პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მშობელთა კრება, დაშვებული შეცდომები და გამოსწორების გზები

მშობელთა კრება ხშირად მშობლებისთვის ერთგვარ სასჯელთან ასოცირდება. სკოლაში მისვლა და ამ პროცესში მონაწილეობა მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნით, რადგან ასეთ კრებებზე განიხილება მათთვის ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორიც გახლავთ მათი შვილების ყოფა-ქცევა. სამწუხაროდ, ამ თემაზე საუბარი სხვა მშობლების თანდასწრებით ხდება. არცერთი მშობლისთვის არ არის სასიამოვნო მსგავს სიტუაციაში ყოფნა. ეს იწვევს გაღიზიანებას, უნდობლობას და მასწავლებლის მიმართ პატივისცემის დაკარგვას. მსგავსი სახის მშობელთა კრებები იმით სრულდება, რომ მშობელს უწევს თავის მართლება, ბოდიშის მოხდა შვილის ქცევის გამო და მასწავლებლის მხრიდან გვერდში დგომის, დახმარების ნაცვლად მშობელი მხოლოდ გაკიცხვის ობიექტი ხდება. მსგავს დამოკიდებულებას მივყავართ სავალალო შედეგამდე. მასწავლებელსა და მშობელს შორის ჩნდება დიდი უფსკრული. წყდება კომუნიკაცია. მშობელი ერიდება პედაგოგთან ურთიერთობას, მასწავლებელი მის თვალში კარგავს პატივისცემას, რადგან თანაგრძნობის, პროფესიონალური რჩევის ნაცვლად ის ხედავს მწვავე კრიტიკოსს, რომელიც ბავშვის მხოლოდ უარყოფით თვისებებზე მიუთითებს და არ სთავაზობს გზას სიტუაციის გამოსასწორებლად.

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მასწავლებელი მშობელთა კრებაზე უშვებს, ეს არის ერთი კონკრეტული მოსწავლის ქცევისა და აკადემიური მოსწრების საჯარო განხილვა. მნიშვნელოვანია, თითოეულ მშობელთან შვილის მსგავს პრობლემებზე საუბარი მოხდეს ინდივიდუალურად, უმტკივნეულოდ და საუბრის ძირითად მიზანს წარმოადგენდეს პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიება.

მასწავლებელმა საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაიბაროს მშობელი, თუ ბავშვს დახმარება სჭირდება. აუცილებელია მშობლის ინფორმირება, ჩართულობა, მაგრამ მნიშვნელოვანია შემდეგი პუნქტების დაცვა:

  • გულდასმით შეისწავლეთ ბავშვის ოჯახური მდგომარეობა;
  • ძირეულად გაეცანით ბავშვის პრობლემას და სასაუბროდ მოამზადეთ არგუმენტები;
  • შეუქმენით მშობელს კომფორტული გარემო თემაზე სასაუბროდ;
  • იქონიეთ მზაობა, რომ თქვენი და მშობლის აზრი შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს;
  • კარგად გააანალიზეთ ის შენიშვნები, რომლებიც შეიძლება მშობელს ჰქონდეს;
  • აწონ-დაწონეთ სიტყვები;
  • ერთად იფიქრეთ სიტუაციის გამოსწორებაზე;
  • გააკეთეთ ჩანაწერები;
  • გამოიჩინეთ პატივისცემა მშობლის მიმართ და აგრძნობინეთ, რომ მისგანაც იმავეს მოელით;
  • დაიცავით კონფიდენციალურობა;
  • არ გაწყვიტოთ მშობელთან კონტაქტი.

განვიხილოთ თითოეული პუნქტი:

  • სანამ მშობელს დაიბარებთ ბავშვის პრობლემაზე სასაუბროდ, კარგად უნდა გაეცნოთ მის ოჯახურ, სოციალურ მდგომარეობას; ეთნიკურ, კულტურულ თუ რელიგიურ თავისებურებებს. შესაძლოა ბავშვის პრობლემა დაკავშირებული იყოს ზემოაღნიშნულთან და წინასწარი ინფორმირებულობა ნაკლებ უხერხულობას შეგიქმნით საუბრის დროს;
  • წინასწარ მოიძიეთ ყველა საჭირო ინფორმაცია იმ პრობლემის შესახებ, რომლის განხილვასაც მშობელთან გეგმავთ. მოგიწევთ კონკრეტული მაგალითების მოყვანა: როდის, როგორ და რა გარემოში შეექმნა პრობლემა მის შვილს. უნდა დაასაბუთოთ, რატომ არის მისი შვილის ქცევა სასკოლო გარემოსთვის/პროცესისთვის შეუფერებელი და ბავშვისთვის საზიანო. თქვენი საუბრიდან უნდა ჩანდეს, რომ თქვენ მისი ქმედება კი არა, ის შედეგი გაწუხებთ, რომელიც თავად ბავშვს მოუტანს ზიანს.
  • მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს გარკვეულ საკითხზე. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ მსგავს სიტუაციაში მშობელი იცავს ბავშვს. მასწავლებელი მზად უნდა იყოს, რომ შესაძლოა ბავშვის პრობლემაზე საუბარმა მშობელში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. თუ თქვენი აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა, მის დასარწმუნებლად გამოიყენეთ მყარი არგუმენტები.
  • ადგილი, სადაც მშობელს მოიწვევთ მისთვის უნდა იყოს კომფორტული, რათა ის გაიხსნას თქვენთან სასაუბროდ. სკამები ისე განალაგეთ, რომ საუბრის დროს ზომიერად ახლოს ისხდეთ ერთმანეთთან და ერთმანეთს თვალებში უყურებდეთ. თუ საუბრის დროს ტელეფონმა დაგირეკათ, მის თვალწინ გამორთეთ მობილური და გადადეთ. ამით აგრძნობინებთ, რომ მზად ხართ მასთან სასაუბროდ და ის თქვენთვის მნიშვნელოვანია.
  • გაითვალისწინეთ, თქვენი საუბრის შემდეგ შეიძლება მშობლის უკუკავშირი უარყოფითი იყოს და მას გაუჩნდეს შენიშვნები თქვენ მიმართ. შესაძლოა დაგადანაშაულოთ, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია. გკითხოთ, რა რეაგირება გქონდათ მისი შვილის ქცევაზე, როგორ შეეცადეთ მის დახმარებას და ა.შ. თქვენ მსგავსი საუბრისთვისაც წინასწარ უნდა იყოთ მზად და საკითხი, რომელზე სასაუბროდაც დაიბარეთ, იმდენად ამომწურავად უნდა გქონდეთ დამუშავებული, რომ მშობლის არცერთი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. დაუსახელეთ ყველა ქმედება, რომლებიც პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოიყენეთ.
  • მშობელთან საუბრის დროს კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი თითოეული სიტყვა, რადგან ერთმა არასწორმა სიტყვამაც კი შეიძლება მშობლის თვალში თქვენ, როგორც ავტორიტეტი სრულიად გაგაუფასუროთ და ნდობის, პატივისცემის, ნაცვლად საპირისპირო შედეგი მიიღოთ. თქვენი არაპროფესიონალური სიტყვა აუცილებლად ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ. ამიტომ კარგად გაიაზრეთ მისი შინაარსი, რის თქმაც გსურთ და შედით მშობლის როლში, რომლისთვისაც ეს საუბარი პირადულია და არასწორად ნათქვამს შესაბამისი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს. იყავით გაწონასწორებული, დაასრულებინეთ სათქმელი და ნათლად აუხსენით, რა მოლოდინი გაქვთ მისგან. აგრძნობინეთ, რომ თქვენ ის გჭირდებათ და მისი დახმარებით იმედოვნებთ, რომ ყველაფერს მოაგვარებთ.
  • მშობელს შესთავაზეთ გზა, რომელიც მას პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ამავდროულად მასაც მიეცით საშუალება, თვითონ მოიფიქროს და შემოგთავაზოთ სამოქმედო გეგმა. აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ მის მოსაზრებას და მიეცით საშუალება თავი იგრძნოს პროცესის წარმმართველად. გაინაწილეთ მოვალეობები, რომლითაც ბავშვს დაეხმარებით. მშობელმა უნდა გაიაზროს, რომ ისიც პასუხისმგებელი პირია და მანაც ისევე უნდა მიიღოს მონაწილეობა ბავშვის სწორად აღზრდაში, როგორც მასწავლებელმა.
  • საუბრის დროს აწარმოეთ დღიური, რომლის შესახებაც ინფორმირებული იქნება მშობელი და სადაც გააკეთეთ ჩანაწრები შეხვედრის დროს წამოჭრილ პრობლემებზე, შეთავაზებებზე, რეპლიკებზე. რადგან ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი უარყოფს თავის ნათქვამს, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მსგავსი ჩანაწერები, მარტივად შეძლებთ თქვენი სიმართლის დამტკიცებას.
  • შეხვედრის დროს მშობლის მიმართ გამოიჩინეთ პატივისცემა იყავით დისტანციური. აგრძნობინეთ თავი კომფორტულად, დაცულად, თუმცა არ მისცეთ უფლება დაგამციროთ. აგრძნობინეთ, რომ თქვენ მისგანაც პატივისცემით საუბარს მოელით.
  • თუ მშობელთან კომუნიკაციამ შედეგი არ გამოიღო და ის თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, აუცილებლად მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას, ჩართეთ ფსიქოლოგი და დეტალურად აუხსენით სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდით, სთხოვეთ, მიიღონ შესაბამისი ზომები.
  • ხშირად მშობლებთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ბავშვებთან, მაგრამ აუცილებელია მათთან თანამშრომლობის შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თქვენთან კომუნიკაციაზე არ გამოდის. თქვენ ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ მასთან კავშირი არ გაწყვიტოთ.

მშობელსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაციის უქონლობა და თანამშრომლობის არქონა ყველაზე ცუდად ბავშვზე აისახება. ამიტომ არასდროს დაივიწყოთ, რომ მასწავლებლის მთავარი მიზანი ბავშვის სწორ აღზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა უნდა იყოს. ამიტომ ყველა ხერხით ეცადეთ, მშობელი დადებითად განაწყოთ. თუ მშობელთა კრებას გამოიყენებთ, როგორც სასამართლოს და მისი დანიშნულება მშობელთა დატრენინგება, სიახლეების გაცნობა, ბავშვის აღზრდაში ჩართვა იქნება, ისინი უფრო მეტად ითანამშრომლებენ თქვენთან. თუ ჯაჭვი – მშობელი-სკოლა-მასწავლებელი – მყარად არის გადაბმული და შეკრული ბავშვის ირგვლივ, მაშინ ბავშვის განათლება და განვითარება უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი