შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სამეწარმეო განათლება და მასწავლებელი

სამეწარმეო განათლებამ მთელს მსოფლიოში ბიზნეს სკოლების და უნივერსიტეტების აუდიტორიებიდან უფრო ფართო ასპარეზზე, ქვეყნების განათლების პოლიტიკის დონეზე გადაინაცვლა. სამეწარმეო კომპეტენციები შეერწყა სხვა საგნებსაც. დღეს შეიძლება სწავლობდე ხელოვნებას, ლიტერატურას ან ინჟინერიას, რომელიც თავის მხრივ სამეწარმეო კომპეტენციებს გივითარებდეს. სამეწარმეო კომპეტენციები განათლების ყველა საფეხურზე გახდა აქტუალური დაწყებითი კლასებიდან, პროფესიული და უმაღლესი განათლების ჩათვლით და ამ კომპეტენციების განვითარება არ ისახავს მიზნად, ყველანი მეწარმეებად აქციოს. სამეწარმეო კომპეტენცია არ არის სტარტაპის ან სოციალური საწარმოს შექმნის და მართვის სწავლება. ის მოიცავს შესაძლებლობების დანახვის, იდეების განვითარების, რესურსების მართვის და იდეების განხორციელების უნარებს. ეს გამჭოლი უნარები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება. ბოლო-ბოლო, ყველა ქვეყნისთვის სასურველია, მისი მოქალაქეები თვითრეალიზებული და თვითმყოფადები იყვნენ. შესაბამისად, სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერა ამით აიხსნება. საქართველოში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება ქვეყნის განვითარების სტრატეგიაშია მოხსენიებული და განათლების პოლიტიკის ნაწილია.

საკმაოდ დიდი ლიტერატურა არსებობს იმის თაობაზე, რომ მეწარმეობის კომპეტენციებს მასწავლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში განუვითარებს სხვას, თუკი თავად იქნება მეწარმეული (entrepreneurial). მეწარმეობის გამოცდილება მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ძალიან ცოტა მასწავლებელს აქვს. მაშინ როგორ უნდა განუვითარდეთ მასწავლებლებს სამეწარმეო კომპეტენციები? ფორმალური ტრენინგები, სამეწარმეო გარემო საგანმანათლებლო ინსტიტუციებში თუ  ქვემოდან ზემოთ მიმართული ორგანიზაციული მართვის სტრატეგიები? მეწარმეობა მასწავლებლისთვის არ შემოიფარგლება საკუთარი კომპეტენციების კომერციალიზაციით. სამეწარმეო სწავლების  მასწავლებელი შეიძლება  სასწავლებელში სტუდენტების მიერ შექმნილი კომპანიების სამეწარმეო პროცესების ორკესტრირებას ახდენდეს ან ისეთ იდეებს შეიმუშავებდეს და განახორციელებდეს, რომლებიც თავად სკოლის, კოლეჯის თუ უნივერსიტეტის   გარემოში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

კვლევებით დადასტურებულია, რომ მასწავლებლებისთვის სამეწარმეო კომპეტენციების ამაღლება პედაგოგიკაში შემოქმედებითი თვითგამოხატვის და პიროვნული ზრდის საშუალებაცაა.

უელსის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენ ბარნსი გამჭოლ სამეწარმეო კომპეტენციებზე საუბრობს:

“როგორ შეიძლება მასწავლებელმა უფრო “მეწარმეულად” და უფრო ინოვაციურად ასწავლოს? ამაში არც ბიზნესის და არც სტარტაპის დაგეგმვის უნარებს ვგულისხმობთ. როგორ გავხადოთ ჩვენი საგანი უფრო საინტერესო? როგორ ვასწავლოთ განსხვავებულად, ახლებურად, ინოვაციურად? როგორ შეიძლება სწავლებით მოვახერხოთ ადამიანების ინსპირაცია ისე, რომ მათ შექმნან რაღაც ახალი და ღირებული?
ავიღოთ დაგეგმვა და ორგანიზება. დაფიქრდით საკლასო ოთახის სივრცეზე. როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება? როგორ შეიძლება შევცვალოთ სასწავლო სივრცე კლასში? შეიძლება საგაკვეთილო პროცესი გადავიტანოთ კლასს გარეთ? როგორ გადავიდეთ სწავლების შემდეგ საფეხურზე ისე, რომ მოვახერხოთ ჩვენი აუდიტორიის შემოქმედებით პროცესში ჩართვა? როგორ გავუჩინოთ მოტივაცია, რომ თავად გაუძღვნენ საკუთარი სწავლის პროცესს, თავად განივითარონ ის უნარები, რომლებიც 21-ე საუკუნეშია საჭირო? როდესაც ცვლი სივრცეს, უნებურად პედაგოგიური მიდგომების შეცვლაც გიწევს. მაგალითად, თუკი კლასს გარეთ სივრცეს (მაგალითად ონლაინ სივრცეში კვლევა) იყენებთ, გჭირდებათ თუ არა განსხვავებული სტრატეგიები სტუდენტების ჩართულობისთვის, როდესაც ისინი საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან? იქნებ მეტი დიალოგია საჭირო? იქნებ ჯერ გავარკვიოთ რა ცოდნა შეიძინეს, ვიდრე ჩვენს საკუთარ მოსაზრებებს გავუზიარებთ? შეფასება. ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ, რა გაკეთდა და არა, რა ვისწავლეთ ან რის შესასწავლად ვართ მზად. შეფასება ყოველთვის პროგრესული უნდა იყოს. ის მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული. მაგალითად, კარგი, ეს ვისწავლე, მაგრამ ახლა როგორ განვავითარო ეს ცოდნა? რა გზა ავირჩიო რომ ამ ცოდნამ შემცვალოს? ცოდნა ხომ კარიბჭეა. შეუძლებელია ის ცალკე, განყენებით იდგეს. მან სადღაც უნდა მიგვიყვანოს. ასე რომ, დავფიქრდეთ, რომელ კარიბჭეში უნდა შევიდეთ და რა უნდა გავაკეთოთ ამ კარიბჭეში შესასვლელად.“

ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკა (Value Based Pedagogy) ერთ-ერთი საინტერესო მიდგომაა სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებისას. ერთ-ერთი ბარიერი, რომელსაც მეწარმეობის სწავლების დროს ვაწყდებით არა-ბიზნეს სპეციალობის მქონე მოსწავლეებთან, ბიზნესსა და მეწარმეობაზე მოძველებული შეხედულებაა, რომელიც იდეის მიმართ გაუცხოების განცდას უჩენს ადამიანებს. მათი წარმოდგენით, მეწარმეს მხოლოდ მოგების მიღება ამოძრავებს და ამიტომ ბევრს უჭირთ თავის ამ ამპლუაში წარმოდგენა. სინამდვილეში, დღეს ღირებულებები დიდ და მცირე ბიზნესშიც ძალიან შეიცვალა და მოგებაზე ორიენტირებული კომპანიების შემთხვევაშიც კი, თუ იდეა საზოგადოების კეთილდღეობას არ ემსახურება, რთულია მან მომხმარებელი და მხარდამჭერი შეინარჩუნოს.  ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკა ჰგავს სოციალურ მეწარმეობას, რადგან ორიენტირებულია საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ამ პრობლემებს მასწავლებლები და მოსწავლეები აგვარებენ თავიანთი იდეების რეალურად განხორციელებით.

ღირებულებაზე დაფუძნებული პედაგოგიკის ავტორი მარტინ ლეკაუსი ქალმერსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარი და IT ენტერპრენერია. მისი თეორია ღირებულებაზე დაფუძნებულ მეწარმეობაზე ეფუძნება იმ მოსაზრებას რომ განათლებაში მეწარმეობა უფრო ადვილად ინტეგრირდება თუ „კაპიტალიზმის კლანჭებს“ ჩამოვაშორებთ. მასწავლებლებს და მოსწავლეებსაც უკეთ ესმით კონცეფცია, თუ მისი მეშვეობით საზოგადოებაში ან მათ უშუალო გარემოში არსებული პრობლემები მოგვარდება და თუკი ისინი რეალურად მოქმედებენ პრობლემის გადასაჭრელად. მაგალითად, როგორ მოვაგვაროთ უპატრონო ძაღლების პრობლემა ჩვენს უბანში, როგორ ამოვქაჩოთ სკოლის კაფეტერია, რა დასვენების და გართობის ზონები შეიძლება შეიქმნას სკოლის ეზოში? ასეთ იდეებზე მუშაობა უფრო საინტერესოა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც რეალური პრობლემების გადაჭრის უნარებს უვითარებს და მეტ კმაყოფილებასაც გვრის, რადგან ხელშესახებ ღირებულებას უქმნის საზოგადოებას.


სამეწარმეო სწავლების  განვითარებაზე საქართველოში რამდენიმე ინიციატივა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ორგანიზაცია “გარემო და განვითარების”, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის (დევისი) D-Lab-თან პარტნიორობით დაწყებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც პროფესიული სასწავლებლის მეწარმეობის მოდულის ევროპის კომპეტენციების ჩარჩოსთან (EntreComp) შესაბამებით ახალი მეწარმეობის მოდული იქმნება.

ახალი მოდული დიდ ყურადღებას უთმობს მეწარმეობის არსის და ფორმების გააზრებას, შესაძლებლობების ამოცნობის და მართვის, იდეების განვითარების და საქმედ ქცევის კომპეტენციებს. ამგვარად, მოსწავლეს უყალიბდება ისეთი ცოდნა და უნარები, რომლებიც საზოგადოებას ახლაც სჭირდება, მომავალში კი აუცილებელი მოთხოვნა იქნება.

ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო რგოლი პროექტის შესახებ:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი