ბრიტანეთიდან. 1819 წელს ტომას სტემფორდ რაფლზმა ამ კუნძულზე დააარსა ბრიტანული პორტი, რის შემდეგაც ის ინდოჩინეთისა და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა. იყო დრო, როცა ის დღევანდელი მალაიზიის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა სოციალური შეუთავსებლობისა და სინგაპურისა და მალაიზიის პოლიტიკური პარტიებს შორის განხეთქილების გამო გამოეყო მას და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, მანამდე კი გადაიტანა ჩინური, ბრიტანული და იაპონური კოლონიური მმართველობები.


ტომას სტემფორდ რაფლზის ძეგლი

სინგაპურის მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ხშირად მოიხსენიებს როგორც ერთადერთ ბუნებრივ რესურსს და ამ რესურსის მთავარ ღირებულებად განათლებას ასახელებს. ამჟამად მთავრობა ეკონომიკური მიმართულების სამ ძირითად პრიორიტეტს გამოყოფს – ჯანმრთელობას, ბიომედიცინასა და განათლებას.
ქვეყანა ცდილობს გადაიქცეს გლობალურ საგანმანათლებლო ცენტრად, რისთვისაც მილიონობით დოლარი იხარჯება. სინგაპურის მთავრობის გათვლით, 2013 წლისთვის არანაკლებ 20 000 უცხოელი სტუდენტი ისწავლის მათ უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში. ახლო წარსულში კი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო თავად აფინანსებდა საკუთარ ახალგაზრდებს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად, ხოლო ცალკე სახელმწიფო პროგრამა მუშაობდა სამშობლოში დაბრუნებულთათვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.
სინგაპურის განათლების სისტემის მთავარი მიზანია, განავითაროს ყველა ადამიანის შესაძლებლობები ისე, რომ თითოეულ მათგანს შეეძლოს წვლილის შეტანა ეკონომიკის განვითარებასა და მუდმივ ბრძოლაში, რაც შეიძლება პროდუქტიული და კონკურენტურიანი იყოს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს პოლიტიკა განათლების სფეროში რამდენიმე პრინციპს ეფუძნება:
·წიგნიერება;
·ანგარიში და მათემატიკური უნარები;
·ბილინგვურობა;
·მორალური აღზრდა;
·ფიზიკური აღზრდა;
·ინფორმაციული ტექნოლოგიებით გამდიდრება.
განათლების რეფორმა სინგაპურში რამდენიმეჯერ განხორციელდა და ყოველ ჯერზე სხვადასხვა პრიორიტეტი ჰქონდა, მაგალითად:
·განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის (1965-1978 წ.წ.);
·პროგრამების, მეთოდებისა და რესურსების დახვეწა, განვითარება (1978-1997 წ.წ.);
·ინდივიდუალური შესაძლებლობების ხელშეწყობა, განვითარება და წახალისება (1997 წ.);
·თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა (1997 წ.).
განათლების სისტემა სინგაპურში ბრიტანულის მიხედვითაა აგებული და ყველა საგნის სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა ბავშვები სკოლაში მშობლიურ ენასაც სწავლობენ. სკოლა ყველა ეთნიკური ჯგუფის დაახლოების ადგილია, განათლებამ ყველა ოჯახი, განურჩევლად წარმოშობისა, ერთ გარემოში გააერთიანა. ქვეყნის შიდა პრობლემა, მაგალითად, ურთიერთობები განსხვავებული რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფებს შორის, სკოლაში გადაიტანა და აღზრდის მეთოდებსა და მიზნებს დაუქვემდებარა.
ოჯახების მხრივაც ინტერესი და დაკვეთა განათლებაზე დიდია, მშობლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ აქ, დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული, გამოცდებისა თუ აკადემიური მიღწევების საფუძველზე მოსწავლეები კლასებში, საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით, “სუსტებად” და “ძლიერებად” იყოფიან. სინგაპურის განათლების ექსპერტები ასეთ დაყოფას იმით ამართლებენ, რომ ამგვარ კლასებში სახელმწიფო, სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები განსხვავებულ მიდგომასა და მეთოდებს იყენებენ. ამის კვალობაზე, ერთი და იმავე ასაკის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამებიც განსხვავებული აქვთ და სახელმძღვანელოები იყოფა დონეების მიხედვით.
მშობლები, გარდა იმისა, რომ აქტიურები არიან სკოლაში, იმავდროულად ცდილობენ, სკოლის გარეთაც დატვირთონ შვილები. სინგაპურში პოპულარულია სპეციალური კერძო სკოლები, სადაც ბავშვები ძირითად ან პროფილური მიმართულების საგნებში ემზადებიან.
ყველა სახელმწიფო თუ კერძო სკოლა ხელმძღვანელობს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო პროგრამით, რომლის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს:
·განსხვავებული სწავლება ნიჭიერი მოსწავლეებისთვის;
·სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების დახმარება;
·უცხო ენების გაძლიერებული სწავლება;
·სამეცნიერო კვლევების პროგრამა (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);
·ხელოვნების არჩევითი საგნები;
·პროგრამა სასკოლო წრეებისა და კლუბებისთვის.
განათლების პროგრამას სინგაპურელი ბავშვები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3-4 წლის ასაკიდან იწყებენ. სკოლამდელი განათლება სავალდებულო არ არის, თუმცა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მშობელს მიჰყავს შვილი საბავშო ბაღში.
დაწყებით სკოლაში სწავლა სავალდებულოა. ბავშვები მასში 7 წლისანი შედიან. დაწყებითი განათლება 6-წლიანია, ხოლო სწავლების მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად მოსწავლეები სახელმწიფო გამოცდას აბარებენ ინგლისურში, ესთეტიკურ საგნებში, მშობლიურ ენასა და მათემატიკაში.
მოსწავლეები სკოლის ყველა საფეხურის დამთავრების შემდეგ იღებენ ატესტატს და სახელმწიფო გამოცდებს აბარებენ სწავლის გასაგრძელებლად. საბაზო სკოლა 4- ან 5-წლიანია, გააჩნია, მოსწავლე რომელი დონისა და შესაძლებლობების ჯგუფში მოხვდება. ასევეა საშუალო სკოლაც, რომელიც ოთხ მიმართულებად იყოფა:
·პროფესიული კოლეჯი (2 წელი);
·საუნივერსიტეტო სკოლა (3 წელი);
·ტექნიკური მიმართულებების სკოლა (3 წელი);
·ტექნოლოგიების ინსტიტუტი (3 წელი).

აქედან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა და უფლება მხოლოდ საუნივერსიტეტო სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ. არსებობს გამონაკლისიც – თუ მოსწავლე რომელიმე საშუალო განათლების სასწავლებელს წარმატებით დაამთავრებს და საუკეთესო 5%-ში მოხვდება, მას უფლება ეძლევა, ჩააბაროს უნივერსიტეტში.

სახელმწიფო აქტიურ კოორდინაციას და პოპულარიზაციას უწევს პროფესიულ განათლებას, რათა გაზარდოს იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელთაც ექნებათ კვალიფიკაცია ტექნიკურ სფეროში. ამისთვის კი საუკეთესო პირობებია შექმნილი პროფესიულ კოლეჯებსა და სასწავლებლებში. ძლიერი კონკურენცია ასეთი ტიპის სასწავლებლებს შორის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
 
სინგაპური უნიკალურია, რადგან აქ ყველაფერი, დიდი თუ პატარა საქმე, წვრილმანებამდე დაგეგმილი და გათვლილია, ხოლო სახელმწიფოს ურყევი პოლიტიკა და ხედვა, რომ განათლება ანუ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები ქვეყნის წარმატების უდიდესი პირობაა, თანამედროვე სინგაპურის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, ამართლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი