ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოგზაურობა მსოფლიოში პასპორტის გარეშე. რას ნიშნავს Skype საკლასო ოთახში?

მსოფლიოში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სტრატეგიაა Skype-გაკვეთილები, რომლებიც „მაიკროსოფტის“ ექსპერტ-მასწავლებლების დახმარებით ტარდება. ისინი გვთავაზობენ პირდაპირი ტრანსფორმაციული განათლების გამოცდილებას მოსწავლებისთვის, მათ შორის – ვირტუალურ საველე ტურებს, საკლასო ოთახებს და კოლაბორაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან.

სურვილისამებრ, შეგვიძლია ავირჩიოთ მოგზაურობის მიმართულება, თემა, მოსწავლეთა ასაკი. თემები მრავალფეროვანია: ცხოველები, ბუნება, ეკოლოგია, ჯანსაღი კვება, ისტორია და კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, ტექნოლოგიური სიახლეები და მიღწევები. შეგვიძლია, პასპორტის გარეშე ვიმოგზაუროთ მსოფლიოს გამორჩეულ მუზეუმებში, პარკებში, დავათვალიეროთ ისტორიული ღირსშესანიშნაობები.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლების ეს საინტერესო სტრატეგია – Skype-გაკვეთილები შევთავაზოთ?

უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა იყოს Microsoft Educator Community-ს წევრი, რისთვისაც მარტივად დარეგისტრირდებით ვებგვერდზე https://education.microsoft.com/ . აუცილებელია, გქონდეთ Microsoft-ის ან Office365-ის ანგარიში. ამის შემდეგ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება „მაიკროსოფტის“ არაჩვეულებრივი რესურსები, ონლაინკურსები და ვებინარები, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილების ნიმუშები.

 

როგორ დავგეგმოთ skype-გაკვეთილი?

https://education.microsoft.com/-ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოვძებნოთ ღილაკი Skype in the Classroom.

 

 

 

 

 

FILTER BY+ ღილაკზე დაწკაპებით შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი ქვეყანა და თემა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დროის სარტყელი და მოსწავლეთა ასაკი.

ტურის შერჩევისა და ანოტაციის გაცნობის შემდეგ ვაკეთებთ განაცხადს ღილაკზე დაწკაპებით. ვნახულობთ ტურის ორგანიზატორის მიერ მითითებულ დროს და ამის გათვალისწინებით ვგეგმავთ გაკვეთილს.

 

Microsoft Educator Community განიხილავს ჩვენს განაცხადს, დაუკავშირდება ექსპერტ-მასწავლებელს და თანხმობის შემთხვევაში დასტურს გამოგვიგზავნის. იშვიათად ისეც ხდება, რომ ტურის ორგანიზატორი ობიექტური მიზეზის გამო უარს ამბობს გაკვეთილის ჩატარებაზე.

 

რა ტიპის ტექნიკური უზრუნველყოფაა საჭირო?

სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს:

  1. კარგი ინტერნეტკავშირი;
  2. ვებკამერა, მიკროფონი, ხმის გამაძლიერებელი (სასურველია პროექტორიც, რომ მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე კარგად დაინახონ);
  3. უფასო Skype ანგარიში (https://www.skype.com/en/)

თავდაპირველად შესაძლოა დაგვჭირდეს ისტ-ის მასწავლებლის დახმარება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საჭირო აღარ იქნება.

მინდა, გაგიზიაროთ „მაიკროსოფტის“ ექსპერტ-მასწავლებლების: სარა უელდონის (Sarah Weldon), ზოჰირ ზაკის (Soheir Zak) და მარკ ვუდის (Mark Wood) მიერ ვიკინგების სამყაროდან, ეგვიპტიდან და ევერესტიდან განხორციელებული Skype-გაკვეთილების ამსახველი ფოტომასალა – გაკვეთილებისა, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებად დარჩათ საერო სკოლა „ბინულის“ მოსწავლეებს.

 

 

 

Skype-გაკვეთილები განსაკუთრებით კომფორტულია უცხო ენის მასწავლებლებისთვის, თუმცა მათი ჩატარება შეუძლია ნებისმიერი სხვა საგნისა და საფეხურის მასწავლებელსაც, რომლისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს ენობრივი ბარიერი. ასევე შეიძლება გაკვეთილის ინტეგრირებულად ჩატარება უცხო ენის მასწავლებელთან ერთად (თუ მოსწავლეებმა სათანადოდ იციან უცხო ენა).

თუ ენობრივ ბარიერს ვეჯახებით, შეგვიძლია დავჯერდეთ საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებულ Skype-გაკვეთილებს. მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებსა და ტრადიციებს, დაუმეგობრდებიან და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებს. არახალია, რომ ამგვარი აქტივობები საგრძნობლად ახალისებს სასწავლო პროცესს და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „მაიკროსოფტის“ ექსპერტ-მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თანამედროვე მეთოდებით სწავლების აღნიშნულ სტრატეგიას და წარმატებით ატარებენ Skype-გაკვეთილებს როგორც უცხოელ ექსპერტებთან, ისე ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი